Home რუბრიკები საზოგადოება “გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენის გაჭირვებისა, გულისტკივილის...

“გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენის გაჭირვებისა, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ”

1060
ილია ჭავჭავაძე

კაცის უქმობა, უღონობა, უშრომელობა, უუნარობა, სხვისი მოიმედება სხვისით ცხოვრებაა და საშინელი სენიაო, _ ამას უკიჟინებდა სულმნათი ილია თანამედროვეებს, ეს პრობლემა გვიდევს დღესაც ხელის გულზე. ჩვენც ზუსტად ისედაგვიკრეფია გულხელი და არაფერში ვერევით”, როგორც ილიას ეპოქაში ყოფილა საზოგადოება, მაგრამ ისიც არის: “ერთი ჰკითხე იმ საზოგადოობის გულცივობაზედ განათლებულს მოჩივარს, თავის სიცოცხლეში უთქომ რამე იმისთანა და იმ რიგად, რომ გაგება შეიძლებოდეს?”  აი ეს არის სწორედ საკითხავი. და სანამ საზოგადოების თვითშეგნების დონე არ ამაღლდება, სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ თითოეული პრობლემა არა კონკრეტული ადამიანების, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემაა, კვლავ განუვითარებელი დარჩება ქვეყანაცა და საზოგადოებაც. მოვუსმინოთ ერის მამას:

უღონო ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე განკიცხვისა

* “იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდამ მარტო ჭამასმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვეღარ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე განკიცხვისა. ან რად გინდათ, რომ მაგ წვრილმანის საგანთა მისახწევად იშრომონ, ეგ ნაცარქექიობა იქნება. სხვისით ცხოვრებენო, მართალია. ეგ არის ცხადი საბუთი იმათის უღონობისა, შეუძლებლობისა. ჩემი კანონია: უღონო შეიბრალე და ნუ განკიცხავ” (“იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. 1861-1863 წ.).

* “ჩვენში მეტად გაძლიერდა ის აზრი, რომ ცალკე მეცადინეობით, თვითოეულად, ცალკე უღლის წევით კაცი ვერაფერს გახდება. საქმე თავს ვერ მოდის და დაწყებისავე უმალ უღონობა მარტოობისა, ცალკე გამრჯელობისა, პირველ შემთხვევაშივე აუწყებს ხოლმე საქმის დამწყებსა, რომ მის განზრახულს საგანს დიდი მანძილი ცხოვრებისა არა აქვს” (“ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი”. 1892 წ. 11 ნოემბერი).

* “დიდი საქმეა, რომ ამ მართალმა აზრმა ფეხი აიდგა ჩვენში, და თუმცა ჯერ-აქამომდე ამ ფეხად ადგომილს აზრს ბევრი არ უმოქმედნია, მაგრამ საცა-კი საქმეს ბურჯად მისცემია, საფუძვლად დასდებია, ყველგან გამარჯვებულა და იმედი გაუმართლებია. აიღეთ, მაგალითად, თუნდა ჩვენი ბანკები, საცა მარტო შეერთებულმა ღონემ გაატანინა ქართველობას მოედნიდამ მძიმე ბურთი საქმისა და დღეს უფულო ქართველობა ამოქმედებს ჩვენში მათის მეოხებით ცამეტს-თოთხმეტს მილიონს ფულსა” (“ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი”. 1892 წ. 11 ნოემბერი).

სხვისი მოიმედება სათაკილოა, სხვაზე მინდობა _ ქვიშაზე აშენებული შენობა

* “სხვაზედ მინდობა _ ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში წამოუვლის ნიაღვარი “შემთხვევისა” და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს, შენს თავს შენვე მოუარეო. ეს კანონი ისტორიული კანონია. იქნება ზოგიერთისათვის ფრიად არ-მოსაწონი, მაგრამ აუცილებელი კი. ბევრიც რომ ვივაგლახოთ, ბევრიც რომ ვიტიროთ უბეში სხვაზედ დამყარებული იმედი, მაინც ბოლოს “ჟამთა სვლა” ამ კანონზედ დაგვაყენებს და დრო წარსული ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგული დრო იქნება” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

