Home რუბრიკები ისტორია “დავასრულოთ ჰიტლერის დაწყებული საქმე!”

“დავასრულოთ ჰიტლერის დაწყებული საქმე!”

1989
“დავასრულოთ ჰიტლერის დაწყებული საქმე!”

ეს წერილი, რომლის ავტორია ოლეგ ხავიჩი, პოლონურ ანტისემიტიზმზეა, ერთგვარი გაგრძელებაასაქართველო და მსოფლიოსწლევანდელ მეთექვსმეტე ნომერში გამოქვეყნებული წერილისიაკობ კედმი: პოლონელებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უფრო მეტი ებრაელი დახოცეს, ვიდრე გერმანელებმა, ანუ დენაციფიკაციის კონტურები”. დღეს გთავაზობთ ხავიჩის სტატიის ძირითად (და მთავარ) მომენტებზე აქცენტირებულ ვარიანტს, რომელშიც გაანალიზებულია ომისშემდგომი პოლონეთის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელიპოგრომისმიზეზები; დარბევის, რომელიც პოლონელებმა თანამოქალაქე ებრაელებს მოუწყვეს. მასობრივი ანტისემიტიზმის სიგიჟე. ტრაგედია, რომლის შესახებაც ათწლეულების განმავლობაში დუმილს ამჯობინებდნენ.

1946 წლის 4 ივლისს პოლონეთის ქალაქ კელცეში პოლონელმა მილიციელებმა და სამხედროებმა, რიგითმა პოლონელებმა ათობით ებრაელი დახოცეს. პოლონეთის მთავრობა იმთავითვე განახორციელებდა ომამდელი პოლონელი ნაციონალისტების ოცნებას _ ეთნიკურად მონოეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას. 1946 წლის ზაფხულში საგრძნობლად წაიწიეს წინ ამ მიმართულებით.

1946 წლის 15 ივნისს დამთავრდა “მოსახლეობის გაცვლის” მეოთხე ეტაპი პოლონეთსა და უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, რომლის შედეგად უკრაინაში გადაასახლეს 480 რუსინი-უკრაინელი, პოლონეთის ყოფილი მოქალაქეები. და მაშინ ვარშავაში გადაწყვიტეს, შესდგომოდნენ “ებრაელთა საკითხის საბოლოო მოგვარებას”, ოღონდ ამ ტერმინის ავტორებისგან რამდენადმე განსხვავებული მეთოდებით.

1939 წლის 1 სექტემბრისთვის პოლონეთში ცხოვრობდა 3,3 მილიონი ებრაელი, რომლებსაც კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რაც ელოდათ ნაციზმის რეჟიმის პირობებში. ამიტომ იყო, რომ ებრაელ ლტოლვილთა კოლონები მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ _ საბჭოთა კავშირისკენ.

საბჭოთა ტერიტორიაზე დაფუძნდა 200.000-ზე მეტი ებრაელი.

მათგან 100 ათასი საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ რეგიონებში გადაასახლეს, რამაც ბევრ მათგანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ომის დამთავრების შემდეგ ამ სპეცგადასახლებულებს, ისევე, როგორც მათ, ვინც არ გადაუსახლებიათ, პოლონეთში რეპატრიაციის ნება დართეს.

ჰიტლერი

1946 წელს პოლონეთში 250 ებრაელი დარეგისტრირდა: მათგან 25 ათასი პოლონეთში გადარჩა, 30 ათასი სხვადასხვა ნაცისტური ბანაკიდან დაბრუნდა, დანარჩენები _ რეპატრიანტები საბჭოთა კავშირიდან.

პროცესი მარტივად არ წარმართულა. მიზეზი იყო მრავალი: ომის დროს პოლონელების მიერ მითვისებული ებრაელთა ქონების დაბრუნების აუცილებლობით დაწყებული, “სხვათა ხელისუფლებასთან” ებრაელთა გაიგივებით დამთავრებული, რადგან 1950 წლამდე პოლონეთის მმართველი ტრიუმვირატიდან მხოლოდ ბერუტი იყო პოლონელი, ორი დანარჩენი _ ბერმანი და მინცი _ ებრაელები.

1946 წლის დასაწყისის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების მიერ იყო შედგენილი, ეწერა, რომ 1944 წლის ნოემბრიდან 1945 წლის დეკემბრამდე ქვეყანაში მოკლეს 351 ებრაელი, უმთავრესად, პატარა დასახლებებსა და გზებზე, მსხვერპლთა შორის უმეტესობა საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებული ებრაელები და პარტიზანები იყვნენ.

