Home ახალი ამბები გურამ პერტიაშვილი: მეზღაპრე კი ვარ, მაგრამ, არც ისეთი ჰუმანისტი, რომ დოდო გუგეშაშვილისნაირებს...

გურამ პერტიაშვილი: მეზღაპრე კი ვარ, მაგრამ, არც ისეთი ჰუმანისტი, რომ დოდო გუგეშაშვილისნაირებს თუ რამე მოუვათ, ძაძები ჩავიცვა

2018 წლის 7 თებერვლის დილას მხედრიონის ერთ-ერთ ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის ოჯახს საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. მოკლეს მისი ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო თვითონ დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაჭრეს. 

საზოგადოების დიდი ნაწილი ოჯახზე თავდასხმას წარსულ ამბებს უკავშირებს, ბევრს თვალწინ დაუდგა 1992-93 წლების საქართველო…

აღნიშნულ საკითხზე “საქართველო და მსოფლიო” ეროვნული მთავრობის წევრი, მწერალი გურამ პეტრიაშვილს ესაუბრა:

ისეთ რაღაცებს ვიტყოდი მაგ დოდო გუგეშაშვილზე, ყურით არ მოისმინებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მაგ ქალის ნაკეთები საქმეების გახსენება, არც მინდა. როდესაც ტელევიზორს ვუყურებდი და ვუსმენდი მისი შვილის დაღუპვის ამბავს, ვიფიქრე, _ რა დააშავა ამ საწყალმა ბიჭმა, ბანდიტი დედამისის ცოდვებისთვის პასუხი რომ აგო-მეთქი, მაგრამ ქართული ანდაზაა: `პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო. იმ ბიჭმა იქნებ სულაც არ იცის, მისმა ბინძურმა დედამ რა დააშავა?!

ყველაფერი გამახსენდა. 1993 წელი იყო. ქალაქ ზუგდიდთან ახლოს სოფელია, გრიგოლიში ჰქვია. იმ სოფელში ვიყავით, ერთ ძალიან კარგ ოჯახს ვსტუმრობდით. შევიტყვეთ, რომ ბალტინის ჯარები შემოვიდნენ ფოთში, მაღაზიებში პროდუქტი გაწყდა, ხალხი შეშინებული იყო. იმხანად ბევრ სიგარეტს ვეწეოდი და სოფელში ვერ ვიშოვე. მეზობელი ქალები ზუგდიდში წავიდნენ პროდუქტების საყიდლად, საღამოს დაბრუნდნენ, გაოცებულები და დაზაფრულები ყვებოდნენ დოდო გუგეშაშვილის ამბავს.

ზუგდიდის ცენტრში მდგარა დოდო, შეიარაღებული, თავი სამეგრელოს მმართველივით მოჰქონდა, აქეთ-იქით იყურებოდა და ილანძღებოდა, იგინებოდა უშვერი სიტყვებით. ერთ-ერთი ქალბატონი შეპასუხებია, უცბად მივარდნილა გუგეშაშვილი და იარაღის კონდახი ჩაუტყამს თავში ქალბატონისთვის, რომელიც ადგილზევე მოცელილივით დაცემულა…
მეზღაპრე კი ვარ, მაგრამ, არც ისეთი ჰუმანისტი, დოდო გუგეშაშვილისნაირებს რამე თუ დაემართებათ, ძაძები ჩავიცვა. თანაც ხმები დადის, რომ თვითონ დოდოც შეიარაღებული ყოფილა და, მგონი, ესროლა კიდეც თავმდასხმელს.

გუგეშაშვილი მე როგორ ვიგლოვო, როდესაც თვითონ მისი არჩევანი იყო, ჯაბა იოსელიანსა და ბანდფორმირებებთან ურთიერთობა?!
არ ვარ დარწმუნებული, რომ გუგეშაშვილიც არ მონაწილეობდა ჩვენი ავტობუსის დახვრეტაშიც, როდესაც მეტეხის ხიდზე ზვიად გამსახურდია მიდიოდა. ჯაბა იოსელიანი წერს თავის წიგნში, ავტობუსი გოგა ხაინდრავამ დაცხრილაო და იქვე ამბობს, საყვედური ვუთხარიო… მგონია, რომ გუგეშაშვილიც იქ იყო…
არ მაინტერესებს გუგეშაშვილისნაირი ადამიანები, მინდა, დავივიწყო ყველას არსებობა, მაგრამ თვითონ არ ავიწყებენ თავს ხალხს. მათი მოკვლა არ შემიძლია, არც არასოდეს შემეძლო, იარაღიც არ მიტარებია. ნეხვის გროვაში, ნეხვის ჭიები,_ კიტოვანი, ხაინდრავა და ა.შ., _ როგორ დაფათურებენ, არ მაინტერესებს. ამათნაირებზე ვაჟა-ფშაველა წერს: `უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში წვებითა“- აცხადებს პეტრიაშვილი.

3 COMMENTS

  1. უქმათ გაელიათ, რა უჭირდათ. ავად ჩამალიეს სოფელი და ავი საქმენი აკეთეს. ცუდია, სატკენია, შეიძლება კარგი შვილიც ყავდა.

  2. სასაცილოა პეტრიაშვილი რომ სხვას წაუკითხავს მორალს, უფალმა გააძლებინოს დოდოს ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ

  3. დოდო გუგეშაშვილს,გია ყარყარაშვილს,კიტოვან სიგუა ,ხაინდრავა იოსელიანს და მისთანათ,რომ გმირად მიიჩნევს ვინმე,მართლა არარაობად ჩაუვლია მათ ცხოვრებას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here