Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი მდივანი: კონსტიტუციით დაკანონებულია მიშიზმი და ბენდუქიძიზმი

გიორგი მდივანი: კონსტიტუციით დაკანონებულია მიშიზმი და ბენდუქიძიზმი

1573
გიორგი მდივანი

ახალგაზრდა კომუნისტები”, “საბჭოთა გადმონაშთი”, “დაზეპირებული ლოზუნგები” _ ამ ფრაზებს ისროდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2017 წლის 15 მაისს ფილარმონიაში, სადაც დაგეგმილი იყო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა, მაგრამ ხალხის პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებმა საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა მოსთხოვეს, ამან კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააღიზიანამომხდარზე გვესაუბრება ახალგაზრდა პოლიტოლოგი გიორგი მდივანი.

_ 15 მაისს ფილარმონიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები უნდა განეხილათ. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს ცვლილებები გააპროტესტა და პარლამენტის წევრებს საუბრის ნება არ მისცა. ამან გააღიზიანა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტი აქციაში მონაწილეობდნენ, კომუნისტები და საბჭოთა გადმონაშთები უწოდა

_ ირაკლი კობახიძე რამ გააბრაზა, არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ახალგაზრდა, მართლაც ძალიან გავბრაზდი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ასე მიმართა იქ დამსწრე ახალგაზრდებს. სტუდენტებს კომუნისტურ იდეებზე არ უსაუბრიათ, მაგრამ, რომც ესაუბრათ, მერე რა?.. ეს ხდებოდა კომუნისტების აშენებულ შენობაში. ფილარმონია ვასილ მჟავანაძემ ააშენა, ერთერთმა თვალსაჩინო კომუნისტმა. და, საერთოდ, საქართველოში არსებული არაჩვეულებრივი ინფრასტურქტურის 80% კომუნისტების აშენებულია.

ახალგაზრდებს აღმაშფოთებელი არაფერი უთქვამთ. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ 94-ე მუხლი, აგრეთვე, დაუშვებელია მიწის გაყიდვა. ეს ლოგიკური იყო. თვითონ იმ ქვეყნებში, რომლებისგანაც მაგალითს ხშირად ვიღებთ, ასეთი კანონები არ აქვთ. ვერ ნახავთ ქვეყანას, რომლის კანონშიც 94-ე მუხლის მსგავსი ჩანაწერია. კონსტიტუციის ამ მუხლით დაკანონებულია მიშიზმი და ბენდუქიძიზმი. 94-ე მუხლის თანახმად, მთავრობას არ შეუძლია შეცვალოს საგადასახადო პოლიტიკა და თავისი სურვილისამებრ წარმართოს ფისკალური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, არსებულის გარდა, სხვა ტიპის გადასახადის შემოღებას, მაგალითად, ისეთის, როგორიც არის ეკოლოგიური ან ფუფუნების გადასახადი, არ შეუძლია პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დაწესება. მოკლედ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მთავრობას წართმეული აქვს უფლება, განსაზღვროს ეკონომიკური პოლიტიკა. პრობლემებია, ბიუჯეტის ნაწილშიც, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ფილარმონიაში ახალგაზრდები კომუნისტურს არაფერს ითხოვდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ამოქმედდეს შრომის ინსპექცია და ეს კონსტიტუციაში აისახოს, მაგრამ ხელისუფლება ამის გაკეთებას არ აპირებს, არც მას შემდეგ, რაც ტყიბულში 4 მეშახტე დაიღუპა. ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ არიან ორიენტირებულები და მათთვის უმთავრესი ბიზნესინტერესების გატარებაა.

მივუბრუნდები ისევ ირაკლი კობახიძის ფრაზებს. თუ ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს სურს, დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ, არ შეიძლება ადამიანების დაყოფა არც ეთნიკური ნიშნით, არც ორიენტაციით და, მით უმეტეს, არ შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისის მიხედვით.

_ სოციალიზმისა და კომუნიზმისნიშნებიმხოლოდ საქართველოში შეიმჩნევა? რატომ აშინებს პარლამენტის თავმჯდომარეს ეს პოლიტიკური მიმართულება?

_ “ქართული ოცნებარომელ ჯგუფთანაც არის გაერთიანებული ევროპარლამენტში, იქ სოციალისტებიც შედიან და კომუნისტებიც. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სოციალისტები ლიდერობენ. კობახიძემ ამ ფრაზების სროლით საკუთარი უცოდინარობა გამოაჩინა. გადახედოს, ვინ არიან ესპანეთში მოძრაობა “პოდემოსის” წევრები, გერმანიაში _ “დე ლინკის”. მემარცხენეები წამყვან პოზიციებზე არიან ბალტიისპირეთში, სკანდინავიის ქვეყნებში და აქ კობახიძეს რატომ უნდა ასეთი ძალების მარგინალიზაცია, ვიცი. მთავრობაც და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც ხვდებიან, რომ ხალხი მემარცხენეობისკენ იხრება, სწორედ ამის ჩახშობა სურთ, რაც ხელისუფლებასაც და კერძო ბიზნესსაც სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს.

ილია ჭავჭავაძის ხსენება, ვფიქრობ, პოპულისტური იყო, რადგან ვერ მივხვდი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ილია რა შუაში იყო. მიწას ყიდი, ხალხზე არ ფიქრობ და ილიას ახსენებ? ეს წარმოუდგენელი, მიუტევებელი დემაგოგიაა.

ბევრ ქვეყანაში მხოლოდ მიწის გაყიდვა კი არ იკრძალება, არამედ შენობისა და ოთახებისაც. მაგალითად, შვეიცარიაში აპარტამენტს ვერ იყიდი. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ პატრიოტული სულისკვეთებით არ მოქმედებენ და ვიღაცის დაკვეთის შემსრულებლები არიან. სამარცხვინოა, გადაწყვეტილების ასე მიღება, დემოკრატიის პირობებში ასე არ ხდება. რეფერენდუმზე უნდა გავიდეს ეს საკითხი. მიწა უნიკალური რამ არის, რაც დრო გადის, მეტი ფასი ედება. ამიტომაც არის, რომ საზღვარგარეთ მიწის გაყიდვა ხელაღებით არ ხდება. არ შეიძლება ავადმყოფი ბედნუქუძის თვალსაზრისით ვიცხოვროთ, არ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ სინდისის ჩათვლით.

_ მიწის გაყიდვა ხომ არ გააჩენს სხვა პრობლემებს, მაგალითად, შემოგვეპარებიან თუ არა ქვეყანაში ტერორისტები, თუ ამის კონტროლი შესაძლებელია?

_ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა განუკითხავად დაარიგა. შესაძლოა, ის ადამიანები აქ არ ცხოვრობენ, მაგრამ მოქალაქეები არიან და გაურკვეველი წარმოშობის ფულიც აქვთ, რომლითაც მიწის ყიდვას შეძლებენ. მიწა თუ გაიყიდება, მყიდველის ვინაობა უნდა ვიცოდეთ. თუ ხელისუფლებას არ სურს, კატეგორიულად აკრძალოს მიწის გაყიდვა, ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდეს მესაკუთრის შესახებ, იცოდეს, რა გეგმები აქვს და რა პერსპექტივები. მოქალაქეობის მიღების პროცესიც გასაკონტროლებელია, კანონები შესაცვლელია. სააკაშვილმა ბევრი ნაღმი დაგვიტოვა და ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს. მოქალაქეებზე იმ ქვეყნებისა, რომლებშიც ტერორიზმია, მიწის მიყიდვა საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, მაგრამ მეეჭვება, რაიმეს გაკეთება შეძლონ. რამდენიმე თვის წინათ თვით პრემიერმა გამოთქვა უკმაყოფილება იმ ბორდელებზე, რომლებსაც უცხოელები ფლობენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. უკანონო პროსტიტუციის აკრძალვაც ვერ შეძლეს.

ახალგაზრდები ჯერ მოთმინებით ვუყურებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ამაზრზენია ხელისუფალთა ქმედების ყურება, მათი მოსმენა. ამაზრზენი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პოპულიზმი და დემაგოგია. არ გაბედონ სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, არ გაბედონ პოლიტიკური თვალსაზრისის გამო ადამიანების მარგინალიზაცია! რაც შეეხება კომუნიზმს, თუ ქვეყანაში არსებობს ოკუპაციის მუზეუმი, სამართლიანობის გამო კარგი იქნებოდა, საბჭოთა აღმშენებლობის მუზეუმიც გაეხსნათ. თაობები უკეთ გაერკვეოდნენ, როდის უფრო მეტი კარგი საქმე გაკეთდა. კომუნისტების მმართველობის პერიოდში ადამიანის ღირსების ასამაღლებლად გაცილებით მეტი კანონი მოქმედებდა, მეტი დაფასება ჰქონდა საბჭოთა ქვეყნის მოქალაქეს. ვურჩევ კობახიძეს, გაეცნოს იმდროინდელ კონსტიტუციას, შრომის კანონს და შეადაროს ახლანდელს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here