Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ანდრიაძე: სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც საქართველოს...

გიორგი ანდრიაძე: სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც საქართველოს მტრებს ქართული პასპორტები დაურიგა

“მარგველაშვილი ბოკერიასა და სააკაშვილის სულიერი მეგობარია”

გიორგი ანდრიაძე

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ამხელს და ამბობს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა “საქართველოს ერთიანობის მტრებს” მოქალაქეობა მიანიჭა.

მისი თქმით, მარგველაშვილმა 2016-2017 წლებში საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ისეთ პიროვნებას (ეროვნებით თურქს) მისცა, რომელიც დაუფარავად აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი იდენტობით ქართველი არ არის. ანდრიაძის განმარტებით, ბრძანებულება, რომლის ძალითაც პრეზიდენტმა აღნიშნულ პირს მოქალაქეობა მიანიჭა, უნდა გასაჯაროვდეს. შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მან წინა კვირას ღია წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლის კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობას.

“სამწუხაროდ, იძულებული გავხდი, მომემართა თქვენთვის, ვინაიდან ამოვწურე ყველა კანონიერი მცდელობა, ინფორმაცია მიმეღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ. საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პიროვნებების მონაცემები, რომლებსაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭათ. ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის, არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას. სწორედ ასეთ პიროვნებას მიანიჭა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა”, _ ნათქვამია მიმართვაში.

რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ან უნდა ხელმძღვანელობდეს უმაღლესი მთავარსარდალი ამა თუ იმ პირისთვის მოქალაქეობის მინიჭება-არმინიჭებისას, რა “ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე” თურქეთის მოქალაქეს, რომელიც მეგრელს ქართველად არ მიიჩნევს და ისედაც დაშლილ-დაქუცმაცებულ სახელმწიფოში კიდევ სეპარატიზმის გაძღვივებაზე ოცნებობს? ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე.

_ ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განცხადება პრეზიდენტის მიერ საქართველოს მტრებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, ჯეროვანი რეაგირება ამაზე პირველი პირისგან ან მისი ადმინისტრაციისგან არ ყოფილა. მოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას: კონკრეტულად რაზეა საუბარი, ვის მიანიჭა პრეზიდენტმა მოქალაქეობა, ვინ არის ეს პიროვნება და რა საფრთხეებს შეიცავს ეს ყველაფერი?

_ მე ვიცი მხოლოდ კონკრეტული ფაქტი, რომლის შესახებაც განვაცხადე. საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა პიროვნებას, რომელიც არის ანტიქართულად განწყობილი, ის ლაზებსა და მეგრელებს ქართველებად არ თვლის და, საერთოდ, საქართველოს ერთიანობასაც არ აღიარებს.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილი არიგებდა ქართულ პასპორტებს და ათასობით უცხოელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, მიმაჩნდა, რომ ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის. მით უფრო, რომ მოქალაქეობას აძლევდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც, არათუ ქართული ენა არ იცოდნენ და ადათ-წესები, საერთოდ, რუკაზეც ვერ მოგიძებნიდნენ საქართველოს. კიდევ ვიმეორებ: ეს არის ჩემი მოსაზრება და ამ რეალობაში, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, არ შეიძლება, რამე კარგი დაინახო. რაც ყველაზე სამწუხაროა, ზუსტად იგივე პოლიტიკა განაგრძო მარგველაშვილმაც, თუმცა ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ეს საკითხი მას შემდეგ ამოტივტივდა, როდესაც ლაზებს უარი უთხრეს ორმაგ მოქალაქეობაზე. ახლა დანარჩენი თავად განსაჯეთ, ვინ იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას: ლაზები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს ენა და ეროვნული იდენტობა, თუ უცხოელი, რომელიც აშკარად გამოხატავს თავის ანტიქართულ დამოკიდებულებას, დაწყებული იმით, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოდ არ თვლის, დამთავრებული, საზოგადოდ, ქართველებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის სიძულვილით.

 _ ღია წერილში, რომლითაც თქვენ პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეთ, წერთ, რომ ამოწურეთ ყველა კანონიერი საშუალება, მიგეღოთ ინფორმაცია პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ. კონკრეტულად ვის მიმართეთ ამ ინფორმაციის მისაღებად?

_ მსგავსი ინფორმაციის ერთადერთი ცენტრი ქვეყანაში იუსტიციის სახლია. იქ მითხრეს, რომ ამ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. რატომ? _ იმიტომ, რომ კონფიდენციალურია (?!). არადა, უცხო ქვეყნების თითქმის ყველა მოქალაქეს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭეს “ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის”. ეს იყო საფუძველი და, უბრალოდ, მაინტერესებს, თუ ასეთი ღვაწლი აქვს ვიღაცას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ასეთი დამსახურება და ამაგი, არ უნდა ვიცოდეთ?! რატომ არის ეს ინფორმაცია კონფიდენციალური?!

 _ სააკაშვილმა თავის საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეები მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის მიეცა საქართველოს მოქალაქეობა. საუბარია დაახლოებით 10 ათას თურქზე, რომლებმაც უმოკლედ ვადაში აიღეს ქართული პასპორტები. ამ პასპორტებს დღეს მათ, ალბათ, ვერავინ წაართმევს.

_ სად წერია, რომ ვერავინ წაართმევს? ეს ზღაპარი მოიგონეს ისევ იმ ხელისუფლების ე.წ. იურისტებმა. ყველას ყველაფერს წაართმევ და ნაციონალიზაციის პროცესიც შეიძლება დაიწყოს. ასე რომ, როცა აშკარაა კანონის დარღვევა, სახელმწიფოს მოქალაქეობის ჩამორთმევაც შეუძლია და სხვა რამეც. მე თუ მკითხავთ, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ პიროვნების მიმართაც, რომელმაც კანონი დაარღვია და საქართველოს მტრებს ქართული პასპორტები დაურიგა.

_ სამართლებრივად ამის საფუძველი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ აქ სხვა მომენტია. ხომ არ გამოიწვევს ეს ჩვენი ე.წ. დასავლელი პარტნიორების გულისწყრომას და მეზობელი თურქეთის უკმაყოფილებას?

_ დასავლეთსა და თურქეთს შორის, მგონი, უკვე აღარ არის ძველებური ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში აშკარად ჩანს, რომ მათი აზრები დემოკრატიაზე არ ემთხვევა. მეორეც, უკანონო ქმედებაზე სამართლებრივმა რეაგირებამ რატომ უნდა გამოიწვიოს დასავლეთის გაღიზიანება, არ მესმის. თუ ვიღაცას უკანონოდ მიენიჭა მოქალაქეობა და ამით სახელმწიფოს ინტერესები დაირღვა, რეაგირება არ უნდა მოვახდინოთ?!

 _ პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას თხოვნით მიმართეთ, რომ გასაჯაროვდეს იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც 2016-2017 წლებში მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის სახლმა არ მოგაწოდათ შესაბამისი ინფორმაცია და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იძლევა პასუხს, საკანონმდებლო ორგანო მოახდენს რეაგირებას?

_ არ ვიცი, რაღაც იმედი ხომ უნდა არსებობდეს. წესით, მოვალეა, რეაქცია ჰქონდეს, რადგან მე სასწაულს არ ვითხოვ. მე ვითხოვ ერთადერთ რამეს _ პიროვნებების ვინაობის გამოქვეყნებას, რათა გავიგოთ, ვინ მიიღო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს და, თუ კანონში წერია, რომ ამის გასაჯაროება არ შეიძლება, მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ შეემატა მის ქვეყანას, როგორც თანამოქალაქე.

_ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დღეს არც ისე რთულია. იუსტიციის სახლის მეექვსე სივრცეში, შეიძლება ითქვას, მოზღვავებაა ქართული პასპორტების მომლოდინე უცხოელებისა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება საზოგადოებამ დაუპირისპიროს ამ პროცესს?

_ საზოგადოება უნდა იყოს ჩამოყალიბებული ამ საკითხზე და ამას დაუპირისპიროს მძლავრი პროტესტი. ასევე, უდიდესი როლი ეკისრება მედიას, ოღონდ მართლა დამოუკიდებელ მედიას და არა ლიბერალურ-გლობალისტურს, როგორიც დღეს ბევრი გვაქვს.

ერთ რამ მაინტერესებს და მინდა, შეკითხვით მივმართო მათ, ვისაც ეხება: მაინცდამაინც შაჰ-აბასისა და სულეიმან დამპყრობლის შთამომავალი უნდა იყოს კაცი, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს?! მხოლოდ მაგათ ეკუთვნით საქართველოს პასპორტი და ლაზებს არა?!

_ ლაზებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ხელისუფლება განმარტებას არ აკეთებს. რა არის ამის რეალური მიზეზი? რატომ ხდება, რომ ლაზს, რომელმაც, მიუხედავად დამპყრობლის მრავალსაუკუნოვანი ზეწოლისა, რაც დღემდე გრძელდება, შეინარჩუნა ყველანაირი ეროვნული იდენტობა, მოქალაქეობას არ აძლევენ, და თურქს, რომელიც პირდაპირ მტრობს ქართულ სახელმწიფოს, ლანგრით მიართვეს ქართული პასპორტი?

_ რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი: ეს იმიტომ ხდება, რომ გლობალისტები არიან და ლიბერალები, ეს მათთვის საამაყო ცნებებია.

პრეზიდენტს რაც შეეხება, მარგველაშვილი ბოკერიასა და სააკაშვილის სულიერი მეგობარია, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. უკუღმა ხედავენ ესენი ყველაფერს: შავს _ თეთრად და თეთრს _ შავად. მათთვის ქართული იდენტობა, თვითმყოფადობა, არაფერს ნიშნავს ს. აი, ამიტომ არის სულერთი ამ ადამიანებისთვის, ვის მიანიჭებენ მოქალაქეობას _ თურქს, არაბს თუ რომელიმე სხვა ერის წარმომადგენელს.

_ ამბობთ, რომ ეს პროცესები მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია?

_ რა თქმა უნდა. აბა, რა! შემთხვევით უთხრეს ლაზებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი?

_ ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩინელებისა და ინდუსების ჩამოსახლების საკითხიც?

_ რასაკვირველია, ამათ მოსახლეობის აჭრელება უნდათ და ამისთვის კეთდება ყველაფერი. სწორად გამიგეთ: მივესალმები ყველა კარგი ადამიანის, ყველა პროფესიონალის საქართველოში ჩამოსახლებას, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, მაგრამ საქართველოს რუკაზეც რომ ვერ მოგიძებნიან (არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართული ენა არ იციან და არც აპირებენ სწავლას), ასეთი ხალხი მოქალაქეობას ვერ უნდა იღებდეს. ასეთი ხალხი ძალიან დიდ საფრთხეს შეგვიქმნის და უკვე ის ერთი მოქალაქეც საფრთხეა, რომელზეც მე ვითხოვდი ინფორმაციას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს. როცა ასეთი მოქალაქეების რაოდენობა მოიმატებს და ბევრნი იქნებიან საქართველოში, ამ უბედურებას, რაც უკვე გვჭირს, მერე მივხვდებთ, მაგრამ დაგვიანებით…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here