Home რუბრიკები საზოგადოება გვჭირდება ასეთი პრესა და ტელევიზია?

გვჭირდება ასეთი პრესა და ტელევიზია?

ნატა ფერაძე

იმის ნაცვლად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს მასმედიაში გამოქვეყნებულ წერილებზე, საზოგადოება დუმს, ხელისუფლება კი ყურსაც არ იბერტყავს _ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

სტუდენტობის პერიოდში ჯერ ფაკულტეტის კედლის გაზეთის რედაქტორი ვიყავი, შემდეგ ინსტიტუტის გაზეთს ვრედაქტორობდი. გაზეთის მთავარი მხატვარი და კარიკატურისტი იყო შემდგომ ცნობილი მხატვარი ამირან ერაძე.

ერთხელაც ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტმა დემოკრატიულ ქვეყნებში მოწინავე სტუდენტები გაგზავნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯგუფი დაკომპლექტდა არა მოწინავე სტუდენტებით, არამედ ზარმაცი, მაგრამ გამორჩეული სილამაზის გოგონებით. ამის გამო სტუდენტებმა უარყოფითი რეაქცია გამოხატეს და კედლის გაზეთის მორიგი ნომერი ამ კურიოზულ შემთხვევას მივუძღვენი. დერეფანში, სადაც კედლის გაზეთი იყო გამოკრული, სტუდენტების ტევა არ იყო, რიგში დგებოდნენ გაზეთთან მისასვლელად და წასაკითხავად.

სამშობლოში დაბრუნებული დელეგაციის წევრები დაუყოვნებლივ დაიბარეს ინსტიტუტის პარტიულ კომიტეტში კედლის გაზეთში გამოქვეყნებული მასალის გამო. კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, სერიოზული საუბარი ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა, რადგან ამ ჯგუფის შედგენაში პარტიული კომიტეტიც მონაწილეობდა. საქმე განსახილველად გადაეცა პარტიის ორჯონიკიძის (საბურთალოს) რაიკომის ბიუროს. განხილვაში, როგორც მხარე, მეც ვმონაწილეობდი. ორჯონიკიძის რაიკომის იმჟამინდელი მდივანი გახლდათ ცნობილი კარლო გარდაფხაძე, რომელმაც მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო აღნიშნულ საკითზე.

აი ასეთი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმავადსახსენებელხანაში სტუდენტურ კედლის გაზეთში გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილებს, აღარაფერს ვამბობ ისეთ წამყვან მედიასაშუალებაზე, როგორიც იყო გაზეთიკომუნისტი”.

კარგად მახსოვს ის დავიდარაბა, რომელიც მოჰყვა გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნებულ სტატიას ქალაქ თელავში ოთხოთახიანი ბინის კუთვნილებაზე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი, მეხილეობა-მევენახეობის კათედრის გამგე ნიკოლოზ ხომეზურაშვილი, რომელსაც შვილი ამ ბინის ერთ ოთახს ედავებოდა, გაზეთმა მკაცრად გააკრიტიკა…

კოლმეურნეობის პურის ყანის შემოწმების შემდეგ გაზეთმა დაწერა, რომ “ჯეჯილში ჭარბად შეიმჩნევა სარეველა ბალახები _ კერძოდ, “ბოლოკა”. რაიონული კომიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადასტურა გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ამ კოლმეურნეობის თავმჯდომარე აბრამ ონიანი ჯერ პარტიიდან გარიცხეს, ხოლო შემდეგ სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა უკონდიციო თესლის დათესვისთვის.

აი ასეთ ყურადღებას აქცევდა და ასე რეაგირებდა ხელისუფლება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე “შავ-ბნელ” სტალინურ ეპოქაში. დღეს რა ხდება?..

2018 წლის 31 იანვარს, როგორც ყოველ ოთხშაბათს, სხვა გამოცემებთან ერთად, მივიღე გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”. ამ გაზეთს განსაკუთრებული ინტერესით ვეცნობი, რადგან მასში ჩემი საავტორო გვერდიცაა, მაგრამ არანაკლებ ყურადღებით ვკითხულობ სხვა ავტორების წერილებსაც. გაზეთი თავიდან ბოლომდე გულდასმით წავიკითხე. ზოგმა წერილმა ისე დამაინტერესა, რომ მეორედაც გადავავლე თვალი. ღრმა ფიქრებში წავედი _ რა დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული ამ უზარმაზარი საბრალდებო დასკვნის დაწერაში. რამდენი უფიქრიათ და რამდენი უწერიათ ჩემს თანამოქალაქეებს ჩვენი ცხოვრების ყოველ წვრილმანზე, რამდენი რამ აღმოუჩენიათ, რამდენი ახალი ცნობა მიუწოდებიათ ხელისუფლებისთვის ზოგიერთი ავტორი ღრმა ფილოსოფიური აზროვნებით აწვდის როგორც მკითხველს, ისე ხელისუფალთ სამშობლოს ტკივილსა და მწუხარებას. ზოგიერთისთვის კი ნერვებს უმტყუნია და (როგორც მე) დაუკრეფავში გადასულა. თუ მკითხველს ზედმეტად არ შევაწუხებ, მინდა, გაგიზიაროთ ჩემი თვალსაზრისი იმ სტატიებზე, რომლებიც 31 იანვრის “საქართველო და მსოფლიოს” მე-3 ნომერში გამოქვეყნდა:

“სულელს სახარება, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ წაუკითხეო” _ ასეთი შთაბეჭდიელბა დამრჩა, როდესაც წავიკითხე წერილი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი-ს) ხელმძღვანელის _ ლორა ტორანტონის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისა და პრეზიდენტ ტრამპზე ნათქვამის შესახებ.

მკითხველო! მეტი რა უნდა გითხრას ან გაზეთმა, ან პიროვნებამ, რომელსაც ეს საქმე პირადად ეხება? ან უფრო ლამაზად როგორ დაგიწეროს ჟურნალისტმა, რომელიც გაოცებულია “ვალოდია ჯინჭარაძის” პასუხზე? მართალია, ვიღაც გარეწრებმა 1907 წელს ერს მამა მოუკლეს, მაგრამ ამ ერს 1934 წლამდე რომ ეძინა და თავისი მამის შესანდობარი ერთხელაც არ აუწევია, ესეც გიგლა ბერბიჭაშვილის ბრალი იყო? რას ეუბნებოდნენ 60-იანელები ხალხს უფრო მკაფიოდ და გასაგებად, ვიდრე დღევანდელი ზოგიერთი ჟურნალისტი?

ბესო ბარბაქაძის წერილს, რომელიც პოლიციის მუშაობასა და სამართალდამცველთა წინააღმდეგ ამხედრებულ მოსყიდულ მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, ნარკომანებს, “პრასტიტუტკებს”, ათასნაირად სქესშეცვლილ და რჯულშეცვლილ ადამიანებს ეხება, რატომ არ უნდა მოჰყვეს გამოხმაურება? ეს ხომ ხალხის გასაკეთებელია, ეს ხომ ყველას გვეხება? დავიჯერო, ლაშა ბუღაძეს მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისა და ხალხისთვის, ვიდრე გრიგოლ ონიანს? ვერავინ დამაჯერებს და არც დავიჯერებ! რატომ არის პრივილეგიურ მდგომარეობაში “უბორნიის პოეტი” _ დედასთან სექსის მოსურნე ადამიანი?! ყოველდღიურად რატომ გვმოძღვრავენ ტელეეკრანიდან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები?

გინდ სტალინელი დამიძახეთ და გინდ _ ბერიას შვილი ან შვილიშვილი, მაგრამ შუა თითებაწეულ ქალს, რომლის სურათიც ბარბაქაძის წერილს აქვს დართული, ორივე თითს ძირშივე მოვკვეთდი.

ბესო ბარბაქაძე, ერთი მხრივ, მტკიცედ ილაშქრებს უზნეობისა და სახელმწიფოებრიობის შესუსტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, არგუმენტირებულად განიხილავს საქართველოს ისტორიულ ასპექტში და ისე ნათლად წარმოადგენს მის წარსულსა და მომავალს, შეიძლება კონსტიტუციის ერთ ნაწილადაც კი გამოდგეს, მაგრამ, ჩემი აზრით, არაგულწრფელია, როდესაც ქართველ პოლიტიკოსთა შორის საპრეზიდენტო კანდიდატად არ განიხილავს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. როდესაც გიორგი მარგველაშვილზე, შალვა ნათელაშვილზე, გრიგოლ ვაშაძეზე, გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეზე წერ, როგორც პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე, ხოლო ნინო ბურჯანაძეს არ ახსენებ, ეს, ვფიქრობ, დაუშვებელია.

ის ჟურნალისტი, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი, რომელიც გვერდს უვლის სიმართლეს, ქართველი ხალხის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

ბატონო ბესო, ჩანს, რომ თქვენი მსოფლმხედველობით ქალბატონ ნინო ბურჯანაძის აზრების გამტარებელი ხართ, მაგრამ მას პოლიტიკოსად არ მოიხსენიებთ. რატომ? თქვენ მიერ საკითხის საფუძვლიანი განხილვა ბევრ სამხედრო თუ არასამხედრო სპეციალისტს ნათელ წარმოდგენას უნდა უქმნიდეს იმ ურთულეს მომავალზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსა და ამიერკავკასიას, არამედ სრულიად მსოფლიოს ელის, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს მასმედიაში გამოქვეყნებულ წერილებზე, საზოგადოება დუმს, ხელისუფლება კი ყურსაც არ იბერტყავს _ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის… და თქვენი შეფასებების, დებულებებისა და პროგნოზების ერთი დღის მოსახმარებელ მასალად მიჩნევა, ვფიქრობ, იმის ნიშანია, რომ ქვეყანას არაფერი ეშველება. არა მგონია, ბრძენი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები: “ჭკუით, ქართველებო!” უფრო მეტად ჭრიდეს, ვიდრე ის ზუსტი პოლიტიკური ანალიზი, რომელიც თქვენს წერილებშია მოცემული.

რუბრიკა “ავი მუსაიფის” ავტორ დავით მხეიძის წერილებში გამოთქმული შეგონებები დიდი ილიას “ბედნიერი ერთან” ასოცირდება. დავით მხეიძე საქართველოს რუსეთთან დაახლოებასა და ამ ქვეყანასთან მეგობრობის ხიდის გადებაზე ოცნებობს და ამაში ხედავს სამშობლოს გადარჩენის გზას. ეს ის დავით მხეიძეა, რომელიც მერაბისა და ზვიადის იდეებს გულმხურვალედ უჭერდა მხარს და გააფთრებით უტევდა რუსეთის იმპერიას. ეს ის დავით მხეიძეა, რომლის საძინებელში, ამერიკელ როკ-მუსიკოსებთან ერთად, ჯონ კენედისა და ამერიკის დამფუძნებელი მამების სურათები ეკიდა, მაგრამ დრომ ამერიკის წინააღმდეგ იმუშავა რუსეთის სასარგებლოდ. რიყეზე მდგარ რონალდ რეიგანის ძეგლს პროტესტის ნიშნად მთელი კასრი საღებავი გადაასხა და ხელში ცოცხი დააჭერინა, ხოლო ჯონ კენედის სურათის მაგიერ შინ სტალინის სურათი დაკიდა. მისი წერილი “იმპერია თუ ძლიერი მფარველი” შეიძლება წაიკითხო კვირიკეს ეკლესიაში შალიანის ხატის წინ და ოდნავი შიშიც არ დაგეუფლება, რომ ამ უძლიერესი ხატის წინაშე მოგონილს ან ცილისმწამებლურს ამბობ.

ლოზუნგ “ჩაისუნთქეთ ამერიკის სული”-ს ხმალამოღებული მოწინააღმდეგეა იზა თამაზაშვილი თავისი გაბედული წერილებით. მისი წერილი “ქართველ ხალხს ქვეყნის სათავეში ამერიკის კიდევ ერთი მონა არ სჭირდება” არ არის გაკაპასებული ქალის მეზობელ ქალთან ჩხუბის სცენის ასახვა, ეს საქართველოს ცრემლიანი ჭირისუფლობაა. ქალბატონ იზას ხმლით ხელში შეუძლია დაიცვას თავისი ქვეყანა, ერი და კულტურა…

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საქართველოში მოქმედებდა ერთი მძლავრი ტელეარხი _ “რუსთავი 2”, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიზებული იყო და “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დასავლელი პატრონების ინტერესებს ემსახურებოდა. ამასთანავე, საქართველოში მოქმედებდა მძლავრი, ასე ვთქვათ, საპროტესტო ტელეარხებიც _ “იმედი”, “კავკასია”, “ობიექტივი”, “მაესტრო” და უმრავლესობა რაიონული ტელემაუწყებლობისა. დღეს კი საქართველოში მოქმედი ყველა რადიო თუ სატელევიზიო არხი კოლექტიური “რუსთავი 2”-ია, რადგან “ფლაგმანი ტელევიზია” ისევ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელ ფლაგმანად დარჩა. ვის ეკუთვნოდა “რუსთავი 2”? _ ამერიკელებს! ვის ეკუთვნის ამჟამად “რუსთავი 2”? _ ამერიკელებს! და, რადგან სრულიად საქართველო თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით ამერიკას ეკუთვნის, თითქმის ყველა მედიასაშუალება ამერიკის კუთვნილებაა. ერთ-ერთი გამონაკლისია “საქართველო და მსოფლიო”. ეს არის ისეთი გაზეთი, როგორიც თავის დროზე იყო რუსული “პრავდა” და ამერიკული “ნიუ იორკ თაიმსი”. საუბედუროდ, “პრავდა” გაიყიდა, ხოლო “ნიუ იორკ თაიმსი” გაფუჭდა. “საქართველო და მსოფლიო” კი დაადგა გზას, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის ტირაჟირებას, გასაგები ენით ხალხამდე სიმართლის მიტანას, ბილწსიტყვაობის აკრძალვას.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here