Home რუბრიკები საზოგადოება გივი იუკურიძე: გამორიცხული არ არის, დაძაბულობა კიდევ ერთხელ გადმოიტანონ საქართველოში

გივი იუკურიძე: გამორიცხული არ არის, დაძაბულობა კიდევ ერთხელ გადმოიტანონ საქართველოში

“ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვის სტრატეგია შეიძლება სწორი, დაბალანსებული პოლიტიკა იყოს”

1351
გივი იუკურიძე

რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ საინფორმაციო სააგენტოტასს”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი მის წინაშე არსებულ ყველა სახის გამოწვევას, რომლებიც უსაფრთხოებას უკავშირდება, ადეკვატურად უპასუხებს. მისი თქმით, ამჟამად რუსეთი შავ ზღვაში თავისი შეიარაღების მოდერნიზებას აქტიურად ეწევა, რაც იმის შედეგია, რომ მის საზღვრებს ნატო უახლოვდება: “რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ძალებისა და საშუალებების მოდერნიზაციას იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა ჩვენს სანაპიროებს უახლოვდება. ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურია და შეესაბამება რეალურ საჭიროებებს უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში”.

ალექსანდრე გრუშკოს განმარტებით, კრემლი ყურადღებით აკვირდება ალიანსის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბულგარეთში, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც მისი ძალების განლაგებამ რუსეთს, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას: “ყველაფერ ამაზე სათანადო რეაგირებას მოვახდენთ, რათა საიმედოდ უზრუნველვყოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების ჩვენი ინტერესები…” ბოლოს ისიც დასძინა, რომ კრემლი მზადაა ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებისთვის, რომელიც შავი ზღვის რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას ხელს შეუწყობს. მას არ დაუკონკრეტებია, ვისთან ან რა პირობებით შეიძლება ამ პროცესის წარმართვა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული პროდასავლური პოლიტიკა, რომელიც, უწინარესად, სწორედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებასა და მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, რუსეთის მიერ მისი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ პროცესადაა შეფასებული. ამის გათვალისწინებით კრემლმა უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ალიანსის ძალების მიახლოებისკენ რუსეთის საზღვრებთან, ოფიციალური მოსკოვის მხრიდან “შესაბამის რეაგირებას” გამოიწვევს…

რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ჩვენთვის ამ კონტექსტში ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავება და რა შეიძლება იყოს ის პოლიტიკური საფასური, რომლის გადახდაც საქართველოს ამ ნაბიჯების გამო მოუწევს?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მერამდენედ ავრცელებს განცხადებას და გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ ნატო შავ ზღვაში გააქტიურებას გეგმავს. არის მინიშნებები ადეკვატურ მოქმედებაზე, რომელსაც რუსეთის მხრიდან გამოიწვევს ალიანსის შეიარაღებული ძალების გაძლიერება ამ რეგიონში. განვუმარტოთ საზოგადოებას: რას შეიძლება გულისხმობდეს ეს ადეკვატური მოქმედებები და რა საფრთხეებს შეიძლება გულისხმობდეს ეს ჩვენთვის?

_ დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას უკავშირდება, უკვე თავისთავად არის გარკვეული დღის წესრიგის შემქმნელი და განმაპირობებელი ფაქტორი რეგიონში, მაგრამ ერთია საგარეო კურსი და ორიენტაცია, რომელსაც გლობალური პოლიტიკა შეიძლება კარნახობდეს სახელმწიფოს, და მეორე _ რამდენად გააზრებულად ხდება ქვეყნის ჩართვა ამ საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაში. ის, რომ რუსეთის საგარეო უწყება უკვე მერამდენედ გამოთქვამს შეშფოთებას ნატოს გააქტიურების გამო შავ ზღვაში და იქ გარკვეულ რეაგირებაზეც იყო საუბარი, უნდა განვიხილოთ არა როგორც ჩვენი ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს, ვთქვათ, ბულგარეთის ან რუმინეთის საშინაო პროცესებში ჩარევა, არამედ როგორც ერთი ზესახელმწიფოს ძალისხმევა, აღკვეთოს და თავიდან აიცილოს მეორე ზესახელმწიფოს მცდელობა, რამე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ეს მისი პოზიციიდან სწორი და ადეკვატური მიდგომაა, ამიტომ მსგავს განცხადებებს და კიდევ უფრო მკაფიო პოლიტიკურ სიგნალებს კრემლისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ნატო განაგრძობს გააქტიურებას შავი ზღვის აკვატორიაში, მომავალშიც უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მკაფიო გზავნილებს, რომ რუსეთი მზად არის მოქმედებებისთვის, თუ ალიანსი მიაუახლოვდება მის საზღვრებს _ ეს არის გაფრთხილება ნატოს წევრი თითოეული სახელმწიფოსთვის და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისთვის, რომ არც ერთი მიმართულებით _ არც პოლიტიკური, არც დიპლომატიური და არც სამხედრო თვალსაზრისით, კომპრომისი არ იქნება. ეს არის გარკვეული თავდაცვითი სიგნალები, რომლებიც დასავლეთს შეახსენებს, რომ წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში კრემლი მზად არის ყველაფრისთვის. ახლა _ რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამ ხაზების გადაკვეთას. სამაგალითოდ მოვიყვანოთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ყირიმი რუსეთს არ აინტერესებდა არც ეკონომიკურად და არც სხვა თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, რომ კიევის ევრომაიდნის შემდგომ ახალ ხელისუფლებას შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა სევასტოპოლიდან, კრემლს, პრაქტიკულად, დარჩა ერთადერთი გზა _ ჩარეულიყო პროცესებში და დაემყარებინა სრული კონტროლი ნახევარკუნძულზე. მხოლოდ ამ გზით შეძლებდა ის იმ საფრთხის თავიდან აცილებას, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა მისი პოზიციებისთვის და რუსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი. ის შევიდა ყირიმში და დაამყარა კონტროლი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მას ეს ძვირი არ დაუჯდა.

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ეს ტერიტორია დღემდე არის დოტაციური, ისევე, როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა მიიღო ყირიმის მიმართ, იყო არა დროში გაწერილი გეგმა და პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა, არამედ მისი მოწინააღმდეგე ბანაკის მიერ პროვოცირებული პოლიტიკური დივერსიების შედეგად განპირობებული აუცილებლობა, რომლის განუხორციელებლობის შემთხვევაში რუსეთი დაკარგავდა გავლენას შავ ზღვაზე და ამით, უსაფრთხოებასთან ერთად, მისი, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშის, ავტორიტეტი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. საერთოდ, ეს პროცესები, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომიც და შემდგომ განვითარებული მოვლენებიც, უნდა განვიხილოთ ორი ზესახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტის ჭრილში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება საგარეო ორიენტაციის განსაზღვრასთან, ეფუძნებოდეს მოცემულობის ადეკვატურ ანალიზს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ ისეთი სურათი, რომ ორ დაპირიპირებულ მხარეს შორის უკიდურესად დაძაბულ კონფლიქტში დამარცხებული არ იქნება არც ერთი, არამედ იქნება მესამე, რომელიც ვერ მიიღებს ვერაფერს, გარდა ნგრევისა და უკუსვლისა.

_ გინდათ, თქვათ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების არეალი შეიძლება საქართველო იყოს?

_ ყოველ შემთხვევაში დღეს პროცესების დინამიკა აჩვენებს, რომ დაძაბულობა იზრდება, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი მოკავშირე სახელმწიფო შავი ზღვის ქვეყნებს შორის, ცხადია, გამორიცხული არ არის, დაძაბულობის გადმოტანა კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი ამ პროცესებში მაინც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინერტულობაა, ანუ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, არ თუ ვერ მონაწილეობს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, როლის განსაზღვრაში. არადა, ფაქტია, ყოველთვის, როცა მატულობს დაძაბულობა, დარტყმის ქვეშ დგება არა ის სახელმწიფო, რომლიდანაც მოდის ეს პოლიტიკა, არამედ ჩვენ და ჩვენისთანა ქვეყნები. სხვათა შორის, თუ გახსოვთ, ადრე იყო ასეთი სამხედრო-პოლიტიკური ფორმატი “ნატო _ რუსეთი”, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ეს ფორმატი ნოლამდეა დაყვანილი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ პროცესები წკიპზეა. ათას რამეს უნდა ელოდო, ცხადია, მათ შორის დაძაბულობის ესკალაციასაც…

_ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არის ამ გამოწვევებისთვის? ამას წინათ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უსაფრთხოების ეფექტიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი მოწინააღმდეგის მაქსიმალურ შეკავებასა და სტაბილურობას. რეალურია ეს განცხადება?

_ როგორც წესი, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე, მომზადებაზე, სტრატეგიასა და ა.შ. მედიაში საჯაროდ საუბარი მიღებული არ არის, იმიტომ, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც დახურულია, მაგრამ კონკრეტულ განცხადებაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, იყო ერთი მომენტი: მან თქვა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგია უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეკავებას. ეს ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის, ცოტა არ იყოს გაუგებარია. რას ნიშნავს მაქსიმალურად შეკავება?! რაც შეეხება სტაბილურობის შენარჩუნებას, როდესაც გამოდის მინისტრი და აკეთებს ასეთ ამბიციურ განცხადებას, ის მაინც უნდა ესმოდეს, რომ ჩვენისთანა მცირე რესურსების მქონე სახელმწიფოს, გნებავთ, ეკონომიკური, გნებავთ, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, დიდი ომებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ისიც მესმის, რომ მსგავსი განცხადებები ემსახურება გარკვეულ პიარს, რომელიც გათვლილია პოლიტიკურ ქულებზე და არა იმაზე, რეალურად საქმეზე ილაპარაკონ. სხვათა შორის, აქამდე გვესმოდა ასეთი რიტორიკა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის კუთხით კომპლექსური მომზადება არ მიმდინარეობდა. დღეს გვესმის, რომ თურმე მოწინააღმდეგის შეკავებაზე არიან ორიენტირებულნი. გეგმა შევადგინეთო, რა გეგმაზეა საუბარი, ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ვიმეორებ: როგორ კარგადაც უნდა იბრძოლონ ჩვენმა ჯარისკაცებმა და გამოიჩინონ თავდადება, როგორ ზუსტადაც უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები მათმა მეთაურებმა, ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ რომელიმე პოტენციურ მოწინააღმდეგესთან, გნებავთ, თურქეთი ავიღოთ, გნებავთ, ირანი და რუსეთზე ხომ საუბარიც ზედმეტია, საბრძოლო მოქმედებებით რამე წარმატებას მივაღწიოთ. ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი და დამანგრეველი. ასე რომ, ნებისმიერი თანამდებობის პირს, რომელიც მსგავს განცხადებას გააკეთებს, ვურჩევ, ჯერ გაიაზროს სათქმელი. ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვის სტრატეგია შეიძლება სწორი, დაბალანსებული პოლიტიკა იყოს. სხვანაირად უსაფრთხოებაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, როგორც გითხარით, ჩვეულებრივი პოლიტიკური რეკლამაა, რომელიც გათვლილია ქულებზე და რეალობასთან კავშირი არ აქვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here