Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: სანამ საზოგადოება ფულიან ლიდერებზე იქნება ორიენტირებული, არსებით ცვლილებებზე ფიქრიც ზედმეტია

გულბაათ რცხილაძე: სანამ საზოგადოება ფულიან ლიდერებზე იქნება ორიენტირებული, არსებით ცვლილებებზე ფიქრიც ზედმეტია

1081
გულბაათ რცხილაძე

ბოლო პერიოდში დასავლეთში მიმდინარე ძირეული იდეოლოგიური (და არა მხოლოდ) გარდაქმნების ფონზე, რაც, ერთი მხრივ, ლიბერალური დღის წესრიგის კრიზისით, მეორე მხრივ, ევროპაში ნაციონალისტურკონსერვატიული სუბიექტების გაძლიერებითაა განპირობებული, არსებული პოლიტიკური ელიტისა და მთლიანად სისტემის რეგრესი საქართველოშიც სულ უფრო აშკარაა. დასავლეთის მსგავსად, ამ სისტემის გასტუმრებისა და ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა ერთგვარი ობიექტური მოცემულობაა, რომელიც დიდწილად სწორედ ევროკავშირის სივრცეში მიმდინარე პროცესების გამოძახილია, თუმცა, განსხვავებით ევროკავშირისგან, სადაც გლობალისტური პოლიტიკური მონოპოლიის ალტერნატივა კონკრეტული პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების სახით წლების წინათ გაჩნდა, საქართველოში მესამე ძალის ჩამოყალიბება ჯერჯერობით ისევ იდეის დონეზეა.

მოსახლეობასა და პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილში არსებული მზარდი ანტილიბერალური განწყობები სოციალურ ქსელებში აქტიურობას ვერ გასცდა, ხოლო ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ლიბერალური მედიის მხრიდან სრულ საინფორმაციო ბლოკადაში იმყოფებიან, ერთიანი კონსერვატიული ბირთვის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ. ეს, შეიძლება ითქვას, მთლიანობაში არსებულ ხელისუფლებას ძალაუფლებას უხანგრძლივებს

 რა რესურსი არსებობს დღეს რეალურად საქართველოში ძირეული პოლიტიკური ცვლილებებისთვის და რა სახის ნაციონალიზმი შეიძლება განვითარდეს აქ დასავლეთში მიმდინარე გარდაქმნების ფონზე?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, დასავლეთში მიმდინარე ფუნდამენტური ცვლილებების ფონზემესამე ძალის”, როგორც რეალური პოლიტიკური ალტერნატივის, ჩამოყალიბების აუცილებლობა საქართველოშიც აქტუალური თემაა, თუმცა, განსხვავებით დასავლეთისგან, აქ ჯერჯერობით პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების აქტიურობა სოციალურ ქსელებს ვერ გასცდა. თქვენი აზრით, რით არის ეს განპირობებული და ხედავთ თუ არა ასეთი ძალის პერსპექტივას?

_ ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორის გამოყოფა შეიძლება, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს ასეთი ბირთვის, როგორც რეალური პოლიტიკური ალტერნატივის, ჩამოყალიბებას. კერძოდ, რა ფაქტორებს ვგულისხმობ: პირველი და უმნიშვნელოვანესია ფინანსები და ფინანსური უზრუნველყოფა პროცესისა, რომელმაც ნელ-ნელა უნდა მიგვიყვანოს სწორედ იმ ალტერნატიულ ბირთვამდე. ახლა რაც უნდა ვილაპარაკოთ მაღალ მატერიებზე, სამშობლოზე, პატრიოტიზმზე და ა.შ. ფაქტია, რომ ასე მარტივად და ერთი ხელის მოსმით არ ვითარდება პროცესები. ამაზე შეიძლებოდა გვესაუბრა 1980-იან წლებში, როცა სოციალისტურ სისტემაში ვიყავით და როდესაც გაჩნდა ე. წ. არაფორმალური ორგანიზაციები, მაგრამ ხალხი დასაქმებული იყო და საბჭოთა ხელფასებს იღებდა. როცა ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაგვირგვინდა და ხალხს ეგონა, რომ მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო მივიღეთ, მაინც მოდიოდა საბჭოთა ხელფასები და ეგონათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და იქნებოდა კიდეც. იმის თქმა მინდა, რომ მოცემულობა იყო ისეთი: ფინანსები არ წარმოადგენდა მთავარ ფაქტორს პროცესებისთვის. დღეს უკვე არსებითად განსხვავებული რეალობა გვაქვს ველური კაპიტალიზმის სახით… რაც შეეხება სხვა გარემოებებს, ძალიან მნიშვნელოვანია სუბიექტური ფაქტორი, რომელიც, ვფიქრობ, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ყველაფერში…

