Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი კვესიტაძე: ფრიდონ თოდუას სახელს დავიწყება არ უწერია

გიორგი კვესიტაძე: ფრიდონ თოდუას სახელს დავიწყება არ უწერია

873
გიორგი კვესიტაძე

2019 წლის 9 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გამოჩენილ მკურნალსა და საზოგადო მოღვაწე ფრიდონ თოდუას 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღეს აკადემიის სხდომათა დარბაზში შეკრებილმა ქვეყნის სამეცნიერო ელიტამ და საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა ღირსეულად აღნიშნეს მისი მამულიშვილური ღვაწლი. ინტერვიუ, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ზოგს შეიძლება უკანმიდევნებულ ლამპრად მოეჩვენოს და _ შეცდება, რადგან სანთელს ხსოვნისა ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. საიუბილეო შეკრება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. გთავაზობთ მისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუს.

_ დავიწყოთ იმით, რომ ბატონი ფრიდონ თოდუა 9 წლის განმავლობაში იყო აკადემიის პირველი ვიცეპრეზიდენტი, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი უმაღლესი ხელმძღვანელი უმძიმეს წლებში, როცა აგრესია ქართული მეცნიერების წინააღმდეგ არნახული მასშტაბითა და დაუზოგავად წარიმართებოდა იმდროინდელი ხელისუფლების მიერ. მთავრობა დაუფარავად ემუქრებოდა ქართული მეცნიერების ცენტრს დახურვითა და განადგურებით, რისი მცდელობაც საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში არათუ არ ყოფილა, არც უკადრებიათ. მიუხედავად უდიდესი ზიანისა, რომელიც აკადემიას მიაყენეს, ბატონ ფრიდონ თოდუას დიდი მონაწილეობით შესაძლებელი შეიქნა აკადემიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულების, შენარჩუნება. ეს არის ერთ-ერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი საქვეყნო საქმე, რომელიც მან თავისი მოღვაწეობისას განახორციელა. ამასთანავე, მან დააარსა და კავკასიის რეგიონში უნიკალური სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის დონემდე განავითარა მრავალპროფილიანი კლინიკა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. მისი ინსტიტუტი არის აკადემიის ასოციაციის წევრი.

აკადემიის გადარჩენა, პირველი ვიცეპრეზიდენტობა, ინსტიტუტის დაარსება, პატრონობა და აკადემიის ასოცირებული წევრობა _ ეს ყველაფერი სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბატონი ფრიდონის იუბილე ღირსეულად აღგვენიშნა.

ფრიდონ თოდუა
ფრიდონ თოდუა

თქვენს მკითხველებს მოეხსენებათ, რომ მედიცინის უკან დგას ძალიან სერიოზული ბიოლოგია: ყველა უახლესი მიღწევა, რაც ბიოლოგიაში კეთდება, ღეროვანი უჯრედებით დაწყებული, რეალიზაციას პოულობს მედიცინაში. თავის ძლიერ და საინტერესო კოლეგებთან ერთად ბატონმა ფრიდონმა ბიომედიცინაში მოწინავე პოზიციებზე მდგომი სკოლა შექმნა.

_ სამეცნიერო კოლექტივის აკადემიის ასოცირებული წევრობა თქვენ აღნიშნეთ, როგორც განსაკუთრებული ფაქტი.

_ ასეც არის _ განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ასეთი ინსტიტუტი გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გარკვეულად ვალდებულები არიან აკადემიის წინაშე. აკადემია, ძალიან ხშირად _ აკადემიის პრეზიდიუმი, ისმენს მათ მოხსენებებს და შესაბამისად აფასებს, მიუთითებს, იწონებს და ა.შ.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ბატონი ფრიდონი სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობდა ჩვენი აკადემიის წევრებს. პირდაპირ გეტყვით, რომ ბევრი მათგანი მისი გადარჩენილია. ასე რომ, მისი ღვაწლი, როგორც ექიმის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაზე, რომელიც ბატონი ფრიდონის იუბილეს მიეძღვნა, ბევრი რამ ითქვა ამ დიდი პიროვნების სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობაზე, რომელიც გამორჩეული იყო კაცთმოყვარეობითა და პაციენტების მიმართ მზრუნველობით. ცალკე თემაა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მისი ინსტიტუტის საქმიანობა. შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა და ახლაც წარმატებით მიმდინარეობს, სახალხო დიპლომატიის უნიკალური მეთოდი და ეფექტიანი საშუალებაა.

_ შეგიძლიათ, ორიოდ სიტყვით შეაფასოთ ბატონ ფრიდონის მოღვაწეობა?

_ მან წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ სამედიცინო სფეროში, არამედ მთელი ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში. მის სახელს დავიწყება არ უწერია.

მოკლედ ასეა. მაგრამ საკმარისი არ იქნება და, თუ ნებას დამრთავთ, განვაგრძობ.

_ ბრძანეთ!

_ მკურნალი ექიმის, ადმინისტრატორისა და მეცნიერის საქმიანობასთან ერთად ბატონი ფრიდონი აქტიური საზოგადო მოღვაწეც იყო. 2008-2012 წლებში გახლდათ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი. ფასდაუდებელია მისი მოღვაწეობა, როგორც საქართველოს ეროვნული აკადემიის პირველი ვიცეპრეზიდენტისა. თანამოაზრე აკადემიკოსებთან ერთად მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში აკადემიური მეცნიერების განვითარებაში და არა მხოლოდ საქართველოში, რაც მსოფლიოს სხვადასხვა აკადემიის ჯილდოებით აღინიშნა: მას მიღებული აქვს აკადემიკოს ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის პრემია, იყო სსრ კავშირისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სახელობის პრემია და ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის დიდი ოქროს მედალი, აკადემიკოს გიორგი მუხაძის მედალი, ივანე ჯავახიშვილის ოქროს მედალი; არჩეული იყო ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსად, გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად, რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური მეცნიერებების აკადემიის ნამდვილ წევრად, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; იყო რუსეთის სამედიცინო ტექნიკური მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი, მრავალი ასოციაცის, საზოგადოების, ფედერაციისა და სხვადასხვა საბჭოს, მათ შორის, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; იყო ჟურნალ “რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნეს” მთავარი რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის “მოამბის” და “საქართველოს სამედიცინო მოამბის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ავტორია 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 მონოგრაფიისა; მიღებული აქვს 5 საავტორო და 15 საპატენტო მოწმობა გამოგონებაზე.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 75 წლისდამი მიძღვნილ კონფერენციაზე
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 75 წლისდამი მიძღვნილ კონფერენციაზე

ფასდაუდებელია ფრიდონ თოდუას თავდადებული მოღვაწეობა ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მის მიერ აღზრდილი და დახელოვნებული ათეულობით სპეციალისტი და მეცნიერი სათავეში უდგას კვლევით დაწესებულებებს, ხელმძღვანელობს კლინიკებსა და საუნივერსიტეტო კათედრებს.

დღეს ფრიდონ თოდუა გვაკლია ყველას, როგორც მის მეგობრებს, თანამოქალაქეებს, ისე ქვეყნის ყველა გულშემატკივარ ადამიანს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. საუბრის დასასრულს ბატონი პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ, როგორც კი ქვეყანა ახალი წლის სამუშაო რიტმს აკრეფს, კვლავ შევხვდებით და ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დგას ეროვნული აკადემიის წინაშე და რომლის პრესტიჟის დასაცავად ეფექტიანად იბრძოლა აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here