* “გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენის გაჭირვებისა, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ. მძიმეა ეს უღელი, მაგრამ მით უფრო სახელოვანია მისი ერთგულად გამწევი. მძიმეა, მაგრამ უმაგისოდ ვერ შოებულა ამ ქვეყნიერობაზედ სიკეთე და ძალ-ღონე ხალხისა. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

* “გვეყო, ბატონებო, სხვაზედ დანდობა, სხვის მაყურებლობა. ჩვენ თითონ მივეშველოთ ჩვენს თავს: რაც ერთისათვის შეუძლებელია, ის ყველასათვის ადვილია; მივცეთ ურთიერთს მხარი და ზურგი და ეს ჩვენის შვილების საკეთილო საქმე გავაწყოთ და რიგიანად წარვმართოთ” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

* “სხვის იმედის მქონებელი გლახაა, მათხოვარაა, და გლახამათხოვარაობით ცხოვრება პირველი რომ სათაკილოა, თითონ ადამიანის ღონის მომშლელი და დამდუნებელია, და მეორე _ არც შემძლებელია, რომ ადამიანი მართლა ფეხზედ დააყენოს, გამოაბრუნოს და ოდესმე თავისით აცხოვროს, თავისით გამოაკეთოს (“თავადაზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

“გლახა, მათხოვარა, რამოდენადაც წაქეზებულია სხვის გულ-შემატკივრობისაგან, იმოდენად თანდათან უკან მიდის, იმოდენად სული და გული უღონდება, უკვდება და ბოლოს ისე გამოდის, რომ მთლად გადაეჩვევა თავის-თავის პატრონობას და მოვლას. ამ გადაჩვევას ხომ უღონო, დაუძლურება სულისა და ხორცისა მოსდევს, და ეს უღონობა, დაუძლურება _ კდომაა, ხრწნაა, აგებულების დაშლა და დარღვევაა”. (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

“არ არის არც ერთი იმისთანა გაჭირება, რომელსაც ცხოვრება კარზედ მოგვაყენებს ხოლმე, რომ ჩვენმა თავად-აზნაურობამ მაშინვე თვალი არ გაახილოს, იმისათვის კი არა, რომ თვითონ თავის თაოსნობასა და მხნეობაში მოიპოვოს ღონე ხსნისა, არამედ იმისათვის, რომ თავის გარეთ, ხელ-ფეხ-გაუნძრევლად, გაურჯელად _ სამადლოდ ხელი ვისმე გამოაწვდევინოს საშველად. თუ ეს სამადლოდ გამოწვდილი ხელი იპოვა, ხომ რა კარგი, თუ არა-და, დაიკრებს ხოლმე გულზედ ხელებს და წუწუნებს, ვაი რა მეშველებაო, არავინ არა მშველისო”. (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

“ამისთანა საკუთარი სულმოკლეობა, მარტო სხვის სულგრძელობაზედ დამყარებული, კარგს არას მოასწავებს. პირიქით, რამოდენადაც დიდს ხანს გასტანს და დიდს მანძილს გაივლის, იმოდენად გაათახსირებს, მოადუნებს, მოაკვდენს თვითარსებობის ძალ-ღონესა. წუთი-სოფლის სუფრა ჩვეულების სუფრა არ არის: ამ სუფრაზედ ყველამ თავის საკუთარი კერძი თვითონ უნდა მოიტანოს და დაიდგას, თვითონ უნდა მოჰთესოს, მოჰხნას, მოიმკოს, მოზილოს და გამოაცხოს თავისი არსებითი პური. ამაების იქით ხსნა არ არის და ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც ეხლანდელ დროში სხვისით რჩენა შეიძლებოდეს. წავიდა ის დრო სამუდამოდ და დღეს ვინც თვითონ არის გამრჯელი და მხნე, ბურთი და მოედანი ცხოვრებისა, კეთილისა და ბედნიერებისა იმისია და მარტო იმისი”. (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

“კაცი როცა მარტო სხვის ხელს შეჰყურებს, _ აცა როდის რას მომაწვდისო, როცა მარტო სხვის გულს შეჰკნავის, ღვთის გულისათვის მიშველე რამეო, იგი მათხოვარაა უქმი და არა მომქმედი და გამრჯელი”. (“ქალთა სასწავლებელი”. 1889 წ. 6 მარტი).

“აქ ნაგრძნობია და ჰო-უარაოდ აღიარებული, რომ სხვის ხელში ყურება, სხვისგან მანანას ლოდინი, სხვისი ხვეწნა და მუდარება, სხვაზე ჩივილი _ გვჭამს და გვყვლეფავსო, არიქა გვიშველეთ ვიღუპებითო, _ ვერაფერი ხიდია ჭირიდამ გამოსვლისათვის, ნამეტნავად მაშინ, როცა ჩვენ თვითონ ხელი გულს დაგვიკრებია, არას ვნაღვლობთ, არას ვდარდობთ და მარტო ჩივილ-ყვირილის მეტს არას ვაკეთებთ” (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 3 დეკემბერი).

“ჩვენი განუყრელი უბედურება ის არის, რომ სულ სხვის იმედითა ვცხოვრობთ, სულ სხვისგან მოველით შველას და ჩვენ თითონ-კი ხელს არა ვძრავთ, რომ თავს ვუშველოთ” (“ფილოქსერა”. 1889 წ. 19 ოქტომბერი).

“ეს ფილოქსერა სახუმარი საქმე არ არის და არც ხანდასაყოვნებელია. ვენახის პატრონებმაც ხელი უნდა გამოიღონ ამ საქმისათვის, და რაც შეიძლება მალე, თორემ მერე გვიანღა იქნება, მერე ვეღარას ვუშველით, და ის საქმე დაგვემართება, რაც საფრანგეთს მოუვიდა, საცა ასი-ათას დღიურობით მოუხდათ ვენახების გადაკაფვა და ვაზების ძირიანად ამოთხრა და დაწვა. თუ მდაბიო ხალხი ვერ მიმხვდარა, _ რა უბედურება უდგა კარწინ ფილოქსერის სახით, ჩვენი თავად-აზნაურობა მაინც რატომ თავს არ იჩენს, რატომ არ მოქმედობს? განა მეტი იქნება, რომ ჩვენმა მარშლებმა ამისათვის თავი გამოიდონ, შეჰყარონ თავ-თავისი თავად-აზნაურობა, მოიწვიონ მცოდნე კაცები და რაიმე წამალი დასდოს ამ ჭირსა, რომელიც გვიქადის ვენახებისაგან ხელცარიელი დაგვსვას?” (“ფილოქსერა”. 1889 წ. 19 ოქტომბერი).

“თუ ადგილის კაცნი ამ გზით მხარდამხარ არ მიჰყვებიან მთავრობას, მარტო მთავრობა აქ ბევრს ვერაფერს გახდება და, ვინ იცის, იქნება მისმა ჯაფამ და ხარჯმაც უბრალოდ ჩაიაროს და ჩვენც ბევრი არა გვეშველოს-რა” (“ფილოქსერა”. 1889 წ. 19 ოქტომბერი).

“დროა გონზედ მოვიდეთ და დაუვიწყარად გვახსოვდეს, რომ რასაც კაცი თავის თავს თავის მხნეობით უშველის, იმას სხვა ვერ უშველის” (“ფილოქსერა”. 1889 წ. 19 ოქტომბერი).

“სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისათვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა, და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით” (“საახალწლოდ”, 1898 წ. 31 დეკემბერი).

ამ წელიწადმა ცხადის მაგალითებით დაგვიმტკიცა, რომ ქართველობამ, აქამდის ერთმანეთზედ დაშორებულმა, აქამდის ცალცალკედ მოარულმა, იგრძნო, რომ ეგრეთს ყოფნა მწვადსაც სწვავს და შამფურსაცა, თვითოეულს კაცსაც ავნებს და მთელს საზოგადოებასაც; იგრძნო ეს ტკივილი და მალამოც უპოვა. იგრძნო, რომ ღონე ერთობაშია, ერთად თავმოყრაში, ერთად საერთო უღელის წევაში, ერთმანეთის მხარის მიცემაში. იგრძნო და გაშალა ხელი კიდეც, რომ დაქსაქსული, გაფანტული, ცალცალკედ მოარული ღონე _ ქონებითი და გონებითი _ ერთს კვალში ჩაეყენებინა საერთო და საყოველთაო მოქმედებისათვის(“ვისს ნათესსა ვმკით?” 1879 წ. 31 დეკემბერი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here