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ ფინანსები პარტიული მუშაობისთვის, ერთი მხრივ, აუცილებელია, მაგრამ, ამასთანავე, ყველაფერი ფინანსებზე არ არის დამოკიდებული. ვითარება უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის თვალსაზრისი და დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ. კერძოდ, საზოგადოებაში გაბატონებულია სტერეოტიპული თვალსაზრისი, რომ, თუ პოლიტიკურ პარტიას ან რამე მოძრაობას სერიოზული ფინანსები არ აქვს, ის სოლიდური არ არის. გაიხსენეთ, როგორ მოვიდა თუნდაც ივანიშვილი ხელისუფლებაში და როგორ მოიყვანა თან მანამდე აბსოლუტურად უპერსექტივო ფიგურები; გაიხსენეთ, ერთი ხელისმოსმით როგორ აქცია სამპროცენტიანი სუბიექტები სახელისუფლო პარტიებად. სხვათა შორის, ამისთვის მას ბევრი ფული არ დაუხარჯავს და არ დაურიგებია, როგორც ზოგიერთს ჰქონდა წარმოდგენილი. უბრალოდ, საზოგადოებისთვის იმის ცოდნა, რომ ივანიშვილს უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს, საკმარისი აღმოჩნდა, მისთვის მხარი დაეჭირა. წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ივანიშვილის პოლიტიკური ფასი და ავტორიტეტი ამ რესურსების გარეშე (მიუხედავად იმისა, რომ მას ამ რესურსებიდან თითქმის არაფერი დაუხარჯავს)?! წარმოგიდგენიათ, რა შანსი ექნებოდა?! აი, ეს არის დღეს რეალურად ჩვენი პრობლემა და ვფიქრობ, სანამ საზოგადოება ფულიან ლიდერებზე იქნება ასე ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებული, არსებით ცვლილებებზე ფიქრიც ზედმეტია. მე, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს ზემოდან არ ვუყურებ და ცინიკური ტონით არ ვსაუბრობ. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. უბრალოდ, როგორც გითხარით, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ სისტემაში, რომელიც სხვა საშუალებას არ გვაძლევს. ცალკე საკითხია ამბიციები, რომელიც ასევე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. შური, ქილიკი, გაუტანლობა, ერთმანეთის ლანძღვა ზურგს უკან _ ყველაფერი ეს არის სწორედ დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც ისტორიულად მოსდევს ჩვენს ქვეყანას…

_ და ეს ყველაფერი, ალბათ, ნიჰილიზმსაც განაპირობებს საზოგადოებაში

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ნიჰილიზმთან ერთად არის სიზარმაცეც და უუნარობაც. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უამრავი რამ ხდება ქვეყანაში ისეთი, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია, მოსახლეობის პროტესტი, როგორც თქვენ თქვით დასაწყისში, ვერ გასცდა სოციალურ ქსელებში კომენტარების წერას. “ლაივების” გაზიარებას “ფეისბუკში”, მწარე-მწარე “პოსტების” გამოქვეყნებას, ვიდეოებს… ცხადია, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ ამით ხომ რეალური ცვლილებები არ მოხდება?!

რაც შეეხება გლობალურ “ლიბერალურ” დღის წესრიგს, რომლითაც, დიდი ხანია, საქართველო იმართება, მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის სისტემა, რომელიც თანმიმდევრულად მუშაობს. არსებობს გარკვეული პოლიტიკური და იდეოლოგიური სკოლა, რომელიც ყველა მიმართულებით მოქმედებს და მისთვის საჭირო კადრებს ამზადებს. ამ სისტემას ჰყავს საკუთარი ინტელიგენცია, საკუთარი ელიტა, საკუთარი ოპონენტებიც კი, რომლებსაც თვითონვე კარნახობს ოპონირების წესებს. ამ დროს იმ ფლანგზე, რომლის ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, კონსერვატიულ ფლანგს ვგულისხმობ, მსგავსი არაფერი ხდება. ბუნებრივია, ასეთ პირობებში, ძნელია, ისაუბრო ცვლილებებზე და იმაზე, რომ “ლიბერალური” დღის წესრიგი უნდა დასრულდეს. კი, ბატონო, უნდა დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს საზოგადოებას არ აქვს არც შინაგანი ძალა და არც რესურსი თვითმობილიზებისთვის, რათა გარედან ნაკარნახევი რაღაც ინსტუქციების გარეშე თვითონ დაუსვას წერტილი იმას, რაც მისთვის მიუღებელია…

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მირეკავს, მოდის და მეუბნება, რომ იქნებ რამე მოძრაობა დავიწყოთ, იქნებ მე ჩავუდგე სათავეში… კიდევ გავიმეორებ, რომ ამისგან ასე მარტივად არაფერი გამოვა. ჩვენ ვებრძვით უდიდეს ძალებს და საჭიროა, რომ ამ ძალებს რაღაც ადეკვატურად შესაბამისი დაუპირისპირდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ძალა, ამიტომ უნდა მოვიცადოთ და დაველოდოთ შესაფერის მომენტს

_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის ასეთი მოლოდინიც, რომ ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიური მოცემულობის, დამარცხება და კონსერვატიული სუბიექტების მოსვლა დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების სათავეში, აქაც ავტომატურად შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს. რეალურად მიგაჩნიათ ეს თვალსაზრისი? და საერთოდ, თქვენი აზრით, რა იდეოლოგიურ პოსტულატებს უნდა დაეყრდნოს ქართული ნაციონალიზმი?

_ არის გარკვეული ლოგიკა და სიმართლის მარცვალი იმაში, რომ დასავლეთში მიმდინარე პროცესები აქ რაღაც გამოძახილს ჰპოვებს, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა რომ გააკეთებს, ილუზია არ უნდა გვქონდეს. რა ცვლილებებიც უნდა მოხდეს სხვაგან, გეოპოლიტკას აქვს თავის კანონები და გარე ძალა ყოველთვის ისარგებლებს შენი სისუსტით. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, რას უნდა დაეყრდნოს და დაეფუძნოს ქართული ნაციონალიზმი, ძალიან ვრცელი თემაა და ვფიქრობ, ამაზე ერთმნიშვნელოვნად საუბარი, რომ ან ასეთი უნდა იყოს, ან ისეთი, რთულია. პირველ რიგში, ალბათ, მთავარია ისტორიის სწორად გააზრება, საკუთარი ფუნქციის განსაზღვრა თანამედროვე პირობებში, შესაძლებლობების გათვლა და აქედან გამომდინარე _ ანალიზი. უწინარესად კი _ რა გვინდა (დემოკრატიაზე არ დამიწყოს ვინმემ ახლა ლაპარაკი!); მერე _ რისი თავი გვაქვს და რა შეგვიძლია. აი ამით უნდა დავიწყოთ. სხვა დანარჩენი, ის, რომ დავით აღმაშენებლისა და თამარის შთამომავლები ვართ; ის, რომ ქართველს წინ ვერაფერი დაუდგება, თუ მოინდომა, უკვე ემოციების ამბავია, თუმცა, რაც უფრო შორს ვიქნებით ზღაპრებისგან და პრაგმატულად მივუდგებით ყველაფერს, ჩვენთვისვე იქნება უკეთესი.

_ და ინტელექტუალურ რესურსს თუ ხედავთ ქვეყანაში საკმარისს, რომ კონსერვატიული ფრთა რეალურ ძალად ჩამოყალიბდეს?

_ აქაც თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. არ არის დღეს ქვეყანაში ამისთვის საკმარისი არც ინტელექტუალური და არც სხვა სახის რესურსი. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ კონსერვატიული ფრთის ჩამოყალიბება ძალიან ნელა, შეიძლება ითქვას, კუს ნაბიჯებით მიდის. თუმცა ქვეყნის მთავარი რესურსი და პოტენციალი, რა თქმა უნდა, არის ისევ საზოგადოება. ამიტომ უნდა დაბრუნდეს ჩვენს საზოგადოებაში განცდა, რომ ის წყვეტს ყველაფერს და ის ამბობს გადამწყვეტ სიტყვას. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ სადღაც საზღვარგარეთ რაღაც მოხდება და გვეშველება. არსად არაფერი საჩვენოდ არ ხდება. მერწმუნეთ, ყველგან შეიძლება მოხდეს ცვლილებები: ამერიკაშიც, ევროპაშიც, მაგრამ ჩვენ მიმართ ისევ არსებული კოლონიური პოლიტიკა გაგრძელდება; ისევ ის მიდგომები იქნება და ის დირექტივები, რომლებსაც აქამდე ვიღებდით, თუ, რა თქმა უნდა, აქაც არ იქნება იმ გლობალური ცვლილებების შესაბამისი პოლიტიკა და გარდაქმნები განხორციელებული…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here