ვლადიმერ პუტინის გამოსვლა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” ფორუმზე სოჭში საგარეო–პოლიტიკურ დღის წესრიგს უფრო შეეხებოდა, ვიდრე მხოლოდ რუსულს. იგი, ფაქტობრივად, იყო მიუნხენში წარმოთქმული სიტყვისა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ რუსეთის მესამე მცდელობა დასავლეთთან გულახდილად დალაპარაკებისა, როცა საგნებს თავიანთ სახელს უწოდებენ, ხოლო განზრახვა და მიზნები პატიოსნად და ღიად არის დეკლარირებული.
ამასთანავე, ეს გამოსვლა წინაზე უფრო ღრმა იყო. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პრობლემაზე, რომელსაც რუსეთისა და დასავლეთის განსხვავებული პოლიტიკური ენა წარმოადგენს, როცა ერთი და იგივე ქმედება და ჟესტები სხვადასხვანაირად აღიქმება, ძველიც კი.
საკმარისია, გავიხსენოთ მიხეილ გორბაჩოვის “ახალი აზროვნება”: ის, რაც საბჭოთა კავშირში მიიღეს, როგორც კეთილი ნება, რომელსაც მეორე მხარისთვის ანალოგიური ნაბიჯის წინ გადადგმის სურვილი უნდა აღეძრა, დასავლეთმა აღიქვა არა როგორც დიდსულოვნება, არამედ, როგორც სისუსტე და დათმობისთვის მზადყოფნა.
თუმცა პრობლემა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი შეეხო, სულაც არ არის სიტუაციიდან გამომდინარე, იგი კულტურათა განსხვავებულობამ განაპირობა: პროტესტანტული კულტურის მიხედვით, ერთადერთი მნიშვნელოვანი საზომი არის რესურსი, რომლის დათვლა და გაზომვა შეიძლება.
რაიმე რაღაცად ღირს, თუ ფულს გადაიხდიან, თუ არ გადაიხდიან _ კაპიკია მისი ფასი. ასეთმა დამოკიდებულებამ, რომელიც აშშ-ის მიერ არის დამკვიდრებული საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკაში, დამანგრეველი შედეგები გამოიღო. განიარაღების ძირითად საკითხებზე დადებული ხელშეკრულებების (თუნდაც, ურანის ხელშეკრულების) თვითნებურმა ინტერპრეტაციამ დააზარალა აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთნდობა.
თავდაჯერებულობამ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო სამუდამოდ ერთპოლუსიანი გახდა, ისეთი განწყობა შექმნა, როცა თავისუფლად შეიძლებოდა, გადაეხედათ საერთაშორისო სამართლისთვის იმწუთიერი აუცილებლობიდან გამომდინარე, რომლის გამოც სუვერენიტეტი ცარიელ სიტყვად იქცა, ხოლო კოსოვოს გამოყოფის ლეგიტიმაციის შემდეგ რუკების გადაკეთება _ მისაღებ ნორმად.
დემოკრატია ექსპორტის საგნად იქცა, არსებითად კი _ ამა თუ იმ კორპორაციის საგარეო ინტერესების განხორციელების საფარველად.
მაგრამ ნებისმიერ მედალს აქვს მეორე მხარე და, ადრე თუ გვიან, მოგვიწევს მასთან შეხება. საერთაშორისო სამართალი არ ცნობს “მოვლენებს, რომლებიც არ ქმნის პრეცედენტს”, და ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება ნორმად ყალიბდება.
კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის ამჟამინდელი მცდელობა მხოლოდ ლოგიკური შედეგია ჰააგაში გახსნილი პანდორას ყუთისა, რომლიდანაც კოსოვოს შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი პრეცედენტია, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევს ევროპას, ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმატორს.
დღეს კი სიტუაცია გაუარესდა. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში ლამის პირველად ხდება, რომ აშშ-ში, ასევე დასავლეთში, რუსეთის რეპუტაცია დამოკიდებული არ არის რუსეთის ქმედებაზე.
ბოლო პერიოდში აშშ-ში გაჩენილ “რუსი ჰაკერების კულტს” შიგაამერიკული მიზეზები აქვს და განვითარების ლოგიკაც იქ იღებს სათავეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კლინტონი ცდილობს, დაარწმუნოს თავისი დონორები და ამომრჩევლები, რომ იგი ემსხვერპლა დაუძლეველი ძალის გარე ვალდებულებებს. ეს თემა მხოლოდ მას კი არ სჭირდება, არამედ დემოკრატიულ პარტიას _ ამ იდეის მხარდაჭერა აკნინებს ტრამპის ლეგიტიმურობას, ხელ-ფეხს უბორკავს მას, მაშასადამე, ზრდის ხელისუფლებაში დემოკრატების დაბრუნების შანსს.
მეტიც, ძლევამოსილ მტრად რუსეთის წარმოჩენა ბევრი პოლიტიკოსისთვის მომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის წევრები არიან. ცნობილია, რომ საგარეო საშიშროება ყველაზე უფრო დამაჯერებელი არგუმენტია აშშ–ის კონგრესისთვის, პრობლემის მოსაგვარებლად ფული რომ გამოყოს და, რაც უფრო მასშტაბური იქნება საგარეო მუქარა, უკეთ დაფინანსდება მის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია.
ამ ორი მოსაზრების _ რუსეთის სისუსტის დაჯერებისა და კონგრესის მიერ ფულის გამოყოფის _ სინთეზმა შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიო სისტემის კრახი.
გაფრთხილება, რომ მოვლენები შეიძლება ამ მიმართულებით განვითარდეს, სოჭში პუტინის გამოსვლის დედააზრი იყო.
“შეუძლებელია ქაოსის გაკონტროლება”, თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ ამას შეძლებს. საბოლოო შედეგები მეტყველებს, როგორია ჭეშმარიტება _ ამას ადასტურებს ავღანეთის, ერაყისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბედი, რომელთაც ჯერაც ვერ დაუძლევიათ “არაბული გაზაფხულის” წყალობით თავს დამტყდარი უბედურების შედეგები.
რუსეთი, რომელმაც 1990-იანი წლების სამწუხარო გამოცდილებიდან შესაბამისი დასკვნები გააკეთა, მკაცრი რეალიზმის პოზიციაზე დგას. ერთი მხრივ, ეს არის იმ წესრიგის მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ქვეყნების ეროვნული ინტერესების ბალანსს; მეორე მხრივ, ეს არის ამ ინტერესების დაცვის უნარი და შესაძლებლობა; მესამე კი განხორციელებულ ღონისძიებათა საერთაშორისო-სამართლებრივი ლეგიტიმურობაა.
მსგავს მიდგომას განახორციელებს რუსეთი საგარეო-პოლიტიკური პრობლემების მიმართ.
გაითვალისწინებს თუ არა ამას ამერიკა? _ ალბათ, გაითვალისწინებს. ჩინეთმა, ახალმა გლობალურმა პოლუსმა, კი უთუოდ მიაქცია ყურადღება. როგორც ჩანს, პუტინის პოლიტიკური რეალიზმი პეკინს ხელს აძლევს.
კირილ კოკტიში,
პოლიტოლოგი