გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა (განათლებით ექიმმა) ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომლის კანდიდატურაც ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზეა წარდგენილი (შეცვლის ჟან–კლოდ იუნკერს), 10 ივლისს ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპის ქვეყნებს მოუწოდა: რუსეთთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ “ძალის პოზიციიდან”-ო, და დასძინა, რომ მხარს უჭერს არა “ევროპის არმიას”, არამედ “ევროპელთა არმიას”.
ამ ქალბატონს, 7 შვილის დედას, ჯერ გერმანიის ოჯახური საკითხებისა და შემდეგ შრომისა და სოციალური საკითხების ექსმინისტრს, ამჟამად ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) ხელმძღვანელს, ეტყობა, ისტორიის სახელმძღვანელოს წასაკითხად დრო არ ჰქონდა ან, რაც ისწავლა, დაავიწყდა, რადგან ვინ-ვინ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, როგორ და რით დასრულდა 80 წლის წინათ რუსეთთან “ძალის პოზიციიდან” დიალოგი, რით დასრულდა 1939 წელს გერმანელების მიერ გაჩაღებული II მსოფლიო ომი, რომელშიც იმხანად მსოფლიოში არსებული 73 სახელმწიფოდან 62 მონაწილეობდა და რომელმაც 60 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, 7,1 მლნ გერმანელისა და 300-ზე მეტი ქართველის.
ან რით დასრულდა ფრანგი ნაპოლეონ ბონაპარტის არმიების თავდასხმა 1812 წელს რუსეთზე. ამ ომებში, რომელშიც ქართველი გენერლებიც მონაწილეობდნენ (1812 წლის ომში: პეტრე ბაგრატიონი, ძმები ფანჩულიძეები, ძმები იაშვილები და სხვ. 1941-45 წლების ომში _ ლესელიძე, კაკუჩაია, ბერია, სტალინი…) ბერლინამდე და პარიზამდე სდიეს “ძალის პოზიციიდან” მოლაპარაკე მომხდურებს, სხვათა შორის, ნაპოლეონს ყველაზე დიდი დამარცხება გერმანიის ქალაქ ლაიფციგთან (1813 წელს) აგემეს რუსებმა, 1945 წლის 9 მაისს კი ქალბატონ ურსულას სამშობლოს დედაქალაქის _ ბერლინის თავზე, რაიხსტაგზე, სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ და რუსმა მიხეილ ეგოროვმა აღმართეს გამარჯვების დროშა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ამ განცხადებაში აშკარად გამოსჭვივის ევროკავშირის მისწრაფება რუსეთთან კონფრონტაციისკენ “ძალისმიერი მეთოდებით”. “დემოკრატიულ” დასავლეთს ამ კონფრონტაციაში საქართველო საომარ პოლიგონად სჭირდება, ქართველები კი _ საზარბაზნე ხორცად.
დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, რით დასრულდება დასავლეთისა და რუსეთის კონფრონტაცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქვეყანა საომარი მოქმედებების პოლიგონად გადაიქცევა, ამიტომ დროა, საღ აზრს მოვუხმოთ, ამ ე.წ. კეთილმოსურნე “სტრატეგიული პარტნიორების” დაკრულზე ცეკვას თავი დავანებოთ და ჩვენი ბედი არა სხვისი, არამედ ჩვენივე ინტერესების, საჭიროებების მიხედვით გადავწყვიტოთ.
ნიკა კორინთელი