Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: რასაც გადაწყვეტენ ვაშინგტონი, თურქეთი და აზერბაიჯანი, საქართველოს სახელმძღვანელო პოლიტიკაც ის...

გულბაათ რცხილაძე: რასაც გადაწყვეტენ ვაშინგტონი, თურქეთი და აზერბაიჯანი, საქართველოს სახელმძღვანელო პოლიტიკაც ის იქნება

გულბაათ რცხილაძე

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ვლადიმერ პუტინს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის 11 იანვარს გამართული სამმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიღწეული იქნა შეთანხმება აზერბაიჯანის გავლით სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთერთ განსახილველ და საკამათო საკითხად რჩება. მსჯელობენ, ძირითადად, იმაზე, რას შეცვლის რეგიონში აღნიშნული პროექტი და რა პოზიციებს დაიკავებენ სახელმწიფოები ახალი დღის წესრიგის პირობებში. ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ერთ რამეზე თანხმდება: ახალი რკინიგზა, რომელიც, ერთი მხრივ, სომხეთს რუსეთთან, ხოლო, მეორე მხრივ, აზერბაიჯანს თურქეთთან დააკავშირებს, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასა და პოტენციალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მეტიც, მათივე (ექსპერტების) მოსაზრებით, საქართველო, შესაძლოა, ერთგვარ ეკონომიკურ ბლოკადაშიც მოექცეს, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეასუსტებს მის პოზიციებს როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. რას შეცვლის საქართველოსთვის ეს შეთანხმება და რა გეოპოლიტიკურ კორექტივებს შეიტანს ის რეგიონის დღის წესრიგში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მიღწეული სამმხრივი შეთანხმება, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის გავლით სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი, ხოლო სომხეთის გავლით აზერბაიჯანის თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზა უნდა გაკეთდეს, საქართველოში აქტიური განხილვის საგანია. ხელისუფლება თითქოს არ იმჩნევს, მაგრამ ბევრი საუბრობს, რომ ქვეყანა სატრანზიტო ფუნქციას კარგავსრა იცვლება ჩვენთვის რეალურად?

_ ეს ახალი სატრანზიტო დერეფანი შორეული პერსპექტივაა და ამ საკითხზე განცხადებები უფრო ვითარების განმუხტვას ემსახურება ყარაბაღის ომის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს ყველაფერი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც შეეხება საქართველოს და კონკრეტულად იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, სატრანზიტო ფუნქცია დავკარგოთ, დავიწყოთ იმით, რომ საქართველო თავისი არასწორი და აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომებით საკუთარ თავს ებრძვის, ვინაიდან იმ დროს, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და პორტებში ტვირთბრუნვა ისედაც შემცირებული, ხელი შეუწყო თურქული რკინიგზის მშენებლობას, თანაც უარს ამბობს, განიხილოს აფხაზეთისა და როკის გვირაბის გავლით კომუნიკაციების განახლება რუსეთთან. თურქეთსა და აზერბაიჯანს საქართველოს გავლით უკვე აქვთ ერთმანეთთან ყველანაირი კომუნიკაცია, ამიტომ, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ დიდად არ სჭირდებათ, სომხეთის გავლით იაროს ტვირთებმა. საერთოდ, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, მათთვის ყველანაირად ხელსაყრელია, იმიტომ, რომ თურქეთმაც და აზერბაიჯანმაც ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს მთავრობა არასოდეს არ შეეწინააღმდეგება ამ კომუნიკაციას და არ წამოაყენებს ახალ პირობებს, განსხვავებით სომხეთისგან, რომელიც ამ თვალსაზრისით უფრო არასაიმედო პარტნიორი შეიძლება იყოს. აი ეს არის რეალობა, ამიტომ შეფასებები, თითქოს სომხეთი ახალ სატრანზიტო ფუნქციას იძენს და ამის გამო რეგიონში ეკონომიკური დღის წესრიგი ძირეულად იცვლება, ცოტა არარეალური მგონია. აქ, უბრალოდ, ერთი რამ არის: აზერბაიჯანი დაინტერესებულია, ჰქონდეს ჰუმანიტარული დერეფანი, პირდაპირი მისასვლელი ნახჩევანთან, ხოლო სომხეთს, რომელსაც უკვე მხოლოდ ანკლავიღა აქვს აზერბაიჯანში ყარაბაღის სახით, სჭირდება კომუნიკაცია სტეფანაკერტთან. აი, ეს გაცვლა ხდება რეალურად, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ეს ვერ იქნება დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელმაც შეიძლება კონკურენცია გაუწიოს საქართველოზე გამავალ სატრანზიტო კომუნიკაციებს.

