“სტალინის წინააღმდეგ მსოფლიოში მიდის აღვირახსნილი კამპანია. სტალინის, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პიროვნების ძეგლი მის მშობლიურ რაიონში, უკვე დიდი ხანია, აღარ დგას, სადღაც ტალახში პირქვე გდია”
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი 1878 წლის 21 დეკემბერს თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში მეწაღის ოჯახში დაიბადა. მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. ჰყავდა უფროსი ძმები _ გიორგი და მიხეილი, რომლებიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ.
1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. შეისწავლა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, გიორგი პლეხანოვის შრომები.
სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53, სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირისა (1939) და საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. 1945 წლის 27 ივნისს საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წინადადებისა და ფრონტების სარდალთა წერილობითი წარდგინების საფუძველზე, “დიდ სამამულო ომში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის” საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებული იყო 3 ლენინის ორდენით, “გამარჯვების” _ 2 ორდენით, 3 _ წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე, მედლებით.
“მასთან მუშობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება… მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად, სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის დიდ ადამიანს _ სტალინს, რაც აქამდე ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს”,_ ასე ახასიათებდა დიდ ბელადს ფრანკლინ დელანო რუზველტი _ ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აშშ–ის 32-ე პრეზიდენტი 1933–1945 წლებში.
ხოლო შარლ დე გოლი _ ფრანგი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ფუძემდებელი და პირველი პრეზიდენტი 1959–1969 წლებში, წერდა: “სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. შეეძლო მტრების “მოთვინიერება”, მისთვის უცხო იყო პანიკა _ დამარცხებისას, და ნეტარება _ გამარჯვებისას. გამარჯვებები კი მას დამარცხებებზე გაცილებით მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული წინანდელი რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეულ მემკვიდრეთა გარეშე განწირულია”.
ამ დაუმარცხებელ პიროვნებას, ადამიანს, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა, იოსებს სტალინს 2019 წლის 21 დეკემბერს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა.
“დიდება დიდ სტალინს”, “საქართველოს სტალინიზმი გადაარჩენს”, “სოციალიზმი და კომუნიზმი, აი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება”, “სირცხვილი ქართველებს, რომ სტალინის ძეგლის აღდგენა ვერ მოვახერხეთ”, “ეს დღე წმიდათაწმიდაა ქართველებისთვის,”_ სკანდირებდნენ ადამიანები, რომლებიც გორში სტალინის სახლ-მუზეუმის წინ გამართულ აქციას უერთებოდნენ.
ბელადის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქციის ორგანიზატორი ერთიანი კომუნისტური პარტია და მისი თავმჯდომარე თემურ ფიფია გახლდათ. გორში სტალინის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ აქციას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ესწრებოდნენ. თითქმის სრულად იყო წარმოდგენილი აჭარის ერთიანი კომუნისტური პარტია, კახეთის რეგიონი, თბილისიდან ჩასული აქტივისტები და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები. აქცია საკმაოდ ხალხმრავალი იყო, მათ თან ჰქონდათ დროშები, ქუდები, მაისურები, მედლები, რომლებზეც გამოსახული იყო საბჭოთა სიმბოლიკები მიუხედავად იმისა, რომ აქციის წინა დღეს “თავისუფლების ქარტიამ” ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერს, თემურ ფიფიას მკაცრი, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ მათ საბჭოთა სიმბოლოების გამოყენება ეკრძალებოდათ.
ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:
_ სტალინის წინააღმდეგ მსოფლიოში მიდის აღვირახსნილი კამპანია. სტალინის, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პიროვნების ძეგლი მის მშობლიურ რაიონში უკვე დიდი ხანია, აღარ დგას, სადღაც ტალახში პირქვე გდია. ამ ხელისუფლებას და, საერთოდ, ქართველებს არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ძალა, რომ ბელადის ძეგლი აღდგეს და დაიდგას თავის ადგილას. ძალა არ შეგვწევს იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ქართველები არ მართავენ. სირცხვილია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ეს სიტუაცია ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს და არა ისე, რისთვისაც ახლა მიდის ბრძოლა _ პროპორციული სისტემით უნდა ავირჩიოთ პარლამენტი თუ მაჟორიტარულით.
ქართველ ხალხს გვჭირდება ისეთი პარლამენტი, რომელიც ქართველის ნებას გამოხატავს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას მოაგვარებს, ეკონომიკურ პრობლემას მოაგვარებს, გააკეთებს ისე, რომ ქართველი ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან არ გარბოდეს. პარლამენტი, რომელიც დღეს გვყავს და მომავალში გვეყოლება, სამწუხაროდ, არ და ვერ იქნება ქართველთა პრობლემის მომგვარებელი, რაც დიდი უბედურებაა.
