როგორ წარმოგიდგენიათ FBI-ის (გფბ _ გამოძიების ფედერალური ბიურო) აგენტი? _ “დავუშვათ, _ იტყვის მკითხველი, _ ესენი არიან მომხიბვლელი ბიჭები მაძებრების ბრიგადიდან. ისეთები, როგორებიც არიან სერიალებში “იაზროვნო, როგორც დამნაშავემ” ან “მენტალისტი”.
იქ ქალები მომხიბვლელები და მიზანმიმართულები არიან, როგორც ალექს პერიში “ბაზა კუანტაკოდან”, მამაკაცები _ ელეგანტურები და ძლიერები, როგორებიც აგენტი დეილ კუპერი ან რეიმონდ რედინგტონი “შავი სიიდან”. და, რა თქმა უნდა, მათ შორის არიან მაღალი ინტელექტის მქონე გასაოცარი გენიოსები, როგორებიც არიან მალდერი და სკალი “საიდუმლო მასალებიდან”. შეიძლება, გონებაში გაგიელვოთ სხვა ტელესერიალების გმირებმაც, მაგრამ მთავარია: ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლებზე მსჯელობისას, მათ ხშირად წარმოვიდგენთ კინოგმირების მიხედვით. და ასე შემთხვევით არ ხდება: როგორც ამერიკული ინტერნეტპორტალ Bუზზფეედ–ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) ხელმძღვანელობა სპეცსამსახურების იმიჯის გასაუმჯობესებლად მალულად აკონტროლებს სატელევიზიო პროდუქციის შინაარსს.
ჰოლივუდსა და სპეცსამსახურებს შორის თბილი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ყოფილა. ე.წ. მუნჯი კინოს პერიოდიდან უშიშროების აგენტებს არ სიამოვნებდათ, როგორ წარმოაჩენდნენ მათ ეკრანებზე ხან ბრიყვების როლში, ხან საცოდავ ლოთებად, ამიტომ ედგარ ჰუვერის გფბ-ის დირექტორობის პერიოდიდან სპეცსამსახურებმა დაიწყეს გავლენის მოპოვება სცენარისტებსა და რეჟისორებზე.
ჭირვეულები ყოველთვის აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ანტიამერიკული მოღვაწეობის საგამოძიებო კომიტეტის სამიზნეში, რომელმაც უკვე 1947 წელს დაუქვემდებარა თავის გავლენას ამერიკული კინოინდუსტრია. კომუნიზმთან ბრძოლის მიზნით ჰუვერი ცდილობდა, საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება გაეღვივებინა ისეთი მსახიობებისა და რეჟისორების მიმართ, როგორებიც იყვნენ ჰემფრი ბოგარტი, ჩარლი ჩაპლინი, ლორენ ბეკოლი, კეტრინ ჰეპბერნი და სხვები.
ტრაგედია დატრიალდა მსახიობ ჯინ სიბერგის თავს _ სპეცსამსახურების ძალისხმევით მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სიბერგის შვილის მამა იყო მისი საყვარელი რეიმონდ ჰიუიტი _ ტერორისტული ორგანიზაცია “შავი პანტერას” მეთაური, ხოლო კანონიერი ქმარი რომენ ჰარისი ჯინ სიბერგის დაფეხმძიმებასთან არაფერ შუაში იყო.
ნერვიულობის გამო სიბერგმა შვილი მკვდარი დაბადა, ცოტა ხნის შემდეგ კი, როდესაც დაიღალა მტკიცებით, რომ ტერორისტის საყვარელი არასოდეს ყოფილა, მსახიობმა ქალმა თავის ავტომობილში საძილე საშუალების დიდი დოზა მიიღო და სიცოცხლე მოისწრაფა.
ამჟამად გფბ-სა და ტელებიზნესს შორის სრული ურთიერთგაგებაა. კანონის თანახმად, მხოლოდ გფბ-ს აქვს უფლება თავისი სიმბოლიკის გავრცელებაზე. ასე რომ, რეჟისორებს, რომლებსაც სურთ ტრილერის ან დეტექტივის გადაღება იმ შემთხვევებზე, რომლებიც გფბ-ს საიდუმლო აგენტების ცხოვრებაში იყო, ამ უწყებისგან უნდა მიიღონ ნებართვა ლოგოტიპის ან სხვა სიმბოლოების გამოყენებაზე. გფბ, რა თქმა უნდა, არასოდეს კრძალავს მის გადაღებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ პიარდეპარტამენტის სპეციალისტები რეჟისორებსა და პროდიუსერებს სცენარის წაკითხვას სთხოვენ, რასაც შემდეგ თითქმის ყოველთვის მოჰყვება თავაზიანი თხოვნა: ხომ არ შეგიძლიათ, რაღაც შეცვალოთ? სანაცვლოდ გფბ-ს აგენტები ჰპირდებიან, ინფორმაცია გაუზიარონ რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზე, რათა კინოსა და სერიალების მწარმოებლებმა შეძლონ, ტიტრებში ჩასვან სანატრელი სტრიქონი: “დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე”.