რასაც გადაწყვეტენ ვაშინგტონი, თურქეთი და აზერბაიჯანი, საქართველოს სახელმძღვანელო პოლიტიკაც ის იქნება

_ თუმცა აქ, ალბათ, მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი კომუნიკაციების არსებობით თურქეთიცაა დაინტერესებული. ეს ხომ აშკარაა?

_ რა თქმა უნდა, თურქეთს ეს ინტერესი აქვს და ამაში გასაკვირიც არაფერია, იმიტომ, რომ ამით ის იძენს კიდევ ერთ ბერკეტს რეგიონში. აქ რუსეთის პოზიციაც საინტერესოა, რომელიც, ფაქტობრივად, უარს ამბობს საქართველოში გავლენის მოპოვებაზე და რაღაც შემოვლითი გზებით ცდილობს აზერბაიჯანთან და სომხეთთან რაღაც უაცნაური ოთხკუთხედი გააკეთოს. ვფიქრობ, ეს არ არის მაინცდამაინც კარგი ცხოვრებით განპირობებული…

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველო, რა თქმა უნდა, არ არის სუვერენული სახელმწიფო და მას არ აქვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალება, ვინაიდან ეს ყველაფერი დელეგირებული აქვს ვაშინგტონსა და ანკარას, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი სუვერენიტეტის მცირე ნაწილი ბაქოსაც აქვს წაღებული. გამომდინარე აქედან, ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაში ჩვენ ვართ მხოლოდ განსახილველი საკითხი და შეთანხმების ობიექტი დიდ სახელმწიფოებს შორის; კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რასაც გადაწყვეტენ ვაშინგტონი, თურქეთი და აზერბაიჯანი, საქართველოს სახელმძღვანელო პოლიტიკაც ის იქნება. აი, ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა, რომელიც, ალბათ, სიახლე არავისთვისაა.

_ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, ის გარემოება, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთი, ფაქტობრივად, არ ცდილობს საქართველოში გავლენის მოპოვებას, რაც, ობიექტური თვალსაზრისით, მის ინტერესებს, ალბათ, არ შეესაბამება, რამე შეთანხმებაზეც შეიძლება, მეტყველებდეს?

_ ყოველ შემთხვევაში ერთი რამ უკვე ნათლად იკვეთება: რუსეთის ინტერესი სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ გაიზარდა და ეს სავსებით ლოგიკურია. მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ, რომ ის, რაც ბოლო პერიოდში მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ალიევს წინასწარ ჰქონდა მოსკოვთან შეთანხმებული. ამ შეთანხმების შესახებ, ალბათ, ფაშინიანმაც იცოდა და დიდი შანსია, რომ ის ამ გარიგების ნაწილი იყო. ანუ, რეალურად მოხდა ის, რომ სომხეთს უნდა ჩამორთმეოდა იმ ტერიტორიებზე კონტროლი, რომლებიც არ შედიოდა ყარაბაღის ავტონომიაში და პლუს ქალაქი შუშა _ ისტორიულად აზერბაიჯანული ქალაქი. ეს ყველაფერი დაუბრუნეს ალიევს. სხვათა შორის, პუტინმა ოქტომბრის ბოლოს, თუ არ ვცდები, 27 ოქტომბერს, ვალდაის სადისკუსიო კლუბის წევრებთან დიალოგის ფარგლებში განაცხადა, რომ 30 წელიწადია, აზერბაიჯანი ელოდება იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც არ შედის ყარაბაღის შემადგენლობაშიო… ეს იყო პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გაკეთებული განცხადება, რომლითაც პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო ბაქოს კონკრეტული მოქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სპონტანური განცხადება, შეთანხმება უკვე არსებობდა.

