Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: საქართველოს საჭადრაკო დაფაზე ერთი მეფეა, ყველა დანარჩენი _ პაიკი. აი,...

გია ხუხაშვილი: საქართველოს საჭადრაკო დაფაზე ერთი მეფეა, ყველა დანარჩენი _ პაიკი. აი, ასეთი უცნაური ჭადრაკის თამაში იცის ბიძინა ივანიშვილმა

3880
ბიძინა ივანიშვილი

2020 საპარლამენტო არჩევნების წელია. ასტროლოგებით დაწყებული და მჩხიბავებით დასრულებული _ ყველა წინასწარმეტყველებს, რომ ეს წელიწადი პოლიტიკურად მძიმე იქნება. წლის დასაწყისიდანვე საუბრობენ, რომ დიდი სამთავრობო ცვლილებები იგეგმება; ისეთი, რომ, შესაძლოა, ამ ცვლილებებს პრემიერი გახარიაც კი შეეწიროს. ფაქტია: მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი განიცადა, იწვნია უმოქმედობისა და კოაბიტაციის შედეგი და შეეცდება, ეს აღარ განმეორდეს. როგორი წელიწადი გვექნება? მშვიდად მივა ქვეყანა არჩევნებამდე თუ სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს უნდა ველოდოთამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

_ ქვეყანაში ბუნდოვანი ვითარებაა, უფრო ზუსტად, აფექტური. პოლიტიკური აპათიის ისტორიულ ეტაპზე ვართ. საქართველოში ამომრჩევლის უმრავლესობა დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან. მათ არ მოსწონთ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია.

სახელმწიფოს ამოცანა, არა მგონია, ბიძინა ივანიშვილის გადარჩენა იყოს და არც უნდა იყოს. საქართველოს ამოცანა განვითარებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება ქვეყნის განვითარებას ვერ უზრუნველყოფს. მართლმსაჯულებაში განვითარებული მოვლენებით ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ სააკაშვილის მანკიერი პოლიტიკის სამართალმემკვიდრეა, მან ყველაფერი ცუდი, რაც ჰქონდა მიშას, გადაიბარა. მართალია, ისე აგრესიულად არ გამოიყურება, როგორც მიშა, მაგრამ ფაქტია, ბევრი არაფერი შეცვლილა. უკვე ეჭვი მეპარება, ამას ბიძინა შეგნებულად ხომ არ აკეთებს, თუმცა იმასაც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, არაპროფესიონალიზის გამო ვერ ახერხებენ ამ მანკიერების აღმოფხვრას. ასეა თუ ისე, მიშას ხელისუფლებისდროინდელი მანკიერებები კვლავ გვაქვს, თუმცა ნაკლები აგრესიით. ქვეყანა არ ვითარდება და ბიძინა ივანიშვილს სურვილიც არ აქვს, რომ სისტემური ცვლილებები განახორციელოს, ანუ ის, რა მოთხოვნაც ხალხს ჰქონდა 2012 წელს.

_ ივანიშვილი შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას. რა შეიძლება მოიმოქმედოს მან არჩევნებამდე, რით მოახერხებს პოზიციის შენარჩუნებას?

_ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არჩევნების, მოგება კი არა, ყიდვაა. არჩევნების ყიდვა კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც შენი ალტერნატივა არ გამოიყურება უკეთესად. ივანიშვილისმოკავშირეა”, ერთი მხრივ, მონოპოლიური რესურსები და, მეორე მხრივ, უსახური და სუსტი ოპოზიცია. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებზე მცდელობაც კი არ ექნება პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანის. დიდი ხანია, მან ამაზე ხელი ჩაიქნია, ის მხოლოდ ნეგატივზე, მიშასგან საფრთხობელის შექმნაზე ფიქრობს, აგრეთვე, შეთქმულების თეორიებზე. შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალების მორიგი საქმეც ვიხილოთ, შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის მორიგი იმიტაციაც და ა.შ.

_ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი საქმეო, _ თქვით, რას გულისხმობთ? ასეთი საქმეები ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხდება?

