Home რუბრიკები საზოგადოება გულწითელა ჩიტი _ მისი ცისფერი ფრინველი

გულწითელა ჩიტი _ მისი ცისფერი ფრინველი

2267
რადიშ თორდია

რადიშ თორდიას მონათხრობიდან:

_ აბაშაში, ჩვენს კოინდრიან ეზოში ერთი გულწითელა ჩიტი ფრენდა დაბარებულივით, ხან ხის ტოტზე შემოჯდებოდა, ხან ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდებოდა, ისე ტრიალებდა, თითქოს სადღაც მეწეოდა, მეძახდავოცნებობდი, შინ შემოფრენილიყო.

იმდენი იფრენიტრიალა, სანამ ხუთიოდე წლის ბიჭს (ეგებ, არც ამდენისას), ძველი ოდის ხის კედელზე კლასობანას სათამაშომოედანიარ დაახატვინა

_ კვადრატებად დაყოფილი სიბრტყე.

აგურის ნატეხით, რადგან სამამულო ომი დაწყებული იყო და საღებავებით ბავშვების მოსამარაგებლად არავის ეცალა.

მშობლები გაუნაწყენდნენ ბიჭს და იმ დაჩხაპნილდახატულის წაშლა მოინდომეს.

ხელი არ ახლოთო, უბრძანებია ბაბუას და შერჩა ის პირველი ნახატი კოლხურ ოდას, როგორც ისტორიამდელი ადამიანის ნახატები გამოქვებულის _ ბუნებრივი პირველსადგომის კედელს.

სანამ ახალი სახლი აშენდებოდა.

ძველი კოლხები მისნები იყვნენ…

გავა წლები და ის პატარა ბიჭი საქართველოს სახალხო მხატვარი გახდება, მრავალი პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო ჯილდოების კავალერი, რომლის ნახატები მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების ექსპოზიციებს დაამშვენებს.

აღიარებენ.

დღეს კი მუზეუმთა შორის ერთ-ერთში, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მმეგზურობს მე, ამ სტრიქონების ავტორს, და, როგორც გულუხვ მასპინძელს ეკადრება, მიზიარებს თავისი ცხოვრების პერიპეტიებს. გულწითელა შეფრინდა მის ცხოვრებაში, როგორც წარმატების მეტაფორა _ თამარ მეფის ლალით შემკული გულსაკიდი ჯვრის ხასხასა წითელი ფერით გაიფანტა მის გასხივოსნებულ შემოქმედებაში.

თუნდაც _ იმედად და გამარჯვების რწმენად ბიჭის ხელისგულზე დადებული წითელი ვაშლის წერტილად _ “მოგონება 1942 წელზე” (1984. ტილო. ზეთი), ან უსასოობის დაძლევად უდაბნოს (“უდაბნო”. 1984. მუყაო. ზეთი) ჰორიზონტზე მიმავალი აქლემის უნაგირის მინავლებულ წითელ ფერში, ან აგრესიული წითელი და შავი ფერების კონტრასტულობაში (“გაქცევა ღამით”. 1988. მუყაო. ზეთი) და ათას სხვა ვარიაციაში, რომელთაც წითელშტრიხებიანი ეკლესიის გუმბათი (“ძველი ეკლესია”. 1990. მუყაო. ზეთი) თავზე ადგას, ვითარცა ურწმუნოებასთან ბრძოლის ველიდან ეს-ესაა გამოსული გამარჯვებული რაინდის ხატი და ა.შ. და ა.შ. ხოლო “მელანქოლიაში” (1997. ტილო. ზეთი), აფორიაქებული ნახატის სივრცეში, იმ გულწითელა ჩიტის გამოჩენა “ჰეფი ენდის” განზოგადებული ნიმუში უნდა იყოს, მგონი.

ჯობია, აქ დავასრულო, რადგან დილეტანტიზმი ხარბია და გაუმაძღარი, ეს ერთი. და მეორე, როგორც რადიშ თორდიას ფიროსმანის შეფასებისას აქვს ნათქვამი: “მისი ქმნილებები ასხივებს იმ უმთავრესსა და შეუცნობად მისტიკურ ძალას, რომლის განსაზღვრა ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია”.

რადიშ თორდიაზე, როგორც დიდ მხატვარზე, ხელოვნებათმცოდნეები ლაპარაკობენ. მე მხოლოდ მის მონაყოლს მივყვები წინააღმდეგობათა დაძლევის მხატვრის მიერ განვლილ გზაზე, რადგან ცხოვრებაში არც ისეა საქმე, როგორც ერთ-ერთი ქართული ანდაზა გვიმტკიცებს: თუ კაცს ბედი აქვს, მოზვერიც დაუმაკდებაო.

რადიშ თორდია გულახდილად საუბრობს. აბა, მოუსმინეთ!

ბელაშოვა, “ბურთით თამაში”, “ბაბუაწვერადა ცეკაში გაგზავნილი საჩივარი

_ სამოციანი წლების ბოლოს მოსკოვში უნდა გამართულიყო ახალგაზრდა მხატვართა საკავშირო გამოფენა. სემეჟის ტბის მიდამოებში იყო იმ დროს მხატვრების შემოქმედებითი სახლი; პირობები _ ისეთი, უკეთესს ვერც ინატრებდი. სხვა მხატვრებთან ერთად მეც იქ ვმუშაობდი სამი თვის განმავლობაში, ცალკე სახელოსნოში; ტილო, საღებავები _ უფასოდ, ცალკე გვემსახურებოდა დურგალი, რომელიც ჩარჩოებს გვიმზადებდა. იქ დავხატე “ბურთით თამაში” (ორი მეტრი _ ორმეტრ-ნახევარზე) იმ გამოფენაზე წარსადგენად. და პირველი დიდი პრობლემა მის გამო შემექმნა.

ჰოდა, სენეჟში ჩვენთან მოიყვანეს ამერიკელი მხატვრები. ათნი იყვნენ. იმის საჩვენებლად, თუ როგორ პირობებში ვმუშაობდით ახალგაზრდები. ჩემს სახელოსნოში რომ შემოვიდნენ, ერთ-ერთი მათგანი, გვარი ახლაც მახსოვს გარი რიქსონი, დაინტერესდა ჩემი ნახატით და მეუბნება: თუ ნებას დამრთავ, ფოტოს გადავუღებ და ამერიკაში გამოვაქვეყნებ პოპულარულ ჟურნალში. რა ჰქვიაო შენს ნამუშევარს? _ მკითხა. ვუპასუხე. არ მომწონსო, მითხრა. შეიძლება, რომ “მოძრაობა სივრცეში” დავარქვაო? საწინააღმდეგო არაფერი მაქვს-მეთქი: ეს სურათი გამაკეთებინა პაგანინის შესანიშნავმა მუსიკალურმა ქმნილებამ “მუდმივი მოძრაობა” (“Вечное движение”) და შემოთავაზებული სახელი კარგად მოერგო ჩემს ჩანაფიქრს.

წავიდნენ ეს ამერიკელები.

ველოდებით კომისიას, რომელმაც უნდა განიხილოს ჩვენი ნამუშევრები და გადაწყვიტოს მათი გამოფენაზე გატანის საკითხი.

ერთ დღეს მეუბნებიან, რომ სენეჟში მოვიდნენ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ამხანაგი ბელაშოვა, ხანდაზმული მოქანდაკე ქალბატონი, მისი მოადგილე პონომარიოვი (ძალიან კარგი კაცი) და კომისიის რამდენიმე წევრი, კიდევ _ ამიერკავკასიის მხატვართა კავშირების კურატორი ფიოდოროვა, შესანიშნავი ადამიანი.

მივედი. ვხედავ, ყველანი ჩემი სურათის წინ ფეხზე დგანან. სკამზე ზის თავჩაქინდრული, დაღლილი მოხუცი ქალი _ ბელაშოვა, ძალიან მკაცრი სახით და ჩამოშლილი თმებით.

ბელაშოვა მეკითხება:

_ Это ваша картина?

დავუდასტურე, რომ ჩემია.

_ Очень плохая картина.

რა უნდა ვუპასუხო? არაო, ხომ არ ვეტყვი. ხმას არ ვიღებ.

_ თქვენ არ იცითო, _ მეუბნება, _ რომ სკულპტურაში მოქმედებს კანონი: როცა ფიგურას მკლავები მოხრილი აქვს, ფეხები გამართული უნდა ჰქონდეს და _ პირიქით. ეს კანონი ფერწერაზეც ვრცელდება.

აქ კი ვეღარ მოვითმინე და მოურიდებლად ვუთხარი, ასეთი კანონის შესახებ არაფერი მსმენია-თქო, და დავუსახელე საპირისპირო მაგალითები _ ძველი ეგვიპტური, თუ რენესანსის პერიოდის ცნობილი შედევრები. არც XIX საუკუნეში მოქმედებდა-მეთქი ასეთი კანონი.

უცებ ამომხედა ამ ქალბატონმა და გაავებით წამოიძახა:

_ Как вы смеете так раз­го­воривать со мной! (ასე ლაპარაკს როგორ მიბედავთო).

კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იური პეტროვიჩ რეინერი, ძალიან კარგი პიროვნება, შეეცადა სიტუაციის განმუხტვას და დანარჩენი ჩემი ნახატები, რომლებიც აქვე, სახელოსნოში, მეწყო, შემოატრიალა, გაბრაზებული თავმჯდომარისთვის რომ დაენახვებინა _ არც ისე ხელწამოსაკრავი მხატვარი არისო, მაგრამ ამან ვერ გაჭრა. პირიქით, კიდევ უფრო განარისხა ბელაშოვა.

_ უნდა გითხრათ, რომ თქვენ საქართველოში ძალიან ცუდი ფერწერა გაქვთ.

საქართველოს შეეხოო? პირში მივახალე, რომ ჩვენს მხატვრობას მსოფლიოში იცნობენ და აფასებენ. თქვენ კი არ გსურთ, შეამჩნიოთ და აღიაროთ. თქვენთან გზავნიან კაკაბაძის, გუდიაშვილისა და სხვების (ჩამოვუთვალე) ნამუშევრებს და ის ჟიური, რომელსაც თქვენ უდგახართ სათავეში, მათ გამოფენაზე უარს ამბობს.

ამაზე სულ გადაირია და ვალია რიჟოვას, რომლის ხელში იყო ხელშეკრულებების გაფორმება, უყვირა:

_ მომეცით თორდიასთან დადებული ხელშეკრულება!

შეცბნენ კომისიის წევრები, იქნებ გვათქმევინოთო ჩვენი შეფასებები.

არა და არაო, მომეცით და მომეცითო. ისტერიკა დაემართა, დუჟმორეული ყვიროდა. მიუტანეს. გადახია და გადაყარა. გამოვიხურე კარი და გამოვედი.

მეორე დღეს დილიდან მირეკავს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე პონომარიოვი და მოსკოვში თავის კაბინეტში მიბარებს. ბილეთი უკვე აღებული მქონდა და თბილისში წამოსასვლელად ვემზადებოდი. უარი ვუთხარი. კატეგორიულად მომთხოვა; ჯერ მოდი და მერე, საითაც გინდა, იქით წადიო.

მივედი.

_ ჩემგან რამე ხომ არ გეწყინა? _ მეკითხება.

_ თქვენგან კი არა, ბალაშოვასგანაც არ მწყენია-მეთქი _ არ მოსწონს, ნუ მოწონს.

_ 500 მანეთია შენზე გამოწერილი და აიღეო.

უარი ვუთხარი.

ბუღალტერიაში ძალით შემიყვანა:

_ ბრძანება ჩემი ხელმოწერილია და ბალაშოვა არაფერ შუაში არ არის.

ბრძანებაში ეწერა:

“Для завершения картины “Игра в мячь” (სურათ “ბურთით თამაშის” დასასრულებლადო).

გულგატეხილი და ყველაფერზე გულაცრუებული წავედი ჩემს სოფელში და დედაჩემის პორტრეტი დავხატე _ დედასთან ეძებს ბავშვი დამშვიდებას ყოველთვის.

ცოტა ხნის შემდეგ, მოსკოვის ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოფენაზე წაიღო ჩემი მრავალჭირგადანახადი ნახატი.

