ეროვნული გამოცდები დასრულდა და შედეგებიც გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ ქართულ ენაში მაქსიმალური ქულა მხოლოდ 85-მა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო ინგლისურ ენაში _ 1085-მა…
“ქართული ენა” საგანთა საგანია” _ ასე გვასწავლიდნენ იმხანად, როდესაც “რუსები ენას გვართმევდნენ”… რა ხდება დღეს, რატომ აღარ იციან ქართული ენა ახალგაზრდებმა, რატომ აღარ არის პრიორიტეტული მშობლიური ენის ცოდნა? _ ამ მნიშვნელოვან თემაზე პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი გვესაუბრება:
_ საქართველოში სასწავლო პროცესი არასწორად არის დაგეგმილი და სწორედ ესაა ჩვენი ახალგაზრდების უცოდინარობის სათავე. ქართული, როგორც საგანი, პრიორიტეტული არ არის არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენდა სამწუხაროდ, პრიორიტეტული უცხო ენაა.
2005 წელს იმდროინდელმა საგანმანათლებლო რეფორმამ ქართულ ენას სერიოზულად დაარტა, რაც დღემდე ვერ გამოვასწორეთ.
რამდენიმე წლის წინათ მწერალი კოტე ჯანდიერი წერდა: წავიკითხე კვლევის შედეგები და რამდენიმე ქვეყანასთან შედარებით ჩვენი მონაცემები მშობლიური ენის ცოდნის შესახებ კატასტროფულიაო, დღესაც იგივე ვითარებაა, არაფერი გამოსწორებულა.
მომზადდა კანონი სახელმწიფო ენის შესახებ და მის მიხედვით შემუშავდა სახელმწიფო ენის სტრატეგია. კანონი 2015 წელს მივიღეთ და სტრატეგია სამი წლის წინათ შემუშავდა. უნდა შექმნილიყო ენის დეპარტამენტი, რომელიც დაგვიანებით შეიქმნა, ენის დეპარტამენტს უნდა შეედგინა პროგრამა, არ გაკეთდა ეს პროგრამა, მაგრამ შეიქმნა სტრატეგია და სტრატეგიაში ჩაიწერა შედეგები _ საქართველოში კატასტროფულია მშობლიური ენის ცოდნის დონე, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა, ნაბიჯიც არ გადადგმულა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
წელს, 12 აპრილს, გამოვაქვეყნე წერილი სათაურით “სათოთხმეტაპრილო ფიქრები” და მივმართე საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ვწერდი, რომ შემუშავებული კანონი არ მუშაობს, არადა, კანონი, რომელიც არ მუშაობს, კანონი არ არის. ვწერდი, რომ 2005-2006 წლებში წამხდარი საქმე სახელმწიფო ენის სწავლებისა დღემდე არ გამოსწორებულა და იქვე დავსვი შეკითხვა: როდესაც კანონი მოითხოვს ხელისუფლებისა და სასწავლო დაწესებულებებისგან “რაღაცას” და არ სრულდება, ვინ არის პასუხისმგებელი? კანონზე ზემოქმედებისა და მეთვალყურეობის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ის არ იყენებს ამ უფლებას. არ მახსოვს, ოდესმე ამ საკითხზე პარლამენტში მსჯელობა ყოფილიყო.
1978 წლის 14 აპრილს რაც მოხდა, ყველამ ვიცით, ამის საფუძველზე 1981 წლიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ყველა ფაკულტეტზე შემოიღეს სავალდებულო კურსი სახელმწიფო ენისა. 2005 წელს ქართული ენის სავალდებულო კურსი გააუქმა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, გააუქმეს არა მხოლოდ ეს, ბევრი რამ წაახდინეს სახელმწიფო ენის სფეროში. იმხანად, ამბავი რომ ატყდა, განათლების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიგი თევზაძემ გვითხრა: “ჩვენი მიზანია, სახელმწიფო ენა იყოს ინგლისური ენა” და, სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი უბედურებაც… ამაზე ერთი ამბავი ატყდა, ბევრიც დაიწერა, მაგრამ უშედეგოდ.
ქართული ენა, როგორც საყოველთაო საგანი, გაუქმდა 2005 წელს და დღემდე ვერ მოხერხდა მისი აღდგენა. რატომ ვერ მოხერხდა, ამაზე პასუხი არ მაქვს, ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოსა და განათლების სამინისტროს.
_ ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ “ქართული ენა საგანთა საგანია”…
_ დიახ, ეს ასეა და ასე უნდა იყოს, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, სულ “ენა, მამული, საწრმუნოება” აკერიათ პირზე, მაგრამ ამისთვის არაფერი კეთდება.
სკოლაში შეერთდა ორი საგანი. ადრე ცალ–ცალკე ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა. ახლა დაარქვეს “ქართული”. რა ქართული?! ქართულია ყველაფერი, რაც ქართულია. ქართულ ენასა და გრამატიკას ცალკე საგნებად აღარ ასწავლიან. ბოლო პერიოდში არ გამიგია, რომ რომელიმე მასწავლებელი ქართულის გაკვეთილზე ქართულ ენას ასწავლიდეს ცალკე, სრულყოფილად, ამისთვის დროს არ იტოვებენ. გადის დრო და ველოდებით, როდის გაიყოფა ეს საგნები და ცხრილში ცალ–ცალკე ჩაიწერება, მაგრამ ამაოდ. ეს მხოლოდ დაპირებაა…
სამი-ოთხი წლის წინათ პირადად ჩავატარე კვლევა, რუსთაველის საზოგადოება მეხმარებოდა. პირველკურსელები გამოვკითხე. დავწერე წინადადებები, გავუსვი ხაზები და დავსვი შეკითხვები: რომელ რიცხვში, ბრუნვასა და მწკრივშია ხაზგასმული სიტყვები. კატასტროფული შედეგები მივიღეთ. ზმნა ოთხმოცმა პროცენტმა ვერ გამოიცნო, აღარ ვლაპარაკობ რიცხვსა და ბრუნვაზე. გრამატიკის ცოდნაზე არ ვსაუბრობ, ელემენტარულ მართლწერაზეა საუბარი, ეს ხომ აუცილებლად უნდა იცოდნენ…
კვლევის შედეგები გავაცანით ყველას, ვისაც უნდა სცოდნოდა, და სტრატეგიაშიც ჩავწერე, მაგრამ შედეგი არ არის. კვლევა ჩატარდა პირველ კურსზე, მათ ახალი დასრულებული ჰქონდათ სკოლა და ჩაბარებული მისაღები და გამოსაშვები გამოცდები, კვლევა ჩატარდა თბილისისა და ქუთაისის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში მაღალქულიან სტუდენტებს შორის. მათ ვერ შეძლეს ელემენტარულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. მაგალითად, გეტყვით, რომ სტუდენტებმა ვერ შეძლეს პასუხი გაეცათ შეკითხვაზე: რომელ საუკუნეში დაწერა ილია ჭავჭავაძემ “აჩრდილი”? ანუ ეს იყო ირიბი შეკითხვა, თუ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ილია. პასუხები გაინტერესებთ? _ მეშვიდე, მერვე საუკუნიდან დაწყებული მეოცეს ჩათვლით ყველა საუკუნე დაასახელეს… აი ეს შედეგი გამოქვეყნდა, მაგრამ ყურიც არავინ შეიბერტყა…
ილიამ ბრძანა: “დაუდევრები ვართ ჩვენ, ქართველები, და ეს დაუდევრობა მოგვიღებს ბოლოს”-ო. ჩვენ მაშინ ვიყავით ყოჩაღები და ვიბრძოდით ქართული ენისთვის, როდესაც გვეგონა, რომ რუსი გვართმევდა ენას, მაგრამ დღეს ჩვენი ნებით ვკარგავთ მშობლიურ ენას.
თქვენი გამოცემის საშუალებით კვლავ ვუსვამ შეკითხვას მათ, ვისაც ხელეწიფება პრობლემის მოგვარება: ის, რაც წაუხდინეს ქართულ ენას სწავლებაში 2005-2006 წლებში, რატომ არ აღდგა დღემდე, რა უშლის ხელს მის აღდგენას? რატომ არ სრულდება სახელმწიფო ენის კანონის მოთხოვნები, რომ შედგეს ეროვნული პროგრამა და სწავლების საკითხი იყოს მსჯელობის თემა?
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი