9 ივლისს სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ ავღანეთში 17-წლიანი სამშვიდობო მისიის დასრულების გამო ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების მიერ “საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში” შეტანილ წვლილზე ისაუბრა და მიღწევები შეაჯამა: “17 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი…”
თუმცა მისივე თქმით, ეს არ იყო უმთავრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია აღნიშნულ მისიებში აქტიური მონაწილეობით. პრემიერის შეფასებით, მთავარი არის ის, რომ ამით ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, გახდა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი და ყველას აჩვენა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს “უსაფრთხოების მიმწოდებელი” და რომ “ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დასაცავად. 2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისია ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ჩვენ, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით, უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა ვიყავით და საქმით დავამტკიცეთ ჩვენი მხარდაჭერა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში…”
შეგახსენებთ, რომ საქართველო ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში (ISAF) 2004 წლის აგვისტოდან ჩაერთო, რაც იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ალიანსში ინტეგრირების უმთავრეს წინაპირობად იქნა შეფასებული. მას შემდეგ სამხედრო კამპანიაში 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა 17 წლის განმავლობაში ქვეყანამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია.
რა მოუტანა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში დიდი წარმომადგენლობით მონაწილეობამ და როგორ აისახება ეს მომავალში ჩვენს უსაფრთხოებაზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი გვესაუბრება.
_ ბატონო გურამ, რამდენიმე კვირის წინათ ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მისიიდან ბოლო ქართველი ჯარისკაცები დაბრუნდნენ, სამხედრო კამპანია ოფიციალურად დასრულდა. ამის გამო 9 ივლისს სენაკის სამხედრო ბაზაზე ღონისძიება გაიმართა, რომელზეც პრემიერმა საინტერესო განცხადებები გააკეთა და ქართველების მიერ მისიაში შეტანილი წვლილი შეაფასა. მისი თქმით, ამ მისიით საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია, იყოს “უსაფრთხოების მიმწოდებელი”. მოდი, ჯერ მისიაზე ვისაუბროთ, რა მოგვიტანა ამ მისიაში აქტიურმა მონაწილეობამ 17 წლის განმავლობაში?
_ წვლილზე რაც ითქვა პრემიერის ან პრეზიდენტის მიერ ცერემონიაზე, ნამდვილად ასეა _ 17 წლის განმავლობაში საქართველომ ლომის წილი შეიტანა ნატოს მისიაში. 20 000-ზე მეტმა ჯარისკაცმა მიიღო მასში მონაწილეობა და დაიხარჯა უდიდესი რესურსი. ეს არ არის მცირე რაოდენობა ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის. სხვათა შორის, გახსოვთ, ალბათ, რომ პირველ ეტაპზე, ვგულისხმობ 2008 წლამდე პერიოდს, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჩვენი პირადი შემადგენლობის რაოდენობა 1800 სამხედრომდეც აღწევდა. იმხანად საქართველოს ეს ოპერაცია სამხედრო ბიუჯეტის 20-დან 30%-მდე უჯდებოდა _ წელიწადში 250 მლნ ლარამდე. რაც შეეხება შემდგომი წლების ხარჯებს, ბოლო წლებში ეს რიცხვი შეადგენდა სამხედრო ბიუჯეტის 30%-ს, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 700 მილიონი ლარია. კოლოსალურ თანხებზეა საუბარი.
_ კონკრეტულად რას ხმარდებოდა ეს ფული, რისთვის იხარჯებოდა, ძირითადად?