მაგალითად, რეჟისორი ჰენრი ალექს რუბინი, ავტორი ფილმისა “კავშირი არ არის”, რომელიც მოგვითხრობს, როგორ მიაგნეს და დახურეს გფბ-ს აგენტებმა გარყვნილების ბუნაგი, რომლიდანაც ხდებოდა სექსუალური ორგიების ტრანსლირება ინტერნეტში, იხსენებს, როგორ სთხოვეს გფბ-ს აგენტებმა სპეცსამსახურის წარმომადგენელთა “მეტისმეტად სასტიკი” სახეების კორექტირება.
მათ მითხრეს: “ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. გაცილებით თავაზიანად ვმოქმედებთ”, _ იხსენებს რუბინი. მას შემდეგო, რაც სცენარისტები სცენარიდან ცუდი, კორუფცირებული აგენტების მოქმედებას ამოიღებენ, სიუჟეტი უფრო ჩახლართული ხდება.
და ეს არ არის ერთი შემთხვევა. Buzzfeed.com-ის დოსიეს მიხედვით, გფბ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წელიწადში კინო და ტელესტუდიების 1000-მდე მიმართვას ამუშავებს. მიმართვების უმრავლესობა ეხება გფბ-ს ლოგოტიპის გამოყენებას. არის მიმართვა დოკუმენტური კადრების გამოყენებაზე უწყების არქივიდან.
ფილმების პროდიუსერები უფრო მჭიდრო კონტაქტსაც ამყარებენ გფბ-სთან. მაგალითად, სცენარი ფილმისა “დამიჭირე, თუ შეგიძლია”, რომელშიც ტომ ჰენკსი აგენტ კარლ ჰანრატის ასახიერებს, შეასწორა გფბ-ს აგენტმა ჯო შეამ, რომელმაც სინამდვილეში დააპატიმრა თაღლითი ფრენკ აბიგნეილი.
გფბ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით არის გადაღებული საკულტო ფილმი “კრავთა დუმილიც” _ ბევრისთვის უცნობია, რომ მსახიობ ჯოდი ფოსტერის გმირი გფბ-ს რეალურ აკადემია “კუანტიკოშია” გაწვრთნილი.
სხვათა შორის, გფბ ერთადერთი სპეცსამსახური არ არის, რომელსაც გავლენა აქვს ჰოლივუდზე. კინობიზნესში შეღწევას ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის პერიოდში ცდილობდა პენტაგონი. გენერლები, რომლებიც კინემატოგრაფისტებს გადაღებებისთვის ნამდვილ ავიამზიდებს, ტანკებსა და ვერტმფრენებს ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ ითხოვდნენ უბრალო რამეს _ სცენარის წაკითხვას და პროდიუსერებიც ხშირად უთმობდნენ გენერლებს, მაგალითად, რიდლი სკოტის პოპულარული ფილმიდან “შავი ქორი”, გენერლების მოთხოვნით, ამოჭრეს ყველა სცენა პოლკოვნიკ მაიკლ სტილის (ასახიერებდა ჯეისონ აიზეკსი) მონაწილეობით. საქმე ის არის, რომ 2003 წელს ერაყში საომრად გაგზავნილი პოლკოვნიკი სტილი მონაწილეობდა დატყვევებული ერაყელი ჯარისკაცების დახვრეტაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წამებასა და დასჯაში. გენერლებმა ჰეროიკული ფილმიდან შემრცხვენელი სამხედროს კადრები ამოჭრეს _ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს.
ჰოლივუდში თავიანთი წარმომადგენლობები გახსნეს სხვა სახელმწიფო უწყებებმაც, მაგალითად, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალურმა (NASA) და ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოებმა. ცოტა ხნის წინათ ცნობილი შეიქნა, რომ ნარკოტიკებთან მებრძოლებმა ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით დოლარი დახარჯეს, რათა ისეთ სტუდიებს, როგორებიც არის HBO, Netflix-ი და სხვ., თავიანთ ნაწარმოებებში გამოეყენებინათ ანტინარკოტიკული იდეები.
პიარის მხრივ ყველაზე ცუდად გამოიყურება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო: მას მხოლოდ კერი მეტისონი წარმოადგენს (მსახიობი კლერ დეინსი) სერიალ “სამშობლოში”.
Life.ru–ს მასალის
მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