რაც შეეხება შედეგებს, რა თქმა უნდა, შეთანხმებითა და ომის დასრულებით ყარაბაღში კავკასიური თამაში არ დასრულებულა. ჩვენ უკვე ვხედავთ საკმაოდ პრეტენზიულ თურქეთს და მის პრეზიდენტ ერდოღანს, რომელმაც პირდაპირ განაცხადა ამ დღეებში: ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას ყარაბაღში, რომ მის სომხურ მოსახლეობას არ სჭირდებოდეს სამშვიდობოებისგან ფიზიკური დაცვა… ე.ი., უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენ მივცემთ და არანაირი რუსი სამშვიდობოები იქ არ იქნებიან საჭიროო. რუსეთი ამას რომ წაუყრუებს, ვითომ ვერ ხედავს და ა.შ., ეს არ არის მისთვის კარგი, იმიტომ, რომ რუსეთს, მისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად სჭირდება კონტროლი კავკასიაზე; მათ შორის სტრატეგიული კონტროლი საქართველოზეც, რაც საქართველოს ინტერესების საწინაარმდეგო სულაც არ არის.

_ მოდი, მკითხველს უფრო კონკრეტულად განვუმარტოთ, რას გულისხმობს ან შეიძლება გულისხმობდეს სტრატეგიული კონტროლი.

_ სტრატეგიული კონტროლი, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ საქართველო იყოს რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე; რომ საქართველო არ იყოს რუსეთის მოწინააღმდეგე, არ იყოს აქ ნატოს შემომყვანი, არ იყოს ამერიკის სტრატეგიული ინტერესების გამტარებელი რეგიონში; არ დააფუძნოს აქ ამერიკული სამხედრო ბაზები და ა.შ. აი, ეს აინტერესებს რუსეთს, თორემ ასი წელი მას არ დააინტერესებს, ვინ რამდენი კვოტით შევა აქ პარლამენტში, რომელ კანონს მიიღებენ, როგორ გავაუმჯობესოთ, მაგალითად, ტრანსგენდერების უფლებები და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას ამ ყველაფერზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვა, უარის თქმა სუვერენიტეტზე, დემოკრატიაზე, ნათელ მომავალზე, “ისტორიულ არჩევანზე” და კიდევ რა ვიცი, რამდენ “კარგ” რამეზე. არადა ის, რასაც ვხედავთ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე, თურმე ნამდვილი დამოუკიდებლობა ყოფილა.

_ თუმცა აქ, ალბათ, ცალკე საკითხია, ემთხვევა თუ არა ეს ყველაფერი საზოგადოების რეალურ განწყობებს.

_ მოდი, პირდაპირ ვთქვათ: არანაირი საზოგადოება საქართველოში არ არსებობს. აქ ყველა შემძვრალია თავის სოროში და მორჩა. სამწუხაროდ, ეს უკვე არის ტერიტორია, რომელიც დაღუპულია და, როგორც ჩანს, ამას არაფერი ეშველება. არ ეშველება იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, საქართველო არის სრულად დესუვერენიზებული. რაც შეეხება გამოსავალს იდეაში, გეოპოლიტიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ საქართველო, რუსეთი და სომხეთი უნდა თანამშრომლობდნენ აქტიურად; უნდა თანამშრომლობდნენ არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებებით, პოლიტიკურად და, რაც მთავარია, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ანუ, უნდა იყოს მათ შორის კოორდინაცია და პარალელურად, რა თქმა უნდა, დიალოგი როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან…

_ როგორ ფიქრობთ, ამ ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებელია?

_ ამ ხელისუფლებაზე, სიმართლე გითხრათ, საერთოდ, ლაპარაკიც არ მინდა, იმიტომ, რომ, რასაც ვხედავთ და ვისმენთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სრული კრეტინიზმია. ხომ ხედავთ, გახარიას პარტიის ყრილობაზე სიტყვა არ ათქმევინეს ამის იქით ვერ მიდიან, მორჩა; ასე რომ, რა შესაძლებლობებზე ვლაპარაკობთ… ამ პოლიტიკით და ამას უკვე პოლიტიკაც აღარ ჰქვია, რა თქმა უნდა, პერსპექტივა ნულია, ამ რეალობას რა მოაქვს და რას მოიტანს მომავალში, უკვე ნათელია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here