საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით. ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ. საქართველოზე დიდი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს, მათ შორის სამხრეთამერიკულ გაიანას (43%), ისიც იმიტომ, რომ იქ ახლახან ნავთობი აღმოაჩინეს.
ეს ეკონომიკური ზრდა არ იქნებოდა, ჩვენ რომ:
* დავთანხმებოდით ზელენსკის, რომელიც უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას მოითხოვდა, რაც ომის მონაწილე მხარედ გვაქცევდა;
* უკან დაგვეხია აშშ–ის იმჟამინდელი ელჩის წინაშე, რომელიც კატეგორიული ტონით მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ომში ჩართვას (თუმცა საჯაროდ ამას არ ამხელდა და ჩვენც ნამუსს ვუნახავდით);
* დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელიც სანქციების დაწესებას, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შეზღუდვასა და ფრენების აკრძალვას მოითხოვდა;
* 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ავყოლოდით ოპოზიციისა და ენჯეოების მიერ ორგანიზებული აქციის „გულწრფელი მონაწილეების” მოთხოვნას და წინა სამი პუნქტის ავტორებისთვის დაგვეჯერებინა (თანაც ეს ენჯეოები ზუსტად იქიდან ფინანსდებიან, საიდანაც ეს მოთხოვნები მოდიოდა).
სამაგიეროდ, იქნებოდა ომში ჩართვის რისკი და ეკონომიკური კოლაფსი, რომლის ეფექტი ორჯერ უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა, ვიდრე იყო კოვიდის პანდემიის პერიოდში…
თუკი საქართველო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით ერთ–ერთი ლიდერია მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის სახელმწიფოებს, რატომ უჭირს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაო ნაწილს ეკონომიკურად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი გვესაუბრება:
_ ჩვენი ქვეყანა დიდი რაოდენობით შემოსული ფულადი გზავნილებით დგას ფეხზე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქვეყნიდან და ეს ადამიანები ავსებენ ბიუჯეტს. რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენი ეკონომიკის ზრდაში, რადგან ბევრი ადამიანი შემოვიდა უკრაინიდან საქართველოში და აქ ფულს ხარჯავს. ვროპასა და ამერიკაში ნაყიდი მანქანების გაყიდვაა ჩვენი ექსპორტი…
ჩვენ ძალიან დაბალი ეკონომიკა გვაქვს, ამიტომ 8-9-პროცენტიანი ზრდა არაფერია. შემოსავლების გადანაწილების მაჩვენებლები ძალიან ცუდი გვაქვს, უფრო ცუდი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებშია; გვყავს ბევრი ღატაკი, ბევრი – ძალიან მდიდარი, ბევრის შემოსავლებიც გაურკვეველია. სამეზობლოში ზოგიერთს რამდენიმე დარგი აქვს განვითარებული, სომხეთიც კი ჩვენზე წინ არის, ბოლო რამდენიმე წელიწადია. როდესაც საქმე ცუდად არის, არ შეიძლება, გაიძახოდე, რომ ყველაფერი კარგად არის, ჯობია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
_ ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლების. მართალია, ომში არ ვართ ჩაბმულნი, მაგრამ ეკონომიკის ზრდა, რომელზეც გამუდმებით ლაპარაკობენ, მოსახლეობაზე არ აისახება.
_ მთავრობა იმისთვის არის საჭირო, რომ ვითარება დააბალანსოს და მხოლოდ ორმა-სამმა კომპანიამ არ ჩაიგდოს ხელში მშენებლობა, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები და ა.შ. აქ გარკვეული ჯგუფებისა და კასტებისთვის არის ოაზისი. ვითომ თავისუფლებაა ბიზნესში, მაგრამ, სიღრმეში რომ შეხვალ, მიხვდები, რომ თავისუფლება პირობითია.
იმპორტი გაცილებით აღემატება ექსპორტს _ 6 მილიარდს გადააჭარბა, სურსათის მხრივ _ მილიარდს. მონაცემების გაანალიზების შემდეგ ნახავ, რომ საქართველოს არანაირი წარმატება არ აქვს. როდესაც მხოლოდ ციფრებით მანიპულაციით ხარ დაკავებული და ყველა დარგის სიღრმისეული ანალიზი არ გაქვს გაკეთებული, ეკონომიკაზე საუბარი რთულია.
ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის ეფექტიანობის მაჩვენებელს. ყველა ხელისუფლება უნდა სწავლობდეს ამას, ჩვენთან მიშვებულია ყველაფერი. რა ფული შემოდის, რაში იხარჯება, როდესაც გზების დეპარტამენტისთვის, მშენებლობებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის შემოდის ფული, კონტროლი აუცილებელია. ახლა ეშინიათ საბანკო სისტემის პროგრამაში პრობლემების გაჩენის, აზიის განვითარების ფონდის სესხების შეჩერების. ეს სესხები რომ გაჩერდეს, ყველაფერი ჩამოიშლება, რადგან არც ერთი სექტორი წესიერად არ მუშაობს, არც ერთი სექტორი არ კონტროლდება.
თხუნელებივით ვთხრით მადნეულს, ჭიათურას. კარგი, გავთხაროთ, მაგრამ იქაური მოსახლეობა გრძნობს, რამხელა სიმდიდრე აქვს თავის მიწაზე? ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი რამ რეგულირდება, ადგილობრივი თვითმმართთმმართველობა ყველაზე მეტ სარგებელს უნდა ნახულობდეს.
არის პროგრამა ,,დანერგე მომავალი”, რომელიც ყოველწლიურად უნდა განახლებულიყო, მაგრამ დღემდე არავინ იცის, რა მოგვცა ამ პროგრამამ, რა შეცდომები იყო დაშვებული. რა კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არავინ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, არც ერთი სტრუქტურა. და, თუკი ამერიკის პრეზიდენტი აპირებს, საათივით აწყობილ ქვეყანაში შეისწავლოს სამინისტროების მუშაობის ეფექტიანობა, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს ასეთი დეპარტამენტი? ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების ზედამხედველობა და კონტროლი. ჩვენს სამინისტროებში ბევრი მნიშვნელოვანი თემაა ჩაკარგული ისე, რომ პრემიერი ვერ აკონტროლებს, ამიტომ აუცილებელია, ამ ყველაფრის გასაკონტროლებლად შეიქმნას დეპარტამენტი, ისეთივე, როგორსაც ტრამპი აპირებს თავის ქვეყანაში. უნდა კონტროლდებოდეს ხელშეკრულებები, მოლაპარაკებების შინაარსები, ფისკალური პოლიტიკა, საბანკო სისტემა; მოკლედ, მთავრობა უნდა აკონტროლებდეს ყველა დეტალს, პროცესს უნდა მართავდეს და თვითდინებაზე არ იყოს მიშვებული. ხაზგასმით აღვნიშნავ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც მართლაც თვითდინებაზეა მიშვებული ყველაფერი, რაც დაუშვებელია.
მოკლედ, ჩვენ გვაქვს ციფრებში გამოხატული წარმატება, რომელიც ობიექტურ ვითარებასთან არის კავშირში. ჩვენ მიბმული ვართ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მუდმივად გზებს ვაგებთ, ვაახლებთ, ის ფული, რომელიც ამ საქმისთვის შემოდის, ბრუნვაში ხვდება…
_ რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ფული ვიღაცის ჯიბეში ილექება. ადამიანი კეთილდღეობას გრძნობს მაშინ, როდესაც მაცივარს გამოაღებს და ხედავს, რომ სავსე აქვს, საქართველოში კი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმაა…
_ დიახ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას. ზემოთ ვახსენე პროექტი ,,დანერგე მომავალი”, რომელზეც ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდძალი ფული დაიხარჯა, მაგრამ ეს ფულის ხარჯვა არ იგრძნობა. ვერავინ იტყვის, რომ ამ პროექტის ფარგლებში რომელიმე ხილის დიდი რაოდენობა მოიწია ქვეყანამ, რამე შეიქმნა ისეთი, რაც დაეტყო გლეხისა და ადგილობრივი მცხოვრების ბიუჯეტს.
სისტემური მიდგომა სჭირდება ყველაფერს, საჭიროა მიწების გაერთიანება… ისევ ტრამპის ნათქვამს დავუბრუნდები: ზესახელმწიფოს მმართველი ამბობს, უფრო ზუსტად, ემუქრება თავის სამინისტროებსა და დეპარტამენტებს, რომ გააკონტროლებს ყველაფერს და ვაი, იმ სამინისტროს ბრალი, რომელშიც დარღვევას აღმოაჩენს და მუშაობა ეფექტიანი არ იქნება.
ჩვენი ხელისუფლება რომ დაინტერესდეს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებით, ნახავს, რომ იქ კატასტროფული მდგომარეობაა; ნახავენ, რომ ფული იხარჯება და უკან მივდივართ. რატომ? უამრავი მიზეზია, უმთავრესი კი არაკვალიფიციური კადრებია.
ადამიანებმა იციან, რომ ფული იხარჯება, პროგრამები ფინანსდება, მაგრამ ხალხთან არაფერი აღწევს. ის ვერ ცხოვრობს, როგორც საჭიროა, როგორც სხვა ცხოვრობს…
სოფლის აღორძინებაზე ბევრს საუბრობენ, ბევრი იწერება, მაგრამ რომელ სოფელზე, ამას ვერც ერთი სოფლის მკვიდრი ვერ გეტყვით. შესაძლოა, ილაპარაკონ გზების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ კეთილდღეობაზე, სოციალური პრობლემის მოგვარებასა და ეკონომიკის განვითარებაზე ვერაფერს იტყვიან. სხვა ტიპის მოქმედებებია საჭირო…
_ რა ტიპის მოქმედებები საჭიროა?
_ არსებობს გამოცხადებული პროგრამა, ევროპული მოდელი… ჩვენ უნდა გვქონდეს სოფლის განვითარების გეგმა მათი საჭიროების მიხედვით, გეგმა ერთიანი არ უნდა იყოს. უნდა ვიცოდეთ, როგორ სოფელში როგორ გავაჩეროთ მოსახლეობა, ამისათვის რა პოტენციალი აქვს ამა თუ იმ სოფელს. ეს აუცილებელია, რადგან ყველა სოფელს თავისი პრიორიტეტები აქვს და ერთიანი პროექტები ვერ გაჭრის, ვერ იმუშავებს…
_ ეს შორეული პერსპექტივაა…
_ არ არის შორეული. სამინისტრომ რომ გადაწყვიტოს და მუნიციპალიტეტებს დაავალოს გეგმის დაწერა და შესრულება, ყველაფერი მოგვარდება.
ბოლნისის გამგებელი ვიყავი 30 წლის წინათ. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, გაწერილი მქონდა და დაგეგმილი. მას შემდეგ არავის უფიქრია ამაზე. თუ სახელმწიფოს ნებაა, რომ სოფელი აღორძინდეს და ქვეყანას დაეტყოს სოფლის აღორძინება, ყველაფერი შესაძლებელია. ყველგან შეიძლება სამუშაო ადგილების შექმნა, დოვლათის შექმნა…
_ შეიძლება თუ არა, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ფასების რეგულირების საკითხში?
_ ფასების რეგულირება ფასების პოლიტიკაა. ყველა სახელმწიფოს აქვს საშინაო გაცხადებული პოლიტიკა და მართვის მექანიზმები, აქვს საგარეო ვალდებულებები. ჩვენს სახელმწიფოს შეუძლია ფასების რეგულირება, ,,ოცნებას” სოციალური დაცულობა და პოლიტიკა გაცხადებული აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვდებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომლითაც უფლებას ვაძლევთ იმპორტსა და იმპორტიორს, იყოს პრივილეგიურ მდგომარეობაში, მათ შორის, ჩვენი წარმოების მიმართ, ამიტომ ფასებს ვერ დავარეგულირებთ. ჩვენთან პროდუქტის 80 პროცენტი გარედან შემოდის, ჩვენ ვერ დავაწესებთ მათზე ფასებს.
სახელმწიფოს შეუძლია ფასნამატის რეგულირება, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის გამო ამას ვერ აკეთებენ. ფასები რეგულირდება ყველგან, მაგრამ ჩვენთან არა. ეს გუნდი ამას ვერ გააკეთებს, ეს ბენდუქიძის თარგზე მოჭრილი ეკონომიკური გუნდია. ვერავინ იტყვის, რა სიკეთე მოგვიტანა თავისუფალმა ვაჭრობამ, გარდა დიდი იმპორტისა… იმპორტის კონკურენციაც არ გვაქვს, ესეც დასარეგულირებელია. არის მაღალხარისხიანი პროდუქტი მცირე ფასით, მაგრამ შემოტანა არ შეგვიძლია, ჩვენ ამის შეცვლაც კი არ შეგვიძლია…
,,ოცნებამ გამოაცხადა 2025-2028 წლების გეგმა, მაგრამ მასში არსებით ცვლილებებზე არ არის საუბარი. იქ ხაზგასმით წერია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა გვჭირდება და რომ უნდა გვქონდეს ინვესტიციების შემოდინების შესაძლებლობა. ინვესტიცია არის დაინტერესებული ბიზნესის შენახვა. ეს ფული გვასულდგმულებს, ეს ფუნდამენტური განვითარებისთვის არ არის. თავის მოტყუებაა… ჩვენ ვცხოვრობთ პრინციპით ,,დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს”…
სოფლის მეურნეობაში უნდა გატარდეს რეალური რეფორმა, რომელსაც 5-6 წელიწადი დაჭირდება, რათა ხალხმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იგრძნოს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი