Home რუბრიკები საზოგადოება გივი თოიძე: დავხატავდი ისევ ჩემს ძველ თბილისს

გივი თოიძე: დავხატავდი ისევ ჩემს ძველ თბილისს

3527
გივი თოიძე

მეყო, რაც სხვათა კედლებში გკირეთ,
უცხო თარგებზე გფატრეთ და გჭერით,
აწ ჩვენთვის გავდოთ ჩვენივე დირე,
ჩვენს ლარდამაჟიბს დავხუროთ ჭერი,
თორემ დაიმსხვრა ბროლი ბროლვილი,
ხმა შევაბზარეთ გამოხშულ საკნებს
და მაისიდან გზადჩამოვლილი
ბრუნავს ქარი და ვეღარსად გვაგნებს.
დავით წერედიანი

ვანდალიზმისილამაზის სადარაჯოზე

ლადო ასათიანის პოეტური შეძახილი “მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!”, ცოლის გარდა, ხელოვანის შემოქმედებაზეც რომ ვრცელდება, ამ კერძო შემთხვევაში ასე დადასტურდა: გივი თოიძემ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეოთხე სართულზე გამოფენილ თავის ნახატში “ძველი თბილისი” ჩემ თვალწინ რაღაც ჩაასწორა შავი ფლომასტერით. ისე, თითქოს მოეფერა. რაღაც ხარვეზი დაფარა, რომელსაც სხვა ვერავინ შენიშნავდა, მაგრამ უნაკლო ქმნილებას არ ეკადრებოდა: “მე უფრო ლამაზი მინდა!”

ამის მნახველ ტურისტ ქალბატონს თვალები შუბლზე დაასხდა, გაოცდა, შეშინდა, იყო ეს ვანდალური აქტი თუ:

_ Это Ваша работа? _ მოკრძალებული იმედით შეეკითხა: ეგებ ღმერთმა დამიფარა და დანაშაულის უნებური მოწმე არ გამხადაო.

_ Здесь все мое, _ გაშალა ხელი ბატონმა გივიმ ისე, თითქოს ჟესტ-მიმიკის ენაზე გადათარგმნა სკოლაში ნასწავლი ილიას პოემის სტრიქონი: “გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი”. აქ, ამ დარბაზის კედელზე ბინა (სახლ-კარი) დაიდეს მისმა შედევრალურმა ნამუშევრებმა.

სანამ ისინი საუბრობენ (დაინტერესდა ქალბატონი _ ასე უბრალოდ მუზეუმში გამოფენილი ნახატების ავტორებს ვერ ხვდებიან: Повезло!), იმას გეტყვით, როგორ აღმოვჩნდით მე და ბატონი გივი თოიძე ამ მუზეუმში.

გივი თოიძე _ ცნობილი ქართველი შემოქმედი, რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული კულტურის რაინდი და ა.შ. და ა.შ. შესანიშნავი პოეტი ქალი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მისდამი მიძღვნილ წერილში შენიშნავს: “რაინდობაზე მინდა მოგახსენოთ: შუა საუკუნეების რაინდებს ფარზე ამოტვიფრული ჰქონდათ: “უმალ სიკვდილი, ვიდრე უმცირესი ლაქა”.

ჩუღურეთი
ჩუღურეთი

ეგებ, ის მიკროამბავი, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, ამ რაინდობის დამადასტურებელი შტრიხი იყო _ არავითარი ხინჯი!

“უმალ სიკვდილი” კი არ გამოვა _ 18 დეკემბერს 86 წლისა ხდება და ერთ ამდენს კიდევ აპირებს! გილოცსვთ და მრავალჟამიერ სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ, ბატონო გივი, ჩვენი რედაქცია!

შემთხვევის ნებით შევხვდით ერთმანეთს, შემთხვევის, რომელიც კანონზომიერების შედეგია: უნდა შევხვედროდით.

ქუჩას, რომელიც ქაშვეთის ეკლესიიდან ჩამოუხვევს, ზემოთ მივყვებოდი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმისკენ, რომელიც პირველად ხვდება ახალ წელს, საგაზეთო რუბრიკისთვის მასალის დასაწერად: მილევადი წლის მოვლენები.

