Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ევროპის საქმეებში აშშ-ის ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ევროპის საქმეებში აშშ-ის ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა

111
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ევროპის საქმეებში აშშ-ის ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა

ევროპამ არ უნდა დაუშვას აშშის ჩარევა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საშინაო გადაწყვეტილებების მიღებისას, _ განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ინტერვიუში, რომელიც მას გერმანულმა ტელეარხმა ZDF-მა ჩამოართვა.

ბუნებრივი აირის მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის პროექტის გარშემო ატეხილ კამათზე მსჯელობისას გერმანელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ახლა “არავინ აღარ იხსენებს, რატომ შეიქმნა ეს პროექტი. არადა, შეიქმნა იმიტომ, რომ მანამდე დიდი ხნით ადრე ევროპელმა პოლიტიკოსებმა ენერგეტიკული და ბუნებრივი აირის ბაზრის ლიბერალიზაციას დაუჭირეს მხარი”.

ზიგმარ გაბრიელი
ზიგმარ გაბრიელი

“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის პროექტი ჯდება ევროკავშირის მიერ დადგენილ საკანონმდებლო ჩარჩოებში, რომლის მიხედვითაც ბაზრის ყველა მონაწილეს შეუძლია თვითონ განსაზღვროს, საიდან მიიღებს ენერგეტიკულ რესურსებს. პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ინიციაციის მომენტში ბუნებრივი აირის ევროპულმა კომპანიებმა, მათ შორის, გერმანულმა, ავსტრიულმა, ნიდერლანდურმა, განაცხადეს, რომ მილსადენის გამოყენება იმპორტის ორგანიზებისთვის სურთ.

ევროპის ქვეყნების მთავრობების მიერ პროექტის რეალიზაციის საკითხის გადატანა პოლიტიკურ სიბრტყეში, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ენერგორესურსების ლიბერალური ბაზრის პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებმა თვითონ დაადგინეს.

გფრ-ის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა უსაფუძვლო უწოდა პრეტენზიას ისეთი ქვეყნებისა, როგორიც არის პოლონეთი, რომელიც ამტკიცებს, რომ პროექტის რეალიზაცია გააძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპაზე. “რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებული ჩვენ ვეღარ ვიქნებით, რადგან ბაზრის ლიბერალიზაცის შედეგად ბუნებრივი აირის მილსადენების ქსელი ძალიან ფართოა. თუ ერთი მომწოდებელი ამოვარდება, მას მყისვე შეცვლის მეორე, ამიტომ ეს პრეტენზია უსაფუძვლოა”, _ განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა, რომელმაც პოლონელებს, აგრეთვე, უსაყვედურა, რომ ამჟამად ბუნებრივი აირის ტრანზიტი პოლონეთის ტერიტორიის გავლით ხორციელდება და ოფიციალური ვარშავიდან რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად არავის არაფერი უთქვამს.

კითხვაზე _ როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ევროპის ქვეყნებს აშშის მხრიდან სანქციის დაწესებასა და ევროპისთვის ამერიკული თხევადი აირის მიყიდვაზე, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არამედ ევროპის ქვეყნებმა უნდა ითამაშონ კანონმდებლის როლი და დაადგინონ წესები, რომელთა მიხედვითაც სამომავლოდ უნდა იმუშაოს ბაზარმა. და, თუ გერმანია დაჰყვება აშშის ნებას, ის წავა ბაზრის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც ეყრდნობა ბუნებრივი აირის სახელმწიფო სექტორი.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here