საქართველოში, წლებია, მოდურ ტენდენციად იქცა ხელისუფლების შიგნით “კარუსელის” დატრიალება _ კადრების გადაადგილება ერთი სტრუქტურიდან მეორეში… არც ის არის ახალი, რომ ერთი და იმავე სცენარის ფილმის ყურებას გვაიძულებენ. ირაკლი ღარიბაშვილი _ ადამიანი, რომელმაც საქართველოში, ტრადიციების მიმდევარ ქვეყანაში, განაცხადა, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცისგან შედგება და სწორედ ეს უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაშიო, “გავაღმერთეთ”. თუმცა, მის სახელს ასევე უკავშირდება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, საყდრისის აფეთქება და ანაკლიაში “კაზანტიპის “ ჩატარება სასულიერო პირების თავზე გადავლის საფასურად. რისთვის დაბრუნდა ღარიბაშვილი? ვინ გაუწია რეკომენდაცია მის კანდიდატურას? რის გაკეთებას შეძლებს და რას შეცვლის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.
_ ჯერ ვილაპარაკებ იმაზე, რაც გახარიას დაემართა და რაც მოსალოდნელი იყო. თქვენ კარგად იცით, რომ რამდენიმე თვის წინათ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” დახმარებით მივმართე აწ უკვე ყოფილ პრემიერს, გადამდგარიყო, რითაც საშულება ექნებოდა, ყოფილიყო ლიდერი, სულ სხვანაირი ლიდერი, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეცვლიდა. გახარია იმხანად რომ გადამდგარიყო, ე.წ. ოპოზიცია ვერ გააკეთებდა იმას, რასაც ახლა აკეთებს.
სამწუხაროდ, გახარია აღმოჩნდა ტექნოკრატი მენეჯერი. ადამიანი, რომელიც კაცი გვეგონა, პრემიერი, რომელიც ძლიერი გვეგონა, ნიღბის ტარების წესზე გვესაუბრებოდა… და ლოგიკურად დაასრულა მოღვაწეობა.
ახლა ამბობენ, გახარია ახალ პარტიას ჩამოაყალიბებსო, მაგრამ არ მგონია, რადგან ახალი პარტიის ჩამოყალიბებას დროის შერჩევა სჭირდება, რაც ვერ მოახერხა გახარიამ. მართალია, მისმა გადადგომამ დაბნეულობა გამოიწვია მმართველ გუნდშიც, ე.წ. ოპოზიციაშიც და გამოსავალს ვერ პოულობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა არც სურთ _ სწორედ ამისთვის დააბრუნეს ღარიბაშვილი.
ვერც ე.წ. ოპოზიციამ და ვერც მმართველმა გუნდმა ვერ შეძლეს, ეპოვათ ისეთი “სოროსელი”, რომელიც დადებითად იმოქმედებდა ელექტორატზე, ამიტომ შეარჩიეს ღარიბაშვილი, რომელსაც, სხვებისგან განსხვავებით, დადებითი იმიჯი აქვს. მან განაცხადა თავის დროზე, რომ ოჯახი კაცისა და ქალისგან შედგება და ეს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს. ამასთანავე, ღარიბაშვილს მხარს უჭერენ პოლიტპატიმრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ის მებრძოლია და ნაცებსა და მათ გადმონაშთებს “მოსპობს”… ეს ყველაფერი სასაცილოა, ვაი, საქართველოვ!
თურმე პირველად ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცისგან შედგება და ვაი, დედა, ეს რა თქვა! სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში მკვდრეთით აღდგა “ნაციონალური მოძრაობა”. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში მოქმედებდა ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა”, რომელიც დასდევდა რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს, ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდა მათ, წმინდა გიორგის ლენტის ტარების გამო უცვივდებოდნენ მანქანებში, თითქოს ეს ლენტა საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
ახლა მოგიყვებით სახალისო ამბავს ღარიბაშვილის პრემიერობის ისტორიიდან:
“ევრაზიის ინსტიტუტმა” სერბეთის ისტორის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოაწყო კინოს სახლში, სადაც დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ ნაც-ქოცმა წვრილმანმა ხულიგნებმა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს მარჯანიშვილის ხიდი. ღარიბაშვილის ხელისუფლება ისე იყო დაბეჩავებული, რომ უკრაინის დროშის ფერებში დათხაპნილი ხიდის გადაღებვა მანამდე ვერ შეძლო, სანამ რუსულად სამი ასო არ მივაწერეთ და ეს გავაკეთეთ მხოლოდ იმისთვის, რომ მარჯანიშვილის ხიდს იერ-სახე დაბრუნებოდა. ამის შემდეგ იკადრა იმ რაიონის გამგეობამ და გადაღება ხიდი და მას პირვანდელი მდგომარეობა დაუბრუნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ღარიბაშვილი ნაცებს ვერ გააქრობს, რისი იმედიც “ბიძინისტებს” აქვთ.
“ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვაზე დიდი ხნის წინათ ვსაუბრობდი, ახლა 2021 წელიწადია, რაც მაშინ ვერ გააკეთა ღარიბაშვილმა, ახლა შეძლებს?! დღევანდელი პრემიერი განსხვავდება 2015 წლის პრემიერისგან, რადგან ის უკვე თავდაცვის სამინისტროს გავლენის ქვეშ მოექცა…
_ ჩრდილოატლანტიკელად აქციეს?
