გასულ კვირას გორის ბაზართან ვაშლის ყიდვის სურვილით გავაჩერე მანქანა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვაშლს ვაშლის სამშობლოში ისეთი ფასი ედო, სამოთხის ბაღიდან მოკრეფილი გეგონებოდათ. უბრალოდ, თითქმის ყველა გამყიდველს ჰქონდა ვაშლი, რომელზეც მცირე ზომის ქაღალდები იყო დაკრული. როგორც ამიხსნეს, ეს თურქეთიდან შემოტანილი ვაშლია. გორში თურქეთიდან შემოტანილი ვაშლი რომ გაიყიდება, მანდ გვაქვს ლახვარი ჩაცემული ზურგშიც და გულშიც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 577 მლნ ლარია, რომლიდანაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე მიიმართება 84,6 მილიონი, ხოლო ერთიან აგროპროექტზე _ 257,7 მილიონი ლარი. რა იგულისხმება ერთიან აგროპროექტში, გზაში დაგვაწევენ, ალბათ, საშტატო განრიგისა და წლიური ბალანსისა არ იყოს. ანუ, გაგრძელდება პროგრამა, რომლის მიხედვით სახელმწიფოს თანადაფინანსებით იაფი კრედიტის აღების შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ამ პროექტმა არ გაამართლა. საქმე ის არის, რომ კრედიტის მიღების შემდეგ პიროვნება ვალდებულია, ყველაფერი არა ქართულ, არამედ ევროსტანდარტებს მიუსადაგოს; საქონლის ფერმის შემთხვევაში, აუცილებლად ევროპული ჯიშები შეიძინოს (ადგილობრივი ჯიშები არ ფინანსდება) და იმას არ ფიქრობენ, რომ იმ ევროპულ ჯიშებს სპეციალური მოვლა და შესაბამისი ტემპერატურა სჭირდება, რაც ზამთრის პერიოდში უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და მოგებას ვინ ჩივის, თვითგადარჩენაზე არიან გადასული.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სოფლების ჩათვლით საქართველოში 4500 სოფელია, მათი გამოკლებით _ 3668. გემახსოვრებათ, 2012 წლის არჩევნებამდე, “ქართული ოცნების” ერთ–ერთი დაპირება სოფლების განვითარება და თითო სოფელში 5 მილიონი ლარის ჩადება გახლდათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წელს, ანუ 10 წლის შემდეგ, ეს დაპირება არავის ახსოვს და სოფლები იმაზე მეტად არის უპატრონოდ მიტოვებული, ვიდრე მანამდე იყო. ტერმინი “ძლიერი სოფელი” 2022 წელს აღარ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამ ბიუჯეტით სოფლის სიძლიერე წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული თანხიდან თუნდაც ერთი რეგიონის სოფლებს მიხედოს და მეურნეობა წამოწიოს. რას ნიშნავს ეს? უწინარესად, იმას, რომ გაისად, წლევანდელის დარად, ისევ შემოტანილი და შხამ–ქიმიკატებით გაჯერებული პროდუქტების იმედად ვიქნებით და გლეხი ისევ ღარიბი იქნება; ეს ნიშნავს იმას, რომ ისევ არ გვექნება ჩვენი არაფერი და ვერც ადგილობრივ წარმოებას მოამარაგებენ ქართველები. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოებაც იძულებული იქნება, ნედლეული საზღვარგარეთიდან შემოიტანოს და იმავე საკონსერვო ქარხნებმა (ბევრი არ გეგონოთ, ორმა) და რძის გადამამუშავებელმა საწარმოებმა უკვე უნდა დაიწყონ ზრუნვა იმაზე, რომ პროდუქცია წარწერით “დამზადებულია საქართველოში” უცხოურ ნედლეულზე შექმნან.
ახლა რასაც გეტყვით, სასაცილოც არის და სატირალიც. სულ რაღაც, ათიოდე დღის წინათ თურქმენეთიდან ბიზნესმენები იყვნენ საქართველოში და დამჟავებული ვაზის ფოთლის შეძენა სურდათ. საუბარი ათეულობით ტონაზე იყო, მუდმივი ხაზის აწყობა უნდოდათ, აქაოდა, ჩვენთან ვაზის ფოთოლში გახვეულ ტოლმას დიდი გასავალი აქვს, ვაზი კი ძნელად ხარობს და საქართველოში, როგორც ვაზის სამშობლოში, ფოთოლს როგორ ვერ ვიშოვითო. პირველ რიგში საკონსერვო ქარხნებში დავრეკეთ და გვითხრეს, რომ არ ამზადებდნენ, შემდეგ მაღაზიები დავიარეთ და ვნახეთ შუშის ქილებში დაფასოებული ვაზის ფოთოლი ქართული წარწერით. გაგვიხარდა, საკონტაქტოც ეტიკეტზე მოვიძიეთ და დავრეკეთ. შეხვედრაზე მარტივად შევთანხმდით და გაირკვა, რომ ვაზის ფოთოლი შემოგვაქვს… სომხეთიდან მზა პროდუქციის სახით, ქილებში დაფასოებული და ქართულ ეტიკეტსაც იქვე აკრავენ. წვრილად აწერია ეტიკეტს, რომ დამზადებულია სომხეთში და დისტრიბუტორი არის ერთ–ერთი ქართული კომპანია. თურქმენები სომხეთში გადავიდნენ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ხაზსაც ააწყობენ, მაგრამ ვერ მიხვდნენ და ვერც ჩვენ ავუხსენით, რატომ აწარმოებს ვაზის ფოთოლს, მაგალითად, სომხეთი და არ აწარმოებს საქართველო. მით უმეტეს, რომ ჩვენ ირგვლივ აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთია, რომელთა ტრადიციულ კერძებში ვაზის ფოთოლზე დიდი მოთხოვნაა. ერთი შეხედვით ხომ მარტივია ვაზის ფოთლის წარმოება? ისიც ხომ მარტივია, თურქული და აზერბაიჯანული ბაზარი ავითვისოთ, არაფერს ვამბობთ შუა აზიის ქვეყნებზე, მაგრამ საამისოდ ან შნო გვაკლია, ან მარიფათი და მონდომება.
სომხეთი ტყუილად არ გვიხსენებია. ეს არის ქვეყანა, რომლიდანაც შემოგვაქვს ყურძენი და დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ყურძენს ვუსაღებთ. შემოტანილი ყურძენი მთლიანად სუფრის არის, ანუ არა საღვინე და საკონიაკე მასალა, მაგრამ სუფრის ყურძენი სეზონზე ჩვენთან ისეთი მოდის, სომხურთან შედარებაც არ შეიძლება, თუმცა სეზონზევე ვჭამთ, ვერ ვინახავთ სამაცივრე მეურნეობების არარსებობის გამო და… უდიდეს ნაწილს სომხეთში ვყიდით იაფად, შემდეგ ვყიდულობთ ზუსტად ოთხმაგ ფასში. რატომღაც გვგონია, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულების ცალ ფეხზე დაკიდება (მეორეზე გარემოს დაცვა ჰკიდიათ) მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა არ არის. ჩვენმა სახელმწიფომ ვერ მოიშორა განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და, შესაბამისად, რაიმეს ფართო მასშტაბებით წარმოება, უბრალოდ, არ შეგვიძლია. ვაზის ფოთლის მაგალითიც კმარა იმისთვის, რომ მივხვდეთ, რაღაც უბედურება გვჭირს. რეალურად, მონდომების შემთხვევაში, ვაზიდან ყველაფრის გაყიდვა შეიძლება _ წალმის, ფოთლის, ყურძნის, ვაზის ყლორტებისგან კი არაჩვეულებრივი მარინადი კეთდება. ჩვენ კი ორ კვირაში ვამთავრებთ რთველს და ამით ვასრულებთ ვაზთან ურთიერთობას. ცალკე პრობლემაა გარემოს დაცვა. არავინ იცის, რა მდგომარეობაშია წინა ხელისუფლების პერიოდში 49-წლიანი იჯარით გაცემული ტყეები და რა ხდება შიგნით. კერძო ტყეებში მოსახლეობას სოკოსა და კენკრის საკრეფადაც კი არ უშვებენ, მაგრამ, თუ შევლენ, ჯარიმას უწერენ. სამაგიეროდ, სახელმწიფო ტყეებში შეიძლება შესვლა და კომპანიები, რომლებიც წვენებზე მუშაობენ, მოსახლეობისგან ტყის ნაყოფს ყიდულობენ, მაგალითად, ასკილს, კილოგრამს… 20 თეთრად. ამიტომაც იყო, ხელისუფლებამ იურიდიულ კომპანიებს ტყის ნობათის მოპოვებაზე გადასახადი რომ დაუწესა, მაგრამ ეს კანონი არ მუშაობს _ კენკრას მოსახლეობა კრეფს და კომპანიებს აბარებს, მოსახლეობისთვის კი უფასოა, თუმცა…
მომავალი წელი მიმდინარეზე მძიმე რომ იქნება, სოფლის მეურნეობის ბიუჯეტიდანაც ჩანს. აქცენტს სოფლის მეურნეობაზე იმიტომ ვაკეთებთ, რომ არა მხოლოდ კაცების, არამედ მთელი მოსახლეობის გულისკენ მიმავალი გზა სწორედ რომ კუჭზე გადის და ადამიანებს შიმშილი აწუხებთ. გაისადაც, ისევე როგორც წელს, პრაქტიკულად ყველაფრის შემოტანა კვლავ საზღვარგარეთიდან მოგვიწევს და გარდა იმისა, რომ ფასებს სხვები დაგვიდგენენ, ვაღიაროთ, ქართული პროდუქტის სიჯანსაღესთან უცხოური ახლოსაც ვერ მოვა. ცალკე პრობლემაა ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ ამაზე ვეღარ ვფიქრობთ, ყოველდღიური პურის ფულია საშოვნელი და სწორედ ამისთვის მუშაობენ ადამიანები, ერთი დღეც რომ ჩააგდონ, საღამოს შიმშილს დაუკაკუნებენ კარზე.
ამას ისიც დაამატეთ, რომ მომავალი წელი ვირუსის ახალი შტამის წელიწადად დაგვიანონსეს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ჩვენთან, ისე დანარჩენ მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასები ახალ სიმაღლეებს დაიპყრობს. ამ პირობებში ლამის ყველა სახელმწიფომ თანხა მოაკლო ყველაფერს (ჯანდაცვისა და განათლების გარდა) და გადაისროლა სოფლის მეურნეობაში. ჩვენთან კი პირიქით ხდება _ ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა დავჩაგრეთ და მის განადგურებასთან ერთად გარემოსაც მიზანმიმართულად (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ვანადგურებთ, წინ არ ვიხედებით. ასე გაგრძელების შემთხვევაში, მალე აღარც ტყე გვექნება, აღარც მტკნარი წყლები და აღარც თევზი. პრინციპში, თევზი ახლაც არ არის, სეზონზე ძვირი ღირსო და ყველა მდინარეში დენით თევზაობენ. ჰო, გარემოს დაცვა მწირი დაფინანსებისა და კადრების დეფიციტის ფონზე ხელებს უიმედოდ შლის, კონტროლი გვიჭირსო. ეს ყველაზე კარგად ბრაკონიერებმა იციან.
ბოლო მონაცემებით, გაისად ხორბლის სერიოზული დეფიციტი იქნება და პურპროდუქტებს რეკორდული ფასი დაედება. ჩვენ აღნიშნული პროდუქტი რუსეთიდან შემოგვაქვს და, თუ დასავლეთი მუქარას შეასრულებს და რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რუსული მხარე, კომპენსირების მიზნით, ხორბალს საჭიროზე მეტად გააძვირებს და გააძვირებს იმიტომ, რომ გადარჩეს. ასეთ პირობებში კი პური არნახულად გაგვიძვირდება; ნურც გაზაფხულის იმედად იქნებით, ბატონებო, ბოსტნეული თუ ბაღჩეული აღარ არის ისეთი იაფი, ნებისმიერმა რომ იყიდოს და მიირთვას. რატომ? იმიტომ, რომ თესლის წარმოებასაც ვერ ვახერხებთ და ელემენტარულად, საზამთროსა და ნესვის, კიტრისა და პომიდვრის, ქინძისა და ოხრახუშის თესლი შემოგვაქვს, რაც პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის.
ბესო ბარბაქაძე