ქართულ–ამერიკული სამხედრო სწავლება “მტკიცე სული 2021” –ის დასკვნით ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ არჩეულ ნატოს გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. მისი თქმით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და ასევე ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა ინარჩუნებს უდიდეს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
იმავე გამოსვლაში პრეზიდეტმა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებზეც ისაუბრა და თქვა, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა მზადაა, კვლავ შეიტანოს ღირსეული წვლილი საერთაშორისო მშვიდობის განტკიცებაში. მან ამერიკელებს მიმართა, რომ ქართველი ჯარისკაცები მომავალშიც გაუწევენ მათ “ღირსეულ პარტნიორობას”: “გარწმუნებთ, საქართველო და მისი ჯარისკაცები მომავალშიც ღირსეულად გაგიწევენ სანდო და საიმედო პარტნიორობას. ძალისხმევას არ დაიშურებენ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ღირსეული წვლილის შეტანაში…”
ცნობისთვის: 20 წელიწადზე მეტია, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ სამხედრო კამპანიებში მონაწილეობს. მათ შორის მონაწილეობდა “სამშვიდობო მისიაში” კოსოვოში, ერაყში, აფრიკაში, ავღანეთში და ა.შ. თუმცა, მიუხედავად გაღებული დანაკარგებისა (მათ შორის ადამიანურის), საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად ვაშინგტონისგან მნიშვნელოვანი დახმარება არ მიუღია…
რატომ ჰპირდება დღეს საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ქართველი ჯარისკაცები მომავალშიც იბრძოლებენ ნატოს მიერ დაწყებულ ომებში და რას მოუტანს ეს პოლიტიკა ქვეყანას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.
_ ბატონო გურამ, 6 აგვისტოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “მტკიცე სული 2021”-ის დასკვნით ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს სწავლება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობას შავი ზღვისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. მან განუცხადა ამერიკელებს, რომ ქართველი ჯარისკაცები მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში და საიმედო პარტნიორობას გაუწევენ ამერიკელ სამხედროებს… ეს რიტორიკა და, საერთოდ, პოლიტიკა, იმ დროს, როცა ამერიკამ, ფაქტობრივად, უარი თქვა მისიებზე და ავღანეთში მოკავშირეები მიატოვა, რას მოუტანს საქართველოს? რას მოგვცემს ჩვენ იმის დემონსტრირება, რომ მზად ვართ, კვლავ შევწიროთ ჩვენი ინტერესები ალიანსის ამოცანებს?
_ უწინარესად, უნდა ითქვას ის, რომ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია. თითქმის 20 წელია, მსგავსი რიტორიკა გვესმის. ეს გვესმოდა თავის დროზე “ნაციონალებისგან,” გვესმოდა ოპოზიციისგან და იგივე გრძელდება დღესაც. არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში, თუ ვინმეს რამე პოზიციის დაკავება უნდა და ამისთვის, მოგეხსენებათ, აუცილებელი პირობა დასავლეთის ხელდასხმაა, გამუდმებით უნდა იმეოროს: “ნატოს იქით საქართველოს გზა არ აქვს”. რაც შეეხება ამ ყველაფრის რეალურ ასპექტებს, რომლებსაც ბევრი რატომღაც არ ან ვერ აღიქვამს ადეკვატურად, პრეზიდენტი, როგორც ჩანს, არ კითხულობს და არ ისმენს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების ძალიან საგულისხმო და ყურადსაღებ განცხადებებს საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებზე. მას, როგორც ჩანს, არ მოუსმენია არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე ბიკანტოვის გამოსვლა. ბიკანტოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებები რუსეთისთვის გამოწვევაა. ე.ი., კრემლში ამ სწავლებებს უკვე განიხილავენ, როგორც საფრთხეს და არ მალავენ, რომ რეაგირება აუცილებლობის შემთხვევაში მყისიერი იქნება. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ ერთ-ერთ გამოსვლაში სიტყვა გაღიზიანებაც ახსენა და აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ყურადღებით აკვირდება მის საზღვრებთან ახლოს მიმდინარე სწავლებებს. არაფერს ვამბობ სამხრეთ კავკასიის მხარის ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე დვორნიკოვის გამოსვლაზე, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკურ საშუალებებს განალაგებენ საზღვრებზე, დაწყებული ყირიმიდან, ნოვოროსიისკის გასწვრივ საქართველოს საზღვრამდე. აი,ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ოდნავ მაინც უნდა აფიქრებდეს უმაღლეს მთავარსარდალს, როცა უსაფრთხოებაზე საუბრობს, და საკუთარ თავთან მაინც უნდა გაუჩნდეს შეკითხვა: როგორ იქნება ჩემი უსაფრთხოება დაცული, თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრმა იარაღად მიყენებენ და კრემლი, როგორც საფრთხეს, ისე აღმიქვამს?!
