Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გენერლები პენსიაზე გავუშვათ, თავდაცვა...

გურამ ნიკოლაიშვილი: ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გენერლები პენსიაზე გავუშვათ, თავდაცვა კი ჩავაბაროთ ბანკირებს, ბიზნესმენებს და ა.შ.

“ალიანსის ახალ-ახალი მოთხოვნები არის იმიტაცია, რომ მათი ლოზუნგი “ნატოს კარი ღიაა” ფორმალურად მაინც იყოს გამართლებული”

162
გურამ ნიკოლაიშვილი

რამდენიმე დღის წინათ პარლამენტშიმინისტრის საათისფარგლებში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო მზად არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. მისი თქმით, ქვეყანა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კვლავ ეფუძნება პრინციპსმეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში”, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს აღებული კურსისადმი ერთგულებას.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველო, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, კვლავ რჩება ალიანსის მთავარი მოთხოვნის ერთგული, რაც მშპ-ის 2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფას გულისხმობს: “საქართველო რჩება ერთგული ნატოს მთავარი ფინანსური მოთხოვნის, მშპ-ის 2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფის შესახებ. საქართველო ასევე იცავს ნატოს სხვა ფინანსურ მოთხოვნებს და თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, ხოლო პერსონალზე დანახარჯი რჩება დაახლოებით 50%-ის ფარგლებში…”

ცნობისთვის: საქართველო, უკვე 10 წელიწადზე მეტია, ერთგულად იცავს ნატოს მოთხოვნას და მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2 პროცენტს შეიარაღების მოდერნიზაციაზე ხარჯავს. აღნიშნული თანხები, ძირითადად, ნატოს მიერ “ჩამოწერილი” შეიარაღების შეძენას ხმარდება, მათი გარკვეული ნაწილი კი (მაგალითად, “ჯაველინები”) ისევ და ისევ ნატოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში გამოიყენება.

რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს თავდაცვის სისტემა, რომელიც, მინისტრის შეფასებას თუ დავუჯერებთ, მუდმივ მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციას განიცდის და აქვს თუ არა ქვეყანასყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ალიანსის წევრობისთვის” _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში ინტეგრაციისთვის. მან ხაზი გაუსვა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ სწავლებებს, რაც, თურმე, დასტურია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევალთ სამხედრო ბლოკში. თქვენ, როგორც სამხედრო, რას ფიქრობთ ამ შეფასებებზე და, საერთოდ, მინისტრის გამოსვლაზე?

_ ბურჭულაძე, მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრი გახდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა პრემიერის პოსტი. მანამდე მისი მოადგილე იყო და ფინანსებს განაგებდა. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, საკმაოდ განათლებულია და თავის დროზე ღარიბაშვილთან ერთად ბევრი გააკეთა ჯარისკაცების სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. სხვათა შორის, რვა შვილის მამაა. რაც შეეხება მის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში თავდაცვის მინისტრი არ უნდა გამოდიოდეს ანგარიშით, იმიტომ, რომ იქ თავდაცვაზეა სალაპარაკო, შეიარაღებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, სტრატეგიაზე, სამშვიდობო ოპერაციებზე და ა.შ., რაზეც ის არ აგებს პირდაპირ პასუხს; პირდაპირი პასუხისმგებელი ამაზე არის გენერალური შტაბის უფროსი, ამიტომ ის უნდა გამოდიოდეს…

_ ნატოს მიმართ გზავნილებზე რას იტყვით, აქვს დღეს საქართველოსყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმიალიანსის წევრობისთვის, როგორც ეს მინისტრმა განაცხადა?

_ არ ვიცი, კონკრეტულად რას გულისხმობდა ბატონი ბურჭულაძე, მაგრამ, თუ მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის ხელმძღვანელობის ყველა მოთხოვნას, მათ შორის ისეთსაც, რაც შეიძლება, ვერ იყოს თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო არც კი განიხილება ნატოს პოტენციურ წევრად და ეს ცხადყოფს ჩვენს სრულ უპერსპექტივობას ამ მიმართულებით. სხვათა შორის, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში არ ყოფილა სწავლება, პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში, რომელშიც საქართველოს არ მიუღია მონაწილეობა… მოკლედ, რეალობა არის ასეთი: როგორი ზედმიწევნითაც უნდა შევასრულოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნები, ჩვენ ვერ ვხდებით და ვერც გავხდებით მისი წევრი; ეს ახალახალი მოთხოვნები არის უბრალოდ იმიტაცია და დროის გაჭიანურება იმისთვის, რომ ალიანსის ლოზუნგინატოს კარი ღიააფორმალურად მაინც იყოს გამართლებული, მორჩა.

_ თუმცა, როცა ბაიდენი აშშის პრეზიდენტი გახდა, იყო მოლოდინი, რომ ვაშინგტონი უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა საქართველოს ნატოში ინტეგრაცისთვის

_ მოლოდინი ერთია, მაგრამ რეალობას შევხედოთ: დღეს ამერიკას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს, მოიმატა უმუშევრობამ, ინფლაციამ… სხვათა შორის, ამას წინათ გამოქვეყნდა მონაცემები, რომელთა თანახმად, სამომხმარებლო ფასები, წინა წელთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა, ინფლაცია კი 2,6-2,7%-მდე ავიდა. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ ქვეყანას, რომელიც ამხელა გამოწვევების წინაშე დგას და პლუს კიდევ საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე საშიში ვითარება აქვს, ცალია იმისთვის, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრირების საკითხი სერიოზულად დააყენოს და ამით კიდევ უფრო გაიმწვავოს რუსეთთან ურთიერთობა?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ მე ვიცი, რომ რუსეთი, ჩინეთთან ერთად, არის მზარდი ძალა, რომელმაც უკვე შექმნა ჰიპერიარაღი. საერთოდ, რუსეთმა საკუთარი შეიარაღების 70% უკვე განაახლა, ხოლო ამერიკას ამ თვალსაზრისით ბოლო წლებში რამე მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია არ განუხორციელებია. რაც შეეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, კარგია, რომ მინისტრი საავიაციო პარკის განახლებაზე საუბრობს, მაგრამ დღეს საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის სულ სამი მანქანა ჰყავს, რომლებიც, რამე რომ იყოს, დედაქალაქის მხოლოდ ერთი პროცენტის დაცვას თუ შეძლებს. აი, ეს არის მიმართულება, რომელიც სერიოზულად მისახედია, მაგრამ, როგორც ჩანს, დღევანდელი ჩვენი თავდაცვის უწყება ამას მთავარ პრიორიტეტად არ განიხილავს

_ რატომ? სხვათა შორის, ბურჭულაძემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საქართველო ერთგულია ალიანსის ფინანსური მოთხოვნის, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტის შეიარაღების შეძენაზე დახრჯვას გულისხმობს

_ ნატოს ფინანსური მოთხოვნა ემსახურება ერთადერთ მიზანს _ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაყიდოს რაც შეიძლება მეტი იარაღი და ამით ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, რომელსაც საინვესტიციო ფონდები აძლევენ ფულს, მთავრობის გარანტიით, შეინარჩუნოს მსოფლიო მონოპოლია იარაღის წარმოებაზე. რაც შეეხება ჩვენ მიმართ მოთხოვნებს, ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ უკვე შეგვაძენინესჯაველინები”, რომელთა გარკვეული ნაწილიც მათივე სამშვიდობო მისიებში გამოვიყენეთ, შეგვაძენინესსტინგერები”, რადიოტექნიკური საშუალებები და ახლა ვყიდულობთ4-ებს”, რომლებიც არაფერში გვჭირდება; არ გვჭირდება იმიტომ, რომ ის იარაღი, რომლის ფუნქციაც მან უნდა შეასრულოს, უკვე გვაქვს. სხვათა შორის, ზუსტად ასე აიძულეს თავის დროზე გერმანია, შეეძინა ამერიკული იარაღი, რომელსაც საკუთარი წარმოების არანაკლებ მაღალი ხარისხის ავტომატები ჰქონდა, მაგრამ მაინც მოუძებლეს რაღაც ნაკლი.

_ ჩვენთანაც ხომ ამოიღეს საბჭოთა შეიარაღების გარკვეული ნაწილი?

_ სააკაშვილი როგორც კი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, დაიწყო საბჭოთა შეიარაღების სრული განადგურება. გაანადგურეს 600 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა და მათგან 280 ერთეული 100-მილიმეტრიანი საზენიტო დანადგარი იყო. ასევე ჩამოწერეს თავდაცვითი და მოიერიშე თვითმფრინავისუ-24”-ები, არ გჭირდებათ ავიაციაო. თუმცა ეს კიდევ არაფერი, სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სამსახურებიდან გაუშვეს ასეულობით სამხედრო, მათ შორის გენერლებიც. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ნატოს მოთხოვნა იყო, საბჭოთა სამხედრო განათლება მიღებული ხალხი არ დაგვანახოთ შეიარაღებულ ძალებშიო. აი, ამის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ხდება. სხვათა შორის, ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ყოველთვის ჰყავს რამდენიმე გადამდგარი ავტორიტეტული გენერალი, რომლებიც მათი კონსულტანტები არიან და ისინი ხშირად ჩადიან სატელიტ ქვეყნებში, რათა ხელისუფლებები დაარწმუნონ ამერიკული შეიარაღების შეძენის აუცილებლობაში. ერთ-ერთი ასეთი გენერალია ბენ ჰოჯესი, რომელმაც თავის დროზე გვითხრა, თქვენ თუ “ჯაველინებს” იყიდით, რუსებს ყელში გაეჩხირებითო, უკვე გვაომა რუსეთთან. და შევიძინეთ კიდეც. მერე იყო ჟრიამული, ავშენდითო, გახსოვთ, ალბათ…

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვა რეალურად გაძლიერდეს და მუდმივად გარედან კარნახზე არ ვიყოთ დამოკიდებული იმავე შეიარაღების შეძენაარშეძენის საკითხშიც?

_ პირველი და უმთავრესი: საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას ყოველგვარ სამხედრო ბლოკზე, რომელიც ყოველთვის იქნება ამა თუ იმ გეოპოლიტიკური ვექტორის ინტერესების გამომხატველი. ამაში ვხედავ გამოსავალს და აუცილებლად კონსტიტუციიდან უნდა იქნეს ამოღებული ის ჩანაწერი, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თურმე საქართველოს ზესტრატეგიული ამოცანაა ნატოსკენ სწრაფვა. ხვალ რომ ნატო დაიშალოს, რას ვშვრებით, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ?! რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გენერლები პენსიაზე გავუშვათ და შინ დავსვათ, ხოლო თავდაცვა ჩავაბაროთ ბანკირებს, ფინანსისტებს, ბიზნესმენებს და .. არ შეიძლება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მუდმივად ხელმძღვანელობდნენ პირები, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ თავდაცვის სისტემაზე. სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინათ პრემიერის მრჩევლად დაინიშნა ირაკლი სესიაშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტა შეუფერებელია ამ თანამდებობისთვის. პირადად არაფერს ვერჩი მას, მაგრამ ადამიანი, რომელიც, მგონი, ჯარშიც კი არ არის ნამყოფი, რანაირად შეიძლება იყოს მთავრობის მეთაურის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, ცოტა რთულად წარმომიდგენია. აი, ეს არის ის ხარვეზები, რომლებიც, სხვა ასევე მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საფუძვლიან გადახედვას საჭიროებს, თუმცა ყველას გვესმის, რომ ამას სჭირდება სისტემური ცვლილება, რომელიც ჯერ პოლიტიკურ დონეზე განხორციელდება და შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ რეალურად სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელი ძალები მოვიდნენ სათავეში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here