Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ნატო ჩვენთვისაც არანაკლებ საზიანო და დამღუპველი ილუზიაა

გურამ ნიკოლაიშვილი: ნატო ჩვენთვისაც არანაკლებ საზიანო და დამღუპველი ილუზიაა

“დღეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგია საჭირო”

369

ნატო არ გაფართოვდება, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, _ გერმანიის კანცლერის მიერ მოსკოვში გაკეთებულმა ამ განცხადებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს ალიანსისღია კარისპოლიტიკის მიმართ. 15 თებერვალს რუსეთის დედაქალაქში ვიზიტისას ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ბლოკში ახალი წევრების მიღება არც კი განიხილება: “ნატოს გაფართოება არ იგეგმება, არ განიხილება, ის დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ არ მოგვიწევს ამ საკითხით დაკავება, სანამ თითოეული ჩვენგანი თავის თანამდებობაზეა…”

გერმანია რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგია, სიახლე არ არის. ამ საკითხზე თავის კატეგორიულ პოზიციას ჯერ კიდევ 2008 წელს გამოხატავდა გერმანიის იმჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელი. თუმცა მოქმედმა კანცლერმა ევროატლანტიკური კურსის ჯიუტ მოიმედეებს ოპტიმიზმის მინიმალური საფუძველიც არ დაუტოვა. შოლცმა ცივი წყალი გადაასხა ყველას, ვისთვისაც ნატოსკენ დაუსრულებელი სწრაფვა გარკვეული ილუზიების შექმნის საშუალებას, მათ შორის, შიდა მოხმარების თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვან პოლიტიკურ სარგებელს იძლეოდა… სხვათა შორის, შოლცამდე რამდენიმე კვირით ადრე ამერიკის პრეზიდენტმაც არანაკლებ ღია განცხადება გააკეთა. ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს ახლო მომავალში ალიანსის წევრობის იმედი. მისივე თქმით, ვაშინგტონი სამხედროების გაგზავნას და რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში ფიზიკურ ჩართვას თეორიულადაც არ განიხილავს. მიზეზი მარტივად ახსნა: “როდესაც რუსები და ამერიკელები იწყებენ სროლას ერთმანეთის მიმართულებით, ეს მსოფლიო ომია…” უკრაინისთვის მსოფლიო ომს არავინ დაიწყებს _ ამ ქვეტექსტს შეიცავდა ბაიდენის განცხადება. “თეთრ სახლი” მზად არის, შეშფოთდეს მიმდინარე მოვლენებზე, მზად არის, უკრაინას იარაღი მიაწოდოს და 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს წამქეზებლური, საომარი პროპაგანდა, მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებს “მეგობარი” სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება გერმანიასა და მის პოზიციას ალიანსის გაფართოებაზე, შოლცის განცხადება, რომ ნატო არც კი განიხილავს ახალი წევრების მიღებას, ცხადია, ნაკარნახევია ერთი გარემოებით: ბერლინს არ სურს, სხვისი ტერიტორიული პრობლემები თავის პრობლემებად აქციოს, ისევე, როგორც არ სურს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც მთელ რიგ გარემოებებსა და, უწინარესად, პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ს უკავშირდება. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას ევრო-ატლანტიკური სწრაფვის გზაზე პერსპექტივა არ აქვთ. მიუხედავად ამ სიცხადისა, საქართველოს ხელისუფლება წლების წინათ აღებულ კურსს ჯიუტად განაგრძობს.

ცნობისთვის: წინა კვირას ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ალიანსის ხელმძღვანელობისგან ურყევი მხარდაჭერა მიიღო. მისი თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს ნატოს წევრი, მტკიცეა და, როგორც საქართველო არ დაიხევს უკან ამ გადაწყვეტილებაში, ისე ალიანსის პოზიციაც ურყევია.

რა გზავნილია საქართველოსთვის გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ ალიანსის გაფართოება არც განიხილება და რა ცვლილებები შეიძლება სჭირდებოდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ამ მიდგომების ფონზე, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, წინა კვირას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოსკოვში ვიზიტისას საჯაროდ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგასროგორ შეაფასებთ ამ განცხადებას და, რაც მთავარია, რა გზავნილია, რა პოლიტიკური ქვეტექსტის შემცველია ის ჩვენთვის?

_ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გზავნილი ან მინიშნება. გზავნილი და მინიშნება შეიძლება უწოდო განცხადებას, რომელშიც ირიბადაა გამოხატული ესა თუ ის პოზიცია. შოლცმა პირდაპირ თქვა, ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბმოკიბვის გარეშე, რომ ნატო არ გაფართოვდება, არ მიიღებს ახალ წევრებს და მეტიც, ეს საკითხი არც კი იქნება განხილვის საგანი. ისე, თუ ჩვენ უახლოეს წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა პირველად არ გამოხატავს ამ პოზიციას, მსგავსი განცხადებები გაკეთდა 2008 წელსაც. გახსოვთ, ალბათ, ბუქარესტის სამიტამდე ანგელა მერკელის განცხადება, რომ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები, ვერ გაწევრდებიან ალიანსშიმორჩა, ამის შემდეგ ბერლინის პოზიცია არ შეცვლილა. რაც შეეხება გარემოებებს, რა განაპირობებს გერმანიის მხრიდან ამ კატეგორიულობას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოება. ყველას კარგად ესმის, რომ, თუ კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა უკიდურეს ნიშნულამდე მივა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ჯერ აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ _ ცენტრალური და ყველაზე ნაკლებად დასავლეთ ევროპის უსაფრთხოება. სხვათა შორის, ამიტომ არის, რომ ყველაზე ზომიერები და თავშეკავებულები, როცა ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზეა საუბარი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან. გაიხსენეთ თუნდაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი დამატებითი ჯარისკაცი უნგრეთის ტერიტორიაზე არ იქნება… ახლა ეკონომიკურ ინტერესები ავიღოთ: გერმანია, ევროპის ეკონომიკურ ძრავად წოდებული სახელმწიფო, პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის ენერგორესურსებთან. “ჩრდილოეთის ნაკადი-2” მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია. ისე, ცნობისთვის, ლაპარაკია პროექტზე, რომელიც მრავალმილიარდიან მოგებას გულისხმობს… ჩნდება მარტივი შეკითხვა _ რისთვის სჭირდება ამ ეკონომიკურად წელში გამართულ, საათივით აწყობილ სახელმწიფოს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა? რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს ეს გერმანიის ინტერესებში? ცხადია, არანაირით…

_ თუმცა არიან ქვეყნები დასავლეთში, რომელთა მცდელობებშიც აშკარად იკვეთება რუსულუკრაინული კრიზისის გაღრმავების სურვილი.

_ გლობალურ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. ცხადია, იმ ქვეყნებს, რომელთა ქმედებებშიც გარკვეული დესტრუქცია იკვეთება, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს ვგულისხმობ, აქვთ თავიანთი ინტერესები… ანუ, შეერთებულ შტატებს, წმინდა გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე, პირდაპირ არ უქმნის საფრთხეს რუსეთთან დაძაბულობის ზრდა. გაერთიანებული სამეფო კი კონტინენტური ევროპა არ არის… ახლა დავუბრუნდეთ ისევ გერმანიას და მის მყარ პოზიციას ნატოს გაფართოების მიუღებლობაზე, შოლცის განცხადება, მართალია, არ არის სიახლე, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, უწინარესად, უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, იმიტომ, რომ უკრაინელები თავის დროზე დაარწმუნეს ნატოსკენ სწრაფვის უალტერნატივობაში. ნატო მსხვერპლს მოითხოვს, ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა მარტივი არ იქნება _ ეს იყო დაახლოებით ის რიტორიკა, რომლითაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ადამიანებს. დღეს უკვე მათ აქვთ დასკვნის გამოტანის და სწორი შეფასებების საშუალება. დღეს ყველა ხედავს, რომ ნატომ, რომლის ილუზიამაც ისინი ომის ზღვრამდე მიიყვანა, მიატოვა და ყველა გარბის, ყველა შორიდან ყურებას აპირებს, როგორ დაიწყებენ ერთმანეთის ხოცვას მოძმე ერები… რაც შეეხება საქართველოს, ინტერვიუს დასაწყისში მკითხეთ, რას ნიშნავს ჩვენთვის გერმანიის კანცლერის განცხადებაო. მე მარტო შოლცის განცხადებით არ შემოვიფარგლებოდი, ჩვენთვის, უკრაინაში რაც ხდება, ეს არის ძალიან დიდი გაკვეთილი და, თუ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საღი ანალიზის უნარი აქვს, ახლა უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები

_ რას გულისხმობთ?

_ ნატო ჩვენთვისაც არანაკლებ საზიანო და დამღუპველი ილუზიაა. ამ ილუზიაში ვართ, სულ ცოტა, 15 წელია. რა მივიღეთ? _ ვერაფერი, არადა, გადავხედოთ ჩვენს წარსულს, რას ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში, ვიყავით ნატოს ყველა მისიაში _ კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაშიისე, ცნობითვის: 20 ათასი ჩვენი ჯარისკაცი მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში, 4 მილიარდი დავხარჯერ ბიუჯეტიდან, დაიჭრა 293 ადამიანი, დაიღუპა _ 42 და 52 ხეიბარი დარჩააი, ამხელა მსხვერპლისა და ღვაწლის შემდეგ გვესმის მხოლოდ მადლობები, მაგრამ, რეალურად როცა დგება საკითხი, გვიღებენ თუ არა, პასუხი არის უარი. ამდენი დროისა და დამსახურების შემდეგ კიდევ უარი, მგონი, მკაფიო პასუხია შეკითხვაზე: რა უნდა ვქნათ ჩვენ? ილუზიებს თავი უნდა დავანებოთ. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არც ნატო და არც სხვა რომელიმე ორგანიზაცია არ არის თვითმიზანი. ნებისმიერი კავშირები გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის. და არა იმისთვის, რომ გვაომოს იპერიასთან, როცა თვითონ არაფერს აპირებს, გარდა შორიდან ყურებისა და შეშფოთებისა…

_ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გაქვთ იმედი, რომ მოხერხდება ნატოს ილუზიებიდან გამოსვლა?

_ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად იცავს ზომიერებას და ეს გამოჩნდა უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებისას. მეტ-ნაკლებად დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს პრემიერიც, მაგრამ დღეს არის ვითარება, როცა შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავის შეკავებაში გამოხატული ზომიერება შეიძლება არ იყოს საკმარისი. დღეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგია საჭირო და მმართველი გუნდი, გასაგები მიზეზების გამო, ამას ვერ ახერხებს. რაც შეეხება მომავალს, უნდა გვქონდეს თუ არა იმედი, რომ დამთავრდება პოლიტიკური ილუზიები, ჩემი აზრით, ამ ილუზიებს თვითონ პოლიტიკური დღის წესრიგის გარდაუვალი ცვლილება დაამთავრებს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია დრო. მთავარია, საქართველომ დროულად განახორციელოს ცვლილებები, რომ რეგიონის პოლიტიკურ კონიუქტურას არ ჩამორჩეს, თორემ მერე შესაძლოა, გაცილებით ნაკლები ჰქონდეს შესათავაზებელი ყველასთვის. აი, ეს არის რეალობა, მაგრამ რამდენად სწორად აღიქვამს ან აანალიზებს ამ ყველაფერს მმართველი გუნდი, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, მათ ჯერჯერობით ძირეული პოლიტიკური ცვლილებებისთვის მზადყოფნა არ ეტყობათ. ისინი უცვლელად განაგრძობენ ძველ კურსს, რომელიც აცდენილია ახალ რეალობას და კიდევ უფრო აცდენილი იქნება მომავალში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here