_ ამაზე პროდასავლური და განსაკუთრებით პრონატოური პოლიტიკური ფლანგის პასუხი ერთადერთია: საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და, საითაც უნდა, იქით წავა, ნატოში ჩვენი ინტეგრაცია რუსეთს საფრთხეს არ უქმნის…
_ კი, ამ ყბადაღებულ “არგუმენტს” ხშირად ვისმენთ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან, მაგრამ სხვა რაკურსითაც შევხედოთ მოვლენებს. ვთქვათ, რუსეთმა ამერიკასა და მექსიკას ან კანადასა და ამერიკას შორის განათავსა თავისი სამხედრო კონტინგენტი, იქნება ვაშინგტონი მშვიდად და მიიღებს კანადისგან და მექსიკისგან “არგუმენტს”, რომ ისინი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები არიან და ვისთანაც უნდათ, ითანამშრომლებენ? რა თქმა უნდა, რუსეთს აღიზიანებს აქ ჩატარებული სწავლებები (ისინი სწორედაც ამისთვის ტარდება) და ამაში გასაკვირიც არაფერია. სხვათა შორის, ამ სწავლებების და განსაკუთრებით ვაზიანში ჩატარებული სწავლებების თემატიკა, რომელშიც 2500-მდე სამხედრო მონაწილეობდა და დესანტი გადმოისხა, საერთოდ არ იყო საქართველო…
_ რას გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამზადებენ არა საქართველოს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, არამედ ნატოსა და ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად. სხვათა შორის, რუსებმა ეს სწავლება ძალიან საინტერესოდ განიხილეს. თქვეს, რომ დესანტი, ალბათ, მზადდება ცხინვალის ან სოხუმისთვის. ის კი არა, ისეთმა ავტორიტეტულმა პოლიტოლოგმა, როგორიც არის მელნიკოვი, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არის მზადება ყირიმში სადესანტო ოპერაციისთვის. ხვდებით, რაზეა საუბარი? რაც შეეხება ისევ პრეზიდენტის გამოსვლას და კონკრეტულად იმ განცხადებას, რომ ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელებთან ერთად კვლავ ერთგულად მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში, 17 წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ ამ მისიებში და რა მივიღეთ? ვინმე იტყვის, რომ შეიარაღებული ძალები სერიოზულად გაძლიერდა, ან საზღვაო, ან საჰაერო ძალები გვაქვს უკეთესი? საერთოდ, აღარ გვაქვს. არაფერს ვამბობ მძიმე ტექნიკაზე და განსაკუთრებით არტილერიაზე, რომელიც ყოველთვის ჩვენი ძლიერი მხარე იყო და დღეს პრაქტიკულად განადგურებულია. სხვათა შორის, ქართველები რომ არ ყოფილიყვნენ მისიებში და მათ ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ჯარისკაცები წაეყვანა, 10-12 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა. საკითხავია, ვინ ვის დაეხმარა _ ჩვენ დაგვეხმარნენ ისინი ჯარის ჩამოყალიბებაში და უსაფრთხოების განმტკიცებაში, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, თუ ჩვენ დავეხმარეთ მათ ფულის დაზოგვაში…
_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართული ჯარი რეალურად გაძლიერდეს და მისი მომზადება სხვის ინტერესებზე, სხვის სტრატეგიულ ამოცანებზე არ იყოს მორგებული?
