ერთდროულად ორი დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი მეტისმეტი იქნებოდა, მაგრამ, თუკი ობიექტური აუცილებლობა გვიკარნახებდა, ამაზე წასვლაც მოგვიწევდა. გადავრჩით.
ზურაბიშვილმა დატოვა პრეზიდენტის სასახლე, თუმცა თავს კვლავ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის: ”ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს”.
ყოფილი პრეზიდენტის ამ ნათქვამში ბევრი სისულელე და ინფანტილიზმი ჩანს, მაგრამ ამის გამო ვინ დაუპატიმრებიათ, ზურაბიშვილი რომ დააპატიმრონ?! ერთადერთი, რაც მის დაპატიმრებას გამოიწვევდა, სასახლეში მისი ფიზიკური გამაგრების მცდელობა იქნებოდა, მაგრამ სალომემ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება გადაიფიქრა (ან პატრონებმა გადააფიქრებინეს), რის გამოც ვითარება პრაქტიკულად განიმუხტა.
სალომემ სიტუაციის ასეთი ახსნაც დაგვიტოვა: ” ამ წუთამდე დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ აქ მოსულიყვნენ ან ,,ოცნების’’ წარმომადგენლები ან თავად ივანიშვილი, რათა ამ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი მოგვეძებნა – ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არის გამოსავალი მაშინ, როცა ქვეყანა გიყვარს. როგორც ხედავთ, აქ არავინ მოსულა. ნაცვლად ამისა, პასუხი იყო მუქარა, რეპრესიები, ძალადობა, ცინიზმი და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი. პასუხია ის პაროდია, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ამ სახელმწიფოს ეს არ ეკადრება. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული – ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ”. ძნელი სათქმელია, რა იგულისხმა ქალბატონმა ყოფილმა გამარჯვებაში, მაგრამ, რაც მთელმა საქართველომ იხილა, ეს იყო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ძველი პრეზიდენტის მიერ კი რეზიდენციის დატოვების შემდეგ სვეტიცხოველში პარაკლისზე დასასწრებად წასვლა. სად ჩანს აქ რამე წინაპირობა ე.წ. ოპოზიციის გამარჯვებისა?! აქ ის ჩანს, თანაც ერთმნიშვნელოვნად, რომ დასრულდა ორთვიანი პოლიტიკური ბაქკანალია, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც ”ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობით გაიმარჯვა.
ორი დღით ადრე, სანამ ფინალი გამოჩნდებოდა, გვარამია აცხადებდა: „ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა. იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა ყველაფერი და გეგმა ”აბგდევზთ” არ წარმოადგინა. ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი! ეგერაა, ბატონო, მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი”. ამ ბოდვიდან, მართალია, აზრის გამოტანა ძნელია, მაგრამ ის კი ჩანს, რომ ოპოზიცია არც სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე იღებდა ხელს და არც პრეზიდენტის სასახლის შენარჩუნებაზე. სალომემ შემთხვევით და წამოცდენით კი არ მოუწოდა ჯარს, რომ უმაღლეს მთავარსარდლად ახალი პრეზიდენტი არ ეღიარებინათ და ერთგულება ძველისთვის გამოეცხადებინათ. ეს მათი სამოქმედო გეგმა იყო. ეს რომ სალომეს თვითშემოქმედება ყოფილიყო, მეორე დღეს იმავეს არ გაიმეორებდნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ვაშაძე და სხვები. ეს გეგმა სადღაც დამტკიცებული იყო-მეთქი, რომ ვამბობ, მხედველობაში ვაშინგტონი მაქვს, სადაც ანალოგიურ გეგმებს ამტკიცებენ. 29 დეკემბერს ზურაბიშვილს ვადა ეწურებოდა, ამავე დღეს იყო დანიშნული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, 27 დეკემბერს კი აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამ საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაში ნათქვამია: „ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი აცხადებდა: „ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა დარღვევას და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა შეუძლებელი გახადა“. გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 14024-ე განკარგულების საფუძველზე. ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.