_ დიახ, ღარიბაშვილი აქციეს ევროპელად, სწორედ ნატოს გავლენა და მხარდაჭერა მგონია მისი ხელმეორედ გაპრემიერების მიზეზი. ქართული ანდაზისა არ იყოს, თავს ზემოთ ძალა არ არის _ მისგან სასწაულს არ ველი, ის ისევე იქნება “დროებითი მოვლენა”, როგორც სხვა დანარჩენი. ღარიბაშვილი ვერაფერს გააკეთებს იმაზე უკეთ, ვიდრე გახარია აკეთებდა.
_ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გერმანიაში ჩვენს მოქალაქეებს ლეგალური სამუშაო ექნებათ, სულ რაღაც, სამ დღეში წამსვლელთა რაოდენობამ 52 ათასს გადააჭარბა…
_ სეზონური სამუშაოებისთვის ქართველები, დიდი ხანია, დადიან საზღვარგარეთ. გაუსაძლისი სამუშაოა და ანაზღაურება დაბალია, ჩვენები იქ იაფ მუშახელად არიან ჩასულები. ჩვენი მთავრობა გამუდმებით საუბრობს, რომ რეგიონში საქართველო, ეკონომიკური თვალსაზრისით, ლიდერია. არადა, ლიდერი ქვეყნის შვილები ნაცვლად იმისა, რომ თავისი ქვეყნის მიწებს ამუშავედნენ, სხვაგან გარბიან. აქ დაასაქმონ თავიანთი მოქალაქეები, აქ შექმნან მათ დოვლათი, მაგრამ მთავრობა, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ სჯობს, ადამიანები იქ წავიდნენ, იშოვონ ფული და აქ გამოგზავნონ, ეს ადვილია, ეს საქმეს შეამსუბუქებს…
გარდა ამისა, ჩვენ, ქართველები, არ ვართ ისეთი ხალხი, რომ საზღვრებს გარეთ დიასპორები შევქმნათ, რომლებიც მერე ქვეყანას მხარში ამოუდგებიან და მნიშვნელოვან ძალად იქცევიან, როგორც ამას სომხები და აზერბაიჯანელები აკეთებენ.
ჩვენ მოვესწარით მსოფლიოში მიმდინარე ძალიან ცუდ პროცესებს, როდესაც ჩაიკეტა მიმოსვლა და ქვეყნებს ურთიერთობა აღარ აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ამ ყველაფრის შემობრუნება საჩვენოდ ძალიან კარგად შეგვეძლო. ჩვენს ქვეყანას შეუძლია პროტექციონიზმი გამოიჩინოს, რა თქმა უნდა, შეფარვით, რადგან ვალდებულება გვაქვს, ჩვენი პატარა ბაზარი გაჯერებული იყოს უცხოური საქონლით, ჩვენი პროდუქტი კი გაჭირვებით სადღაც უმნიშვნელოდ შეიძლება გავიტანოთ, მაგრამ მაინც შესაძლებელია, ირიბად კოვიდისგან გამოწვეულ ვითარებას დავუკავშიროთ და შევზღუდოთ იმპორტი, ჩვენი პროდუქტი საშინაო მოხმარებისთვის გამოვიყენოთ, რათა მთლიანად დოლარის კურსის ზრდაზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. უნდა გაიაფდეს პროდუქტი, სახელმწიფომ უნდა დააწესოს რეგულაცია ფასებზე _ ყველაფრის ფასებზე, უპირველესად, წამლების ფასებზე, რომლის დარეგულირებასაც მხოლოდ მთავრობის კეთილი ნება სჭირდება. სამწუხაროდ, ყველა მთავრობა მხოლოდ თავის ჯიბეზე ფიქრობს და არა ხალხზე. ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობენ და არა ხალხის.
რამდენჯერაც უნდა შეიცვალოს პრემიერი, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ნიკანორ მელიასგან პოლიტიკოსის გამოძერწვას ცდილობენ, ვიღაც ქუჩის ბიჭისგან, თანაც უბრალო პოლიტიკოსის კი არა, ეროვნული, საყოველთაო პოლიტიკოსის და ამას აკეთებენ თვითონ ქოცები, და მერე ეს ტურების ხროვა ისევ ცდილობს ლომის გამოძერწვას, რათა ნადავლით იკვებონ. ღარიბაშვილი ლომი ვერ იქნება.
უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა, რომელიც ქვეყნის სუვერინენტზე გააკეთებს აქცენტს. ერთი პარტიაც არ ვიცი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა და უცხოელ ელჩებთან არ დარბოდა, განსაკუთრებით, ამერიკის ელჩის კარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედ პარტიებს სუვერენიტეტის არსი და განცდა არ აქვთ. უცხოელი ელჩების კარზე სირბილი ნიშნავს, რომ თავისუფლების განცდა არ გვაქვს. ლიეტუვის ელჩიც კი ჩვენ გვარიგებს ჭკუას.
არანაირი პრინციპი, არანაირი თავმოყვარეობა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას არ გააჩნია. ხელისუფლებას სურს, რომ ყველა გადაიხვეწოს, თანაც სხვის მიწაზე სამუშაოდ, მომვლელად ან უარესი _ მოსაპარავად. აქ ჩაასახლებენ უცხოელებს, რომლებსაც საერთოდ არ დააინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ბედი და არც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც საუკეთესო გამოსავალია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ხელს აძლევს ეს ყველაფერი, “იგულავებენ”.
ასე რომ, რიგით ქართველებს რაც გვაწუხებს, იმ პრობლემას ვერც ღარიბაშვილი მოაგვარებს და ვერც ვერავინ. სისტემა უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში ქვეყნის სუვერენიტეტზე ორიენტირებული, თავმოყვარე ადამიანები უნდა მოვიდნენ.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი