დასავლეთში, განსაკუთრებით _ ევროპაში, ბოლო პერიოდში მიმდინარე იდეოლოგიური გარდაქმნების მიუხედავად (რაც უკვე კონკრეტულ ციფრებსა თუ სტატისტიკაში აისახება), 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ იცვლება.
როცა საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში თანამედროვე “ნეოლიბერალური” ისტებლიშმენტის იდეოლოგიური აღსასრული შეუქცევად პროცესად იქცა, ხოლო ულტრანაციონალური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ დროის საკითხია, აქ ძალაუფლებას კვლავ ინაწილებს დასავლური “ნეოლიბერალური” დისკურსის განუხრელად გამგრძელებელი ორი სუბიექტი _ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. მეტიც, ბოლო არჩევნების შემდეგ მათი პოლიტიკური მონოპოლია ისე განმტკიცდა, რომ განსხვავებული და, მით უფრო, ეროვნული იდეოლოგიური ხაზის გამტარებელი სუბიექტების მონაწილეობა ქვეყნის მართვაში პრაქტიკულად გამოირიცხა. შეიძლება ითქვას, რომ “დემოკრატიული” არჩევნების შემდეგ ხელისუფლების არც ერთ შტოში წარმოდგენილი არ არიან მოსახლეობის ნების გამომხატველი ეროვნული ელემენტები… რა განაპირობებს დღეს ჩვენს ქვეყანაში ამა თუ იმ ძალის წარმატებას ან წარუმატებლობას არჩევნებში, ვინ ან რა ქმნის რეალურად პოლიტიკურ დღის წესრიგს და რატომ არ მოჰყვა აქ ადეკვატური გამოძახილი ევროპაში ნაციონალისტური ძალების მომძლავრებას? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პარტია “დემოკრატიული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
_ ბატონო გიორგი, ნებისმიერი არჩევნები ამა თუ იმ რეალობას, პოლიტიკურ კონფიგურაციას ქმნის და წარმოაჩენს საზოგადოების განწყობას. რა დაგვანახვა 21 ოქტომბრის არჩევნებმა, რა დასკვნები გამოიტანეთ?
_ აქ ჩანს ერთი რამ, რაც ძალიან სამწუხაროა და, გარკვეულწილად, ელექტორატის პრობლემაც არის _ ის ადამიანები, რომლებიც ხოცავდნენ ხალხს, არბევდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და, ფაქტობრივად, ქილერების პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნიდნენ, დღეს იღებენ ხმების 17 პროცენტს, ზოგი _ 10 პროცენტს… ანუ გარკვეულწილად ჩვენ დღეს მაინც ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, რომელსაც შეუძლია ხმა მისცეს მკვლელებს, ქილერებს _ გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს, უგულავასა და სხვებს. ეს ერთი და მეორეც _ კალაძეს, თუნდაც იგივე ტელეკომპანია “იმედის” ეგზითპოლების მიხედვით, რომელიც არ გავიდა რვა საათზე, ჰქონდა 44 პროცენტი, მაგრამ “რუსთავი 2”-მა გამოიყენა ერთგვარი ჟურნალისტური ხრიკი და ორი წუთით ადრე გაუშვა “კურიერი” ეთერში, “იმედისთვის” რომ დაესწრო. აი, აქ ვიხილეთ სენსაცია _ გამოაცხადა კახა კალაძის 56 პროცენტი და ამით პირველივე ტურში გაუნაღდა მას გამარჯვება. ამის შემდეგ “იმედმა”, ბუნებრივია, ვეღარ გაუშვა თავისი ეგზითპოლის შედეგები ეთერში იმიტომ, რომ სულ სხვა რამეს ელოდნენ. ელოდნენ, რომ “რუსთავი 2” “ოცნების” კანდიდატს ტრადიციულად დაუწერდა 37 პროცენტს ან 38-ს და ატეხეს რეკვა ხელისუფლებაში, _ რა ვქნათო. ბოლოს, ეტყობა, მაინც მოახერხეს შეთანხმება და 11-ის ნახევარზე გამოაცხადეს კალაძის 54 პროცენტი. რატომ გაკეთდა ეს, “რუსთავი 2” -მა რატომ ჩააგუბებინა პირში წყალი “ნაციონალურ მოძრაობას” და მის განაყოფებსაც? ეს მოხდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ამ პოლიტიკურ პროცესებში “ოცნებას” კიდევ ერთი პაიკი ჰყავდა _ ალეკო ელისაშვილი. აი, ზუსტად ამ ინტერესს მოარგეს ყველაფერი _ მთავარი იყო, ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე _ ალეკო ელისაშვილი თუ ზალიკო უდუმაშვილი, მაგრამ “რუსთავი 2”-მა, რომელმაც, უდუმაშვილის მეორე ადგილზე გასაყვანად კალაძეს პირველივე ტურში გაუნაღდა გამარჯვება, ვერ გათვალა ერთი რამ: ივანიშვილი არის ჩვეულებრივი გადამგდები. სხვათა შორის, არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომლის გამოც ივანიშვილმა გადააგდო “რუსთავი 2”: მან იცოდა, რომ უდუმაშვილი კალაძეს გამარჯვებას არ მიულოცავდა. ან როგორ გააკეთებდა ამას, მიულოცავდა და, სააკაშვილი ორივე ყურს აახევდა. თუ დააკვირდით, ოფიციალურ მილოცვამდე ალეკოსა და ზალიკოს ერთნაირი პროცენტები ჰქონდათ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ალეკომ იჩქარა და მიულოცა კალაძეს გამარჯვება, ზალიკოს დაუწერეს დაახლოებით ერთი პროცენტით მეტი… აი, ასეთი ტექნოლოგიებით კეთდება აქ არჩევნები და ეს არის სრული კატასტროფა. დღეს ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული, ამ ჩალის შემომტანი და მფობელი კი ბიძინა ივანიშვილია. ბიძინას ჩალა ახურავს საქართველოს…
_ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თითოეული ახალი არჩევნები ქვეყანაში არის კიდევ უფრო დემოკრატიული, რაც აუცილებლად დაფასდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. როგორ დაგვიფასებენ ამ არჩევნებს და რა პოლიტიკურ დივიდენდებს ელოდება ან შეიძლება ელოდებოდეს ხელისუფლება? პრემიერი, გასაგებია, რომ აღფრთოვანებულია.
_ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშია და კვირიკაშვილისგან მსგავსი რამ არ უნდა გაგვიკვირდეს. სხვანაირად ვერც იტყვის. რაც შეეხება დივიდენდებს, არ ვიცი, ვინ რას ელოდება და რას მიიღებს, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ხელისუფლება გარიგებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელსაც არაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ მეორე ადგილზე გავიდეს და ევროქოცებმა არ გადაასწრონ; ხოლო, თავის მხრივ, ევროქოცები ცდილობენ, “ნაცმოძრაობას” წაართვან “მთავარი ოპოზიციური ძალის” სტატუსი. ამ ყველაფერს უფრო ცხადად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დავინახავთ. იცით, ვინ გავა მეორე ადგილზე საპრეზიდენტო არჩევნებში? _ დავით ბაქრაძე, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” კანდიდატის შემდეგ. ამით მოხდება “ნაციონალური მოძრაობის” ჩანაცვლება და მეორეადგილოსანი გახდება ევროქოცი. კონკრეტულად როგორი კონფიგურაციით დაჯდება ეს ყველაფერი, ამაზე ჯერ ადრეა საუბარი.
_ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლის პერსპექტივა თუ დაინახეთ ამ არჩევნებში? რატომ გეკითხებით: დასავლეთში და განსაკუთრებით ევროპაში დღეს გარდაქმნების პროცესი მიდის. ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური (და არა მხოლოდ) მიმართულება, იქ წამგებიანი გახდა. გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია ამის ნათელი მაგალითებია არჩევნებში მოპოვებული შედეგებით… ჩვენთან რატომ რჩება ეს იდეოლოგია დღემდე ხელისუფლებაში მოსვლის ან კონკრეტული სუბიექტისთვის პოლიტელიტაში მოხვედრის ერთადერთ წინაპირობად?
_ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში, ფაქტობრივად, მიწაში ჩაფლეს კონსერვატიზმი და გადაერთვნენ ლიბერალიზმზე, მაგრამ დღეს ეს ლიბერალიზმი მათთვის გულისამრევი გახდა. რატომ? _ იმიტომ, რომ კარგავენ ყველაფერს, რაც მათ ეროვნულობას, სახელმწიფოებრიობას, უნიკალურობას წარმოაჩენდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა ევროპა გახდება ისევ კონსერვატიული და ტრადიციული. ეს გარდაუვალია, ვინაიდან “ლიბერალიზმი”, როგორც იდეოლოგია, ახლა თვითგანადგურების შეუქცევად რეჟიმშია.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან, საბედნიეროდ, დღეს საზოგადოების 90 პროცეტი ეროვნული ცნობიერების მქონეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეცდომები დავუშვით. მაგალითად, ყველას გვეგონა, რომ სააკაშვილის პარტია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” დაარქვეს, ეროვნულ იდეოლოგიას გაატარებდა, მაგრამ ხელში შეგვრჩა საპირისპირო რამ, ანუ, რაც თავდაპირველად იყო ხუთჯვრიანი დროშა, ჰიმნი და ა.შ. აღმოჩნდა შირმა, რომლითაც შემოგვასაღეს ეს პარტია. შემდეგ, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა “ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე ეროვნულ ღირებულებებზე საუბრობდა, ისევ მოვტყუვდით. ხალხმა დაიჯერა, რომ ის საფუძვლიანად შეცვლიდა ყველაფერს. ეს რწმენა ვერც იმან შეარყია, რომ კოალიციაში შედიოდნენ ისეთი სუბიექტი, როგორიცაა რესპუბლიკური პარტია. ხალხი, ფაქტობრივად, დაბრმავდა და მივიღეთ რა? ადამიანებმა, რომლებიც გამოდიოდნენ ინიციატივით, დეპუტატებს ეროვნული ტანსაცმლით ევლოთ პარლამენტში, მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და მაშინ არც ერთ მათგანს არ გახსენებია ჩოხა და ჩიხტიკოპი. დღეს კი, იმ ჩოხიან–ჩიხტიკოპიანი გოგო–ბიჭების მიერ მიღებული “ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის” გამო, ჩემს შვილს დეკლარირებულმა გეიმ რომ ასწავლოს, არ გვაქვს ისმის თქმის უფლება, რომ ეს ადამიანი მოაშორონ სასწავლო დაწესებულებიდან. რომ ვთქვა და ის გააგდონ, სკოლას დახურავენ.
_ რესპუბლიკური პარტია ახსენეთ. ამ არჩევნებზე მან სრული კრახი განიცადა, თუმცა მისმა ერთ–ერთმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილაო. მისი თქმით, მომავალში რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებსა და 2020 წლის არჩევნებისთვის უკვე სულ სხვა შედეგი ექნებათ. რეალურად რა პერსპექტივა აქვს რესპუბლიკური პარტიის მსგავს პოლიტიკურ სუბიექტს?
_ რესპუბლიკური პარტია არის ჩვეულებრივი მუკი, ანუ მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, რომელიც გათვლას აკეთებს მხოლოდ “ლიბერალურ” ელექტორატზე. მათ აქვთ იმედი, რომ ეს ელექტორატი, ჯამში, ხუთ პროცენტზე მეტი იქნება, ამიტომ გადაწყვიტეს, ყველა “ლიბერალურ” პარტიას გაუსწრონ და ისეთები თქვან, რომ ყველაზე რადიკალი “ლიბერალები” მიიმხრონ. ზუსტად ამ მიზნით დაიწყეს ეკლესიისა და სამღვდელოების პირდაპირი ლანძღვაც, მაგრამ საბოლოოდ ამან მაინც ვერ უშველათ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ასეთი დაუფარავი ანტიმართლმადიდებლური კამპანია არ არის საკმარისი ყველა აგრესიული “ლიბერალის” მისამხრობად, ვინაიდან პოლიტიკური არჩევანი კიდევ სხვა რამის გამოც კეთდება, ანუ არა მხოლოდ ლიბერალიზმის ან კონსერვატიზმის, არამედ გამოცდილების, წარსულის, ავტორიტეტისა და უამრავი რამის გათვალისწინებით. რაც შეეხება მოლოდინს, რომ 2020 წლის არჩევნებზე უკეთესი შედეგი ექნებათ, ჩემი აზრით, სრული ილუზიაა. დარწმუნებული ვარ, რეპუბლიკელები იმავე ჭაობში დარჩებიან, რომელშიც ახლა არიან, იმიტომ, რომ აღებული აქვთ ყველაზე ბინძური, გარყვნილი და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის შეურაცხმყოფელი პოლიტიკური კურსი…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია