“საკუთარ ეკონომიკურ აქტივობაზე გიგანტომანიით დაავადნენ და, სხვა პოზიტივს რომ ქმნიან, ასეთ ოდიოზურ პროექტებს იგონებენ. თეორიულად მათი ინიციატივა თითქოს ცუდად არ გამოიყურება _ ერთი შეხედვით კარგია, რომ მთავრობა კომპაქტურად იყოს განლაგებული და უკეთესად კოორდინებული, მაგრამ დროსა და სივრცეში არიან დაკარგულები.
დღეს, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში, ასეთი ტიპის პროექტების დაწყება აბსოლუტურად არაადეკვატურია და შეუსაბამოა იმ სოციალურ რისკებთან, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. ის არგუმენტი, თითქოს ამით მშენებლობის სტიმულირებას მოახდენენ, იმდენჯერ მოვისმინეთ მიშა სააკაშვილის დროს, რომ სირცხვილია. ნუ დაემსგავსებიან იმათ, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და რის გამოც მოვიყვანეთ ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ჯერ ქვეყანა გახადონ სამვარკვლავიანი, სადაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ, და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე”, _ განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთანვე, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ პროექტი ეკონომიკურად კარგად არ არის დათვლილი და უსაფრთხოების მხრივ პრობლემებსაც ქმნის.
“ის ამონაგები, რომელიც არსებული ინფრასტრუქტურის რეალიზაციიდან თეორიულად შეიძლება მივიღოთ, რამდენად ადეკვატურია იმ თანხის, რამდენიც ეს ქალაქი დაჯდება?! ვფიქრობ, ეს გათვლები არავის გაუკეთებია და მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდება. გარდა ამისა, სანამ ეს ქალაქი არ აშენდება, ბუნებრივია, ის შენობები ვერ დაიცლება და, შესაბამისად, ხარჯები წინასწარ იქნება გასაწევი, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომპენსირება. მანამდე რა შეიძლება გახდეს ამ მშენებლობის წყარო? კიდევ დგება უსაფრთხოების საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველო საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, დაიწყო პროტესტი, დადგეს კარვები. როგორ წარმოუდგენიათ მათ, როდესაც მთელი მთავრობა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ერთ წერტილში განლაგდება და ხომ არ მოხდება ისე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მღელვარების შემთხვევაში მთლიანად მთავრობა პარალიზებული იქნება? უსაფრთხოების კუთხით, ვფიქრობ, არავის უფიქრია. რისკების დივერსიფიცირება ყოველთვის უკეთესია. როდესაც ყველა ერთად გროვდება, მთელი ხელისუფლება, უკმაყოფილო ხალხმა შეიძლება მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზება მოახდინოს”, _ განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი სოსო ცინცაძე სამთავრობო ქალაქის მშენებლობის თაობაზე აცხადებს, რომ იდეა სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ გრანდიოზული პროექტი იდეის დონეზე კარგია, თუმცა, ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, განუხორციელებელია საქართველოსთვის.
“იდეა ბრწყინვალეა და ეს არ არის ჩვენი მთავრობისა და გახარიას ნოუ–ჰაუ. ევროპის, აზიის, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში არის სამთავრობო უბნები, რაიონები, რომლებშიც განთავსებულია ადმინისტრაციული შენობები, პრემიერმინისტრის ან პრეზიდენტის რეზიდენციები, მაგრამ მეორე საკითხია, თუ როგორი განსახორციელებელია ის ჩვენთან. მაგალითად, ამერიკაში უმუშევრები დახმარებას იღებენ, იდეა კარგია, მაგრამ ახლა ჩვენმა პრემიერმინისტრმა ეს რომ თქვას, განუხორციელებელია ხომ? ჩვენი, ქართული, პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ კეთილი სურვილებია. ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგი შენობაა და კარგად გაიყიდება. ეს შენობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ავარიულია და არავინ იყიდის. ასეთი დიდი ადმინისტრაციული შენობები საქართველოში დიდი წვალებით იყიდება და უმრავლესობა ვერ იყიდება. მე მგონია, რომ ეს არის კარგად მოფიქრებული სულ სხვა გეგმა _ ჩვენი გაჭირვებიდან ყურადღების რაღაცაზე გადატანის”, _ განაცხადა ცინცაძემ.
ექსპერტი მთავრობას იმისთვისაც აკრიტიკებს, რომ სამთავრობო ქალაქის იდეა მანამდე გაჟღერდა, სანამ ხარჯებს დაითვლიან.
“კვირიკაშვილმა თქვა იდეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ არც გაანგარიშება არსებობს, არც ისაა დათვლილი, რამდენი შენობა უნდა აშენდეს; არც ის, რომელი გაიყიდება. მთავრობის კანცელარიის მყიდველის პოვნა წარმოუდგენელია, ელემენტარულად, იქ რომ სასტუმრო აშენდეს, პარკინგის ადგილიც კი არ ექნება. როგორ შეიძლება იქ სასტუმრო გაკეთდეს?! იდეას შემოაგდებენ, აღტკინებული მოქალაქეთა ჯგუფი “ფინთი არიფივით” ავარდება, იწყება თოქ-შოუები, მიდის საუბარი ვარგა-არ ვარგაზე და მთავარი თემიდან ყურადღება გადადის. სადაც განსაკუთარებით მწვავეა სოციალური პრობლემები, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას ნეიტრალურ პრობლემაზე. ეს ჩვეულებრივი საკითხია. ჟურნალისტები “წამოეგეთ ამ ანკესზე”, ამ დროს კი ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ ყოველდღიურად იზრდება დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა. ვფიქრობ, ეს იდეა მოქალაქეთა სკეპტიციზმს ვერ გასცდება და ორი წლის შემდეგ, მთავრობას ვინმე თუ შეახსენებს, რატომ არ განახორციელეთო, მთავრობა იტყვის, გვინდოდა განხორციელება, მაგრამ მოსახლეობამ არ დაგვიჭირა მხარიო. გაზაფხული საქართველოში ჩვეულებრივ მშიერი თვეებია და სოციალური ფონიდან ყურადღების გადასატანად ეს იდეა გამოიყენეს. მე ასე მგონია”, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, გამონაკლისის გარეშე.
მოამზადა ეკა ზარნაძემ