Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანელი სამხედროები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ

გერმანელი სამხედროები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ

935
გერმანელი სამხედროები

გერმანიის არმიისა და სპეცდანიშნულების რაზმების ელიტურ ქვედანაყოფებში მოქმედებდა რადიკალური იატაკქვეშა დაჯგუფება, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის თვალსაჩინო პოლიტიკოსების მკვლელობას _ ძირითადად, ლიბერალების. ეს სენსაციური ინფორმაცია ჟურნალმაფოკუსმაგაავრცელა.

გამოცემის მონაცემებით, დაჯგუფებაში შედიოდნენ არა მხოლოდ მემარჯვენე ექსტრემისტები, არამედ ფანატიკური სწავლება “სამყაროს დასასრულის” მიმდევრები. ისინი ემზადებოდნენ “შურისძიებისთვის”, რომელიც უნდა აღესრულებინათ “X დღეს”. ამისათვის ერთ ადგილას თავი უნდა მოეყარა გფრ-ის რამდენიმე ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს. მიუხედავად იმისა, რომ სია პოტენციური მსხვერპლისა, რომლებზეც მზადდებოდა თავდასხმა, ჯერ ნაპოვნი არ არის, ცნობილია, რომ შეთქმულების სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული ბუნდესტაგის ფრაქცია “მემარცხენეების” თანათავმჯდომარე დიტმარ ბარჩი (ამ თანამდებობას იყოფს სარა ვაგენკნეხტთან).

გერმანული მასმედია ასახელებს კიდევ რამდენიმე გვარს, მათ შორის არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალ-დემოკრატი ჰაიკო მაასი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იოახიმ გაუკი.

შეთქმულები კონსპირაციას მაინცდამაინც არ მისდევდნენ: მათ არ ეშინოდათ, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტჩათებში ემსჯელათ თავიანთ დანაშაულებრივ გეგმებზე. ამ ინტერნეტჩათების მოდერატორები კი იყვნენ ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების სპეციალური ქვედანაყოფების წარმომადგენლები, თუმცა, როგორც გაირკვა, ლაპარაკია არა ხელმძღვანელ ოფიცრებზე, არამედ კონტრაქტით მომსახურე სერჟანტებზე, რომლებიც საბრძოლო ამოცანების შესრულებისგან თავისუფალ დროს სოციალურ ქსელებში მსჯელობდნენ შეთქმულების აპოკალიფსურ სცენარზე. სხვათა შორის, ბოროტგანმზრახველებს რაღაც-რაღაცები უკვე მომზადებული ჰქონდათ, სახელდობრ _ იარაღითა და საწვავით სავსე რამდენიმე სამალავი. ცნობილია ისიც, რომ ჰყავდათ ინფორმატორი სამხედრო კონტრდაზვერვაში. დაიწყო გამოძიება კელნელი უმცროსი ოფიცრის მიმართ, რომელიც აუწყებდა ხოლმე შეთქმულებს მოსალოდნელი ჩხრეკის შესახებ. რეალური იყო თუ არა მათგან მომდინარე საფრთხე, ჯერ კიდევ გასარკვევია. ბუნდესტაგში ოპოზიციამ მოითხოვა საკუთარი გამოძიების ჩატარება. როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლიაიენს მძიმე დროება დაუდგა.

ამ იატაკქვეშა დაჯგუფების კვალზე სისხლის სამართლის სამძებრო გავიდა სხვა რეზონანსული საქმის გამოძიებისას. ეს საქმე ეხება ბუნდესვერში ნეონაცისტების არსებობას.

2017 წლის მაისში ცნობილი შეიქნა უფროსი ლეიტენანტის _ ფრანკო ა.-ს დაპატიმრების შესახებ, რომელიც მსახურობდა ილკირშ-გრაფენშტადენში განლაგებულ გერმანულ-ფრანგულ ბრიგადაში. ამ ბრიგადის ყაზარმაში იპოვეს ნაციზმის ეპოქასთან დაკავშირებული არტეფაქტები.

გერმანიის მოქალაქე ფრანკო ა.-მ თავი სირიელ ლტოლვილად გაასაღა და შეძლო გფრ-ის საიმიგრაციო უწყებაში აღრიცხვაზე დადგომა. გამოძიების ვერსიით, ის თანამზრახველებთან ერთად აპირებდა რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის მკვლელობას და ამ დანაშაულის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს მიგრანტებმა ჩაიდინეს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here