ერთხელ, როცა საკმაო დრო გავიდა, მეც თავად შემიყვანეს საკავშირო გამოფენის ჟიურის შემადგენლობაში, მოვიდა ჩემთან პონომარიოვი, დამპატიჟა მხატვართა კავშირის რესტორანში და იქ მითხრა:

_ ჩამოსულ ამერიკელებს, როგორც წესი, ჩვენი სპეცსამსახურები “მწყემსავდნენ”, მათი ყოველი ნაბიჯი ზუსტად იცოდნენ. ამ ამერიკელებს შეხვედრა მოუწყვეს საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილებაში, სადაც დისკუსია გაიმართა სოცრეალიზმის მეთოდის უპირატესობაზე თანამედროვე სახვით ხელოვნებაში. შეუტიეს ამერიკელებს. ადგა სტუმართაგან ერთი და უპასუხა, რომ სოცრეალიზმი მოძველდა, რომ საბჭოთა კავშირში ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით _ ახალგაზრდა თაობის შემოქმედებაში და მაგალითად დაუსახელა რადიშ თორდიას “მოძრაობა სივრცეში”.

ამ შეხვედრას ესწრებოდა ბელაშოვაც, რომელიც ცეკას განყოფილების გამგემ თათბირის შემდეგ დაიტოვა და, გამოჟონილი ხმების მიხედვით, შავ დღეში ჩააგდო: ასე არჩევთო საგამოფენოდ წარსადგენ ნამუშევრებსო?!

მეორე დღესვე ჩამოვედით შენთან და დანარჩენი შენც იცი, მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციო. ჩვენ, ყველას, ძალიან მოგვწონს შენი ნახატი და ყველგან გზა გექნება გახსნილიო.

მართლაც, მეორე წელსვე ეს ჩემი “ბურთით თამაში” სოფიაში გამართულ მსოფლიო დემოკრატიული ახალგაზრდობის ფესტივალზე გამოფინეს, როგორც თანამედროვე მხატვრობის სანიმუშო მაგალითი.

_ ამერიკელებმა თუ შეასრულეს ჟურნალში გამოქვეყნების დაპირებები?

_ აპა!

ბურთით თამაშის”, ანუთეთრი ბურთი და გოგონების (1966. ტილო. ზეთი) გამო კონფლიქტი რეტროგრადების მიერ თორდიას წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიების მეორე შემთხვევა იყო, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მხატვართა კავშირის ყრილობაზე ინსპირირებული ტრაგიკომიკური აქცია, რომლის ავტორები ამჯერად მისი უფროსი კოლეგები იყვნენ _ სამი უსახურიშემოქმედი”. მათი გვარები საჯაროდ არ გამოაქვს _ სამივე გარდაცვლილიაო. პირველადბაბუაწვერას (1968. ტილო. ზეთი) გამო შეუტიეს საქართველოში რადიშს.

_ მჟავანაძის დროა. მხატვართა კავშირის ყრილობას პირველად ვესწრები _ ახალმიღებული ვარ. ყრილობას მიუძღვნეს და შესვენებაზე გახსნეს კიდეც გამოფენა, რომელზეც ჩემი “ბაბუაწვერაც” არის წარმოდგენილი.

ყრილობა აგრძელებს მუშაობას. სიტყვა მისცეს ბატონ ლადო გუდიაშვილს და იგიც ტრიბუნისკენ მიემართება. ამ დროს იმ “სამეულიდან” ერთ-ერთი ჩვენს სახელოვან მხატვარს ფურცელს შეაჩეჩებს და რაღაცას ეუბნება. რას? აბა, მე რა ვიცი!

თავისი სათქმელი ბატონმა ლადომ რომ დაამთავრა, ისე, რომ არ განუცხადებია, ეს ფურცელი ტრიბუნაზე ასვლის წინ მომაწოდესო, იწყებს იმ ქაღალდზე დაწერილის კითხვას.

კითხულობდა და სახეზე ეტყობოდა, რომ თვითონაც უკვირდა, რასაც კითხულობდა: “ბაბუაწვერა” უიმედობის განსახიერებააო. ჩვენ დროში ახალგაზრდა მხატვრები ასე არ უნდა აზროვნებდნენ, ახალგაზრდობა უნდა იყოს შემართულიო და მიაყოლა რაღაც ლოზუნგური ფრაზები. ერთი სიტყვით, “ბაბუაწვერა” საშინელებაა. კი თქვა, ავტორის გვარს არ დავასახელებო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ჩემი ნახატია. მივედი ყრილობის წამყვან დევი სტურუასთან _ ცეკას იდეოლოგიურ მდივანთან, და ვთხოვე, სიტყვით გამომსვლელთა სიაში ჩავეწერე. აბა, უპასუხოდ ხომ არ დავტოვებდი! სათქმელიც მოვიფიქრე: “ბაბუაწვერა” უიმედობის განსახიერება კი არ არის, არამედ თავისი ბუნებით გამრავლების სიმბოლო და ნიშანია-თქო.

აფორიაქებული ვარ და ვხედავ, რომ ამასობაში ტრიბუნაზე დამდგარა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და ლადო გუდიაშვილს მიმართავს: ძალიან გამიკვირდა შენი ნათქვამი, ლადო. ევროპიდან შენ ჩამოიტანე ახალი ხედვა და ახლა შენ თვითონვე ებრძვი?! ეს სურათი მეც ვნახე გამოფენაზე და ძალიან მომეწონა.

ამაზე უკეთესად მე რას ვიტყოდი და დევი სტურუას ვთხოვე, სიიდან ჩემი გვარი ამოეშალა.

ყრილობის დამთავრების შემდეგ კი ამ გამოფენის განხილვა მოეწყო. მიმომხილველი იმ “სამეულის” ერთ-ერთი წევრი იყო. მიჰყვებოდა ექსპოზიციის რიგს და სათითაოდ აფასებდა გამოფენილ ნამუშევრებს. ახლავე გეტყვით, ეს ის “სამეულია”, რომელმაც თავის დროზე აკადემიიდან გააგდო დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და სხვები. “ბაბუაწვერას” რომ მიადგა, შეჩერდა. ტრიბუნაზე გრაფინით წყალი ედგა. დადო თავისი ცისფერი რვეული, რომელშიც ჩანაწერები ჰქონდა, დაისხა წყალი, დალია, ბოდიში მოიხადა, ცუდად გავხდიო, წავიდა და საერთოდ მიატოვა იქაურობა.

განხილვაზე ბატონი ლადო გუდიაშვილი ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა. მობრძანდა მისი ცოლი, ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი ნინო, _ ლადო ავად არის, წერილი გამომატანა და წაგიკითხავთო.

მთელი წერილი ჩემი სურათის ქება იყო.

ეს შემთხვევაც რადიშ თორდიას, ანუ ჭეშმარიტი ხელოვნების გამარჯვებით დამთავრდა.

_ ხომ არ გასამებულა?

_ გასამდა. მესამედ _ სხვისი წყალობით, რომელიც იმ დროს ცნობილი პიროვნება იყო. მის ნათქვამს ანგარიშს უწევდნენ. ისიც გარდაცვლილია და, ბუნებრივია, გვარს არ დავასახელებ. მრავალგვერდიანი წერილით მიმართა მან საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რომელსაც მაშინ ედუარდ შევარდნაძე ედგა სათავეში.

მთელი ერთი გვერდი ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული, კერძოდ, რომ მე ვარ ბურჟუაზიული ხელოვნების მიმდევარი; რომ იმას, რასაც მე ვაკეთებ, სოცრეალიზმთან საერთო არაფერი აქვს; სხვა დრო რომ ყოფილიყო, დაჭერილი და დახვრეტილი ვიქნებოდი. ვალერი ასათიანი მუშაობდა მაშინ ცეკას კულტურის განყოფილებაში, პროგრესული შეხედულებების ახალგაზრდა კაცი. დამიბარა და წამიკითხა _ მიწასთან ვყავდი ავტორს გასწორებული. მითხრა, რომ ამ საჩივრის განხილვას მოაწყობდა და მოაწყო კიდეც საკმაოდ წარმომადგენლობითი შეკრება. დაესწრო საჩივრის ავტორიც. ვალერიმ ზოგადად მიმოიხილა მისი მანუსკრიპტი, რაც არ ესიამოვნა “სიგნალის” მიმწოდებელს და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რომ მსგავსი არაფერი დაუწერია(!).