_ ძირითადი ხარჯი მიდიოდა სამშვიდობო ოპერაციებზე, რათა პირადი შემადგენლობა მუდმივად დაკავებულიყო ამ ოპერაციით. ახლა როგორ იყო დაკავებული: 1000-დან 1200 კაცამდე მონაწილეობდა უშუალოდ ოპერაციებში და 1200 კაცი აქ ემზადებოდა მათ შესაცვლელად. შემდეგ ის 1200 სამხედრო რომ ჩამოვიდოდა, სამი თვით შვებულებაში გადიოდა. ანუ, 3500-დან 3600-მდე ჯარისკაცი მუდმივად დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ოპერაციებით. ეს მთელი ჩვენი პირადი შემადგენლობის თითქმის მესამედია. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ევროკავშირის ეგიდით, საფრანგეთის სამშვიდობო ძალებთან ერთად, მალიშიც ვმონაწილეობთ ერთი ასეულით. სხვათა შორის, ეს ოპერაცია წელიწადში 7 მილიონ ევრომდე გვიჯდებოდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2004 წლიდან პირადი შემადგენლობის სწრაფი რეაგირების კორპუსი გერმანიაშიც გადიოდა სწავლებებს, რომლის შენახვაც და მომზადებაც ასევე კოლოსალური თანხები დაჯდა…
_ შედეგად საქართველომ რა მიიღო? რა იყო ამ ოპერაციებში ასეთი მაღალი აქტივობით მონაწილეობის მიზანი და არის თუ არა 17 წლის თავზე ეს მიზანი მიღწეული?
_ კარგი შეკითხვაა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური ინდულგენცია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს _ ხელისუფლებისა და მისი ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის, როგორც პროცესების ავანგარდის, შენარჩუნებას. რაც შეეხება კონკრეტულად ჯარს და იმას, რა მისცა ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის ამ 17-წლიანმა პერიოდმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობამ ჩვენ მოგვცა მხოლოდ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამერიკას სჭირდებოდა და შესაძლოა, მომავალშიც დასჭირდეს მსგავს კამპანიებში, მაგრამ ის, რაც უშუალოდ საქართველოს სჭირდება თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, არ მოუცია.
რა გვაქვს დღეს რეალურად: მხოლოდ საკომენდანტო სამსახური, რომელსაც გარკვეული ობიექტების დაცვა შეუძლია. ის, რომ იქ, მაგალითად, არტილერისტი მომზადებულიყო, ან ტანკისტი, ან საინჟინრო ძალები და ა.შ., არ მომხდარა. პირიქით, ამ ოპერაციებზე ამხელა კონცენტრირების პირობებში უამრავი ტექნიკა დარჩა აქ უპატრონოდ. ბევრი გაფუჭდა, ბევრი, საერთოდ, გამოუსადეგარი შეიქნა…
სხვათა შორის, არტილერია, რომელიც ყოველთვის ძლიერი მხარე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, დღეს, როგორც არასდროს, სავალალო მდგომარეობაშია. არაფერს ვამბობ ავიაციასა და საზღვაო ძალებზე, რომლებიც იზორიამ საერთოდ გააუქმა, ძვირი სიამოვნებაა და ვერ შევინახავთო. წარმოიდგინეთ, 37 გემი გვყავდა, რომელთაგან 17 იყო საბრძოლო და დაჭრეს. ზოგი ჩაძირეს, ზოგი გაყიდეს…
_ სხვათა შორის, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ვრცელდებოდა ხმები, რომ საზღვაო ძალების მოშლა დიდ კორუფციულ გარიგებასთან იყო დაკავშირებული…
_ რა თქმა უნდა, არსებობს ამ ეჭვების საფუძველი. 2008 წლის შემდეგ ვიღაცას დასჭირდა სამხედრო–საზღვაო ფლოტის ტერიტორია, რომელიც, მოგეხსენებათ, ფოთშია და ეს ტერიტორია 1 ლარად გაასხვისეს. დღეს ეს სიმდიდრეები, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები კერძო პირებისაა. სხვათა შორის, იქ არაჩვეულებრივი ტერმინალი იყო, სადაც გემები შედიოდა და ბრიგადა იდგა, იყო სასწავლო ცენტრიც, მაგრამ გააუქმეს. ასევე გააუქმეს სერჟანტების მომზადების სკოლა, შტაბი… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიზანმიმართული პოლიტიკა იყო.
_ კი მაგრამ, ვინ უნდა ყოფილიყო ამით დაინტერესებული?
_ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაკეთებულია ნატოსა და მთლიანად დასავლეთის მიერ წლების განმავლობაში წარმოდგენილი იმ გეგმებით, რომ საქართველოს ამხელა ჯარი არ სჭირდება. საქართველოს უნდა ჰყავდეს მხოლოდ 3500-დან 4000 ჯარისკაცამდე იმისთვის, რომ დასავლეთის სამშვიდობო ოპერაციებში მივიღოთ მონაწილეობა. რაც შეეხება ჩვენს ამოცანებს, ეს მათ საერთოდ არ აინტერესებთ, და ეს მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ყველგან, ყველა რეგიონში, მათ შორის წყნარ ოკეანეში, შავ ზღვაში, ბალტიის ზღვაში მათ მიერ ჩატარებულ თითოეულ სწავლებაზე რუსეთისგან ასეთივე სწავლებებით მიიღეს მყისიერი პასუხი. წარმოიდგინეთ, ამ სწავლებებით რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში დააფრთხო იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი; ინგლისის გემები კი კისრისტეხვით გარბოდნენ იქიდან და უკან მისდევდნენ “სუ 34”-ები. აი, ეს არის რეალობა და ამ მომენტში ჩვენ გვტოვებენ საზარბაზნე ხორცად… ავღანეთში ნატოს ინტერესების 17-წლიანმა ბრმა მსახურებამ საქართველოს ვერაფერი მისცა, საქართველოს ამ ყველაფერმა მისცა მხოლოდ პოლიტიკური ინდულგენცია, რომელმაც პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ხელშეუხებლობა უზრუნველყო.
_ მომავალში თუ იქნება მსგავსი მისიები, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ? როგორი პოლიტიკა იქნება ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორი?
_ ყველა თანხმდება, რომ პოლიტიკა ჩვეულებრივი აღებ-მიცემობაა, როცა რაღაცას გასცემ, აუცილებლად უნდა იღებდე სანაცვლოდ რამეს. ჯანსაღი, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ასეთია. რაც შეეხება საერთაშორისო სამხედრო მისიებს, საქართველო შეიძლება იყოს ამ პროცესში წარმოდგენილი, არ ვამბობ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს მაქსიმალური თანხვედრით ჩვენს ეროვნულ-სტრატეგიულ ინტერესებთან. როგორ შეიძლება, აქედან ტანკისტი მოხსნა, იქ წაიყვანო და აქ ტანკი უპატრონოდ იყოს?! ეს ხომ ჩვეულებრივი მავნებლობაა?! ეს ერთი და მეორე _ როგორ შეიძლება, შენი უსაფრთხოება, მთელი შეიარაღებული ძალების მომზადების დონე განსაზღვრო ვიღაცის სამხედრო კამპანიაში სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება–არშესრულების მიხედვით?!
საქართველოს, რომელსაც ტერიტორიების ერთი-მესამედი დაკარგული აქვს და, რაც მთავარია, აქვს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა მეზობელ ზესახელმწიფო რუსეთთან, არ შეიძლება, უმთავრეს ამოცანად დასახული ჰქონდეს მისთვის აბსოლუტურად არაფრისმომცემი გეოპოლიტიკური ვექტორის სამხედრო კამპანიაში საკუთარი ინტერესების უგულებელყოფით მონაწილეობა. ეს არის ზუსტად ის მიდგომა და პრინციპები, რომლებმაც 20 წლის განმავლობაში მოგვიყვანა ამ ჩიხამდე და, როგორც ჩანს, ეს არ არის დასასრული, რადგან მომავალი შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს. აი, ეს არის შესაცვლელი ძირფესვიანად, თუმცა იმ პირობებში, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს მთლიანად აკონტროლებენ ვიწრო პარტიულ, კონიუქტურულ ინტერესებზე ორიენტირებული სუბიექტები, ცხადია, ახლო მომავალში ამ ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ეს ცვლილებები გაცილებით მასშტაბური პროცესების ნაწილია, პროცესების, რომლებიც ჯერჯერობით არ და ვერ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია