Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: როგორც ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს შეჰფერის, ნაზარბაევი არ გადის...

გულბაათ რცხილაძე: როგორც ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს შეჰფერის, ნაზარბაევი არ გადის პენსიაზე და არ აპირებს ცხოვრებით ტკბობას

როგორი იქნება ყაზახეთის განვითარების გარდამავალი ეტაპი

678
გულბაათ რცხილაძე

მსოფლიო მასმედიაში გრძელდება ყაზახეთში მომხდარი სახელისუფლო ცვლილებების განხილვა. შუა აზიის ეს უდიდესი და უმდიდრესი სახელმწიფო საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია ევრაზიულ სივრცეში, ამიტომ პრეზიდენტის პოსტიდან ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომით გამოწვეული მოვლენების განვითარება ჩვენი საზოგადოებისთვისაც საკმაოდ აქტუალურია. ყაზახეთის რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძეს ვთხოვეთ:

_ ყაზახეთის პრეზიდენტის გადადგომა არ არის რაიმე კრიზისის ან მძაფრად წარმოშობილი აუცილებლობის შედეგი; ნაზარბაევს შეეძლო, საკმაოდ კომფორტულად ემუშავა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რა რთულ რეგიონში მდებარეობს ყაზახეთის რესპუბლიკა. შუა აზია იზიდავს ზესახელმწიფოებს _ რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს. ყოველი მათგანი ეძებს სარგებელს და ეს ბუნებრივია; არც რაიმე უკანონობაა ამ სიტუაციაში, რადგან მსოფლიოს პოლიტიკური ისტორია ემყარება პრინციპს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო და, მით უმეტეს, ზესახელმწიფო, ცდილობს თავისი სარგებლის მაქსიმალიზაციას. ამჟამად არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლის არარსებობის პირობებში წარმოიქმნებოდა ომები და კონფლიქტები, მაგრამ დღესაც კი, როდესაც ფუნქციონირებენ ეროვნული სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა ძლიერი და ავტორიტეტული ორგანიზაციები, არ არსებობს ჰარმონიისა და პარტნიორობის გარანტია, ნაცვლად დაპირისპირებისა და უნდობლობისა. გეოპოლიტიკა თავისი სვლით მიდის და იურისპრუდენციის სფეროს არ აღიარებს, ამიტომაც ყაზახეთი ყოველმხრივ ისწრაფვის შუა აზიაში მშვიდობისა და სიმშვიდის განსამტკიცებლად, ისევე, როგორც მსოფლიოში, სახელმწიფოთა შორის დიალოგისა და ნდობის ჩამოყალიბების გზით.

_ ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომა ხომ არ დაასუსტებს ყაზახეთის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე?

ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი

_ ნაზარბაევმა ოსტატურად შეასრულა ეს ამოცანა ისტორიის ძალზე რთულ და საპასუხისმგებლო ეტაპზე. ახლა იგი სამართლიანად თავდაჯერებულია იმაში, რომ, როგორც ყაზახეთის მოწყობა, ეკონომიკასთან ერთად, ისე ყაზახეთის საერთაშორისო პოზიციები, საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ ტრანსფორმაციას გაუძლოს. გამომდინარე აქედან, ნაზარბაევის გადადგომა უნდა განვიხილოთ, როგორც დემოკრატიული პროცესის თანდათანობითი გაღრმავება სახელმწიფო ინსტიტუტების რყევის გარეშე. არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არავის უნდა გაუჩნდეს აზრი, რომ ნაზარბაევის გადადგომა ყაზახეთს დაასუსტებს, ამიტომ თავად ნაზარბაევმა მოუწყო არსებულ სისტემას სტრესი და მოულოდნელად გამოაცხადა საკუთარი გადადგომა. ნაზარბაევი დარწმუნებულია, რომ სისტემა გაუძლებს ამ სტრესს. ეს მით უფრო, რომ არსებობს გარდამავალი პერიოდი, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ღირსეული კანდიდატების გამოსავლენად, საზოგადოებას შეუძლია, მშვიდად და თავისუფლად განიხილოს ეს თემა. ღირსეული კანდიდატები იქნებიან, რადგან ნაზარბაევმა, როგორც განათლებულმა ლიდერმა, უზარმაზარი სახსრები მოახმარა განათლების სფეროს, მათ შორის, ახალი თაობის თანამედროვე პოლიტიკური კლასის შექმნას.

როგორც ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს (ყაზახურად: “ელბასი”) შეჰფერის, ნაზარბაევი არ გადის პენსიაზე და არ აპირებს ცხოვრებით ტკბობას, ის რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და პარტია “ნურ ოტან”-ის თავმჯდომარის თანამდებობებზე. ეს იქნება მისი მხრიდან გარდამავალ პერიოდში დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი. გარდამავალი პერიოდი, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, წელიწადს ან, სულაც, ორ წელიწადს გაგრძელდეს. ყაზახეთი ევროპული ტიპის აღმოსავლური ქვეყანაა, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა ვერ ითმენს პროცესების მეტისმეტად დაჩქარებას, ყველაფერი რბილად და თანდათანობით უნდა ხდებოდეს. ხომ არსებობს ჩინური ანდაზა: “რაც უფრო ნაკლები ხმაურით ივლი, მით შორს წახვალ”. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისას ნაზარბაევი და იგი მართლაც ყველაზე წინ აღმოჩნდა. პოლიტიკის ვეტერანმა კიდევ ერთხელ გააკვირვა მსოფლიო თავისი არასტანდარტული და ბრძნული გადაწყვეტილებით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here