ბატონი გელა ლეჟავა ნარკომანიის პრობლემებზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში წამალდამოკიდებულების ხსენებაც კი აკრძალული იყო. ეს თემა პირველად საქართველოში გაიხსნა და მეცნიერულ დონეზე მისი შესწავლაც პირველად საქართველოში დაიწყო. მისი მონაწილეობით შეიქმნა ნარკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, პირველი საკანონმდებლო დოკუმენტი ნარკომანიის საკითხზე, რომლითაც, მისი მოთხოვნით, ნარკომანია ავადმყოფობად იქნა აღიარებული (და არა სისხლის სამართლის დანაშაულად), დაინერგა მეტადონური ჩანაცვლებითი პირველი პროგრამები… ნარკომანიის პრობლემის მისეული შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამად, როცა პარლამენტში დაიწყო ნარკოლიბერალიზაციის პოლიტიკაზე საუბარი.
_ ნარკოტიკების მავნეობაზე ლაპარაკი სასაცილოა, იმდენად ცნობილია და იმდენჯერაა გამეორებული მედიასაშუალებებში, მათ შორის, “საქართველოსა და მსოფლიოში”. აი კანაბისზე (მარიხუანაზე) საუბარი კი ნამდვილად ღირს.
2016 წლის აპრილში გაერომ განიხილა მექსიკის, ბოლივიისა და პერუს მიმართვა, რათა კანაბისი ამოეღოთ ნარკოტიკების პირველი სიიდან, რომელშიც შეტანილია სოციალურად ყველაზე საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები, განიხილა და კატეგორიული უარიც უთხრა. ამაზე მეტი დასაბუთება იმისა, რომ მარიხუანა საზოგადოებისთვის საშიშია, ძნელი საპოვნელია.
ევროპის ნარკოლოგიურ დაწესებულებებში რაოდენობით პირველ ადგილზე არიან პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ჰეროინს, მეორეზე _ კანაბისის მომხმარებლები.
ამაზე მეტი დასაბუთება იმისა, არის თუ არა სოციალურად საშიში მოვლენა კანაბისი (მარიხუანა), საჭირო არ არის. დავუმატებ მხოლოდ ერთს _ კანაბისის მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 15-30 პროცენტი გადადის მძიმე ნარკოტიკებზე. იგი თავისთავადაც იწვევს შეჩვევას და, აქედან გამომდინარე, პრობლემების მიზეზი ხდება. ევროპაში ჩატარებული კვლევებით დამტკიცდა, რომ 20-30 პროცენტი იმ პირებისა, რომლებიც იღებდნენ სხვა ნარკოტიკს და ამის გამო სამკურნალო გახდნენ, იწყებდნენ კანაბისით.
მაშასადამე, კანაბისი აბსოლუტურად მიუღებელია…
_ რაგინდ საწინააღმდეგო ამტკიცოს “გირჩმა” და მისმა “რელიგიურმა სექტამ”, თუნდაც ახმაურებულმა “თეთრმა სიკვდილმა”, რომელიც თბილისის გულში გვიმართავს აქციებს, ნარკოტიკების ლეგალურად მოხმარების მოთხოვნით, რომლის გაკეთილშობილებასაც თავისუფლებისთვის ბრძოლის ლოზუნგით ცდილობს.
_ ჩემი აზრით, ეს გუნდს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების თავისუფლებას მოითხოვს, მტრული ძალები მართავენ. დღეს მსოფლიოში მოქმედებს უძლიერესი ნარკომაფია, რომელიც კოლოსალური რაოდენობის ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ნარკოტიკები და ამ გზით რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს.
_ ესე იგი, ეს “სამოქალაქო თავისუფლებისთვის” მებრძოლი ლიდერები ნარკომაფიის ინტერესებისთვის იღვწიან მწყაზარი სახეებითა და კოლექტიური ზემკლავით, რაც, მათი აზრით, არაძალადობრიობას აღნიშნავს? ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობაზე მოძალადენი…
_ ასე გამოდის, თუმცა ზოგი მათგანი შესაძლებელია, ამას არ აცნობიერებს. როგორ უნდა მოხდეს მათთან დაპირისპირება? ჩემი წარმოდგენით, რაც ხდება, აბსოლუტურად დაუშვებელია იმიტომ, რომ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვით საქართველოში ნარკოტიკების პროპაგანდა აკრძალულია, მათი გამოსვლები კი ნარკოტიკების პროპაგანდაა. კანონს აღსრულება სჭირდება.
_ ჩვენთან კი ბოდიშის მოხდასავით უცხადებენ: თქვენ კი არა, ნარკოდილერებს ვებრძვითო. მაშ, დილერებს ხელს ვინ უცლის? ნარკობაზრის მომხმარებელი ვინ არის?
_ როგორც ვხვდები, თქვენ მხედველობაში გაქვთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის ბოდიშის მოხდა. ჩემი აზრით, იმ სიტუაციაში შს მინისტრის განცხადება მიმართული იყო ერთი მიზნისკენ _ თავიდან აეცილებინა დაპირისპირება ორ გუნდს შორის, რომელთა აქციებიც ერთდროულად მიმდინარეობდა და შედეგები ძალიან მძიმე შეიძლება ყოფილიყო, მოვლენების შემდგომი პერსპექტივა კი _ უკიდურესად ნეგატიური და მასშტაბური.
ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის დეპუტატებს შორის არიან ისეთების, ვისთვისაც მიუღებელია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. თუ ნებას მომცემთ, თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, მათ მხარი დავუჭირო და ყველას გასაგონად განვაცხადო შემდეგი:
დეკრიმინალიზაციას წინ უნდა უსწრებდეს მთელი რიგი ღონისძიებებისა. ვინაიდან თავისი იდეის დასასაბუთებლად ყველა და ყველგან ევროპის მაგალითს იშველიებს, მეც ამ მეთოდს გამოვიყენებ. ევროპაში ერთ ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში ნარკოხაზით საშუალოდ იხარჯება 50 ევრო. ეს თანხა ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე იხარჯება; ხოლო ნიდერლანდების სამეფოში 124 ევროს გამოჰყოფენ, მაგრამ ამის მიუხედავად იქაც კი სიტუაცია მაინცდამაინც სახარბიელო არ არის.
_ საქართველოში რამდენს ვხარჯავთ?
_ 5 ლარამდე. განსხვავება კოლოსალურია.
_ რამდენი ნარკომანი გვყავს?
_ საქართველოში 50 ათასი პრობლემური, ინტრავენული მომხმარებელია. ამდენია რეგისტრირებული, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია. ნარკომომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 200 ათასს აღწევს.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელები ჯეროვნად ვერ აფასებენ იმ საფრთხეს, რომელიც ერს ემუქრება. შეფასება არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, მორალური უნდა იყოს (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია), არამედ დაფინანსებით გამყარებული. ახლახან გამოითქვა მოსაზრება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების შესახებ ჩვენს ახალგაზრდობაში, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი. აუცილებელი უნდა იყო პრევენციული ღონისძიებების რეგულარული და აქტიური განხორციელება სკოლებში, რაც არ ნიშნავს მხოლოდ ნარკომანიაზე აქცენტირებას, აქ იგულისხმება ახალი თაობის სწავლისა და აღზრდის მთელი კომპლექსი.
იმ შემთხვევებში, როცა ურთიერთობა გვაქვს პირთან, რომელმაც უკვე დაიწყო ნარკოტიკების მიღება, სამედიცინო ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ, მკურნალობაა საჭირო, რეალური მკურნალობა, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება.
_ მეტადონის პროგრამა?
_ მეტადონის პროგრამა მკურნალობის ერთ-ერთი მიმართულებაა. იგი გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, რომლებიც ნაკლები ალბათობით აპირებენ თავის დანებებას. ფაქტობრივად, ზიანის შემცირების პროგრამაა. პარალელურად მიმდინარეობს ნარკოდამოკიდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ამ ღონისძიებებს კი ვატარებთ, მაგრამ დაფინანსების სიმწირის გამო ხარისხი ძალიან დაბალია.
ცნობისთვის: გერმანიის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ნარკომანის ერთი დღის მკურნალობაზე იხარჯება მეტი, ვიდრე ჩვენი პენსიონერის ერთი თვის პენსიაა.
ევროპული გამოცდილებით დადგენილია, რომ ამ მიმართულებით მუშაობის ეფექტი მხოლოდ მაშინაა ხელშესახები, როცა აღნიშნულ პროგრამაში ქვეყანაში მყოფი ნარკომანების ნახევარი მაინც არის ჩაბმული. ჩვენთან კი მხოლოდ 6 ათასი ადამიანი მკურნალობს. ადრე უფრო ნაკლები იყო. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობით, შეძლებისდაგვარად გაიზარდა მეტადონის პროგრამის დაფინანსება _ ორი მილიონი ლარიდან 9 მილიონამდე, რაც შესაბამისად გაზრდის მის ეფექტიანობას.
_ ორიოდ სიტყვა თემაზე: მასმედია და ნარკომანიის პრობლემა.
_ საზოგადოებრივ არხზეც კი (კერძო ტელეარხებზე არაფერს ვამბობ), რომელიც საზოგადოების პოზიციის გამომხატველი უნდა იყოს, გამოკვეთილად არ ჩანს, რა არის კარგი და რა _ ცუდი. და, საერთოდ, ჩემი აზრით, საჭიროა ამ საკითხისადმი გლობალური მიდგომა. ჯერ უნდა მოგვარდეს მიმდინარე საკითხები და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ დეკრიმინალიზაციაზე. ამას დრო სჭირდება. თანხის აუცილებელი ოდენობა დღესაც რომ გამოიყოს, პრობლემას არ ეშველება, რადგან არ არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არ გვყავს საკმაო რაოდენობის სპეციალისტები.
_ სამაგიეროდ გვყავს ნარკომანები.
_ ამიტომ საქმის სახვალიოდ გადადება კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემას. არ ვარ პესიმისტი, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დაკმაყოფილდეს რუსთაველზე გამართული აქციების მონაწილეთა მოთხოვნები _ მოხდეს ნარკომანიის ლიბერალიზაცია და დეკრიმინალიზაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აეკრძალოს ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება, ნარკობარიგების თარეშის აღკვეთა, ყველა იძულებითი ღონისძიება გაუქმდეს, ნარკომანია გადაიქცეს ახალგაზრდების თავისუფალი ნების გამოხატულებად და ა.შ. და ა.შ., რა დარჩება საქართველოსგან?
P.S. მოგონება დარჩება.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
ცნობისთვის: 2018 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით მოწამვლის 52 შემთხვევა გამოვლინდა.