Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი გოლუბენკო ოდესური დეკამერონი

გიორგი გოლუბენკო ოდესური დეკამერონი

439
გიორგი გოლუბენკო

ოდესა. დიდი შადრევანი. ადრე შემოდგომა, როცაიზაბელასადალიდიასმტევნები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ ამშვენებდა ოდესის ძველი აგარაკების ფანჩატურებს, მაჭრად დაიწურა და ამ ფანჩატურების მაგიდებს მიუსხდნენ ნამდვილი ოდესელები. ცოტანიღა დარჩნენ, ოდესის ძველ აგარაკებზე ოდნავ მეტნი, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არიან. და სწორედ მაშინ, როცა ისინი გადაყლურწავენ ღვთიურ სასმელს და ერთმანეთისთვის მორიგი ამბის მოსაყოლად განეწყობიან, ზუსტად მაშინ უნდა აღმოჩნდე მათ გვერდით.

_ იუროჩკა, შე მენტის სიფათიანო, შენა, _ შეევედრებიან თანამეინახენი ოდესის სისხლის სამართლის დამნაშავეთა სამყაროს რისხვას, პოლკოვნიკ სემისტაკაშინს, _ გაგვახარე! მოგვიყევი, თუნდაც კიდევ ერთხელ, როგორ ჩამოგაქვეითეს რიგითად!

_ არ ღირს, _ იპრანჭება იურა, _ მე ხომ უკვე მოგიყევით… მით უფრო, რომ ეს იყო ჩვენი გონებაჩლუნგი გენერლის საპირველაპრილო ხუმრობა. სხვა რამეს მოგიყვებით, აჯობებს…

ცოტა ხანს დააყოვნებს და დაიწყებს ასე:

_ ჩვენი შთამომავლები მეცოდებიან. მოატყუეს და ცხოვრების ორიენტირებიც კი წაართვეს. რატომღაც შთააგონეს, რომ ჩვენი ქალაქის ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდი იყო მიშკა იაპონჩიკი, პოეტებისა და კომპოზიტორების მიერ ხოტბაშესხმული. მაგრამ ეს ხომ ასე არ არის! ყველაზე თავხედური თავდასხმა ოდესაში მას არ განუხორციელებია. ეს გააკეთა კოლია რეპანიმ თავის ბრიგადასთან ერთად 1991 წელს. ივნისის იმ დილით თანამებრძოლებთან ერთად ქალაქში მისეირნობდა მაგარი ჯიპით, რომელიც ნიკოლაევიდან ვიღაც შემოფრენილისგან ჰქონდა ნაყიდი… ორ რუბლად და ოცდაათ კაპიკად. და უცებ, ზედ ქალაქის ცენტრში უბრძანა შოფერს, დაემუხრუჭებინა.

_ ეს რა ქოხმახი დაუყუდებიათ აქ, _ დაინტერესდა კოლია, _ სინაგოგას გვერდით რომ უდგას, მე კი სახეში შემომცქერის?! შეხედე, რა მაგარია… უწინ რაღაც არ შემინიშნავს…

_ ამ ქოხმახს, უკვე ნახევარი წელიწადია, ვმწყემსავ, _ უპასუხა შოფერმა ლევა მარციპანმა, _ აშკარაა, რომ ვიღაც მაგრები იშენებენ. კერძოდ ვინ _ უცნობია. დღეს კი, ხედავ, ხარაჩოები მოუხსნიათ, ღობეც მოურღვევიათ, სახლდებიან.

_ ტკბილები არიან, _ განსაზღვრა კოლიამ, _ აბა, წავიდეთ, გავიცნოთ საქმიანი კაცები.

შეერივნენ მუშებს, რომლებსაც ავეჯი შეჰქონდათ და მეორე სართულზე, პირველსავე კაბინეტში შევიდნენ. იქ პატარა მაგიდას მიჯდომოდა მორიდებულად ჩაცმული ახალგაზრდა და ეუფლებოდა იმ დროისთვის არნახულ უცხოურ მოწყობილობას სახელწოდებით “ტელეფონი-ფაქსი”.

_ აი, ჩვენც გეახლეთ! _ მხიარულად განაცხადა კოლია რეპანიმ და თავისუფლად მოკალათდა მაგიდაზე, უშუალოდ იმ ხელსაწყო-მოწყობილობის გვერდით, _ რაო, საქმიანებო, გაიხსენით, მაშასადამე… დაიწყებთ აქ კომბოსტოს ფურცლების (ე.ი. ფულის) ხარშვას და შემდეგ საზღვარს იქით, ოფშორებში გაზიდვას… საქმე, რა თქმა უნდა, კარგია. ხალხი მადლობას გეტყვით… მაგრამ ვინ უნდა “დაგკრიშოთ”?

_ ჩვენ უკვე… ერთი კვირის წინათ გადაგვხურეს, _ გაიკვირვა ახალგაზრდამ, _ კანალიზაციაც კი გაიყვანეს… შელამაზებაღა აკლია…

_ რაო? _ ჩაეკითხა რეპანი.

_ რადა, მოლდაველებმა სახურავიც დაგვადგეს და კანალიზაციაც გაგვიყვანეს. ახლა შეალამაზებენ. შეღებავენ… შეათეთრებენ…

_ შენ რა, საქმის კაცო, სუფთა ბითური ხარ? _ ანერვიულდა კოლია რეპანი, _ შენ რა, მართლა არ იცი, რას ნიშნავს “კრიშა”? ის, რომელზეც შენ ბაზრობ, წვიმისგან თუ დაგიფარავთ. შეიძლება, არც დაგიფაროთ, რადგან მოლდაველების გადახურულია. მე შენ სხვა “კრიშაზე” გეჩიჩინები! რომელიც თქვენ ყველა გაიძვერისგან დაგიცავთ _ შემოფრენილებისგან და თავგასულებისგან! და ეს “კრიშა” შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ ვიყოთ. მე ვარ კოლია რეპანი, _ ამაყად წარუდგა იგი, _ ოთხჯერ გავიქეცი ბუტირკიდან. მენტები დღემდე მეძებენ. ის _ ლევა მარციპანია! რვაჯერ თავს დაესხა ინკასატორებს, აქედან შვიდი მისი სრული გამარჯვებით დამთავრდა და მხოლოდ ერთი, უკანასკნელი, _ ფრედ…

_ ეს როგორ? _ გაუკვირდა ოფისის თანამშრომელს.

_ ნახევარი ფული _ მას, ნახევარი _ გაქურდულ ინკასატორებს… ნაკლებზე არ დათანხმდნენ… დასასრულ, ჩვენი დამკვრელი ძალა: ძმები მედვედჩუკები _ ვასილი და სტეპანიდა. ნუ გაეჭვებს, რომ ქალია. “გაჭენებულ ცხენს გააჩერებს…” არ გისწავლია სკოლაში?! ზუსტად მასზეა დაწერილი. ავიღოთ მაგალითად იპოდრომის გაქურდვის საქმე… მილიონ დოლარად შეფასებული არაბული ბედაური დოღის დროს ერთი ხელით დაამუხრუჭა _ მას მერე აღარავის უნახავს! მოკლედ, გადაუხდი ჩვენს ბრიგადას ხუთ ათას დოლარს ყოველთვიურად და არც ერთი ბანდიტი არ გაგეკარებათ! თავად დაიწყებთ ძებნას _ ვერ იპოვით.

_ საერთოდ ჩვენს კანტორას საპირისპირო ამოცანები აქვს, _ შენიშნა ახალგაზრდამ.

_ ბევრს იბაზრებ, ხუთს კი არა, ათ ათასს გადაიხდი! _ მიაწვა ტემპერამენტიანი მარციპანი.

_ აბა, დააყე! _ დააშოშმინა მარციპანი რეპანიმ, _ რას ნიშნავს, რომ თქვენ საპირისპირო ამოცანები გაქვთ? რაღაც ვერ გავიგე… რა კანტორა გაქვთ ასეთი?

„როცა ისინი გადაყლურწავენ ღვთიურ სასმელს და ერთმანეთისთვის მორიგი ამბის მოსაყოლად განეწყობიან, ზუსტად მაშინ უნდა აღმოაჩინე მათ გვერდით“
„როცა ისინი გადაყლურწავენ ღვთიურ სასმელს და ერთმანეთისთვის მორიგი ამბის მოსაყოლად განეწყობიან, ზუსტად მაშინ უნდა აღმოაჩინე მათ გვერდით“

_ ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის საქალაქო განყოფილება… შენობა გვაქვს ახალი და შესასვლელთან ფირნიშის გაკვრა ვერ მოვასწარით…

_ დანარჩენი გასაგებია! _ ალაპარაკდა ყველა, ვინც პოლკოვნიკ სემისტაკაშინის საუბარს უსმენდა, _ შემოიჭრნენ ოპერმუშაკები, ბანდიტები დააპატიმრეს. ასეა?

_ მთლად ასე არ იყო, _ მორცხვად დახარა თვალები მთხრობელმა, _ ხომ გითხარით, იყო 1991 წელი… ჩვენი განყოფილება ფეხზე წამოდგომას იწყებდა. ასე რომ, კოლია რეპანისა და მის ბრიგადას გარკვეულ ხანს ფულს ვუხდიდით… მაგრამ შემდეგ, როგორც ამბობენ, ფრთები შევისხით და ახლა ჩვენ “ვკრიშავთ”, ვისაც გვსურს.

_ კოლიას რაღა დაემართა? _ დაინტერესდა სახლის პატრონი და ჭიქები მაჭრით შეავსო.

_ კოლიაზე საერთაშორისო ძებნა გამოვაცხადეთ, _ უპასუხა პოლკოვნიკმა, _ მე პირადად ვხელმძღვანელობ მის დაჭერას. იგი კი, თითქოს ცამ ჩაყლაპა ან მიწამ უყო პირი, არსად ჩანს ნამუსგარეცხილი.

ისეთი ვინ არის ეს თქვენი რეპანი? _ იკითხა მაგიდას მიმსხდართა შორის ერთ-ერთმა, _ არაფერი მსმენია ოდესაში მაგნაირზე.

_ გეყო, რა, _ ხელი ჩაიქნია მთხრობელმა, _ რეპანის შესახებ არაფერი გაუგია! წარმოუდგენელია. მთელი ქალაქი იცნობდა. ხუჭუჭთმიანია, ნაიარავებით სახეზე. რაო, არასოდეს გინახავს? ა, ბატონო, აგერ მოდის, _ მოულოდნელად დაამთავრა პოლკოვნიკმა და აგარაკის ღობის იქით გაახედა მსმენელები, _ ხედავთ? ცოლითა და შვილით. პლიაჟზე მიდიან უთუოდ, გასარუჯად. გეუბნებით: მოუხელთებელია! ჩვენ ინტერპოლიც კი ჩავრთეთ. უშედეგოდ… ე-ე-ე! ნიკოლაი კოსტოვიჩ! _ დაუძახა პოლკოვნიკმა კაცს, რომელიც ღობის გასწვრივ მიდიოდა, _ ნუ გაანაწყენებ კომპანიას! როგორც ამბობენ, “მობრძანდით ორკესტრში”, დააჭაშნიკეთ ღვინო!

კოლია ცოლთან და ბიჭთან ერთად ეზოში შევიდა.

_ იმედია, აქ არ აპირებთ მის დაპატიმრებას? _ მიმართა პოლკოვნიკს აგარაკის პატრონმა.

_ თქვენ გგონიათ, რომ ველური ვარ? _ აღშფოთდა პოლკოვნიკი, _ ეგებ, ოდესის ჩვეულებების არაფერი მესმის?! ფონტანკის აგარაკი ჯუნგლების წყალსატევივითაა. აქ მოდიან მხეცები, მაჭარს სვამენ და არავინ არავის ხელს არ ახლებს. ერთმანეთის ჭამას შემდეგ ვიწყებთ, როცა აქედან შინ მივდივართ, ვიწყებთ შრომას და კვლავ ადამიანებად გარდავიქმნებით. გესმის, კოლია გენაცვალე, _ მიმართავს პოლკოვნიკი წარმოსადეგ მამაკაცს, რომლის სახესაც ნაჭრილობები გადასერავდა და რომელიც მაგიდას მიუახლოვდა, _ სიმპათიური ვაჟი გყავთ თქვენ და ფიმას… დიდი ხნის წინათ მინდოდა მეკითხა, რატომაა თქვენი ჯიშისას რომ არ ჰგავს? თქვენ და ფიმა _ ორივენი შავთმიანები ხართ, ცხვირები კეხიანები გაქვთ. ის კი ქერათმიანი და ცისფერთვალებაა, ცხვირი _ კარტოფილივით… გამოხუხული ფინელია, ჩემმა მზემ…

_ ო, _ მოულოდნელად გაუბრწყინდა სახე კოლიას და თავის ცოლს მიმართა _ მე რას გეუბნებოდი? რა თქმა უნდა, სუფთა ფინელია! ის კი, იცი, რას მეუბნება: რას ბჟუტურობ, ნიკოლაი? რა უგავს ფინელს? ახლოდან დააკვირდი… ზედგამოჭრილი შვედია”.

_ შვედია და ეგ არი! _ დაუდასტურა ფრიდამ, _ ნუ მეკამათები, ნიკოლაშა!

_ მე კი შენ გეუბნები, ფიმოჩკა, ფინელია!

კამპანია გაოცებული უსმენდა უცნაურ კამათს მეუღლეებისას, რომელთაც აშკარად უყვარდათ ერთმანეთი.

_ თქვენს ოჯახში საიდან აღმოჩნდა? _ ვერ მოითმინა, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ.

_ ამის თქმა ძნელია, _ დაფიქრებით თქვა კოლიამ, _ ქალაქი საპორტოა… შენ კი, შვედოფინელო ჩვენო, _ მიმართა თავის ნაშიერს რეპანიმ, _ წადი და ქვიშაში ითამაშე, მე აქ ადამიანებს ამბავს მოვუყვები… ესე იგი, რა იყო და რა მოხდა? _ განაგრძო, ცოლთან ერთად მიუჯდა მაგიდას და თან ვარდისფერი, ქაფქაფა “იზაბელათი” შეავსო ბოკალები, _ მახსოვს, ჩვენი ბიჭუნა სამშობიარო სახლიდან რომ გამოგვყავდა, მე და ჩემს ცოლს ბავშვივით გვიხაროდა. ჰერკულესი იყო! ცოცხალი წონა _ ოთხი კილოგრამი! ნახევარი წლისამ გაიარა! შვიდი თვისამ სიფათში ისეთი მთხლიშა, რომ ოთხი კბილი გამიხდა ჩასასმელი! ხარობდა გული! მაგრამ წლი-ნახევრის რომ გახდა, ვხედავთ, მართლაც, როგორც პოლკოვნიკმა თქვა, ჩვენს პატარას გარეგნობა ჩვენი ოჯახისგან განსხვავებული, იმქვეყნიური უყალიბდებოდა. ჩემს ფიმოჩკაში, რასაკვირველია, დარწმუნებული ვარ. დავვეჭვდი სამშობიარო სახლზე! მთავარ ექიმს ყელში ვეცი: _ ეგებ, ვეუბნები, შენ აქ რაღაც აგერია? _ როგორ გეკადრებათ, _ ხრიალებს მთავარი ექიმი, _ ნიკოლაი კოსტოვიჩ, მიკვირს, ასეთი აზრი როგორ გაგიჩნდათ! ექიმი კედელს მივაყუდე. გამოტყდი, ვეუბნები, მშობიარობის დამხმარე უმაქნისო! ალაპარაკდა! მეუბნება: _ როგორც კი თქვენი მეუღლე ჩვენთან მოიყვანეს, ატყდა ზარის რეკვა _ ყოველ წუთს. თავიდან თქვენმა ამხანაგმა ბანდიტებმა, ბოდიშს გიხდით, შემდეგ მილიციიდან დარეკეს, შემდეგ პროკურატურიდან, შემდეგ… თქმისაც კი მეშინია, რომელიღაც მაღალი ინსტანციიდან… და ყველა გვაშინებდა, გვემუქრებოდა სერიოზული უსიამოვნებებით: _ თქვენო, _ ამბობდნენ, _ აზრზე ხართ თუ არა, რომ თქვენთან თვით კოლია რეპანის მეუღლე აპირებს, მემკვიდრე მოუვლინოს. ასე რომ, ფრთხილად იყავით! ყველაფერი უმაღლესი კლასით რომ გაკეთდეს! მოკლედ, იმ ღამეს შვიდი ბიჭი დაიბადა… კოლეგებმა მოვითათბირეთ და მოგეცით ყველაზე საუკეთესო… რა უნდა მექნა? _ კოლიამ თვალი მოავლო პატიოსან კომპანიას, რომელიც ამ ამბავმა ცოტა გამოაშტერა, _ ხომ არ მოვკლავდი ამ შეშინებულ იდიოტს… მით უფრო, რომ შევეჩვიეთ ამ ბიჭს. შეგვიყვარდა, როგორც საკუთარი შვილი.

მოკლედ, მაგარი ბიჭი გამოგვივიდა, _ განაგრძო კოლიამ, _ მერე რა ჭკვიანია! ექვს-ნახევარი წლისა მესამე კლასში გადავიდა! განსაკუთრებით უცხო ენები ეხერხება. ერთი ეგაა, რომ რუსულში ეჭედება. შვილიკო! აბა, მოდი აქ და სადღეგრძელო უთხარი ადამიანებს.

_ გისურვებთ, რათა ყველა კარგა გამოიძინოთ! _ წარმოთქვა ბიჭუნამ და ასწია ბოკალი, რომელიც “იზაბელათი” იყო სავსე.

_ მას უნდოდა ეთქვა, გისურვებთ კარგად დაისვენოთო, _ გადათარგმნა კოლიამ.

მეინახეებმა სუფრის თავზე ბოკალები ენთუზიაზმით მიაჭახუნეს.

თარგმნა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here