სტალინი იყო მშრომელი ადამიანის კეთილდღეობისთვის გაჩენილი მოღვაწე. სტალინმა მშომელი ხალხი ექსპლუატაციისგან გაათავისუფლა. აი, ეს არის მომავლის გზა, ეს არის ცივილიზებული სამყარო. კაპიტალისტური სამყარო ჩაგვრის სამყაროა. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია და ამისთვის დიდი ბრძოლაა საჭირო. საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდა კაცობრიობა თავისუფალ შრომაზე, ათასწლეულები დასჭირდათ შედეგის მისაღებად და ეს ყველაფერი სტალინმა გააკეთა, სოციალისტური ქვეყნის მშენებლობის სათავეში იდგა ქართველი კაცი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. დღეს მისი დაბადებიდან 140 წელი გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დღე სახელმწიფომ არ აღნიშნა, პოლიტიკური ელიტა არ აღნიშნავს, სირცხვილი მათ და დიდი მადლობა აქ დამსწრე საზოგადოებას!
საინტერესო და აღსანიშნავია აჭარის ერთიანი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თემურ სამნიძის მიმართვა ხელისუფლებისადმი:
_ 2020 წლის იავნარში დავოსში მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან, სადაც აუცილებლად წავა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ან მისი წარმომადგენელი, ადამიანი, რომელიც იქნება ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი. მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის პრემიერს, შეხვდეს და დაელაპარაკოს რუსეთის წარმომადგენლებს, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება, დაესწროს 2020 წელს მოსკოვში დაგეგმილ უდიდეს ღონისძიებას, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავს ეძღვნება! სასწრაფოდ აღდგეს კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან, რადგან საქართველოს ხსნის გზა მხოლოდ ეს არის!
თემურ ფიფია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი:
_ რაც მეტი დრო გვაშორებს სოციალისტურ სისტემას და სტალინის ეპოქას, მით უფრო ნათლად ჩანს, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობისთვის იმ პროცესებს, რომლებსაც დიდი ბელადი ხელმძღვანელობდა. სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა ხალხმა ააშენა დიადი ქვეყანა. პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეიქმნა ისეთი წყობა, სადაც ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა გამორიცხული იყო. სტალინმა მოიგო იდეური ბრძოლა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. სტალინის გზამ გაიმარჯვა, ინდუსტრიალიზაციამ გაიმარჯვა, სოციალისტური სისტემის მატერიალური ბაზის შექმნა წარმატებით დასრულდა უმოკლეს პერიოდში. სტალინის ძალისხმევამ საბჭოთა ხალხებს ომი მოგვაგებინა და ომის შემდგომ პერიოდში უსწრაფესად აღგვადგენინა ეკონომიკა. მატერიალური ბაზა, რომელიც ბელადმა შექმნა 30-იან _ 40-იან წლებში, დღემდე მოყვება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.
დიდი ქართველის, მსოფლიოში უდიდესი პიროვნების ძეგლი არ დგას საქართველოში, თითქმის ყველა ქვეყანაში დგას “დიდების მემორიალები”, მონუმენტები, ძეგლები, ბევრგან სტალინის სახელი წერია. ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია იმ დიდებული წლების აღსანიშნავი. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ საქართველო აღმოჩნდა პროამერიკელი მემარჯვენე პოლიტიკოსების ხელში, რომელიც ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ფრთაა ბურჟუაზიისა და, სამწუხაროდ, სწორედ ისინი მართავენ საქართველოს, რამაც ბევრი რამ განაპირობა… ჩვენმა ხალხმა ამ ჯალათების ზეწოლას ვერ გაუძლო და აღმოვჩნდით მათ ტყვეობაში, სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებთ დიდი ქართველის, დიდი მხედართმთავრის, სტალინის ძეგლის დაბრუნებას მის მშობლიურ ქალაქში.
ყველა ხელისუფლება ჰპირდება ამომრჩეველს, განსაკუთრებით გორელებს, რომ სტალინის ძეგლს კუთვნილ ადგილს მიუჩენს, მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მივა, მაშინვე უცხო ქვეყნის საელჩოები ჩაერევიან და ყველაფერს აფუჭებენ.
სტალინის ეშინიათ და იცით, ვის ეშინია?! _ იმ სისტემის წარმოადგენლებს, რომლებიც დღეს ქვეყნების სათავეებში არიან _ ბიზნესმენები, ბანკირები… სტალინმა ააშენა სოციალისტური სისტემა, რომელშიც ბანკირებისა და ბიზნესმენების ადგილი არ იყო, ამიტომ ეშინიათ მსოფლიოში სტალინის, მათ მშრომელთა ხელისუფლების ეშინიათ.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა
მივესალმები ყველა კარგ მავლელიბას. ამ ხალხს აქვს თავის აზრი და ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ
ციტატა უინსტონ ჩერჩილის მოგონებიდან: ‘შეგიძლიათ გძულდეთ სტალინი, შეგიძლიათ გიყვარდეთ ის — ეს თქვენი გემოვნების საკითხია; მაგრამ ის, რომ სტალინი მეოცე საუკუნის უდიდესი ფიგურაა კაცობრიობის ისტორიაში, ამის უარყოფის უფლება არავის აქვს’. (David Reynolds – BBC 4 (TV), 22 September, 2011 –[საჯარო/სატელევიზიო ლექცია თემაზე: ‘World War 2: 1941 and The Man of Steel’).