ევროპის, მსოფლიოსა თუ სამყაროს გამაოცებელი ბიძინა ივანიშვილის სახელობის ქართული დამრტყმელი დემოკრატია თავისი განვითარების პიკს აღწევს. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებული მმართველი გუნდი ცდილობს, ხელიდან არ გაუშვას მართვის სადავეები, ხოლო თვითონ თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტში “იერარქიული” დამოკიდებულებები სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ, რადგან თავმჯდომარე ჰქვია, ამიტომ თავზე უნდა აჯდეს ყველას; ხოლო მასთან დაპირისპირებულ მმართველ უმრავლესობას მიაჩნია, რომ, რადგან მმართველი ჰქვია, თავის ჭკუაზე უნდა მართოს ყველა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეც. რომ დაუფიქრდე, ორივე, თავის მხრივ, მართალია, საზოგადოდ კი, ლოგიკურია ყოველივე, რადგან, როდესაც ქვეყნის რეალურ მმართველს, თავზე მჯდომარესაც და მეფეთმეფესაც, ანუ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, მეტი პოლიტიკური თუ, უბრალოდ, ზნეობრივი გემოვნება არ აქვს და ქვეყნის მართვას ამდენ ოდიოზურ ტუტუცს აბარებს, კარგს აღარაფერს უნდა ველოდოთ.
ლაკმუსის ქაღალდი “იმ ავადსახსენებლი 9 წლის განმავლობაში” ამა თუ იმ ადამიანის ქცევა და პოზიციაა. ეს განსაკუთრებით ითქმის ირაკლი კობახიძეზე, რომლის მშობელ მამას 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ 2 დღეს ეძებდნენ და ბოლოს ნაცემ-ნაბეგვი იპოვეს. შვილს კი ერთი საპროტესტო ბგერაც არ დასცდენია ხელისუფლების მისამართით და უშფოთველად განაგრძო მუშაობა აშკარა და ბობოლა ნაციონალების პატრონაჟით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბიძინა ივანიშვილისთვის ამგვარი ფაქტები რომ არაფერს ნიშნავს და ის ადამიანებს “კლიზმური” თვისებებით უფრო ირჩევს, ვიდრე მათი დამსახურებით, პროფესიონალიზმითა და ზნეობით, ამას უკვე შევეჩვიეთ.
თუმცა, როგორც ჩანს, დროა, ბიძინაც შეეჩვიოს აქსიომას, რომ, როდესაც ქვეყანას უზნეო მეთოდებით მართავ, შედეგებიც უზნეო გექნება და, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს შენც გაგწირონ უზნეოებმა, რადგან ეს მათი თანდაყოლილი თვისებაა.
უზნეო ადამიანმა, უცხოეთში კი არა, მარსზე რომ მიიღოს განათლება, ის მაინც უზნეოდ რჩება და უზნეო ნიადაგში ჩაყრილი მარცვლებით კარგ მოსავალს ვერ მოიყვან, ანუ წარმატებულ სახელმწიფოს ვერ ააშენებ. ამას ჯერ კიდევ ეგზიუპერი ამბობდა…
მართალია, მოქმედი თანამდებობის პირი ამას ვერ გაბედავს, მაგრამ ყოფილი “ფავორიტების” 90 პროცენტი თანამდებობიდან ჩამოშორებისთანავე ყოველგვარი “შუბლის ძარღვის” გარეშე რომ ლანძღავს და თათხავს ივანიშვილს, ფაქტია. თავის მხრივ, ივანიშვილი ძველ “უშუბლისძარღვოებს” ახალი “შუბლისძარღვიანებით” ანაცვლებს და უზნეოთა ეს დოღი “წარმატებით” გრძელდება.
მაქსიმუმი, რასაც ნაპრემიერმინისტრალი მილიარდერი აკეთებს ხოლმე, სინანულის განცხადებებია: “არ მეგონა ეს კაცი ასეთი”. მაგრამ რატომ არ ეგონა და რა დიდი პრობლემა იყო ამა თუ იმ ნაგავი პიროვნების ნაგვობის ამოცნობა, ამას ვერასოდეს გავიგებთ, რადგან ბიძინას კრიტერიუმი, როგორც ჩანს, ერთადერთია _ არავითარი კრიტიკული აზრი “დიადი ბიძინას” გადაწყვეტილებების მიმართ, პირიქით _ მუდამ თავის დაქნევა და უპირობო აღიარება ფორმულისა “ჭკვიანი რომ არ იყოს, ამდენ ფულს ვერ იშოვიდა”. ასეთ შემთხვევაში “იმ სისხლიანი 9 წლის” განმავლობაში სიჩუმეც გეპატიება, სადისტების აქტიური მხარდაჭერაც და ისიც, თუ თვითონვე იყავი ერთ-ერთი სადისტი. მთავარია, ბიძინამ “კლიზმობის” თვისებები შეგნიშნოს და უმალ გამოცხადდები “სისტემის მსხვერპლად”.