ხალხმა ეჭვის თვალით შემომხედა, როგორც აფერისტსა და ცილისმწამებელს. ვალერი ასათიანს ვუთხარი, _ მომეცით წერილი და წავიკითხავ თავიდან ბოლომდე-მეთქი. ვალერიმ ავტორს მიაწოდა და სთხოვა, წაეკითხა. იმანაც დაიწყო კითხვა და იმ გვერდამდე რომ მივიდა, რომლიდანაც ჩემი ლანძღვა იწყებოდა, გაჩერდა. მოვითხოვე, განეგრძო კითხვა. იძულებული გახდა, დაესრულებინა. გაშრა დამსწრე საზოგადოება. მიხვდა საჩივრის ავტორი, რომ სრულიად გამოაშკარავდა მისი ავკაცობა და განაცხადა: მე სულ სხვას ვფიქრობდი და ეს ისე დავწერეო. შეგიძლიათ დახიოთ და გადაყაროთო. რას ნიშნავს _ ერთს ვფიქრობდი და სხვა დავწერეო?! სადაა თქვენი პარტიული პასუხისმგებლობა და ა.შ. და ა.შ.? შეუტიეს. 1937 წელს “დანოსებს” რომ წერდნენ, ყველა შენახულია, სადაც საჭიროა, და ამ ნაწერსაც იქ მოვათავსებთო, ესეც დაუმატეს.

ამან საბოლოოდ გაანადგურა “დანოსჩიკი”.

უსიამოვნო მოგონებები რახან გასამდა, ამით დავამთავროთ.

ჩამოვლა საგამოფენო კედლების გასწვრივ ავტორთან ერთად

_ ჩვენს შორეულ ახალგაზრდობაში მითხარი, რომ მხატვარი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტ ფერსა ხედავს. მაშინ ეს ინფორმაცია აქსიომად მივიღე, თუმცა არ დავიჯერე.

_ მხატვარი ფერში უამრავ ნიუანსს ხედავს. ეს ისეა, როგორც მომღერალი სიმღერის დროს ბგერების ჰარმონიას ეძებს და პოულობს. ამას ჩვეულებრივი საუბრის დროს არ აკეთებს. რაც უფრო დიდია მომღერალი, მით უფრო მდიდარი პალიტრა აქვს (მიდის ნახატთან და კონკრეტულ მაგალითზე მიხსნის). მხატვარიც ასეა. ამ ფიგურას (მიმითითებს) იისფერი რაღაც აცვია, მაგრამ ჩრდილში ცისფერია. აგერ სულაც მომწვანოა, აგერ ყვითელი აქვს, აგერ _ მუქი წითელი და ამ მრავალფეროვნებაში იბადება რაღაც ცოცხალი ფერი. ფერების ასეთი გრადაცია თუ არ იქნება, ფერი იქნება მკვდარი.

მხატვარი მეტ ფერს ხედავს და გრძნობს კიდეც.

_ მხატვრობა თავისი არსით სინამდვილის მეტაფორაა, რომლითაც მხატვარი რეალობისადმი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს. ხომ ასეა?

_ კი. ადამიანს რაგინდ გაჭირვებაში იყოს ჩავარდნილი, მაინც აქვს ერთი ნათელი დღე. ჩემს ნახატში “ვარდისფერი დღე” (2001. ტილო. ზეთი) სწორედ ასეთი დღე მაქვს გადმოცემული. მნახველმა უცებ უნდა იგრძნოს, აღიქვას, რომ კარგი დღეა, ბედნიერი დღე. ჩემთვის მეტაფორა დაფარული სიხარული ან დაფარული მწუხარებაა.

თავის შესანიშნავ ნახატზეცირკი (2009. ტილო, ზეთი) მიმითითებს:

_ ეს არის ცხოვრების, ყოფის, წყობილების, ქვეყნის მართვის მეტაფორა. ცხოვრება ცირკიაო, ხომ იტყვიან, აქ ფარულად არის წარმოდგენილი, ქარაგმულად, სახვითი ხელოვნების კომპონენტების საშუალებით.

_ გარდამოხსნა? “პიეტა (1993, მუყაო. ზეთი)?

_ ეს არის დედის ტრაგედია.

_ “დაცემა (2001. ტილო. ზეთი). _ ცხენის კისერზე ვარდნის მომენტი?

_ კრახის მეტაფორაა, ადამიანური კრახის; ხოლო “კაცის გაქცევა” (2001. ტილო. ზეთი.) იმ არეულობის ალეგორიაა, საქართველოდან რომ გარბოდნენ ჩვენი მოქალაქენი უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად, იმ დროის.

_ თუთიყუშის გამოჩენა შენს შემოქმედებაში რას ნიშნავს (“თუთიყუში”. 1980. მუყაო. ზეთი)?

_ თუთიყუში ჩემს ავტოპორტრეტზეც დავხატე, ალბომის ყდაზე, გია ჯოხთაბერიძემ რომ გამოსცა, ცალკეა კიდევ “ნატურმორტი თუთიყუშით” (2006. ტილო. ზეთი).