დაბახანა
დაბახანა

გახსნა მართლაც მოვლენა იყო _ 2018 წლის 26 სექტემბერი _ ქართული ფერწერის ისტორიული დღე. როგორ ჩაეწერა კულტურის ეს კერა დედაქალაქის ცხოვრებაში? შემხვდება ვინმე ხელოვანი და იმას დაველაპარაკები-მეთქი ამ თემაზე.

შემთხვევას მივენდე.

გამიმართლა.

ლადო გუდიაშვილის ძეგლი რომ დგას, ალექსანდროვის ბაღში, ცოტა ქვემოთ, ჩარჩოებს რომ აკეთებენ, იმ სახელოსნოში ბატონ გივის არ გადავეყარე?! თავისი ახალი ნამუშევარისთვის (“ზამთარი თუშეთში”) ჩარჩოს არჩევდა.

კაზიმირ, ამოდი ჩვენთან!”

მაშინ შევთანხმდით შეხვედრაზე.

მუზეუმის დაცვის სამსახურის უფროსმა ზურაბ ჭოღოშვილმა გულღიად მიგვიღო და “ბროლის კიბეს”, რომელიც ბატონ გია ჯოხთაბერიძის დაპროექტებულია, გამჭვირვალე და ჰაეროვანია, ავყევით ისე, როგორც რეჟისორ მიტას ფილმში “შაგალი _ მალევიჩი” მარკ შაგალი მიწიერ მიზიდულობასა და პროვინციული ვიტებსკის მშრომელი ებრაელების აბობოქრებული მასების თავზე ამაღლდება.

გენიალური კინომეტაფორაა!

და იქიდან გადმოსძახებს კოლეგა მხატვარს, “სუპრემატიზმის” მოგონილი მიმართულების ავტორს _ კაზიმირ მალევიჩს, თავის ანტიპოდს:

“_ კაზიმირ, ამოდი ჩვენთან! ჩემს ზეცაში ხალვათობაა”.

ყველასთვის არის ადგილიო.

“_ მარკ, _ ამოსძახებს მალევიჩი, _ სამყარო ცარიელია და ჩვენ უნდა შევავსოთ იგი”.

მიწაზე მდგარმა ადამიანებმაო. ამ ხილვამ დაბადა პარალელი:

_ ბატონო გივი, ეს მუზეუმიც თავის სივრცეში ყველა ხელოვანს დაიტევს უთუოდ.

_ მხოლოდ ღირსეულებს! _ არ დამეთანხმება გივი თოიძე და მეტაფორული ირეალობიდან მიწაზე დამაბრუნებს, _ ეს მუზეუმი ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, მხატვრების ახდენილი ოცნებაა, გია ჯოხთაბერიძის მიერ ხორცშესხმული. მხატვრის სულში ჩაძვრა და უკვდავყო ჩვენი სახელები. კი მაქვს ჩემი სახელოსნო, რომელშიც ჩემი ნახატებია დავანებული, მაგრამ აქ სხვა სივრცეა, სხვა ასპარეზი და მზის ეს სინათლე, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწისთვის. ამ შუქით განათებული გადის ჩვენი ხელოვნება მსოფლიო სივრცეში.

ქუთაისი, ჯაჭვის ხიდი
ქუთაისი, ჯაჭვის ხიდი

არაჩვეულებრივი მხატვრები არიან აქ გამოფენილი და ეს უზარმაზარი კოლექცია ბატონ გია ჯოხთაბერიძეს აქვს შეგროვებულ-შეძენილი.

სასწაულია.

წავა ცხოვრება, მეც წავალ და აღარ ვიქნები, მაგრამ დარჩება აქ, ამ ნათელ სივრცეში ჩემი ნახატები, მეც დავრჩები და არც ჩემი სახელი მიეცემა დავიწყებას.

ასე ფიქრობს, ასე აფასებს ამ მოვლენას ყველა ჩემი კოლეგა და დიდი მადლობა ბატონ გია ჯოხთაბერიძეს ასეთი მადლის გაღებისთვის. ვამაყობ, რომ საქართველოს აქვს ასეთი დიდებული, თანამედროვე მუზეუმი, რომლის ექსპოზიციაში მოხვედრა დიდი პატივია ფერმწერალისთვის.

არის დიდი სივრცე, მაგრამ, როგორც ვთქვი, მხოლოდ ღირსეულთათვის.

მაგის ნახატს ხელი რომ მოვაწერო, დაიჯერებენ, რომ ჩემია

ბატონი გივი ინტერვიუერისთვის საჩუქარია: სანამ მე შეკითხვის ფორმულირებაზე ვფიქრობდი, იგი უკვე მიპასუხებდა არდასმულ შეკითხვაზე: _ მხატვრობისადმი მათი გვარის მიდრეკილება განსაზღვრულია თუ არა გენეტიკური კოდით?

_ მოსე თოიძე, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი, ბაბუაჩემი იყო. ამაზე დიდი და კარგი მასწავლებელი არავინ მყოლია. რეპინის მოწაფე იყო თვითონ.

მამა ფრონტზე დამეღუპა და ნათესაობამ გადაწყვიტა, ამ ბიჭს უნდა მივხედოთო. მოსემ, რომელიც დაჯილდოვებული იყო “ღირსების ორდენით”, ამ ჯილდოთი გათვალისწინებული თანხის განკარგვის უფლება დედაჩემს გადასცა. ამით ვირჩენდით თავს. მე კი დღე და ღამე მოსესთან ვიყავი. მამიდაჩემები _ თამარა, შურა, ნინა ყურადღებას არ მაკლებდნენ.

ნატურმორტი მარაოთი
ნატურმორტი მარაოთი

ხელოვანთა წრეში იზრდებოდა, მაგრამ, ამასთანავე, იყო “ჩემი უბანიც” ორბელიანის ქუჩაზე. იარმუკა ერქვა (ბაზრობა იმართებოდა უწინ, იარმარკა) ტიპურ თბილისურ უბანს, ქართველებთან ერთად იქ ქურთებიც ცხოვრობდნენ და სომხებიც, ებრაელებიც და აზერბაიჯანელებიც, რუსებიც, რა თქმა უნდა. იცოდნენ იმ უბანში, ისევე, როგორც თბილისში ყველგან, ქალის პატივისცემა და კაცობის ყადრი, ფასობდა სიტყვაც და მუშტიც, ბევრი სხვა რამ კარგი, ხოლო ტუზიკას და ქიშვარდას ორიენტაცია არავის აინტერესებდა, რადგან ასეთები გარიყულ განზომილებაში ბოგინებდნენ.

ასე უყალიბდებოდა ბიჭობიდან გივი თოიძეს მაღალი მორალის პრინციპები, რომლებსაც დღესაც ერთგულებს და რომლებიც მისი ბრწყინვალე შემოქმედების საფანელია.

_ ჩემი მეზობელი, ჩემი უბნის ბიჭი, ძმაკაცი ჩემი ვალოდია ვართანოვი, რომელიც იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის მოწაფე იყო, მე კი საღებავებით ვამარაგებდი, შემიჩნდა: შენც ხომ ხატავო (სახლში მთელი კედლები მქონდა მოჩხაპნილ-მოხატული ომის სცენებით. არავინ არ მსაყვედურობდა ამის გამო), წამოდი, განახვებ იქაურობას, იქნებ დაინტერესდე კიდეცო. წავყევი. მომეწონა. ახლა ვითომ აკადემიად გადააკეთეს, ფაქტობრივად, მოშალეს, ისევე, როგორც მოსე თოიძის სასწავლებელი, ჭონქაძეზე რომ იყო. გაანადგურეს ყველაფერი…

დაგვიანებით მივედით მე და თენგიზ გიგაური სასწავლებელში. დირექტორის მოადგილე ჭანიშვილმა (სასწაული კაცი იყო) დირექტორ კოტე კიკნაძესთან, არაჩვეულებრივ პიროვნებასთან, შეგვიყვანა. გავსინჯოთ, როგორი მონაცემები აქვთო ამ ბავშვებს. ჯერ თაბაშირის ცხვირი და ტუჩები დამიდეს, შემდეგ _ ინდაურის ფიტული, დავხატე. არაუშავსო, _ შეგვაფასა დირექტორმა. თენგიზის ნაძერწი ფიგურები მოიწონა. ჩვენი ვინაობითა და წარმომავლობით დაინტერესდა. გაირკვა, რომ თენგიზის ძმა, გივი, აქ სწავლობდა. კარგი ბიჭი იყოო. 1949 წელია. ომი ახალი დამთავრებულია. ხალხი ჯერ კიდევ შიმშილობს. ის დროა, რომ ხელოვნებისთვის არავის არ უნდა ეცალოს, ჩვენ კი მაინცდამაინც სამხატვრო სასწავლებელში მივდივართ…

გვარი მკითხა დირექტორმა.

ვუთხარი.

მოსე რა არისო შენი? ვუპასუხე, რომ ბაბუაჩემის ძმაა.

გაუკვირდა:

_ მოსეს რომ არ დაურეკია?!

_ რატომ უნდა დაერეკა?! _ ჩემი გაკვირვების ჯერი დადგა.

_ კარგი ბიჭები ყოფილხართ. ყოჩაღ! აწი თქვენ იცითო.

იქიდან მოსესთან მივედი. ვხედავ, კარგ ხასიათზეა. ღიღინებს. შემომხედა: კარგი ბიჭი ხარ შენ! _ სიტყვასიტყვით გაიმეორა დირექტორის ნათქვამი. ეტყობა, შეატყობინეს ჩემი იმდილანდელი თავგადასავალი.

ასე წავიდა და წავიდა… დაამთავრა ეს სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების დროც დადგა.

_ მოსე თოიძეს ყოველთვის აინტერესებდა, ფერის როგორი გრძნობა მქონდა. ერთხელ მითხრა, ფერწერა თუ გინდა, ძველ თბილისში ჩადი და იქ, რაც მოგეწონება, ის დაწერეო (დახატეო). აბანოთუბნის სიღრმეში ჩანჩქერი გადმოდის. იქ ქალები ხალიჩებს რეცხავდნენ ხოლმე. ამ ხეობას გადმოჰყუდებული ძველი სახლები, ისეთ ფერებშია, ტანში გაგაჟრიალებს, მით უფრო, თუ ფერმწერალი ხარ! (ფერმწერალს განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვამს. არა ფერმწერი, არამედ ფერმწერალი). გაგიჟდებოდი, ისეთი რამე იყო. დავწერე და მივუტანე. ამ დროს მოსკოვიდან ჩამოსულები იყვნენ ბიძაჩემები _ ირაკლი და გოგი (მოქანდაკე), რომლებიც მოსესთან დამხვდნენ.

_ აბა, ვნახოთ, რა მოიტანა გივიმო.

ვაჩვენე.

ირაკლი თოიძე სიტყვაძუნწი კაცი იყო, გოგი პირიქით _ არ მალავდა, რასაც ფიქრობდა, იმას ამბობდა, ტემპერამენტიანი იყო.

მოსეც ძალიან ემოციური გახლდათ. დახედა და თქვა:

_ ნახეთ, რა ეტიუდია! მაგის ნახატს ხელი რომ მოვაწერო, დაიჯერებენ, რომ ჩემია.

ვერ წარმოიდგენთ პატარა ბიჭის აღფრთოვანებას, რომელიც მაშინ მე დამეუფლა.

ცხოვრება კონტრასტების ერთობლიობაა, ეს სრულიად განიცადა გივი თოიძემ დიდ პაპასთან ურთიერთობის დროს: ცხონებულმა მის ხელში დალია სული და გაპატიოსნებულ დიდ ხელოვანს (რის პარიკმახერი! რა პარიკმახერი!) გივიმ გაპარსა წვერი:

_ ჯერ კიდევ თბილი იყო, გაიგე? თან ვპარსავდი, თან ვტიროდი… რამე არ ვატკინო-მეთქი. რაღაცები ხდება მაგ დროს, სხვა სამყაროში აღმოჩნდები…

მოხდა ისე, რომ მოსეს დაკრძალვის დღეს ლეგენდარულ ნატო ვაჩნაძესაც ასაფლავებდნენ. მოილაპარაკეს თოიძეებმა და ვაჩნაძეებმა (შენგელიებმა) ერთმანეთში და ჯერ ნატო დაკრძალეს, შემდეგ მოსე მივაბარეთ მიწას დიდუბეში.

გივი თოიძე ბოლოსკენ გადის:

_ შენ თავზე ილაპარაკე, ხშირად მსაყვედურობენ, სულ მოსეზე რომ ლაპარაკობო. იმის გაზრდილი ვარ და იმიტომ ვლაპარაკობ.

არც ჩვენი საუბარი აღმოჩნდა გამონაკლისი.

_ დიდად მადლობელი ვარ ჩემი წინაპრების. ვისაც რა და როგორ შეეძლო, გააკეთა, გზაზე დამაყენა და ხალხში გამომიყვანა. სიყვარულსა და სითბოში ვარ გაზრდილი, _ დაასკვნის ბატონი გივი.

ასე უპასუხა ბატონმა გივიმ ჟურნალისტის (ამ შემთხვევაში, ჩემ მიერ) დაუსმელ შეკითხვას თოიძეების გვარის გენეტიკურ დონეზე ხელოვნებისკენ სწრაფვის შესახებ და დააგვირგვინა:

_ ოთხი შვილი მყავს, მათგან სამი _ მხატვარი. შვილიშვილებიდან ერთმა წლეულს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა.

მაყვალა გონაშვილს დავესესხები ისევ: “ადამიანი გენეტიკური ყულაბაა და მასში წვეთ-წვეთობით იკრიბება ყველა მადლი თუ ნაკლი”.

მიქელანჯელოს რომ ეჩვენებინა

_ მხატვრის უმთავრეს თვისებად რომელს მიიჩნევთ?

_ გემოვნებას. გემოვნება თუ არ გაქვს, საქმე არ გაქვს არც მხატვრობასთან, არც საერთოდ ხელოვნებასთან, ვინც გინდა, ის იყავი. სურათი რომ მიგიზიდავს, მიგიკრავს, შვიდჯერ რომ დაგაბრუნებს, რაღაც დეტალი რომ გამოგრჩა იმის გამო. ჩემს თავზე ვამბობ, უწინარეს ყოვლისა. ჩემი სახე, ალია-ბალია, ეს არის, _ და მიმითითებს გამოფენილ ნახატებზე, _ სხვათა შორის, გია ჯოხთაბერიძე სწორედ მაღალი გემოვნებით არის გამორჩეული, რასაც ამ მუზეუმის ექსპოზიცია ადასტურებს.

_ რუსთაველის პრემია მოგანიჭეს პანოსთვისდღესასწაული ხევსურეთში”, რომლითაც ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის ცენტრალური შენობის კედელი მოხატეთ

_ ბიჭვინთის კომპლექსი საკავშირო მშენებლობა იყო, ამიტომ ყველა დეტალი, პროექტით დაწყებული, მოსკოვთან თანხმდებოდა. ჩემი ესკიზიც დასამტკიცებლად მოსკოვში წარადგინეს. ძალიან მოეწონათ. გამომსვლელებმა შეაქეს ჩემი ნამუშევარი _ კომპოზიცია, ფერები. ტრადიციულიაო _ ეს კოშკები ლაპარაკობენო თავიანთ თავზე. წარმატება მისურვეს. შატილი, ეს უზარმაზარი კედლები, შეხედავ და მიხვდები, რა ერთან გაქვს საქმე: კაცობაც არის, სინაზეც არის, სიყვარულიც, სილამაზეც _ ყველაფერია ჩაქსოვილი. ღმერთმა ასე დაგვანათლა!

ამ დროს გამოდის ერთი ლეკი და მეკითხება: რომელი საუკუნეა? გამაღიზიანებლად მკითხა. არა გრცხვენიათ, ამას რომ მეკითხებით-მეთქი? შატილის უკან თქვენ ცხოვრობთ და უნდა იცოდეთ, რომ XVI საუკუნეა. ნუთუ ერთხელაც არ გადმოსულხართ შატილში ან არავის დაუპატიჟებიხართ შატილობაზე? ნუ ჩხუბობთ, ნუ ჩხუბობთო, _ დამშვიდება დაგვიწყეს. ვუთხარი, რომ არც ვაპირებ ჩხუბს, მხოლოდ მივუთითებ, რომ მისი მხრიდან უხერხულია ასეთი შეკითხვების დასმა. მიქელანჯელოს რომ ეჩვენებინა თქვენთვის თავისი ესკიზი, ამას ნაღდად არ მოეწონებოდა-მეთქი.

ქართველ მხატვრებს განსაკუთრებულ პატივს გვცემდნენ მოსკოვში და ახლაც ასეა. არცთუ დიდი ხნის წინათ მოსკოვის პუშკინის მუზეუმში რომ მივედით და სალაროში მხატვართა კავშირის მოწმობა რომ წარვუდგინე მოლარეს, ისე გაიხარა, ძალიან მოგვენატრეთ და ძალიან გვიყვარხართო. კინაღამ ატირდა. იმდენი გველაპარაკა, რომ სალაროსთან რიგი დადგა. ისევ მე ვუთხარი, რომ უხერხული იყო ამდენი ხალხის დაყოვნება და შევაწყვეტინე სიყვარულის ახსნა, მაგრამ პირობა ჩამომართვა, კიდევ რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად შემოგვიარეთო.

_ ირაკლი თოიძის პლაკატიდედასამშობლო გვიხმობს!” გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოთა ცნობილი ტრიადიდან ერთერთია: ეს პლაკატი, რაიხსტაგზე ქანთარიასა და ეგოროვის მიერ აღმართული წითელი დროშა და ალექსანდროვის დიდებულიИдет война народная, священная война”.

_ ირაკლის ეს ნახატი უნიკალური ქმნილებაა. მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პლაკატი. ქართველი კაცის შექმნილია. მე ვამაყობ ამით, რადგან, სადაც კი გამოჩნდება, იქ ჩვენი გვარიც გაჟღერდება. ჩვენი კულტურა და ხელოვნება გამობრწყინდება. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. რა ნიჭი უნდა გქონდეს, როგორი ტალანტი, ასეთი შედევრი რომ შექმნა. სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი იყო, ხუმრობა საქმე ხომ არ არის! “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები აიღეთ თუგინდ. ყველას, ვინც კი მხატვარი გახდა, გადახატული აქვს მისი ილუსტრაცია, ტარიელი ვეფხვს რომ ახრჩობს. არც მალავენ.

ამ ქალაჩუნებთან მტოვებ?!”

_ მხატვრობა და პოლიტიკა როგორ გესახებათ?

_ ჩემი პოლიტიკა ჩემი მხატვრობაა.

_ და ტრფიალი _ ძველი თბილისი?

_ მართალი ხართ.

_ წინ ელენე ახვლედიანის მაგალითი გქონდათ და, მიუხედავად ამისა, შებედეთ ძველი თბილისის თემატიკას.

_ ქალბატონ ელენეს ძალიან დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის.

ერთ კურიოზულ ამბავს მოგიყვებით ქალბატონ ელენეზე. დამიბარა და მითხრა, რომ ჩემი ფერწერა მოსწონს და შემომთავაზა მის ჯგუფში გაერთიანება, რომელიც კახეთში მიემგზავრებოდა და სიღნაღში იმუშავებდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჩავედით, ეტიუდებს ვწერთ, ვსაქმობთ. სკოლის ეზოში, თეატრის გვერდზე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ვცხოვრობდით. მეორეზე ქალები იყვნენ, უყურადღებოდ ირჯებოდნენ, ნაგავს თავზე გვაყრიდნენ, ჩვენი საწოლები ჭუჭყით იყო სავსე. შენიშვნა მივეცი და ერთი-ორი მწარე სიტყვაც მივაყოლე. ელიჩკასთან მიჩივლეს. ისიც გამოვიდა და გამომლანძღა: როგორ გაბედე, შე ხულიგანო, ასეთო და ისეთოო, და შემაგინა, კაცო, … твою мать!

ბიჭები განრისხებულ ქალბატონს ოთახში დაემალნენ, ფარდა ჩამოაფარეს ფანჯარას და ელოდნენ, როდის ჩაივლიდა ფართომასშტაბიანი შემოტევა.

_ ცნობილია, რომ ქალბატონი ელენე მწარე სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფდა.

_ მართალი ხართ. შემაგინა და დავუბრუნე, мать твою, უფრო მეტიც. აქ დამრჩენის დედაც-მეთქი. დაიძაბა სიტუაცია. იქიდან ქალები ხელებს მიქნევენ, მანიშნებენ, გაჩუმდი, არ შეეპასუხოო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო.

და ვხედავ, ელიჩკა ჩემკენ მოდის და მეუბნება:

_ ბიჭო, არა გრცხვენია? ამ ქალაჩუნებთან მარტოს მტოვებ? ამათ ამარა უნდა ვიყო? იცი, როგორ მითხრა? დედა შვილს რომ ეტყვის, ისეთი საყვედურნარევი სითბოთი. ცრემლი წამომივიდა, ბიჭო.

მას შემდეგ უფრო დავვახლოვდით.

_ წარმოიდგინეთ, რომ შემოგთავაზეს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის დახატვა. რას შესთავაზებდით საზოგადოებრიობას?

_ დავხატავდი ისევ ჩემს ძველ თბილისს. ამოუწურავი თემაა, დაუშრეტელი წყარო. დავხატავდი კახეთის კარგ სოფელს, პატარძეულს თუნდაც, სადაც ბავშვობა მაქვს გატარებული. არ უნდა მიედ-მოედო იმას, რაც შენთვის უცხოა. პორტრეტი მაქვს ერთი გაკეთებული _ ონაშვილი ანდრია შეწამლული ვენახის ფონზე. “ფოთოლცვენა” მაქვს დახატული, რომელმაც მოსკოვში 1987 წელს გამართულ რეტროსპექტულ გამოფენაზე “საქართველოს 60 წელი” ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ძალიან დიდ ფულად შეიძინეს.

სიტყვამ მოიტანა და გეტყვით: გივი თოიძის ნახატები, რომლებიც ორიგინალურობით, ფერადოვნებით, კოლორიტითა და მაჟორული გამით არის გამორჩეული, შეძენილი აქვს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, ამშვენებს აშშის პრეზიდენტების კერძო კოლექციებს. და აგერ, “საქართველო და მსოფლიოსწინასაახალწლო ნომერში გამოსაქვეყნებლად დახატა და გადმოგვცა: “ძველი ქუჩა მთაწმინდაზე”, რომელსაც ჩვენს საახალწლო ნომერში წარმოგიდგენთ.

არმაზ სანებლიძე

P.S. ეტყობა, 9 დეკემბერი იმათი დღე იყო, ვისაც სახელად ერქვა გივი: მუზეუმიდან გამოსულებს ქაშვეთის წინ ხელგაშლილი გივი სიხარულიძე გადაგვეღობა და ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი თავი წარუდგინა _ გივი თოიძე, მისი მეგობარი და სახალხო მხატვარი, და მე ყოფილის რანგში. რისი ყოფილი, ამას ჩვენი მკითხველებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ორიოდ ნაბიჯში ერთი ახალგაზრდა ქალი ცნობისმოყვარე ბავშვებს ჩვენკენ მიუთითებდა და, ეტყობა, უხსნიდა, რომ ამ ბიძიებსა და დეიდებს შორის ორი სუპერპოპულარული ადამიანი იყო და ორივე იყო გივი _ თოიძე და სიხარულიძე.

გავერიდე, და წასაკითხად ეს პუბლიკაცია დაგიტოვეთ.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here