ზუსტად ასე მოხდა საქართველოს დღევანდელი პარლამენტის გა(კო)ბახებაც და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი ადამიანი, რომლის ხმაც 2014 წელამდე არავის არასოდეს გაუგონია, 2016 წელს ქვეყნის მეორე პირი გახდა. “მეორე პირობას” ვინ ჩივის, საქართველოოს პარლამენტში შეიყვანა თავისნაირების მთელი ჯგუფი _ ადამიანები (ძირითადად, მდედრობითი სქესისა), რომლებიც “სისხლიანი რეჟიმის” დროს გატრუნულები იყვნენ და მხოლოდ კარიერაში წინსვლაზე ზრუნავდნენ. შეიძლება ვინმემ თქვას, მათი ნაწილი იმ პერიოდში საზღვარგარეთ იყო წასული სასწავლებლადო, მაგრამ პროტესტის გამოხატვა საზღვარგარეთიდანაც შეიძლება. საქმე ის არის, რომ ეს ადამიანები, 2012 წელს მიშას რომ გაემარჯვა, ულაპარაკოდ მიემხრობოდნენ “ნაცების” რეჟიმს და მზად იყვნენ, მათ წიაღში მიეღწიათ კარიერული “წარმატებისთვის”. ადამიანების ამ ჯგუფს პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე საჯაროდ უწოდებს პარლამენტში საკუთარ დასაყრდენს და იმასაც ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში ურთიერთობები “იერარქიულად” სწორად არის აწყობილი.
მსგავსი სიშტერე, როგორც მახსოვს, იმ 9-წლიანი რეჟიმის პერიოდშიც კი არავის უთქვამს, პარლამენტი ქვეყანაში ყველაზე არაიერარქიული ორგანოა და, რეალურად, სპიკერსა და რიგით პარლამენტარს შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. გარდა გარკვეული საორგანიზაციო საკითხებისა, სხდომების ჩატარების დროს მიკროფონის ჩართვა-გამორთვის უფლებამოსილებისა, პარლამენტის თავმჯდომარეს არავითარი განსაკუთრებული უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს _ ნორმალურ სახელმწიფოსა და ნორმალურ ვითარებაში. ჩვენთან კი პარლამენტის თავმჯდომარემ შეიძლება ასეთი სისულელეც კი თქვას: “ნინია კაკაბაძისნაირ კანდიდატს ვერც კი ვინატრებდი, რაც უფრო უღირსსა და რეპუტაციაშელახულ კანდიდატს ასახელებს ოპოზიცია, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის, აი, ამიტომაც მივეცი ხმა!” აბა, ადამიანი ასე რომ აზროვნებს, ფიქრობს და, მით უმეტეს, მერე ამ ნააზრევს საჯაროდ ამბობს, ის შეიძლება რაიმეს ან თავმჯდომარე, ან თუნდაც ქვემჯდომარე იყოს?!
მიხვდებოდით, რომ აქ საუბარია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში (ე.წ. ბორდში) დასანიშნავ კანდიდატზე, ანუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: რაც უფრო უღირსსა და რეპუტაციაშელახულ ადამიანს დანიშნავენ “ბორდის” წევრად, მით უკეთესიო. ბარაქალა! თუმცა ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, სად გვესმის ამდენი და სად გვაქვს იმის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომ მივხვდეთ _ საზოგადოებრივ მაუწყებელში უღირსი ადამიანის დანიშვნა იმით ყოფილა კარგი, რომ იგი ოპოზიციამ წარადგინა. და, რაც უფრო უღირსებს, ნაძირლებსა და დამპლებს წარადგენს ოპოზიცია და რაც უფრო უპრობლემოდ დაამტკიცებს მათ მმართველი გუნდი სხვადასხვა თანამდებობაზე, მით უკეთესი არ არის? ხალხი დაინახავს, რა დამპალია ოპოზიცია და რა “კაი ტიპია” მმართველი გუნდი. ანუ, პარლამენტის თავმჯდომარის მიზანი ის კი არ არის, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან დაწესებულებაში თანამდებობებზე ისეთი ადამიანები მოხვდნენ (სულერთია, ვისი კვოტით), რომლებსაც საქმის კარგად კეთება შეუძლიათ, არა! _ მთავარი ყოფილა ოპოზიცია “გაბანძდეს” და ხელისუფლებამ ნიშნის მოგებით თქვას: “აი, რა უღირსი ოპოზიცია გვყავს, ხალხო!”
ესაა მთავარი მიზანი, რომლის მიღწევის შემდეგაც ივერია “გაბრწყინდება” თუ საბოლოოდ ეტირება დედა, ყველას ფეხებზე ჰკიდია.
თურმე, თუკი ოპოზიციამ ვინმე ღირსეული და საქმის კარგად მცოდნე კანდიდატი დაასახელა რომელიმე თანამდებობაზე, ეს ხელისუფლებას უნდა ეწყინოს და როგორმე ეცადოს, ჩააგდოს მისი კანდიდატურა, რადგან ღირსეული ოპოზიციონერი ხელისუფლებისთვის ცუდია; ხოლო, თუ სადმე ვინმე ნაგავი შემოგვთავაზეს, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ნაგავი მნიშვნელოვან თანამდებობაზე მოხვდეს _ ის ხომ ოპოზიციიც სახეა.
ასეთ აზროვნებას რა ჰქვია? _ ბავშვობა? გულუბრყვილობა თუ ჩვეულებრივი ნაძირლობა? _ ეს თავად მკითველმა გაიაზროს.
ისე, რას შეიძლება ელოდო ისეთი ადამიანისგან, რომელსაც არასოდეს არანაირი ემოცია არ ეტყობა სახეზე და მუდამ რობოტივით, დაპროგრამებულად ლაპარაკობს? წამიკითხავს, ირაკლი კობახიძეს არასოდეს გაუცინიაო. კი ბატონო, შეიძლება ადამიანს დარდი ჰქონდეს და არ იცინოდეს, მაგრამ თუნდაც აღელვებული, შეშფოთებული ირაკლი კობახიძე გინახავთ ვინმეს? რაიმე უარყოფითი ინფორმაციის მიღებით გამოწვეული მიმიკა მაინც თუ შეგინიშნავთ ოდესმე მის სახეზე? ვინმემ ძალიან მაგარი ხუმრობა თქვა თუ მიაწოდა ინფორმაცია, _ მანიაკმა პატარა ბავშვები მოკლა და შეჭამაო, მისთვის სულერთია. მის სახეზე მაინც ერთი და იგივე გამომეტყველებაა _ “ტერმინატორი”!
პირდაპირ უნდა ითქვას: ქართული პარლამენტი ასე გა(კო)ბახებული არასოდეს ყოფილა, ნაცების პერიოდშიც კი! ასეთი გულისამრევი სიტუაცია ქართულ პარლამენტარიზმს არ ახსოვს. სიმბოლურია, რომ “ოცნების” 2016 წლის მოდიფიკაციის უმრავლეობის “გედის სიმღერაც” იმ ადამიანმა წამოიწყო, რომლის სახელსაც ყველაზე მეტად შეეფერება ეს ეპითეტი.
გედი ფოფხაძის დემარში, გუგული მაღრაძის “საათში ერთხელ” გამოხდომები და საოცარი იდიოტური აზრების ფრქვევა, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნინიას ბაღად გადაქცევის პერსპექტივა, მის “ბორდში” ნინია კაკაბაძის შესვლიდან გამომდინარე, გარკვეულწილად სახალისოც არის და ლოგიკურიც. მაგრამ შედეგებმა, რომლებსაც ეს ყოველივე ქვეყანას მოუტანს, არა მგონია, ძალიან გაგვახალისოს…
აქამდე “გუგულივით” შეხმატკბილებულ უმრავლესობაში, სავარაუდოდ, მართლაც სერიოზული არეულობაა. გედი დამოუკიდებლად არ მღერის და მისი ეს “გამოღვიძებაც” იქიდან არის დაკვეთილი, სადაც თავგასული კობახიძის დაოკება გადაწყვიტეს, თორემ, აბა, “ოცნებას” ნინია კაკაბაძისთვის ხმის მიცემაზე უარესი “ცოდვა” არ ჩაუდენია?! ნინიაზე უარესები არ დაუსვამთ უფრო მაღალ თანამდებობაზეც კი, ვიდრე ეს “საზმაუს ბორდის წევრობაა”? სულაც საკუთარ გუნდში არ მიუღიათ მამალი ნაცები და გულში არ ჩაუხუტებიათ? მაშინ რატომ არ “ამღერდა” გედი? ან გუგუ რატომ არ გამოხტა და მათ წინააღმდეგ რატომ არ მისცა ხმა, როგორც ეს ახლა, ნინია კაკაბაძის შემთხვევაში, გააკეთა? აი, გუგუმ მართლა ზუსტად იცის, საიდან უბერავს ზენა ქარი, ამიტომ, სავარაუდოდ, 2020 წლის არჩევნებში კობახიძე-ჩუგოშვილისა და “ევროპულ საქართველოსთან” დაახლოებული სხვა “ბოკერიას ძმაკაცი ოცნებელების” სახსენებელი აღარ იქნება. ეს კი კარგია, მაგრამ როდემდე აპირებს ბიძინა ივანიშვილი ასეთი საბედისწერო შეცდომების დაშვებას? სანამ ეს სახელმწიფო მართლა ხუხულასავით არ დაგვენგრევა თავზე?
ბაკურ სვანიძე