საქართველოს პარლამენტმა, დეპუტატ გუგული მაღრაძის მეცადინეობით, მიიღო თამბაქოს მოხმარების შესახებ ახალი რეგულაციები, რომლებიც 2018 წლიდან ამოქმედდება და, რომელთა მიხედვითაც, თამბაქოს მოხმარება იკრძალება ნებისმიერი ტიპის შენობა–ნაგებობაში.
გამონაკლისია მხოლოდ კერძო ბინები, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამორინე და ფსიქიატრიული მედიცინის დაწესებულებები. სიგარეტის მოწევა იკრძალება ყველა ტიპის ტრანსპორტში (გარდა ღია კატერსა და ტაქსისა), ბენზინითა და ბუნებრივი აირით გასამართ სადგურებზე, აგრეთვე, სტადიონებზე. აღსანიშნავია, რომ თამბაქოსთან ბრძოლაში გართულ დეპუტატებს მხედველობიდან გამორჩათ, რომ საქართველოში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა.
იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული გარემოს დაცვის ინდექსის (EPI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე ადგილზეა და რეგიონის ყველა ქვეყანას ჩამორჩება.
კვლევა ჩატარდა სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით, ესენია: სოფლის მეურნეობა, ჰაერის ხარისხი, ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსებისა და ტყის მასივის ზონები, აგრეთვე, სანიტარული ნორმები და სხვ. მსოფლიოს ყველაზე “მწვანე ქვეყნად” ფინეთი დასახელდა, რომლის სარეიტინგო ქულა 90-ია.
საქართველოს ინდექსი 64.96-ია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 111-ე პოზიციას იკავებს. 99-ე ადგილზეა თურქეთი, უკრაინა კი _ 44-ზე. სარეიტინგო სიაში 37-ე ადგილს იკავებს სომხეთი, რუსეთი _ 32-ე, ხოლო აზერბაიჯანი 31-ე ადგილზეა. 69-ეა ყაზახეთი. საქართველოს “მწვანე ქვეყნების” რეიტინგში უსწრებს შრი–ლანკა, ინდონეზია, ირანი და ეგვიპტე.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 3,5 მილიარდი მოსახლე საფრთხის შემცველი ჰაერის პირობებში ცხოვრობს.