_ პირველი, რაც მტკიცებას არ საჭიროებს და ამაში ყველა ვთანხმდებით, არის ის, რომ პოლიტიკური მართვის სისტემა, პოლიტიკური ფილოსოფია ძირეულად უნდა შეიცვალოს. ცვლილებაზე და ქვეყნის ინტერესების წინა პლანზე წამოწევაზე ვერ ვიფიქრებთ, სანამ პირველი პირი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მთავარ ამოცანად სხვის ომში მონაწილეობას უსახავს. ეს ერთი და მეორე _ თავდაცვის უწყება, ისევე, როგორც მთლიანად მმართველი გუნდი, უნდა გაიწმინდოს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისგან. დღეს უმეტესობა ასეთია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის, რომელსაც ნამდვილად უნდა კარგის გაკეთება ჯარისთვის, მაგრამ ვერ აკეთებს. კონსტიტუციაში თუ წერია, რომ უნდა წახვიდე ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და ყველაფერი გააკეთო ამისთვის, ბუნებრივია, ის ვერ ამოშლის ამ ყველაფერს. თუმცა ცვლილებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მჯერა, რომ ეს მოხდება ახლო მომავალში…
_ მოდი, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, როგორ და რა ფორმით წარმოგიდგენიათ ეს ცვლილებები, რა გზით შეიძლება, საქართველომ მიიღოს თუნდაც ცოტა მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობა დასავლეთისგან, რომლის დამოკიდებულებაც საქართველოსადმი აშკარად კოლონიალისტურია?
_ ამ ვითარებიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს და გამოსავალი ამ შემთხვევაში საზოგადოების აქტივობაა. საზოგადოებამ ეს ბოლო პერიოდში არაერთი ფაქტით დაამტკიცა და, დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტ მომენტებში ქართველი ხალხი კიდევ დაამტკიცებს, რომ ის იმსახურებს ეროვნულ, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულ და არა სხვის დაკრულზე მოხტუნავე სახელმწიფოში ცხოვრებას… რაც შეეხება დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-თან, ჩვენთვის არაფრისმომცემ ვითომ სამხედრო თანამშრომლობას, 1997 წელს შევარდნაძემ პირველად მოაწერა ხელი ამ თანამშრომლობის დოკუმენტს და მახსოვს მაშინ ამერიკის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ კოენთან თქვა ასეთი ფრაზა: “სამხედრო თანამშრომლობას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ეს ემსახურება მშვიდობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას!” მას შემდეგ თითქმის საუკუნის მეოთხედი გავიდა, მითხარით, რომელი მივიღეთ ჩვენ და საერთოდ, რა მივიღეთ?! ის, რომ მაკკეინმა თქვა, ქართველი ვარო და 16%-ით მეტი მიიღო არჩევნებში (მაკკეინმა კი მიიღო ხმები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სხვის ომში დაღუპული ჩვენი სამხედროები, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული ჩვენი მოსახლეობა და დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები)?! თუ ის, რომ “ჯაველინები” და “სტინგერები” მოგვყიდეს 150 მილიონ დოლარად?! მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატება და ეს არის ის, რისკენაც სახელმწიფო უნდა ისწრაფვოდეს. სახელმწიფო უნდა ისწრაფვოდეს და ვითარდებოდეს ეროვნული გზით, თავისი სტრატეგიული ინტერესების დაცვის შეუცვლელი მოტივით. აი, ეს არის ის, რაშიც ყველა ვთანხმდებით და რაც გვაერთიანებს იმ იდეის გარშემო, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები, ფუნდამენტური გარდაქმნა და გარდატეხა…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია