“ესკალაცია შეიძლება ომში გადაიზარდოს”
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკა გააკრიტიკა.
“ამგვარი კონფლიქტები განცხადებებით იწყება, ხოლო სრულდება სამხედრო ოპერაციებით”, _ აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაზეთ Kolner Stadt-Anzeiger-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“მსოფლიო შოკირებულია, როგორი არაპროგნოზირებული გახდა აშშ-ის პოლიტიკა. რთულია იმის გაგება, ვინ არის იქ მთავარი”, _ განმარტა ზიგმარ გაბრიელმა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი სამხედრო ჩარევას შეცდომად მიიჩნევენ, ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, კანონის ძალა “უფრო ძლიერის უფლებით” ჩაანაცვლონ.
მინისტრის აზრით, ჩრდილოეთ კორეის გარშემო დაწყებულ კონფლიქტში “დიპლომატიის დროა და არა საბრძოლო ყიჟინის”.
“ამ სიტუაციის საფრთხე ის არის, რომ უნებლიე ესკალაცია შეიძლება უეცრად გადაიზარდოს ომში”, _ დასძინა ზიგმარ გაბრიელმა.