რას ნიშნავს, იცი? საუბრის სიმბოლოა, ლაპარაკის, რომლის პრივილეგია მხოლოდ ადამიანს აქვს. მსუბუქ საუბარზეა მინიშნება და არა ღრმა და ინტელექტუალურზე.

_ ხელოვნებათმცოდნეობისგან შორს ვარ, მაგრამ, მხატვარს თავისი ნახატისთვის ფარდა ჩამოეფარებინოს და ასე წარედგინოს საყოველთაოდ სახილველად, პირველად შევხვდი შენს ნახატშიქალი წითელი წიგნით(1983, ტილო. ზეთი). რატომ დახატე ის, რაც შემდეგ საზოგადოებას დაუმალე? ესეც დაფარული მეტაფორაა?

_ ასეა. ადამიანის საარსებო გარემოში გაჩნდა წითელი წიგნი, რომელშიც თანდათან გამოიკვეთა ის, რასაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება, თორემ გაქრება, თვითონ ადამიანი გააქრობს და ვეღარასოდეს დაიბრუნებს. არადა, უნდა გადაარჩინო ესეც, ესეც, ესეც (მიმითითებს ნახატის დეტალებზე).

ალექსანდრე პუშკინის თორდიასეული პორტრეტი უნიკალურია.

_ სიმრავლე ცხენებისა და მთავარი აქცენტი ქალებზე?!

_ ჩემთვის ყველაზე პლასტიკური ამქვეყნად არის ცხენი და ქალის ფიგურა, სილამაზითა და დახვეწილობით. მით უმეტეს _ წყალთან “ქალი მდინარის პირას” (1997, ტილო. ზეთი). ამ ტილოსთან ვართ შეჩერებული). წყალი იმ ფორმას იღებს, როგორ ჭურჭელშიც ჩაასხამ. ქალის უპირველესი ფუნქცია, გარდა ფიგურის გრაციულობისა და ა.შ., არის ბავშვი. ხოლო აი, ამ ნახატში, რომელსაც “გოგონა მარწყვით” ჰქვია (1995. ტილო. ზეთი), არის ოთხი კომპონენტი, რომელთა შესახებ არაფერს ვამბობ, მაგრამ ბევრი ხვდება: ერთი, ორი, სამი და ოთხი წითელი მარწყვი (თითს ადებს მიყოლებით), ერთმანეთის მსგავსი ფერებიც არის და ერთნაირი სიტკბო მოაქვს ყველასთვის.

სიტკბოო.

მან იცის, მე ვხვდები, რასაც გულისხმობს და მრავალმნიშვნელოვნად ჩაგვეცინება ხანდაზმულ კაცებს. მეტს ვერ მიგითითებთ, რადგან გაზეთის ეს გვერდები ფერადი რეპროდუქციების გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს. თუ დაინტერესდებით, მიდით მუზეუმში, დადექით ამ ნახატის წინ და უეჭველად მიხვდებით ჩვენს რეაქციას.

და არა მხოლოდ ამას.

ამიტომ ეგებ სჯობდეს, ძვირფასო მკითხველებო, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებისა და კიდევ უფრო ეგრეთ წოდებული ექსპერტების ეკრანულ სახეებს რომ მისჩერებიხართ, ზოგჯერ მიმოიხედოთ გარშემო, იქნებ, თქვენ ფანჯრებთანაც დაფარფატებს გულწითელა ჩიტი _ თქვენი ცისფერი ფრინველი და რაღაცის მინიშნებას ცდილობს.

გაჰყევით!

თუ უკვე დაგვიანებული არ არის

არმაზ სანებლიძე

ცნობისთვის: გულწითელა ჩიტი ბატონმა რადიშ თორდიამ საგანგებოდ ამ საგაზეთო პუბლიკაციისთვის დაგვიხატა.

..

ბურთით თამაში
ბურთით თამაში
ბაბუაწვერა
ბაბუაწვერა
მოგონება 1942 წელზე
მოგონება 1942 წელზე
ცირკი
ცირკი
ქალი წითელი წიგნით
ქალი წითელი წიგნით
პუშკინი გერგეტის მონასტერთან
პუშკინი გერგეტის მონასტერთან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here