Home რუბრიკები საზოგადოება გიგა ბათიაშვილი: ქალამნების დროში რომ არ ჩავრჩეთ

გიგა ბათიაშვილი: ქალამნების დროში რომ არ ჩავრჩეთ

1823

საქართველო და მსოფლიოს” რედაქციის სტუმარია გამოჩენილი ქართველი არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე გიგა ბათიაშვილი.

_ ბოლოს და ბოლოს, გამოცხვა, ბატონო გიგა, “ობლის კვერი” სახელად დედაქალაქის გენერალური გეგმა?

_ ობლის კვერს ნამდვილად ჰგავს. ვერ გეტყვით, გამოცხვა თუ არა, რადგან ყველა ვადა ამოიწურა, მაგრამ დღემდე არ გამოქვეყნებულა. მოვისმინე მხოლოდ ანგარიში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. როგორც მივხვდი, გარკვეული კორექტივები შეიტანეს დეკემბერში წარდგენილ პროექტში, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მთავარი, რადგან არასაკმარისია.

_ რას გულისხმობთ?

_ შევეცდები, დაწვრილებით ავუხსნა “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ღმერთმა მოგვცა და უნდა ვიზრუნოთ, რომ, რაც შეიძლება კარგად გამოვიყენოთ განგების საჩუქარი.

დღეს საქართველო არის დემოკრატიული, სუვერენული, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მიმდევარი სახელმწიფო. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური განვითარება უნდა მოხდეს სრულიად სხვა საფუძველზე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, როცა თბილისი, როგორც ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის დედაქალაქი, იმპერიული ინტერესებით იმართებოდა.

დღეს “ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდვნის” (ფორმალურად მაინც) და ეს უნდა გამოვიყენოთ ხვალინდელი დღის პერსპექტივის განსაზღვრით.

განვიხილოთ ორი ასპექტი.

პირველი: რას წარმოადგენს დღევანდელი თბილისი და რა ამოცანები დგას მის წინაშე.

თბილისი შედგება სამი არატოლფასი ნაწილისგან. არატოლფასი ყველა თვალსაზრისით _ მოცულობითაც (“ზომა-წონით”) და მნიშვნელობითაც.

პირველი ნაწილია _ ტიფლისს რომ ეძახდნენ და თბილისი რომ ჰქვია _ საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიციების პროდუქტი, რომელიც, ძირითადად, დასრულებულია XX საუკუნის პირველ ნახევარში. აქ განაშენიანება შედგება, როგორც ტაძრებისგან, ქარვასლებისგან, ისე ფორტიფიკაციული ნაგებობებისგან, ხოლო საცხოვრებელი სახლები XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული, მათთან ერთად საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ქალაქის ეს ნაწილი სრულად წარმოგვიდგება თავისი ღირსებით, იერსახით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და დედაქალაქთან თავისი შესატყვისობით, მაგრამ დღეს სერიოზულად ხელშესავლებია _ ისტორიული ღირებულებები უკეთ არის საპატრონო, სოციალურად ბოლომდე არ არის გამართული და ვარგისი თანამედროვე ცხოვრებისთვის. ამასთანავე, ჩარევა დიდი სიფრთხილითაა საჭირო, რათა არ დაიკარგოს მისი მთავარი ღირსება, ანუ არ მოკვდეს ის გენი, რომელზეც განვითარდა ერი.

_ არქიტექტურას გულისხმობთ?

_ მათ შორის არქიტექტურასაც, რომელიც სარკეა ერის.

ეს _ ერთი ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად მცირეა.

მეორე ნაწილი არის “ნა-ძა-ლა-დევები”, არა მხოლოდ ისტორიული “ნაძალადევი”

ეს არის საურმე ქალაქი.

_ საურმე?

_ დიახ, საურმე ქალაქია მთელი თავისი გზების ქსელით, განაშენიანებით და ა.შ.

