13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი კი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული ასევე იწოდება სვეტიცხოვლობად.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”.
გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს _ ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ლეგენდის თანახმად, საფლავზე ამოსულა კვიპაროსის მშვენიერი ხე. მცხეთაში მისგან გამოკვეთეს პატიოსანი ჯვარი, რომლის აღმართვისთანავე ქართლში ყველა კერპი დაიმსხვრა.
როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება თავისი და სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილითა და გოდებით მოისმინა ძმისგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა, თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა. ელიოზმა და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.
სულთმოფენობის შემდგომ მოციქულებმა წილი ჰყარეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ქართლის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ მას მაცხოვარი გამოეცხადა და მისი ბრძანებით, ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოში საქადაგებლად წამოვიდა წმიდა ანდრია პირველწოდებული.
წმიდა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მოაქცია წარმართები, დაადგინა მღვდლები და დიაკვნები, აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და იერუსალიმში დაბრუნდა პასექის აღსასრულებლად.
ურჯულოთა ზედამდგომელობითა და წარმართთა შიშით ქართველებმა დაივიწყეს შემოქმედი თვისი და ჯვარცმული მაცხოვარი.
გავიდა ჟამი. სომხეთის მეფე თრდატის მიერ წმიდა ქალწულმოწამეთა მოწყვეტის შემდეგ, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ნინო ჯავახეთის მთებით ქართლში გადავიდა.
ამ დროს ქართლში მეფობდა მირიანი. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს, ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც ჰქონდა გაგებული.
ქართლში მოსული ნინო უბრნისში ჩავიდა და ურიათუბანში დასახლდა. ოციოდე დღის შემდეგ მთელი ქართლი დაიძრა წარმართული ღვთაების, არმაზის, დღესასწაულზე. დღესასწაულს მთელი სამეფო კარი ესწრებოდა. წმიდა ნინომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და არმაზის, გაცის და გაიამის კერპები სასწაულებრივ დაიმსხვრა. ნინო მცხეთაში დასახლდა. ის ყველას ეკითხებოდა კვართის ამბავს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არავის ახსოვდა. ამ ძიებაში ნინომ გაიცნო მცხეთელ ჰურიათა მღვდელმოძღვარი აბიათარი _ ელიოზის შთამომავალი, მისი ასული სიდონია და კიდევ ექვსი დედა. წმიდა ნინომ ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია, მაგრამ, რადგან მღვდელი არ იყო, ნათლისღების საიდუმლო არ ჩაუტარებიათ.
წმიდა ნინომ უფლისგან კურნების ნიჭი მიიღო. ის ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრის მადლით კურნავდა დავრდომილებს. მან განკურნა ნანა დედოფალიც. ამის შემდეგ მირიან მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.
ერთ დღეს მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა.
მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისთვის.
სანამ კონსტანტინეპოლით გამოგზავნილი მღვდლები ჩამოვიდნენ, მირიან მეფემ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა სამეფო ბაღში. ხუროებმა ნაძვის ხისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. წმიდა ნინო მოწაფეებთან ერთად ლოცვად დადგა. გამთენიისას ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი, “ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილი” ჭაბუკი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანისცემად, მის მიახლოებაზე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილები აღსდგებოდნენ.
სვეტი–ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მაცოცხლებელი წყარო შაჰ–აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში, უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ–აბასის თანამედროვემ, “საელჩო პრიკაზში” გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა, ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ–აბასის პაპამ, შაჰ–თამაზმა, ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.
მცხეთაში ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: “ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწღა მოეფინა მადლი ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანის სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან”.
მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა–კურთხევითა და ერის თანხლებით, მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდგომ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს.
ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე კი _ დასავლეთისაკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე _ ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს.
მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა ადგილი, რომელზეც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე. როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.
* * *
ტოპონიმიკისა და სიწმინდის მფლობელობის გამო მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, 7 სვეტზე აგებული და ამით სოლომონის ტაძარს მიმსგავსებული სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმინდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს. ჩვენც ერთ პარალელს გავავლებთ: სოლომონისეული ტაძრის ნანგრევებიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა დაწვა იულიანე განდგომილის მიერ ღვთის ნების წინააღმდეგ ტაძრის ასაგებად გაგზავნილი მუშები. იქიდან, საიდანაც ადრე მირონი მოედინებოდა, უფალმა ცეცხლი ამოაფრქვია. ამიტომაც გვეშინოდეს სვეტი–ცხოველთან უკრძალველად მიახლებისა, განსაკუთრებით _ კვართის დღესასწაულზე, გვეშინოდეს და შევიქმნათ იმ “საზეპურო ერად”, რომელსაც უფალი, ნიშნად დიდი წყალობისა, სვეტი–ცხოველის ძირიდან აღმოუცენებს “მირონსა, ვითარცა ღმერთმყოფელსა და ნათელმყოფელსა”.
მომზადდა წიგნიდან “წმიდანთა ცხოვრება”, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.