საინტერესოა, რა მოხდა მეორე დღეს, ანუ 29 დეკემბერს. წინა დღეს ჯერ კიდევ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, „აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ“, ხომ იმას ნიშნავდა, რომ 29 დეკემბერს მას სასახლე არ უნდა დაეტოვებინა? მაგრამ დატოვა. ეს ამბავი შემდეგი ვარაუდების გამოთქმის საშუალებას იძლევა: ან სალომე შეშინდა და დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ან მას უკარნახეს, რომ ასე მოქცეულიყო. არც ერთია გამორიცხული და არც მეორე, მაგრამ ორივე მიმართულება ახალ-ახალ ვარაუდებს აჩენს. უფრო სიღრმეში არ შევალ. შემოვიფარგლები მხოლოდ ერთ დეტალზე ყურადღების გამახვილებით: ინაუგურაციაზე პარლამენტის დარბაზი მორთული იყო საქართველოს სახელმწიფო დროშებით. ევროკავშირისა და აშშ-ის დროშების ჭაჭანებაც არ იყო. ადრე არც ერთი ოფიციალური ღონისძიება არ ჩატარებულა ევროკავშირისა და აშშ-ის დროშების გამაღიზიანებელი სიჭარბის გარეშე. ეს დეტალი დემონსტრაციული ხაზგასმა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა. აგრეთვე, ეს იყო ღია სიგნალი დასავლეთისთვის, რომ, მათი უკანონო დირექტივების, სამარცხვინო პროვოკაციებისა და ბინძური სანქციების მიუხედავად, საქართველო მონურ მორჩილებაზე უარს აცხადებს. ასეთ შემთხვევებში ამერიკელები წინასწარ გამოტანილი განაჩენით მოქმედებენ, რომელსაც ფერად რევოლუციას არქმევენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალება ვერ შედგა. ეს ჩანაფიქრი საქართველოშიც ისევე ჩაიშალა, როგორც თურქეთში (2016 წ.), ვენესუელაში (2019 წ), ბელარუსში (2020 წ;), ყაზახეთში (2022 წ.) და სხვ. შესაძლებელია, ამერიკელებმა გააცნობიერეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების იდეამ საქართველოში სახალხო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და იძულებულნი არიან, სამომავლოდ გადადონ ეს დანაშაულებრივი გეგმა და სცენარი ან თავიდან სცადონ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და, როგორც ”ქართული ოცნების” მესვეურები ამბობენ, გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყონ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ბიძინა ივანიშვილზე უკეთესად ვინ იცის, რომ ერთ ნაბიჯზეც არ შეიძლება მათი ნდობა. არ არსებობს სიცრუე, ფარისევლობა, გაუტანლობა, სიტყვის გატეხვა, რომელზეც უოლ-სტრიტის განგსტერები (როგორც კონსტანტინე გამსახურდია უწოდებდა) არ წავლენ, ამიტომ მათთან ურთიერთობაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რამდენიმე სენტენცია:
* მოუსმინე, მაგრამ ნუ ენდობი!
* ესაუბრე, მაგრამ იყავი ფრთხილი!
* ითანამშრომლე, მაგრამ ეძებე ალტერნტივა!
განსაკუთრებულ მნიშვნელობას უკანასკნელი იძენს. დასავლეთი ვერასოდეს იქნება პარტნიორი. მას გველის ბუნება აქვს და მორიელის ხასიათი, ამიტომ გეშინოდეს მისი და ერიდე მას! დასავლეთთან ურთიერთობის იმდენი პრაქტიკა და გამოცდილება დაგროვდა მსოფლიოში, რომ მისგან საალერსო სიტყვების მოსმენისას ქვეცნობიერი თუ ზეცნობიერი იმპულსი მუდმივად უნდა გკარნახობდეს – ეძებე სხვა!
ვალერი კვარაცხელია