საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი უარყოფითად აფასებს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში აუცილებელია, კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა, რადგან ეს შეამცირებს ქვეყანაში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოს და შექმნის მეტ შესაძლებლობას თანასწორობისთვის.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), თანასწორობის მოძრაობა, ფონდი “ღია საზოგადოება _ საქართველო” (OSGF), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი (MDF), “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR), კავშირი “საფარი” და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).
“კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია, პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის, დასაკანონებლად. წლების განმავლობაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის თემა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გააქტიურდა. ყოველი ასეთი შემთხვევა თავისი არსით პოპულისტური იყო და საზოგადოებაში ტრადიციების დაცვის თუ ჰომოფობიურ განწყობებზე აპელირებით და არარსებული პრობლემის ხელოვნურად წამოჭრით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურებოდა. საგულისხმოა, რომ, არაერთი წელია, ტრადიციული ოჯახის დაცვისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თემებით მანიპულირება წარმოადგენს რუსული და ანტი-დასავლური ნარატივის ნაწილს. განსაკუთრებით აბსურდულია აღნიშნული ინიციატივა იმ ფონზე, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია, ხოლო ლგბტ-ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასდროს დამდგარა. მაშინ, როდესაც საქართველოში გახშირებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულები და სიძულვილით მოტივირებული შემთხვევები გამოძიებული არ არის, ლგბტ პირთა უფლებების შეზღუდვის კიდევ უფრო ხისტი დემონსტრირება პირდაპირ წაახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს და დაამძიმებს ლგბტ ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას”, _ ნათქვამია განცხადებაში.
“საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის მსახიობ გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა.
გია კორკოტაშვილი:
_ რა გითხრათ, ესენი არიან საქართველოს, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები. მათი მიზანია, რომ, საერთოდ, აღარ იყოს საქართველოს ხსენება. ისინი, ალბათ, ქართველებიც არ არიან, თორემ როგორ შეიძლება, ადამიანს ასე ეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა?! მაგათი ოცნებაა, რომ ქართული სული ჩაკვდეს, ტრადიციულად, საღად და ნორმალურად თუ ვინმე აზროვნებს, დასაცინი შეიქნეს, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს გარყვნილება დიდხანს ვერ გასტანს. რა პროპაგანდამაც არ უნდა იმუშაოს, არ გაუვათ ის მზაკვრული ჩანაფიქრი… “კალგოტკიან” ბიჭებს საქართველო არასოდეს მიიღებს.
რაც შეეხება განცხადებას, თუ საქართველოში სოდომია ოფიციალურად არ დაკანონდა, ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე შეილახებაო, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ეს ნაბიჭვარი არასამთავრობოები არ არის, საქართველო, უწინარესად, ქართველი ხალხი და მისი ტრადიციები, მისი კულტურა და ეროვნული მრწამსია. საქართველო არის ადამიანები, რომლებსაც ღირსება აქვთ და თავიანთ წინაპრებს, წარსულს პატივს სცემენ…
_ როგორ ფიქრობთ, რა ძალები დგანან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან?
_ ისინი ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას, ანუ ჯამაგირს გარედან, რათა ქართულ ეროვნულ ღირებულებებს, ფასეულობებს და, საზოგადოდ, კულტურას ძირი გამოუთხარონ. ამაში იხარჯება კოლოსალური თანხა; ადამიანებს არწმუნებენ, რომ გარყვნილება, ვთქვათ, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება პროგრესის ნიშანია, რომ ამის გარეშე სახელმწიფო ვერ განვითარდება და ა.შ., მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ეს. თვითონ თუ სჭირდებათ, წაიყვანონ თავიანთ ქვეყნებში ეს ხალხი და იქ ატარებინონ აღლუმები. კიდევ ვიმეორებ მათ გასაგონად: აქ, საქართველოში, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება არ უნდა დაკანონდეს, ყოველ შემთხვევაში, მე, პირადად, და კიდევ ბევრი ადამიანი თავს გავწირავთ იმისთვის, რომ აქ სოდომია არ დაკანონდეს; და, თუ ვიღაც პირში წყალს ჩაიგუბებს, უნდა იცოდეს, რომ ეს საქციელი მათი მხარდაჭერის ტოლფასი იქნება. დღეს ვინც ამაზე ხმას არ ამოიღებს, ამ დუმილით მხარს დაუჭერს ქვეყანაში ცოდვის დაკანონებას…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია