15 წლის მოზარდმა, რომელსაც ხონში ორი დღის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
მას ასევე, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა ქუთაისში კლინიკურ საავამდყოფოში მოათავსეს. თუმცა, „ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, შესაძლოა ის ხვალ თბილისში გადაიყვანონ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ ღამის საათებში მოხდა. თვითმხილეველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო პიკაპი დაეჯახა.
ადგილობრივები ასევე ჰყვებიან, რომ გასულ წელს 15 წლის მოზარდის ოჯახში ტრაგედია მოხდა. გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“დაახლოებით 200 მეტრი ათრია და მერე არხში ჩააგდო”, – ამბობენ თვითმხილველები.
მათივე თქმით, პიკაპის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
“რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობას, დანიშნულია ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება სამხედრო პირს ან ავტომობილს, არც ავტომანქანა იყო სამხედრო და არც პირი”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.