Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: “2008 წლის 8 აგვისტო _ დღე, როდესაც ოსი ხალხი ძალიან...

გულბაათ რცხილაძე: “2008 წლის 8 აგვისტო _ დღე, როდესაც ოსი ხალხი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა

ისინი, ფაქტობრივად, გენოციდის წინაშე აღმოჩნდნენ და ამ საშინელებისგან რუსებმა იხსნეს”

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელიწადი გავიდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ასეთი რამ თქვა: “მოდი, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს. ყოველდღიურ რეჟიმში უსმენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას. არავითარი დისკურსი არ არსებობს ქვეყნის მომავალზეოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის დღეები, რა გზავნილებს ისმენს ყოველდღიურად ჩვენგან?!”

“ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის, იმდენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის საქართველო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებას დაიწყებენ”, _ განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ბიკანტოვმა და ეს განცხადება რატომღაც მალე მოჰყვა ღარიბაშვილის მონოლოგს.

ბიკანტოვის განცხადების შემდეგ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: “ცამეტი წლის წინათ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ტრანსფორმაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისკენ; ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საქართველოს მოსახლეობის შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენისკენ. ჩვენ მზად ვართ ფართო დიალოგისთვის, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებასთან ერთად განვსაზღვროთ საერთო მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაცხოვრება თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი ხალხისთვის და სადაც თანაბრად იქნება დაცული მათი უფლებები და თავისუფლება”.

სწორია თუ არა გზა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ადგას აფხაზებისა და ოსების შემორიგების საკითხში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ საქართველოს პრემიერმინისტრები, ყველანი უკლებლივ, აფხაზებსა და ოსებს ძმებს უწოდებენ. აფხაზები და ოსები კი ქართველებს ძმებად არ განგვიხილავენ, მეტიც, საქართველო მიაჩნიათ უდიდეს საფრთხედ და მტრად. ჩვენ მათთვის ვართ ქვეყანა, რომლისგანაც საფრთხე მომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სუსტი ქვეყანაა და საფრთხეს ვერავის უქმნის. ოსებს კარგად ახსოვთ 2008 წლის 8 აგვისტო, დღე, როდესაც ოსი ხალხი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ისინი, ფაქტობრივად, გენოციდის წინაშე აღმოჩნდნენ და ამ საშინელებისგან რუსებმა იხსნეს.

საქართველოსთან დიალოგის გამართვის არანაირი სურვილი არ აქვთ აფხაზებსაც, რადგან მათ, აფხაზებმაც და ოსებმაც, უკვე ყველაფერი გაინაღდეს, რაც კი ჰქონდათ გასანაღდებელი.

სამხედროსტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პოზიციები, რომლებსაც საქართველო 2008 წლის აგვისტომდე აკონტროლებდა, დაიკარგა. ეს იყო ისეთი დიდი სოფლები, როგორიცაა ქურთა, ერედვი და თითქმის მთელი ახალგორის რაიონი. აფხაზეთში იყო კოდორის ხეობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორიაა და ისიც, მოგეხსენებათ, 2008 წელს დაიკარგა.

2008 წლის აგვისტოში 150 სოფელი დავკარგეთ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოლაპარაკებები ეწარმოებინა მეორე მხარესთან, ხელისუფლებამ სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე დაიწყო საუბარი. მოლაპარაკებას თუ არ აწარმოებ, ზურგი უნდა გქონდეს, ძალა უნდა გქონდეს, დიპლომატია უნდა იყოს უმაღლეს დონეზე და, თუ ეს არ გაქვს, მაშინ სერიოზულად არავინ არ აღგიქვამს და მართლაც ასეა _ საქართველოს სერიოზულად არავინ არ აღიქვამს.

სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგული სოფლები “ქვების გროვად” გამოაცხადა. გარდა იმისა, რომ ეს ამორალური განცხადება იყო, აგრეთვე, სულელურიც. ვირ სააკაშვილს წარმოდგენა არ აქვს სამხედრო სტრატეგიაზე, მას ჰგონია, რომ სოფელი მხოლოდ ძროხა, სათიბი და ყანაა.

როგორც აღვნიშნეთ, აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან დიალოგი არ სურთ, მათ თავიანთი გაინაღდეს _ სრულად გააერთიანეს ტერიტორიები ყოფილი საბჭოთა კავშირისდროინდელი ავტონომიური რესპუბლიკების ფარგლებში. საქართველო კი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. აფხაზეთსა და ოსეთს რუსეთთან გაფორმებული აქვთ სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს ყველაფერს, მაგრამ ეს ხელშეკრულებები არ არის ანექსია.

როდესაც ქართული მხარე გამუდმებით საუბრობს ოკუპაციასა და ანექსიაზე, უკვე საფუძველშივე გამორიცხულია დიალოგი აფხაზებსა და ოსებთან, რადგან ოკუპაციისა და ანექსიის ხსენებით ვეუბნებით მათ, რომ არიან შტერები, ბრიყვები, სულელები, რაც თვითონ არ იციან და ჩვენ ვაგებინებთ. ვეუბნებით, რომ ოკუპირებულები არიან და საკუთარი ნების გარეშე იმყოფებიან რუსეთის ჯარების მფარველობის ქვეშ. დასავლეთი, საქართველოში არსებულ თავის მარიონეტულ მთავრობასა და ოპოზიციასთან, საერთოდ, ყველა პოლიტიკოსთან ერთად, შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ გაამძაფროს ისედაც დაძაბული ვითარება. ევროკავშირსა და ამერიკაში გაკეთებული განცხადებები და მიმართვები რუსეთისადმი ნიშნავს, საერთოდ გამორიცხონ დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა ისედაც არაფერი არ ხდება.

2013 წლის შემდეგ გავიძახი, რომ არავითარი დიალოგი აფზახებსა და ოსებთან არ გამოვა, თუ რუსეთს არ დაველეპარაკებით. მართალია, რუსეთი ხშირად გვეუბნება, თქვენ თვითონ დაელაპარაკეთ ერთმანეთსო, მაგრამ ისინი ასევე გვეუბნებიან, რომ აღადგენენ ჩვენთან ურთიერთობას იმ ფორმით, რომელიც ჩვენ გვსურს.

არ ვიცი, რა ჰგონია საქართველოს ხელისუფლებას. თუ რუსეთს დაელაპარაკებიან, ამით ავტომატურად აღიარებენ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას?! არავითარ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

სერბეთისა და კოსოვოს მაგალითი ძალიან კარგია ამ შემთხვევაში. კოსოვო აღიარებულია ნახევარი მსოფლიოს მიერ, მაგრამ ამ ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი არ აქვთ. ავიღოთ თუნდაც უკრაინა. ყირიმი საერთოდ შეიერთა რუსეთმა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას ერთმანეთთან გაწყვეტილი არ აქვთ, თუმცა უკრაინა ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს. ეს ყველაფერი მე რომ არ ვთქვა, თვითონაც შესანიშნავად იციან, მაგრამ საქართველოს მთავრობას არ სურს დიალოგი რუსეთთან, არ სურს მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა და ამის მიზეზი დასავლეთიდან მომდინარე დირექტივაა. მეტიც _ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი იმისთვის მოაწყო, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაეწყვიტა და, სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობაც ანალოგიურ გზას ადგას.

_ ყველაფერი, რაც ახლა თქვით, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებამაც იცის და ოპოზიციამაც _ ყველა პოლიტიკოსმა, მაგრამ რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს, ამით რა სარგებელს ნახულობენ?

_ მარიონეტულია საქართველოს ხელისუფლება და მარიონეტები არიან პოლიტიკოსები. მათ დასავლეთი თავისი მითითებების შესრულებას ავალდებულებს. ამერიკის ელჩი კელი დეგნანი უკვე ძალიან სასაცილო გახდა, მისიზრუნვასაქართველოზე სასაცილოა, მისი მოწოდება რუსეთისადმი, რომ საქართველოდან ჯარი გაიყვანოს, სასაცილოა. კელი დეგნანისა და მისნაირების განცხადებები რუსეთში აგრესიასა და უკურეაქციას იწვევს. რუსეთის უკურეაქციაზე კი უმალვე რეაგირებენ ქართული მასმედია და ე.წ. პოლიტიკოსები. “რუსეთი არასოდეს არ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და მათთან დიალოგს რა აზრი აქვს”, _ ამბობენ ვაიპოლიტიკოსები და დემაგოგიაც აშკარაა.

_ როგორია რეალური პოლიტიკა და რა ხდება რუსეთში?

_ რა მოხდა შარშან ყარაბაღში? აზერბაიჯანის არმია შეიჭრა და გაათავისუფლა ის ტერიტორია, რომელიც სომხებს ჰქონდათ დაკავებული. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ მომხდარა, თუმცა შორიდან ასე ჩანს. აზერბაიჯანის ამ მოქმედებებს წინ უსწრებდა პრეზიდენტ ალიევის დიდი დიპლომატიური ნაბიჯები. რუსეთთან აზერბაიჯანმა ურთიერთობა კი არ გაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რეგიონში რუსეთის მოკავშირედ ითვლება, პირიქით _ ალიევმა რუსეთთან დაახლოების გზა, ლობიზმის გზა აირჩია. ალიევმა კარგად გამოიყენა სომხეთის მმართველის, ფაშინიანის, ფაქტორიც, რადგან ის დასავლური “ტრენდია”. რუსეთში ჩასული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ფაშინიანზე ამბობდა, რომ ის სოროსელია, რომ დასავლეთის კაცია. ფაშინიანს სახელს უტეხდა, თვითონ კი რუსეთში დადიოდა, პირდაპირ კავშირზე იყო რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ალიევმა დიდი აღლუმიც ჩაატარა დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, ხვდებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი სახელმწიფოებრივი ქმედების აღსასრულებლად.

ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯანის წარმატება ასი პროცენტით რუსეთის დამსახურებაა. მართალია, თურქეთის მხრიდან სამხედრო დახმარება დიდი იყო, მაგრამ რუსეთმა თავისი ინტერესების საზიანოდ დაუშვა თურქეთის გავლენის ზრდა კავკასიაში და ეს ყველაფერი გამოიწვია აზერბაიჯანის სწორმა პოლიტიკამ. საქართველოსთვის ეს უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი, ჩვენს ხელისუფლებას უნდა დაენახა, რა შეუძლია სწორ პოლიტიკას, რა შეუძლია, სახელმწიფოებრივად აზროვნებას. სწორედ აზერბაიჯანის მაგალითზე უნდა დავინახოთ რეალური პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს, თუკი მასთან რაღაცისთვის მიხვალ.

დასავლეთის წვლილი ყარაბაღის საქმეში არის ნული! თუ ჩვენ გვინდა ნული, დავრჩებით ნულად.

თქვენი გაზეთის საშუალებით დებატებში ვიწვევ ნებისმიერ პოლიტიკოსს. დამიმტკიცონ საპირისპირო იმისა, რაც ახლა თქვენთან ვთქვი, თანაც ისიც დამიმტკიცონ, რომ ეს “რუსეთუმეობას” ნიშნავს. რაც ვილაპარაკე, რეალობაა და, როგორც აზერბაიჯანმა გადაჭრა თავისი არსებითი სახელმწიფოებრივი პრობლემები რუსეთის დახმარებით, სწორედ ასე შეგვეძლო და შეგვიძლია ჩვენც. იფიქროს მთავრობამ ამაზე და სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებონ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here