“ნაძალადევები”, ძირითადად, განფენილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე, მტკვრის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე და არაფრით არ ეწერება დედაქალაქის, არა თუ სახვალიო, გუშინდელ ცხოვრებაში.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე საბჭოთა ქალაქები იგეგმებოდა, როგორც დასახლებული პუნქტები, რომლებშიც მხოლოდ საზოგადოებრივი და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი მოძრაობდა და იმოძრავებდა. გამონაკლისი გასაქირავებელი მანქანების მცირე რაოდენობაზე კეთდებოდა. ქალაქგეგმარებითი მთელი დოკუმენტაცია _ ნორმატივები, წესები არ ითვალისწინებდა მსუბუქი საავტომობილო ტრანსპორტის, საერთოდ, ამ ფენომენის, რაოდენობის ფეთქებად გაზრდას ჩვენს ქვეყანაში. ევროპაში კი იმ დროს ამ მიმართულებით უკვე არსებობდა პრობლემები. იმდროინდელ მსოფლიოში უდიდესმა არქიტექტორმა, არქიტექტურის მოცარტმა ნიეზ ვანდეროიმ 1962 წელს გვითხრა: ყველაფერი გადადეთ და საავტომობილო პრობლემას მიაქციეთ ყურადღებაო. ამაზე ჩვენ, ახალგაზრდა არქიტექტორებს, გაგვეღიმა _ მანქანები არ არის და რომელ პრობლემებზეა ლაპარაკი?!

ფაქტია, რომ “საურმე ქალაქი”, რომელსაც განვიხილავთ, ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს.

თბილისის მესამე ნაწილია ე.წ. საძილე რაიონები _ კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი და გაშენებული საცხოვრებელი 5-9-სართულიანი (შემდეგ 16-იანებიც გაჩნდა) სახლები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი ფუნქცია _ საძილე რაიონებია, იმ მინიმალური მომსახურებით, რომელიც ამ ტიპის დასახლებას სჭირდება _ არის საბავშვო ბაღები, არის სკოლა, არის პურის მაღაზია და მილიციის განყოფილება ან პუნქტი.

 იმ დროს ქალაქში არსებული ფართობის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. გამონაკლისი მხოლოდ ბარაკების მიმართ იყო დაშვებული. კეთილშობილი საქმე იყო _ ბარაკებსა და სარდაფებში მცხოვრები მოსახლეობის ნორმალური საცხოვრისით დაკმაყოფილება. ამას სახელმწიფო აკეთებდა. ხელისუფლება დაინტერესებული იყო, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები, ამიტომ ყველა რესურსი აქეთ იყო მიმართული. ნებისმიერ გამონაკლისზე მოსკოვის, საკავშირო ნებართვა იყო აუცილებელი.

ასეთ ვითარებაში გამოსავალი ქალაქის შემოგარენში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოუსადეგარი მიწების ათვისება იყო. და ქალაქიც ამ მიმართულებით გაფართოვდა. თბილისს სატელიტად გაუჩნდა უზარმაზარი საძილე რაიონები, რომლებიც, როგორც წესი, საქალაქო ცხოვრებით არ ცხოვრობს.

უკვე ნახსენებ “საურმე ქალაქთან” ერთად ამ საძილე რაიონების მოსახლეობას თბილისში გადასაადგილებლად ქანქარისებრი მოძრაობა უწევს _ ორჯერ მეტი მანძილის გავლა და ორჯერ მეტი დროის დაკარგვა: ქალაქიც ზედმეტად იტვირთება.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წარმოიშვა რამდენიმე ამოცანა.

პირველი: საძინებელი რაიონების სტრუქტურაში საფუძვლიანი ქირურგიული ჩარევით, მათი ქალაქის უბნებად ამუშავება. მეორე, “ნაძალადევების” ღრმა და ფართე არქიტექტურული ოპერაციების საშუალებით შუკების, ჩიხებისა და პატარ-პატარა საურმე ქუჩების “გაქალაქელება”. ვიცი, რომ ეს უბნები ძირითადად კერძო მოსახლეობით არის დასახლებული, მაგრამ სახელმწიფომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს უნდა გაუღვიძოს ინტერესი მატერიალური თუ სხვა საშუალებებით, ჩაერთონ რეკონსტრუქციაში. აუცილებლად უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, რომელიც არც გენერალურ, არც მიწათსარგებლობის გეგმაში არ არის ასახული.

_ ბატონო გიგა, მეჩვენება თუ მართლა ისეა, რომ ქალაქს ხიდები ძვალივით აქვს ყელში გაჩხერილი. პიკის საათებში (თბილისში კი როდის არ არის პიკის საათი?!) ჩვენს ხიდებზე დაგუბებული მანქანების ნაკადი უძრაობის მოძრაობად (ან პირიქით) წარმოგვიდგება.

_ ხიდებიც და მიმდებარე ქუჩებიც, ასე ვიტყოდი.  თბილისი 40 კილომეტრზე განფენილი ქალაქია. იწყება ავჭალიდან და თითქმის აეროპორტამდე იჭიმება. ლამის ლოჭინის ხევს მივადექით.

გვაქვს სულ ათი ხიდი: საშუალოდ, ოთხ კილომეტრზე თითო ხიდი. ეს სტატისტიკისთვის, თორემ ხიდების პრობლემა სულ სხვაა. ათი ხიდიდან ორი გამოვაკლოთ, რადგან პირველი და ბოლო ქალაქიდან გასვლასა და შემოყვანაზე მუშაობს, და ქალაქის კომუნიკაციურ სიტუაციაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. დანარჩენი რვა აბსოლუტურად არ არის საკმარისი 40 კილომეტრზე გაჭიმული ქალაქისთვის. ამასთანავე, არც ერთ ხიდს არ აქვს გამჭოლი გზა. გაიხსენეთ ვერეს ხიდი, იგივე გალაკტიონის ხიდი, მის თავსა და ბოლოში არსებული ქუჩები და, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რამდენად რთულია ამ სივიწროვეში გადაადგილება ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც.

ასეთივე მდგომარეობაა სხვა ხიდების მიმართ. გადატვირთვა არანორმალურია.

სადავო არ არის, როცა თბილისის მერია ცდილობს, გაზარდოს ქალაქის ტრანსპორტის რაოდენობა და ქსელიც ინტენსიური გახადოს, მაგრამ პერსპექტივაში იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც დღეს ვართ. მიზეზი კი ისაა, რომ პირველი, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო, სატრანსპორტო-საგზაო ჩონჩხზე პრობლემის გადასაწყვეტად გათვლილი ღონისძიებების შემუშავება არ განხორციელებულა. მოქმედებს პრინციპი: გატყდება ჩონჩხი, დაიშლება სხეული.

_ თბილისს გაუტყდა ჩონჩხი?

_ რა გაუტყდებოდა, რაც არა აქვს? სატრანსპორტო ჩონჩხზე უნდა აგებულიყო მთელი გენგეგმა, მიწათსარგებლობა და ა.შ.

_ მიწათსარგებლობა რა შუაშია?

_ საქმეც ის არის, რომ თვით ცნება მიწათსარგებლობა არის გენერალური გეგმის შემადგენელი ნაწილი. ეს არ არის დამოუკიდებელი დოკუმენტი. კარგი მოთხრობის ერთი თავივით არის. ქალაქის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მას უცნაური სახელი დაარქვა: მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლების პროექტი.

არც გენგეგმაა, არც მიწათსარგებლობის გეგმა არის. არაფერია.

კახა კალაძე არის ენერგიული, აზრიანი და გონიერი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, ოპერატიულად აკეთოს საქმე, მაგრამ ეს საქმე არ არის ისე უცბად მოსაცილებელი, როგორც თითში შერჭობილი ხიჭვის ამოძრობა.

გლობალური პრობლემაა, მსოფლიო მასშტაბის.

განგების ნებით, ჩვენ აღმოვჩნდით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, რომელიც ორ ზღვას შორის მდებარეობს.

ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს ქვეყნებს აქვთ პოტენციური ინტერესი საქართველოსადმი.

_ სატრანზიტო ფუნქციას გულისხმობთ?

_ დიახ, რომელიც დიდი დივიდენდების მიღების შანსს გვაძლევს. ლაპარაკია არა მხოლოდ ენერგოშემცველების (ნავთობი, გაზი) ტრანზიტზე, არამედ ინტელექტის, ფინანსების ტრანზიტზე. ამას კი სჭირდება დაგეგმვა და მართვა.

რამ წარმოშვა ამერიკაში სითი _ საქმიანი ქალაქი? წარმოშვა ეკონომიკურმა ინტერესმა. შემდეგ ასეთი სითი გაჩნდა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ქალაქებში. ჩვენ ვერ გავხდებით მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა, თბილისი ვერ გახდება ამ არტერიის საკვანძო ქალაქი თუ არ შეიქმნება ამ ზონის გამოყენების მართვის აუცილებელი პირობა. თუ სიტი არ აშენდება, ეს პოტენციური შესაძლებლობა არ ამოქმედდება საჭირო მოცულობითა და ფართო მასშტაბით. თუ იმუშავებს, ისე, წვეთ-წვეთობით, როგორც დღეს ხდება. რაც არის, იმაზე მადლობა უნდა ვთქვათ, რადგან მან გადაგვარჩინა. მაგრამ თუ სრულად ამუშავდება, საშვილიშვილოდ ვიქნებით დაცული, რადგან მსოფლიოს ქვეყნების ინტერესები აქ იქნება კონცენტრირებული.

_ სად და როგორ უნდა აშენდეს საქმიანი ქალაქი?

_ კარგი შეკითხვაა. ისე არ არის, ვისაც სად მოუნდება _ ეს სახლი დავანგრიოთ და აქ ავაშენოთო!

_ ანუ, როგორც ადრეც არაერთხელ გითქვამთ, ვიღაცის ხოშზე არ შეიძლება გადაწყდეს.

 _ დიახ. საქმიანი ქალაქი ერთი შენობა არ არის. მის ასაგებად უზარმაზარი ტერიტორია გვჭირდება, რადგან ოფისების, ბანკების, სასტუმროების გარდა, აქ უნდა განთავსდეს საელჩოები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფილიალები და ა.შ.

გახსოვთ, რა თქმა უნდა, როცა ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, საელჩოები ორ-სამ ოთახში განთავსებაზეც თანახმანი იყვნენ.

ახლა ამერიკამ თანამედროვე, სრულად დაკომპლექტებული საელჩო აიშენა, სხვებმაც გაიუმჯობესეს მდგომარეობა. საელჩოებს უზარმაზარი ინფრასტრუქტურა გააჩნია: საცხოვრებელი, საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ. აქ დასაქმებულმა კონტიგენტმა უნდა იცხოვროს და იმუშაოს ისეთ პირობებში, როგორიც თავის ქვეყანაში აქვს. არანაკლებ, თუ უკეთესად არა.

მოკლედ: სითის პრობლემა ეპოქის გამოწვევაა.

_ ჩვენს გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია სითის მშენებლობა?

_ ამოცანაც არ დგას! თუ ეპოქის გამოწვევებზე არ იქნება პასუხი გაცემული, ნებისმიერი “ორი დღით დანიშნული” ხელმძღვანელი შეეცდება ოპერატიულად გაარემონტოს გამსკდარი საკანალიზაციო კოლექტორი, სადღაც სახურავი შეაკეთებინოს, წყალგაყვანილობა მოაწესრიგებინოს, ასფალტი დააგებინოს და ა.შ. ესეც, ცხადია, საჭიროა და აუცილებელიც კი. მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი ისაა, რაზეც ვილაპარაკეთ.

დოკუმენტი, რომელსაც განვიხილავთ, არ ითვალისწინებს არც თვით ქალაქის ორგანიზმის ჯანმრთელობის პრობლემის გადაწყვეტას სატრანსპორტო ჩონჩხის დაპროექტებით, არც იმას, რომ თბილისი გვესახება გლობალური სატრანზიტო სისტემის პორტალად, ვერ იქნება სრულყოფილი როგორც ქალაქგეგმარებითი პროექტი.

_ რას გვთვაზობთ, ბატონო გიგა, სად შეიძლება სითის აგება?

_ რას გთავაზობთ? გითხრათ ეგა? არ მინდა ვთქვა. გვკითხონ და ვუპასუხებთ. ჩვენ უარს არ ვამბობთ დახმარებაზე. რას ჰქვია უარს არ ვამბობთ?! პირიქით! გვინდა, რომ გავაღვიძოთ, გამოვაფხიზლოთ, პერსპექტივა დავანახოთ დედაქალაქის ხელმძღვანელობას. ავტორობა სულ არ მჭირდება: იმდენი ობიექტის ავტორი ვარ, მეც მყოფნის და სხვასაც შეიძლება ვუწილადო.

მე ჩემს შვილთაშვილებზე ვზრუნავ, თქვენს შვილთაშვილებზეც და იმ თაობებზე რომლებიც მოდიან… და კიდევ ერთი, მთავარი საკითხი ამ გამოწვევების ფონზე _ დამკვეთის ინსტიტუტი, რომელიც გადამწყვეტია.

_ არქიტექტურაში?

_ ყველაფერში, არქიტექტურაში _ განსაკუთრებით. ამისთვის კი უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახური, რომელიც არ გაგვაჩნია.

ბევრი თემაა ამასთან დაკავშირებული და ყველა ცალ-ცალკეა მოსაგვარებელი. ძალიან ბევრია, ჩვენ კი გვინდა, ხვალ გვქონდეს ხვალის თბილისი…

_ ის დოკუმენტი, რომელიც არ გამოქვეყნებულა და რომელსაც გენერალური გემის ნაცვლად რაღაც ეგზოტიკური სახელი ჰქვია, ჩვენს ამ სურვილს არ უპასუხებს?

_ რაც გინდათ, დაარქვით. აბსურდებით კი არის სავსე.

_ კერძოდ?

_ მოგახსენებთ ახლავე. რა თქმა უნდა, გამოცდილება _ შენი თუ სხვისი გათვალისწინებული უნდა გქონდეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ სხვას, ვისაც შენზე მეტი გამოცდილება აქვს, შეუძლია შექმნას ის, რაც შენ გჭირდება, რაც შენთვის აუცილებელია და რასაც შენი საზოგადოება მიიღებს.

ჩვენი ერი აღმოცენებულია ევროპული კულტურის საძირკველზე, რომლის მშენებლობის თანამონაწილეები ჩვენ თვითონ ვართ, რომელსაც ვერ მოერია ორიენტალისტური კულტურა, თუმცა გარკვეული სურნელი შემატა აღმოსავლური ცივილიზაციის.

ჩვენს ხალხს არ დასჭირდა წვერის მოპარსვა იძულებით, პიჯაკის ჩაცმა იძულებით, ქალებს არ დაჭირდათ ქალწულობის რკინის ქამრების შეხსნა. ფილმი “ქეთო და კოტე” არის ფანტასტიკური ილუსტრაცია ჩვენი რაობის, თუნდაც გარეგნულ ფორმაში, ტანსაცმელში _ სმოკინგი “მერზავჩიკით”, ჩოხით და იგივე “მერზავჩიკით”, ლამპასებიანი შარვლით და ხელში ჯიხვის ყანწით.

 ახლა _ იმავე ფილმის მუსიკა: თბილისური ჰანგები ვერდისეულად არის აჟღერებული. გაიხსენეთ გუნდი _ “სალამი ჩვენს მასპინძლებსა”.

_ აიდას” საზეიმო სვლასავით ჟღერს…

_ ვერდის ოპერაა! ერთსა და ორ წელიწადში ვერ აითვისებ, ვერ ისწავლი, თუ გენებში არ გიზის.

გენებში გიზის და, მაშასადამე, გასაანალიზებელი გაქვს შენი ბუნებრივი ეროვნული ხედვის, შენი გენებით ნაკარნახევი ხედვის პერსპექტიულობა და ამის გათვალისწინებით უნდა ააგო შენი პოლიტიკურ-ეკონომიკური პოლიტიკა.

აი ეს კი დამკვეთის ვალია, თუმცა მას ვერ მოსთხოვ ყველაფრის ცოდნას. მაგრამ დამკვეთს უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ მოისმინოს, მიიღოს კონსულტაციები და ამ კონსულტაციების მიხედვით ჩამოაყალიბოს მოთხოვნა.

ახლა უცხოელების შესახებ, რომელთა შექმნილიც არის ის თბილისი, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. არქიტექტორებზე ვამბობ, თბილისში აკრედიტებულ დამპროექტებლებზე, რომელთა 95 პროცენტი აქ ცხოვრობდა, მუშაობდა, აქ ოჯახდებოდა, აქაური სულითა და სულისკვეთებით მდიდრდებოდა, ამიტომ არის, რომ მთელი სოლოლაკის, რომელიც ბაქოს ნავთობის ბუმის შედეგად არის აგებული, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გერმანელების უბნის კირხენის, კირკას რომ ეძახდნენ, შენობებს ფრაკიც აცვიათ, კრეოლინის კაბებიც და მთელი ორგანიზმი კი არის ის, რაც საუკუნეების განმავლობაში შემოინახა კალას უბანმა.

მაგრამ სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოში მოიწვევ ისეთ სპეციალისტებს, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, თუნდაც ქართულ არქიტექტურაზე და უკვეთავ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვან ობიექტებს.

 ერთ მაგალითს დაგისახელებთ ყოფილი ხელისუფლების “ეროვნული მოღვაწეობიდან”. თბილისში, როგორც “საბჭოთა წარსულის” გადმონაშთი, აჰყარეს ტრამვაის ლიანდაგი და ტრამვაის ვაგონებთან ერთად ჯართად გაყიდეს. ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ტრამვაი ყველაზე დემოკრატიულ ტრანსპორტად არის აღიარებული. ჩვენი ხინკალივითაა _ მეფესაც და გლეხსაც ერთნაირად მოსწონს.

როდის-როდის მოინდომეს აღდგენა და მოიწვიეს უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც ტრამვაის ხაზი დააპროექტეს სოლოლაკში, ლადო ასათიანის ქუჩაზე (ყოფილი ენგელსის ქუჩა), რომელიც ისე ვიწროა, რომ, ერთი მანქანა თუ გაჩერდა, მეორე გვერდს ვერ აუვლის და რომელიც სამხრეთ საქართველოს საზღვრიდან თბილისში შემომსვლელი ერთადერთი სტრატეგიული გზა არის. ავტეხეთ ხმაური და იძულებული შეიქნენ, მოეხსნათ ეს პროექტი. იმ დამპროექტებლებმა უდიდესი ჰონორარი წაიღეს და წავიდნენ: თავიანთი საქმე გააკეთეს და ვერ შეედავები.

ასეთი შემთხვევები ცოტა როდი გვაქვს!

ახლა, რაც შეეხება ველოსიპედებს, მსოფლიოში პოპულარულ ამ “პერსონალურ სატრანსპორტო საშუალებას”. საქართველოშიც გვაქვს ისეთი რაიონები, რომლებშიც ველოსიპედი პოპულარულია.

_ სამტრედია.

_ სამტრედია და ფოთი. თბილისში კი “საველოსიპედოდ” გამოდგება მხოლოდ სანაპირო, რუსთაველი, მელიქიშვილითა და ჭავჭავაძით გაგრძელებული და პეკინის ქუჩა _ საბურთალოთი.

გეკითხებით, ცალკე ბილიკები ყველა ამ ლოკაციაზე რომც გავუკეთოთ, რა უფლება გვაქვს, მოვკლათ ველოსიპედისტები, რომელთაც იძულებულს ვხდით, დაიავადონ ფილტვები ამ მაგისტრალებზე დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე გადაჭარბებული გამონაბოლქვით გაჯერებული ჰაერით?!

ხომ ცნობილია, რომ ფიზიკური დატვირთვის დროს ადამიანის ფილტვები ორჯერ მეტად იხსნება და სუნთქვაც ინტენსიური ხდება!

გავაკეთოთ საველოსიპედო ბილიკები თბილისის ზღვაზე, პარკებში…

_ თორემ პეკინის ქუჩაზე ასეთი ზოლის გაკეთება გაპრანჭვაა _ “მეც ნახირნახირო!”

_ და კიდევ ერთი რჩევა კახი კალაძეს, რომელიც “მწვანე ქალაქისთვის” იღვწის.

მწვანე ქალაქი” ნიშნავს მწვანე ნარგაობით ქალაქის დამშვენება-გაჯანსაღებას. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, ბუნებრივი, განახლებადი ენერგიით ტრადიციულის ჩანაცვლებას, რაც შესაბამისად შეცვლის ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს.

 ძალიან კარგია.

მაგრამ თბილისში ახალი პარკები ვერ გაშენდება, ორად-ორი ადგილია მხოლოდ. პირველი _ მინდელის ხიდის ზონაში, აშშ-ის საელჩოს წინ მტკვრის კალაპოტში და, მეორე, ორთაჭალაში 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, ესეც მტკვრის კალაპოტში. თავისთვად _ თბილისის ზღვაზე.

ამ შემთხვევაში ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი არის პარიზი _ პატარ-პატარა სკვერები ყოველ ნაბიჯში.

ამ ვითარებაში მიწათსარგებლობის გეგმას რომ განიხილავ და ეს პრინციპი არ გაქვს დამუშავებული, მერე რას შვრები, მართმევ მიწას? და კიდევ ერთი საკითხი მიწასთან დაკავშირებით: არ შეიძლება მთელი საქართველო და თბილისი ავაშენოთ, როგორც მომსახურე საზოგადოების ქვეყანა და ქალაქი. ამას გარდა და ამასთან ერთად, არსებობს პროდუქციის შექმნის აუცილებლობა.

იმ მიწებს, რომლებიც ეკავა ახლა უკვე გაუქმებულ დიდსა და პატარა საწარმოებს, რას უპირებ?

მაშინ, როცა ყოფილმა ხელისუფლებამ შეუტია მეცნიერებას და მოსპო კვლევითი ინსტიტუტები, გვჭირდება კი ასეთი დიდი კონტიგენტი უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების?!

სად უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა? რას უნდა მოახმარონ?!

გენგეგმა ეგ არის. მიწათსარგებლობის გეგმა ეგ არის.

გენგეგმა არის კონსტიტუცია, მშენებლობის, აღმშენებლობისა და ცხოვრების ყაიდის დამდგენი კონსტიტუცია.

_ რაც საქართველოს დღეს არ აქვს.

_ უნდა ჰქონდეს მსოფლიო მასშტაბის ეპოქალური გამოწვევებიდან გამომდინარე, თორემ ქალამნების დროში ჩავრჩებით!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here