1945 წლის 11 აგვისტოს “პოგრომის” დროს კრაკოვში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი _ მძიმედ დაიჭრა. კრაკოვის დარბევა სინაგოგისთვის ქვების სროლით დაიწყო და ებრაელთა სახლებსა და საერთო საცხოვრებლებზე თავდასხმით გაგრძელდა. შეჩერება მხოლოდ პოლონეთის არმიისა და წითელი არმიის შეიარაღებული ძალების ჩარევით მოხერხდა.

აი, 1946 წლის ზაფხულში კელცეში საბჭოთა ქვედანაყოფები არ იყო.

ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას პოლონელები შეადგენდენ. 1939 წლამდე კელცეში 20 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა, რაც მოქალაქეების მესამედს უდრიდა. მათი უმრავლესობა გერმანელებმა 1942 წლის ზაფხულში ტრებლინკში დახოცეს.

ომის დამთავრების შემდეგ კელცეში ჰოლოკოსტს გადარჩენილი 200 ებრაელი ცხოვრობდა, უმეტესობა _ ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკების ტუსაღი. კელცელის ებრაელთა უმტესობა პლანტის ქუჩის #7 სახლში იყო თავმოყრილი, სადაც განლაგებული იყო ებრაელთა კომიტეტი და ორგანიზაცია “სიონისტური ახალგაზრდობა”. სწორედ ამ სახლს შეუტიეს თავდამსხმელებმა.

შეტევის მიზეზი გახდა რვა წლის პოლონელი ბიჭის, ჰენრიკ ბლაშჩიკის, მოულოდნელი დაკარგვა 1946 წლის 1 ივლისს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი 3 ივლისს შინ დაბრუნდა, ქალაქს უკვე მოედო ჭორი, რომ ბიჭი ებრაელთა მიერ მოწყობილ რიტუალურ მკვლელობას შეეწირა.

წერილის ავტორი, ოლეგ ხავიჩი, წვრილად აღწერს, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ შეიკრიბა დასახელებული სახლის წინ აჟიტირებული ბრბო, მაგრამ ძალოვანმა სტრუქტურებმა არაფერი იღონეს მის დასაშლელად.

გავრცელდა ხმა, რომ სახლიდან ნასროლი ტყვიით მოკლეს პოლონელი ოფიცერი, რაც დარბევის დაწყების ნიშანი გახდა. შემდეგ გაირკვა, რომ სახლიდან მოქალაქეებს ესროლეს სამხედროებმა, რომლებმაც გაიხადეს მუნდირები, მოიხადეს ქუდები და მეშვიდე ნომრის სახლისმკვიდრებადმოგვევლინენ.

“სწორედ მათ, _ წერს ხავიჩი, _ პირველებმა დაიწყეს ებრაელების ცემა, მკვლელობა, გამოათრიეს სახლს შეფარებული ებრაელები და ბრბოს მიუგდეს საჯიჯგნად. შუადღისთვის შენობასთან შეიკრიბა ორ ათასამდე ადამიანი, რომლებიც ღრიალებდნენ: “სიკვდილი ებრაელებს!” და “დავასრულოთ ჰიტლერის დაწყებული საქმე!”. სერჟანტი ვლადისლავ ბლახუტი რევოლვერის ტარს თავში ურტყამდა ებრაელებს და ყვიროდა: “გერმანელებმა ვერ მოასწრეს თქვენი განადგურება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ მათ დაწყებულ საქმეს”.

საოლქო პროკურორი იან ვჟეშჩი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, სამხედროებმა არ გაატარეს და ბრბოს დაშლაზეც უარი განუცხადეს. არც ორ მღვდელს მისცეს უფლება, ხალხისთვის მიემართათ…

პირველის ნახევრისთვის ფოლადის ჩამომხსმელი ქარხანა Huta Ludwikow-ის 200 მუშამ, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ რკინის მილის გადანაჭრებით, ჯოხებითა და ქვებით, გაარღვია ალყა, შევარდა სახლში და ებრაელთა დახოცვა დაიწყო. ანტიებრაულმა ძალადობამ მოიცვა ქალაქი, ებრაელთა სახლები და ბინები გაძარცვეს და დაარბიეს.

შედეგად, კელცეში მოკლეს 42 ებრაელი, მათ შორის _ ბავშვები და ორსული ქალები. “პოგრომსემსხვერპლა 5 პოლონელი: მათგან ორი ებრაელი ეგონათ, სამი კი იმიტომ მოკლეს, რომ შეეცადნენ, დაეცვათ თავიანთი ებრაელი მეზობლები. 80 ადამიანი დაიჭრა.

4 ივლისს საღამოსთვის კელცეში დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები ჩაიყვანეს, ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იმავე დღეს დააპატიმრეს “პოგრომის” ასზე მეტი მონაწილე, მათ შორის ოცდაათი უნიფორმიანი ადამიანი: უშიშროების კორპუსის ერთი ოფიცერი და რვა ჯარისკაცი, 14 მილიციელი, პოლონეთის არმიის 3 ჯარისკაცი, 1 ციხის ზედამხედველი და 1 პოლონეთის სოციალისტური პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დაცვის თანამშრომელი.

საღამოს 6 საათისთვის დარბევა დამთავრდა…

პოლონეთის საზოგადოებრივი უშიშროების მინისტრმა სტანისლავ რადკევიჩმა მოკლულთა დაკრძალვის დღეს განაცხადა, რომ “პოგრომი” დასავლეთს მიტმასნილი პოლონეთის მთავრობისა და გენერალ ანდერსის ემისრების ნამუშევარი იყო, რომლებსაც მხარს უჭერდნენ “არმია კრაიოვას” მოთარეშეები”…

პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა კარდინალმა ხლონდმა კი ებრაელებსა და პოლონელებს შორის ურთიერთობის გაუარესება პოლონეთში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ ებრაელებს დააბრალა, “რომელთაც პოლონელი ხალხის უმრავლესობა უარყოფს”…

1946 წლის 9 ივლისს პოლონეთის უმაღლესი სამხედრო სასამართლოს გასვლითი სესიის განსასჯელთა სკამზე კელცეში 12 ადამიანი აღმოჩნდა. სასამართლოს გადაწყვეტილება 11 ივლისს გამოცხადდა. სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 9 ბრალდებულს (რომელთა შორის იყო 2 მილიციელი და 1 ჯარისკაცი), სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ერთს, ათი წლით თავისუფლება _ ერთს და შვიდი წლით ციხეში ყოფნა კიდევ ერთს.

კომუნისტური პოლონეთის მეთაურმა ბოლესლავ ბერუტმა არ გამოიყენა შეწყალების უფლება და სიკვდილმისჯილები 12 ივლისს დახვრიტეს.

ვერსია იმის შესახებ, რომ კელცეს “პოგრომი” საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, პირველად წამოაყენა პოლონეთის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა, ოსვენციმის ტუსაღმა მიხალ (მოშე) ხენჩინსკიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. 1968 წელს, ანტისემიტური დარბევების შემდეგ, იგი შეერთებულ შტატებში გადასახლდა.

ამ ვერსიას, აგრეთვე ვერსიას, რომლის მიხედვით “პოგრომის” ორგანიზებაში პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები იყო ჩარეული, 1991 წლის შემდეგ იძიებდნენ პროკურატურა და პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტი, მაგრამ დამამტკიცებელი ფაქტები და საბუთები ვერ აღმოაჩინეს. 10 წლის განმავლობაში 170-ზე მეტი მოწმე დაიკითხა, ბრალდება ვერავის წაუყენეს და 2004 წელს საქმე შეწყვიტეს.

ამ თემაზე პირველი წერილი მხოლოდ 1981 წელს გამოქვეყნდა ოპოზიციურ ყოველკვირეულში “სოლიდარნოსტ” და, რა თქმა უნდა, ავტორებმა ყველაფერი კომუნისტურ ხელისუფლებას დააბრალეს.

მხოლოდ 1996 წელს, “პოგრომის” 50- წლისთავზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დარიუშ როსატიმ მსოფლიო ეროვნული კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა: “ჩვენ კვლავაც დავიტირებთ კელცესპოგრომისმსხვერპლთ. პოლონური ანტისემიტიზმის ეს აქტი უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვენი საერთო ტრაგედია. ჩვენ გვრცხვენია, რომ პოლონეთმა ასეთი დანაშაული ჩაიდინა. გთხოვთ, შეგვინდოთ”.

2006 წელს, ტრაგიკული მოვლენების მესამოცე წლისთავზე პოლონეთისა და ისრაელის ოფიციალური პირების მონაწილეობით კელცეში გაიხსნა 1946 წლის 4 ივლისის “პოგრომის” მსხვერპლთა მემორიალი.

სამგლოვიარო ღონისძიებათა მონაწილეებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ “ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო პოლონეთისთვის თავსმოხვეული ხელისუფლებისა და სტალინური შინსახკომის ერთობლივი პროვოკაცია”, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინათ ეს ოფიციალურად უარყო პოლონეთის ეროვნული ხსოვნის რუსოფობურმა ინსტიტუტმა. 2006 წელსვე ახალი ძალით გაგრძელდა დისკუსიები კელცეს “პოგრომის” შესახებ.

ამის მიზეზი გახდა ამერიკელი სოციოლოგისა და მწერლის, იან თომას გროსის, წიგნი “შიში. ანტისემიტიზმი პოლონეთში ოსვენციმის შემდეგ”, რომელიც გამოიცა კელცეს ტრაგედიის მესამოცე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე და უცებვე გამოიწვია მწვავე დისკუსია აშშ-ში, ისრაელსა და პოლონეთში.

ავტორი წერს, რომ “პოგრომში” მონაწილეობდნენ პოლონეთის საზოგადოებრიობის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები, რის გამოც ანგარიშის მხეცურად გასწორება “ნორმალურ” ქცევად აღიქმებოდა. პოლონელების “ნორმალური” ანტისემიტიზმი გაამძაფრა მათმა ჯიუტმა რწმენამ იმისა, რომ ებრაელები არიან დამნაშავეები კომუნისტების მიერ ხელისუფლების უზურპირებაში, აგრეთვე, გამდიდრების სურვილმა ხოლოკოსტს გადარჩენილი მათი მეზობლების ხარჯზე. გროსმა წამოაყენა თეზისი, რომელსაც პოლონეთში სკანდალი მოჰყვა: ომის შემდეგ პოლონელები ებრაელებს ერჩოდნენ თითქოს იმის გამო, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, 1939-1945 წლებში მათ დახმარება რომ არ აღმოუჩინეს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში იან თომას გროსი გაიცნეს მისი წიგნით “მეზობლები”, რომლის რუსული თარგმანი 2000 წელს გამოქვეყნდა.

ავტორმა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით აღწერა ასობით ებრაელის მკვლელობა პოლონეთის პატარა დასახლება ედვაბნში 1941 წლის ივლისში და დაამტკიცა, რომ ეს არაადამიანური დანაშაული ჩაიდინეს არა გერმანელმა ნაცისტებმა, არამედ პოლონელებმა _ მოკლული ებრაელების მეზობლებმა. გროსის ამ დასკვნამ გააოგნა პოლონელები, მაგრამ გამოძიებამ დაადასტურა პოლონელების მონაწილეობა ებრაელთა ამ მასობრივ მკვლელობაში. ედვაბნში მაშინ დაიღუპა, სულ ცოტა, 350 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ კელცეში გაცილებით ნაკლები ებრაელი დახოცეს, მაინცდამაინც 1946 წლის 4 ივლისის “პოგრომმა” გამოიწვია პოლონეთიდან ებრაელთა მასობრივი მიგრაცია.

თუ 1946 წლის მაისში პოლონეთიდან 3 500 ებრაელი წავიდა, ივნისში _ 8 000, “პოგრომის” შემდეგ, ივლისის განმავლობაში ქვეყანა დატოვა 19 ათასმა ადამიანმა, აგვისტოში კი _ 35 ათასმა. 1946 წლის სექტემბერში პოლონეთიდან გაემგზავრა კიდევ 20 ათასი ებრაელი. კომუნისტურმა ხელისუფლებამ ბრძანებულებაც კი გამოსცა, რომელიც ებრაელებს ლეგალური მიგრაციის უფლებას აძლევდა გამგზავრებაზე ნებართვის გაცემის გარეშე. 1946 წლის ბოლოსთვის წამსვლელთა ნაკადმა იკლო, რადგან პოლონეთში მდგომარეობა დამშვიდდა, თუმცა იმ დროისთვის ქვეყანაში ებრაელები თითქმის აღარ დარჩნენ.

პოლონელები, რომლებიც 1946 წლის 4 ივლისს კელცეს ცენტრში გაჰყვიროდნენ “დავასრულოთ ჰიტლერის დაწყებული საქმეო”, კმაყოფილნი უნდა იყვნენ.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here