_ დიახ, ჩვენ სახლმწიფო გადატრიალების იმიტაციას ვიხილავთ, ასეთი ბევრი საქმე გვაქვს და, როგორც გინდათ, ისე იფიქრეთ. დღემდე იხილავს პროკურატურა და სასამართლო ასეთ საქმეებს, მაგრამ არც ერთი არ გახსნილა. დაიწყებენ გამოძიებას და მერე ჩაფარცხავენ. ეს საქმეები საარჩევნოდ აქვთ შემონახული და ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებათ. ბიძინა ივანიშვილს ერთდაერთი საკითხი აქვს დღის წესრიგში _ ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. მისთვის სახელმწიფოებრივი თემები მეორეხარისხოვანია.

_ ბიძინა ივანიშვილმა მწარე გამოცდილება მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორ ფიქრობთ, ეს მისთვის არაფერს ნიშნავს?

_ როგორც ჩანს, ასეთი გამოცდილება არაფერს ნიშნავს. ჩვენ, ყველას გვახსოვს, როგორი დამფრთხალი იყო ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ამბობდა, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებდა და შეეცდებოდა, გამოესწორებინა შეცდომები, ქვეყანაში არსებული ვითარება, მაგრამ არაფერი გამოუსწორებია. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, როგორც ბიზნესმენი, გადააგორა პრობლემა _ დაივიწყა. მისთვის ფასი არ აქვს მიცემულ სიტყვას და ეს აჩვენა კიდეც საზოგადოებას პროპორციული არჩევნების საკითხზე. მან ამ დაპირების შეუსრულებლობით მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” კი არ “გადააგდო”, როგორც “ოცნება” აფორმებს ამას, არამედ “გადააგდო” სრულიად ქართველი საზოგადოება, პოლიტიკური სივრცის გახსნის პერსპექტივა მოსპო და ორპოლუსიან ნარატივში დატოვა საზოგადოება.

საპრეზიდენტო არჩევნებისას ნამდვილად იყო საფრთხე და ივანიშვილმა ეს დაინახა, მაგრამ როგორღაც მოაგვარა, გადააგორა და მეორე დღესვე დაავიწყდა ყველაფერი. ამ ხნის განმავლობაში, რაც მისი გუნდია ქვეყნის სათავეში, სატრაბახო არაფერი გაუკეთებია. არადა, იმედით აცხოვრა ხალხი, რომ, ამ წელს თუ არა, მომდევნო წელს ყველაფერი კარგად იქნებოდა.

_ იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები? რამდენიმე დღეა, ზოგიერთი გამოცემა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს, შესაძლოა პრემიერი გახარია მოხსნანოისე, ფაქტია, რომ მინისტრები მართლაც ვერ ახრხებენ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას.

_ მინისტრთა კაბინეტი არის ინსტიტუტი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. საქართველოში ეს ასე არ არის, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და პასუხს არ აგებს არავინ. პრემიერმინისტრი გახარია როგორი ჭკვიანიც უნდა იყოს, გადაწყვეტილებების მიმღები არ არის, ისევე, როგორც არც ერთი მინისტრი. დამიჯერეთ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს იმის განცდა, რომ გადაწყვეტილებას იღებს და პასუხისმგებელია თავის მოქმედებებზე. აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი ან რომელი მინისტრი შეიცვლება?!

თეორიულად წარმოიდგინეთ, რომქართული ოცნებიდანწავიდა ყველა _ პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, პარტიული ელიტა და ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა სხვა, უცნობი, ასე ვთქვათ, სუფთა ადამიანები ქუჩიდან, რამე შეიცვლება? არაფერი შეიცვლება, რადგან რეალურად ქვეყანაში გვაქვს ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი, სადაც გადაწყვეტილების მიმღებიცა და პასუხისმგებლობის დაკისრების სუბიექტი არის ერთდერთი ადამიანი და ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ, ასე ვთქვათ, სახლობანას თამაშობენ, ვიღაც პარლამენტის თავმჯდომარეა და ვიღაც _ პრემიერი, თვითონ ამ ადამიანებსაც არ აქვთ იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში რამეს წარმოადგენენ. ამბობენ, პოლიტიკა საჭადრაკო დაფააო, მაგრამ საქართველოში საჭადრაკო დაფაზე ერთი მეფეა, დანარჩენი ყველა პაიკია. აი, ასეთი უცნაური ჭადრაკის თამაში იცის ბიძინა ივანიშვილმა.

_ გამოდის, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნება, მშვიდად, ნერვების აუშლელად მივალთ საპარლამენტო არჩვნებამდე?

_ “მშვიდად” ხმამაღალი ნათქვამია, არჩევნებამდე მუდმივი არასტაბილურობა იქნება. რამე განსაკუთრებით დრამატულსაც არ ველოდები, წარღვნა არ დაიწყება, მაგრამ სტაბილური ვითარება არ იქნება, იქნება მუდმივი რყევები, პრობლემები.

_ ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა უცხოეთი, გარე ძალები ჩაერიონ არჩევნებში და ბიძინა ივანიშვილი, როგორც მათთვის არასასურველი პიროვნება შეცვალონ

_ უცხოეთი ერევა მაშინ, როდესაც ხალხის ნება გასაგებია. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ რისკავენ. ისინი, ასევე, ერევიან მიმდინარე პროცესებში, შესაძლოა, გააძლიერონ რაღაც, ხელი შეუწყონ, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. უცხოელები აკვირდებიან საზოგადოების განწყობას. თუ საზოგადოებაში ცვლილების საფუძველი არ არსებობს, მაშინ მათ ძალა არ შესწევთ. 2003 წელს, როდესაც “ვარდების რევოლუცია” მოხდა, მაშინ მართლაც იყო ხალხის განწყობა ნეგატიური შევარდნაძის მიმართ და უცხოელები მიეხმარნენ პროცესის დაჩქარებაში, ისევე, როგორც 2012 წელს მიშას გადაგდებაში მონაწილეობდნენ. ასე რომ, უცხოეთი მხოლოდ ეხმარება…

სიმართლე გითხრათ, ახლა ცუდი მდგომარეობაა, ხალხს ბიძინა აღარ მოსწონს და დასავლეთშიც ბევრი კითხვები აქვთ ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ხალხს ბიძინა უნდოდეს, დასავლეთმა კი მისი ჩანაცვლება გადაწყვიტოს. საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს აღარ უყვარს, ეს ქმნის ნოყიერ საფუძველს, რომ დასავლეთმა ითამაშოს გამაძლიერებელის როლი ხელისუფლების შეცვლის საქმეში.

_ თუკი ასე მოხდა, რომელმა ძალამ შეიძლება შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება? “ნაციონალურ მოძრაობასადა მის განშტოებებს მხარდამჭერები არ ჰყავს

_ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს მესიების ეტაპი. გვჭირდება ალტერნატიული ნაციონალური ლიდერი, რომელიც უპასუხებს მოთხოვნას _ არც დღევანდელობა, არც გუშინდელი, რაღაც სხვა, ახალი… ასეთი ლიდერი არ ჩანს. ერთი მხრივ, კარგია, რომ არ ჩანს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, მესიების დრო უნდა დასრულდეს. აი, სწორედ ამისთვის იყო კარგი პროპორციული არჩევნები, ის კოლექტიური მმართველობის სისტემას დაამკვიდრებდა, პოლიტიკური პარტიები მონოლოგების კაკაფონიიდან გამოვიდოდნენ, იძულებულნი იქნებოდნენ, ერთმანეთში მოელაპარაკებინათ, მესიანიზმსაც დავამარცხებდით.

საქართველოს მოსახლეობამ ბევრჯერ ნახა, რით მთავრდება ერთპიროვნული მმართველობა, ეს მთავრდება ძალაუფლების უზურპაციით, სხვა გამოცდილება ჩვენ არც გვაქვს. ახლა დადგა დრო, ვნახოთ, რას ნიშნავს კოლექტიური მმართველობა. შესაძლოა, ეს იდეალური არ არის და რისკები ახლავს, მაგრამ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს.

_ გამოდის, დარჩება ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში

_ არ ვფიქრობ ასე, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, განა იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” დამმარცხებელ პოლიტიკურ ძალას ვხედავ _ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მტერი თვითონ ბიძინა ივანიშვილია. ის ამარცხებს საკუთარ თავს, ამიტომ ვერ გამოვრიცხავ, რომ მან ოქტომბრამდე პოლიტიკური სუიციდი ჩაიდინოს, დინამიკა ამას აჩვენებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. პოლიტიკური სუიციდი ნაცებისთვის?! ვნახოთ, ყველაფერი ღიად გაიშიფრება. დადგმულ სპექტაკლებს ხალხი აღარ ჭამს. თუმც, ყველა მოქმედებას დადგმულსაც აქვს დადებითი დ უარყოფითი მხარე. პოლიტელიტა სრულად გაშიშვლდა. მე დადებითის მოლოდინში მინდა ვიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here