Home ახალი ამბები საქართველო გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე _ უკეთილშობილესი ადამიანი, თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი

გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე _ უკეთილშობილესი ადამიანი, თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი

1491
გულიკო კონცელიძე

ორი წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა საქართველო. აზვირთებულმა მდინარე ვერემ იმსხვერპლა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, გაანადგურა თბილისის ზოოპარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ტრაგედიამ შეიწირა ერთი პატარა ოჯახი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა ზოოპარკის ჩვილ ცხოველთა განყოფილებას. ყველას კარგად ახსოვს ბატონი მალხაზ ჭიტაძე და ქალბატონი გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე, რომელმაც არაერთი უნიკალური ჯიშის ცხოველი გადაარჩინა და გაუზარდა თბილისის ზოოპარკს. იმ საბედისწერო ღამესაც ის თავის მოვალეობას ასრულებდა.

ქალბატონი გულიკო უკეთილშობილესი ადამიანი იყო, თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი. ბევრს ახსოვდ მისი უანგარო სიკეთე და თავმდაბლობა. ქალბატონი გულიკოს ერთ-ერთი ახლობელი, რომელიც ვეფხვთან უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში ესაუბრა მას, იგონებს:

“გულიკო იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. მასთან მრავალი წლის ახლობლობა გვაკავშირებდა მე და ჩემს ოჯახს. არ შემხვედრია მსგავსი კეთილი და უანგარო გულის პატრონი. მან მთელი თავისი ცხოვრება ცხოველებზე ზრუნვას დაუთმო, მაგრამ ამას, მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, დიდი სიამოვნებით აკეთებდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი იყო, როდესაც მიაბარებდნენ ახალ აღსაზრდელს _ საკუთარი შვილივით უყვარდა და უვლიდა. იმ უბედური შემთხვევის შემდეგ, ვეფხვმა რომ დაგლიჯა, საავადმყოფოში მოვინახულე. საშინელ მდგომარეობაში იყო, მინდოდა, გამემხნევებინა და ვუთხარი, _ არ ინერვიულო, ყველაფერი გაივლის-თქო; მან კი მიპასუხა: “არ ვნერვიულობ. რასაც არ ეშველება, იმაზე ნერვიულობა აღარ ღირს, ცხოვრება გრძელდება”.

ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი პასუხი იყო და მე ამ დღის მერე უფრო მეტი პატივისცემითა და სიყვარულით განვეწყვე ამ არაჩვეულებრივი ადამიანის მიმართ.

სამუდამო სასუფეველი ქალბატონმა გულიკომ თავის მეუღლესთან _ მალხაზ ჭიტაძესთან ერთად საჩხერის რაიონის სოფელ ჭალას სასაფლაოზე ჰპოვა.

ელენე ნიჟარაძე,

ანი ორმოცაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here