Home რუბრიკები პოლიტიკა გივი იუკურიძე: არც საქართველო და არც უკრაინა დღეს ამერიკისა და რუსეთისთვის სტრატეგიული...

გივი იუკურიძე: არც საქართველო და არც უკრაინა დღეს ამერიკისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ამოცანა არ არის

“როგორ დაგვიცავს რუსეთისგან ის ევროპა, რომელსაც თავისი უსაფრთხოება ვერ წარმოუდგენია რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლად?!”

231
გივი იუკურიძე: არც საქართველო და არც უკრაინა დღეს ამერიკისა და რუსეთისთვის სტრატეგიული ამოცანა არ არის

24 ივნისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია. მისი თქმით, ეს ევროკავშირს საკუთარი ინტერესების და, უწინარესად, უსაფრთხოების დასაცავად სჭირდება. მისივე შეფასებით, არსებულ ვითარებაში აზრს არის მოკლებული და, შესაბამისად, გადახედვას საჭიროებს სანქციების პოლიტიკაც, რომელიც მხოლოდ რეაქციულ ლოგიკას გულისხმობს: “რუსეთის მიმართ მხოლოდ რეაქციულ ლოგიკას ვერ შევინარჩუნებთ. ვიმედოვნებ, ევროპული ერთიანობითა და კოოპერაციით შევძლებთ ამ დიალოგს…”

მოგვიანებით ემანუელ მაკრონის ამ განცხადებას დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოჰყვა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც სამიტზე რუსეთთან დიალოგისა და ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთის პირველ პირთან პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეს.

ცნობისთვის: საფრანგეთმა და გერმანიამ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის წინადადებაც წამოაყენეს. იდეას მოწინააღმდეგეც ბევრი გამოუჩნდა, მაგრამ მაკრონისა და მერკელის იმ პოზიციას, რომ ევროკავშირს ყველაზე მეტად დღეს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სჭირდება, გაერთიანების წამყვანი სახელმწიფოების ხელმძღვანელები მაინც იზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ მაკრონმა რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობაზე პირველად 2019 წელს პარიზში დიპლომატებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დადგა დრო, ევროპამ რუსეთს ხელი გაუწოდოს, რათა მხარეები ისევ ცივი ომის რეალობაში არ დაბრუნდნენ. მეტიც, მისი თქმით, რუსეთთან “უსაფრთხო და სტაბილური ურთიერთობების გარეშე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების გარანტია ვერ ექნებათ…”

რას ნიშნავს საქართველოსთვის, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების პოზიცია და რა გეოპოლიტიკურ მოცემულობას ქმნის ეს რეგიონში, “საქართველო და მსოფლიოს ესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელის სამიტზე პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა უნდა დაასრულოს და დაიწყოს ურთიერთობების ნორმალიზაცია, რომელიც უნდა განხორციელდეს პირდაპირი დიალოგით. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს ევროპის პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ წამყვანი ქვეყნები დიალოგს უჭერენ მხარს. ჩვენ, როგორც ნატოსა და ევროკავშირზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, რომელსაც გვიქმნიან ილუზიას, რომ რუსეთისგან დასავლეთი დაგვიცავს, რას გვეუბნება საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირების ეს ინიციატივა?

_ პოლიტიკის ერთგვარი აქსიომაა, რომ, თუ გინდა, სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარება, უნდა ელაპარაკო ამ კონკრეტულ სახელმწიფოს; შეიძლება, სხვასაც, მაგრამ ურთიერთობები, ძირითადად, გვარდება პირდაპირი დიალოგით, ინტერესთა გადაკვეთის წერტილების პოვნით, საერთო ენის გამონახვით, გარკვეულწილად კომპრომისებითაც და ა.შ. ეს არახალია საერთაშორისო პოლიტიკაში.

ახლა ავიღოთ საქართველო: ჩვენი მეზობლები არიან აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და რუსეთი. მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ, თუ მათთან და განსაკუთრებით რუსეთთან არ გვექნება ნორმალური ურთიერთობა, პირველი _ არ გვექნება დაცული უსაფრთხოება, მეორე _ არ გვექნება პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც, ვხედავთ, რომ მოშლილია, და მესამე _ არ გვექნება ეკონომიკური წინსვლა. მაკრონის განცხადება რას ნიშნავდა? _ ახალს არაფერს. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, დიდი ხანია, ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ე.წ. კოლექტიური გარემო, რომელსაც ეწირება მათი ეკონომიკური (და არა მხოლოდ) ინტერესები, ამიტომ გავიდა ინგლისი ევროკავშირიდან. უსაფრთხოებას რაც შეეხება, მაკრონი არ არის ერთადერთი, ვინც ამბობს, რომ რუსეთთან კონფრონტაცია უნდა დასრულდეს, ანალოგიურ პოზიციაზეა გერმანიის ხელმძღვანელობაც. რა თქმა უნდა, სწორია ეს მიდგომა, იმიტომ, რომ თუნდაც სანქციების პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი ატარებდა რუსეთის წინააღმდეგ, უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, ამ სანქციების შემდეგ რუსეთის წონამ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მოიმატა და ის ერთ-ერთი მთავარი აქტორია ერთპოლუსიანი სამყაროს დასრულების პროცესში…

_ ევროკავშირში მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს რუსეთთან დიალოგის იდეას

_ გეთანხმებით, მაგრამ მიდგომა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს, რადგანის მაინც არ შეასრულებს შეთანხმებას,” ვფიქრობ, არც ერთ შემთხვევაში არ არის რეალური პოლიტიკის ჭრილში განსახილველი. ეს დესტრუქციული რიტორიკაა. სხვათა შორის, საქართველოშიც, ძირითადად, ამ მიდგომის გავლენაა, როცა საუბარობენ, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე აზრი არ აქვს. დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ გარკვეულ ძალებს საერთაშორისო დონეზე ეს, უბრალოდ, არ სჭირდებათ. რატომ და რის გამო _ ეს სხვა თემაა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია: რუსეთი უკვე აღარ არის ის ქვეყანა, 20-25 წლის წინათ რომ იყო. 20-25 წლის წინათ მასზე მეტი ზემოქმედება შეეძლოთ, მაგრამ დღეს რუსეთი ზესახელმწიფოა უმძლავრესი სამხედრო ინდუსტრიით, შეიარაღებით, ჯარით, ენერგორესურსებით და ა.შ. აი, ამას აცნობიერებს მაკრონიც და მერკელიც და ეს არის მათი ამოსავალი წერტილი, როცა ამბობენ, რომ სანქციებისა და ბოიკოტის პოლიტიკა კი არ განვაგრძოთ, რომელიც თვით ევროპისთვისაა დამაზიანებელი, არამედ ვიყოთ ორიენტირებული დიალოგზე, პრობლემების გადაჭრა ამ გზით შეიძლება. ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს პირდაპირი გზავნილია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე, თუმცა, არის თუ არა მზად ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და განსაკუთრებით მმართველი გუნდი ამ კონიუქტურისთვის, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ სწორხაზოვან პოლიტიკას დასავლეთის მიმართულებით, იმ დასავლეთის, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოება ვერ წარმოუდგენია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გარეშე. სხვათა შორის, იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით გერმენიისთვის რუსეთის ენერგორესურსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ერთი გარემოებაც ადასტურებს: რა არ გაუკეთეს გერმანულ ფირმებს ამერიკელებმა იმისთვის, რომ შეეწყვიტათ მუშაობაჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის პროექტზე, მაგრამ უშედეგოდ. ეს პროექტი წარმატებით ხორციელდება და სადაცაა, დასრულდება. ამით, ფაქტობრივად, მოხდა იმის დემონსტრირება, რომ დასავლეთი რაღაც გეოპოლიტიკური მონოლითი კი არ არის, რომლის შემადგენლობაშიც ცალკეულ სახელმწიფოებს თავიანთი ინტერესები უკანა პლანზე აქვთ გადაწეული საერთო ღირებულებებისთვის, არამედ იქ არის აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესებიც…

_ თუმცა ვაშინგტონიც მივიდა დასკვნამდე, რომჩრდილოეთის ნაკადი-2”- ვერ აჩერებს და სანქციები მოუხსნა რუსეთს, თანაც ეს გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ უკრაინა საქმის კურსშიც არ ჩაუყენებიათ

_ რა თქმა უნდა, ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან რაღაც ზემნიშვნელობის დასავლეთისთვის, როგორც ამას ჩვენ გვიხატავენ… რაც შეეხება რუსეთს, რომელსაც გარკვეული პროპაგანდა ისე წარმოგვიდგენს, თითქოს დაშლის პირას მყოფი ქვეყანაა, ვისაც ამის სჯერა, შევახსენებ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც ბოლო 5-10 წლის განმავლობაში შეიარაღება 70%-ით განაახლა; ასევე, მოდერნიზება ჩაუტარა სარაკეტო კომპლექსებს, საზღვაო ძალებს, ავიაციას, არტილერიას და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც იმაზე მეტი ენერგორესურსები აქვს, ვიდრე ევროპის ყველა ქვეყანას ერთად აღებულს. ახლა ეკონომიკას შევხედოთ: კი, რუსებს აქვთ ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ პრობლემები ყველას აქვს კოვიდპანდემიის პირობებში. როცა რუსეთზე უფრო გამართული ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც ძალიან გაუჭირდათ, მაგალითად, ევროკავშირის წევრ იტალიას, რუსეთს უცებ გამოუჩნდა ვეებერთელა სარეზევრო თანხა, რომლითაც მედპერსონალს გაუუმჯობესა პირობები, იქ ექიმებს მიეცათ სახელფასო დანამატები, პრემიები და ა.შ. რუსეთი, ფაქტობრივად, მზად აღმოჩნდა ყველა გამოწვევისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო ეპიდემიასთან თუ პოლიტიკასთან; რაც მთავარია, მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის ფონზე ზუსტად ეპასუხა ნატოს წვრთნებისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ ნატოს ყველა წვრთნის პარალელურად რუსებმაც ჩაატარეს წვრთნები, მათ შორის შავ ზღვაშიც, წყნარ ოკეანეშიც და ა.შ.

_ ინტერვიუს დასაწყისში რამდენიმეჯერ ახსენეთ დიალოგის აუცილებლობა, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში რუსეთთან დიალოგზე საუბარიც კი სარისკოა. ნებისმიერი სუბიექტი, პარტია თუ ცალკეული პოლიტიკოსი, რომლებიც ამ საკითხს წამოწევენ, მაშინვე ლიბერალური პროპაგანდის სამიზნეში ხვდებიან. ამ ვითარებაში გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

_ დიალოგი არ არის თვითმიზანი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაწარმოოთ. დიალოგი ობიექტური აუცილებლობაა. ის პროპაგანდა, რომელიც თქვენ ახსენეთ, გვთავაზობს, მუდმივ კონფრონტაციაში ვიყოთ ზესახელმწიფოსთან; ვიყოთ იმის იმედად, რომ ჯარით ნატო დაგვიცავს, ხოლო ეკონომიკურად _ ევროკავშირი. არ მგონია, ეს ზღაპარი მათაც სჯეროდეთ, მაგრამ, თუ ვინმეს სჯერა, ვეკითხები _ როგორ დაგვიცავს რუსეთისგან ის ევროპა, რომელსაც თავისი უსაფრთხოება ვერ წარმოუდგენია რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლად?! სხვათა შორის, ახლახან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველო და უკრაინა სერიოზულად არც უხსენებიათ. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ არც საქართველო და არც უკრაინა როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკისთვის, სტრატეგიული ამოცანა არ არის. აი, ესაა რეალობა და არა ის, რომ თურმე ვაშინგტონში ღამე არ სძინავთ ნატოში საქართველოს მიღებაზე ფიქრით ჩვენთვისვე იქნება უკეთესი, რაც უფრო მალე გამოვალთ ამ ზღაპრებიდან, თორემ რუსეთს საკმარისზე მეტი ძალა აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად, ევროპასაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ეს ჩვენ ვიქნებით დაზარალებული და ჩვენზე გადატყდება ჯოხი, ისევე, როგორც 2008 წელს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here