Home რუბრიკები საზოგადოება გებელსის პრინციპებით მოქმედი არასამთავრობოები ცხვირის ერთ ნესტოში ნარკოტიკებს გვტენიან, მეორეში _ ლგბტ...

გებელსის პრინციპებით მოქმედი არასამთავრობოები ცხვირის ერთ ნესტოში ნარკოტიკებს გვტენიან, მეორეში _ ლგბტ თემს

2958
გებელსის პრინციპებით მოქმედი არასამთავრობოები ცხვირის ერთ ნესტოში ნარკოტიკებს გვტენიან, მეორეში _ ლგბტ თემს

ბოლო ნახევარი წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქართველმა სამართალდამცველებმა 128 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ შორის უცხოელები ჭარბობენ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დაკავებების მიუხედავად, საქართველოში არსებული მთავარი პრობლემა უკვე დავიწყებას მიეცა. საუბარია ლეგალიზებულ მარიხუანაზე, რომლის დათესვა და მოყვანა აქტიურად მიმდინარეობს.

სეზონია თურმე და წამოზრდილ მარიხუანას უკვე სინჯავენ ახალგაზრდები სოფლად თუ ქალაქად. “მოსავალის” პიკი დაახლოებით ერთ თვეში იქნება. რას აკეთებს ამის აღსაკვეთად ხელისუფლება? რას აკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გამოთაყვანებული სახეებითა და ამოტრიალებული თვალებით არ იარონ, ტურისტებმა კი საჯაროდ არ მოიხოვონ, მარიხუანა მოგვაწევინეთო? რას და თურმე დეტექტორები შემოუტანია, რომლებიც მძღოლებს უდგენს, მიღებული აქვს თუ არა ნარკოტიკი. სამაგიეროდ, იმ დეტექტორს არასრულწლოვანთა მიმართ არავინ არ იყენებს. და თუ არ იცით, რომ არასრულწლოვნებიც ეწევიან, ჩვენ გეუბნებით: ჩადით ნებისმიერ (ვიმეორებთ, ნებისმიერ) სოფელში, ეგ დეტექტორი ჩაიტანეთ და 14-15 წლის ბავშვები შეამოწმეთ, შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ.

მაშინ, როცა ჩვენთან მარიხუანის მომხმარებლები ქუჩაში აქციებს მართავენ და უფრო მძიმე ნარკოტიკის ლეგალიზებასაც მოითხოვენ, როცა მათ უბოდიშოდ ხმას ვერავინ სცემს, მსოფლიოს უდიდესმა საძიებო სისტემა “გუგლმა” საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო: გუგლისსაძიებო სისტემიდან გაქრა ყველა აპლიკაცია, რომელთა მიხედვით ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანის, შეძენა არის შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მარიხუანა და სხვა მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალიზებულია, უარს ვამბობთ იმაზე, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებმა, ნარკოტიკები ჩვენი საძიებო სისტემის მიხედვით მოძებნონ. შესაძლოა, ამან ჩვენი მომხმარებლების გულისწყრომა და მათი რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ და პირველ ადგილზე ჯანსაღი ცხოვრების წესს ვაყენებთ”, _ ნათქვამია “გუგლის” ოფიციალურ განცხადებაში.

ცოტა ხანს “გუგლს” შევეშვათ, მით უმეტეს, ამ კომპანიას იმაზე ათჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე საქართველოს და აშკარად არ გაუჭირდება. საქმე ის არის, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორების დიდი ნაწილი ნარკოტიკებს და მათ შორის მარიხუანას ინტერნეტის მეშვეობით ყიდდა. საქართველოში კვლავ შესაძლებელია, ძალიან მარტივად შეიძინოთ ნარკოტიკი, ამისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს მომხმარებლის ასაკსა და სქესს; მთავარია, კონკრეტულ ანგარიშზე თანხა ჩაირიცხოს და შემდეგ უკვე ყველაფერი ტექნიკის საქმეა _ მობილურზე ნარკოტიკის მისამართიც მოდის და ადგილის ფოტოც. შსს-ს განცხადებით, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, რათა აღნიშნული აპლიკაციები გააუქმონ და ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვა აღარ მოხდეს, მაგრამ უშედეგოდ. არადა, თურმე მარტივად შეიძლება, დიდ საძიებო კომპანიებს უბრალოდ ოფიციალურად სთხოვონ, აღნიშნული აპლიკაციები კონკრეტულ ტერიტორიაზე (ამ შემთხვევაში საქართველოში) დაიბლოკოს და პრობლემაც აღარ იქნება.

ეს ყველაფერი მარტივი სათქმელია, მაგრამ გასაკეთებლად _ რთული, რადგან საქმე თურმე ქვეყნის ეკონომიკას ეხება. ტურისტული სეზონი საქართველოს ბიუჯეტისთვის და ცალკე მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც აგვიხსნეს, საქართველოში ტურისტების ჩამოსვლის ერთერთი მოტივატორი ლეგალიზებული მარიხუანა და ინტერნეტით ნარკოტიკებზე მარტივი წვდომაა. სხვა საკითხია, კარგია თუ არა ჩვენთვის ის, რომ საქართველო ნარკომომხმარებლებისთვის სამოთხედ არის ქცეული და ამას არავინ მალავს. თანაც საკითხავია, რჩება თუ არა საქართველოში ის ფული, რომელიც ნარკოტიკებში იხარჯება, და ხომ არ გვაქვს საქმე დიდ საერთაშორისო ნარკოკარტელთან, რომელსაც ნებისმიერი გზით შემოაქვს საქართველოში ნარკოტიკი. საერთაშორისო ნარკოკარტელზე ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ დაკავებულთა უმრავლესობა უცხოელია, ანუ ისინი საქართველოში კი არ ყიდულობენ ნარკოტიკს, არამედ უცხოეთიდან შემოაქვთ. პოლიციური პრაქტიკის მიხედვით, თუ დაკავებული დამნაშავეების რაოდენობას სამზე გავამრავლებთ, მივიღებთ რიცხვს, რომელიც რეალურად ასახავს ნარკორეალიზატორთა რაოდენობას.

“გუგლს” რაც შეეხება, კომპანიის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა უკვე გააპროტესტეს. უფრო ზუსტად, მათ ის არასამთავრობოები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ნარკოლიბერალიზაციაზე მუშაობენ, და რომლებსაც ამერიკის პრეზიდენტიც კი დაუპირისპირდა. “გუგლი” თავისი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს და სხვა საძიებო სისტემებსაც იმავეს მოუწოდებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საერთაშორისო საძიებო სისტემაში ნარკოტიკების დილერებზე გასვლა გამოირიცხება და დარჩება მხოლოდ ადგილობრივი სისტემები, რომელთა კონტროლიც სამართალდამცველებს უკვე აღარ უნდა გაუჭირდეთ, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში.

გასულ კვირას ლგბტ თემის წარმომადგენლები შსს-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ და დედაქალაქში აქციების გამართვის უფლება მოსთხოვეს. პოლიციამ უარი განაცხადა, რადგან აღნიშნა, რომ მათი უსაფრთხოების დაცვა ურთულესი საქმე იქნება, ანუ პოლიციამ სწორად შეაფასა სიტუაცია, მოსახლეობის განწყობა გაითვალისწინა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პოლიციას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულებაზე ნარკოტიკების მიმართ. ადამიანები, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას, ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან და, რაც მთავარია, ამ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ასე ფიქრობენ, ძალიან დიდია. ჰოდა, რა მოხდება ერთ მშვენიერ დღეს, პოლიციამ პარლამენტში კანონპროექტი რომ შეიტანოს და ნარკოტიკებზე კანონი გაამკაცროს, მარიხუანის მოხმარება უფრო მკაცრ ჩარჩოებში ჩასვას (სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამორიცხული ჩანს მისი სრულად აკრძალვა), ეგებ ზუსტად ისევე დაუკრას ტაში საზოგადოების 99%-მა, როგორც ეს ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ მოხდა. უნდა გაიგოს პოლიციამაც და ხელისუფლებამაც, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ მოსწონს ის, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების მომავალს და ეს არის ფაქტი! არაერთხელ დადასტურდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ემიჯნება ლგბტ თემსაც და ნარკოტიკებსაც და ევროპაამერიკის საამებლად მათთვის თავზე ხელის გადასმა არ წაადგებათ ხელისუფალთ.

კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანია და ტურისტული სეზონიც კარგია, მაგრამ, ნარკოტიკების ხარჯზე ეს ყველაფერი გადასარევი რომ ყოფილიყო, პაბლო ესკობარი დღესაც ცოცხალი იქნებოდა, ხოლო კოლუმბია _ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო. ამერიკისა და ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები უკვე საჯაროდ უპირისპირდებიან ამ ყველაფერს და მათ ქვეყნებში არც საკონსტიტუციო სასამართლოს არ აიძულებენ და არც აქციები არ იმართება ნარკოტიკების მოხმარებისგასაპრავებლად”, არც ლგბტ თემის უფლებების გაზრდაზე კეტავენ ქუჩებს. ჩვენთან კი პირიქით არის: ყველგან სწორედ ის გვესმის, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს მეტი უფლებები და აღლუმის ჩატარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ მოკლედ, დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ უმაღლეს პირს ქვეყანა ერთი დიდი ბაზარი ჰგონია, სადაც მოგების მისაღებად ყველაფერი “მოსულა”.

“პროპაგანდა უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი, დღისითა და ღამით. ის არ უნდა წყდებოდეს, ვერავინ უნდა მოასწროს იმის გააზრება, რასაც ათასჯერ ეუბნებიან. ყველა გზავნილი პრიმიტიული უნდა იყოს, რათა ყველაზე ჩამორჩენილმაც უცებ აითვისოს და, რაც უფრო ბევრი მოისმენს, მით უფრო იძულებული იქნება, ყველა გაჰყვეს უმრავლესობას. პროპაგანდა უნდა იყოს მარტივი, ცხადი და ერთფეროვანი. ლოზუნგები უნდა იყოს ყოველი მხრიდან და მეორდებოდეს ყოველი პროპაგანდის ბოლოში. არანაირი ყოყმანი, არანაირი სხვადასხვა ვარიანტი და განსხვავებული აზრი, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, ამას მათ მაგივრად სხვები გააკეთებენ, მათ მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიიღონ: რა არის მათთვის კარგი, და დარწმუნდნენ, რომ, რაც ხდება, გარდაუვალია. პროპაგანდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გრძნობებზე და არა გონებაზე, მართვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ემოციების. შოკი და ტყუილი _ ეს არის მთავარი პრინციპები სრულყოფილი პროპაგანდისა. პატარა ტყუილს არავინ დაიჯერებს, საჭიროა შოკისმომგვრელი და გაუგონარი ტყუილი, ისეთი, რომლის გააზრებაც ძნელია. ფაქტები უნდა იყოს არა შელამაზებული, არამედ გაუგონრად დამახინჯებული, უსინდისოდ განსხვავებული, ისეთი, რომ მასამ ვერ დაიჯეროს, ასეთი რამ შესაძლებელი რომ არის”, _ ეს ნააზრევი ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთ ლიდერ იოზეფ გებელსს ეკუთვნის და, რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, სწორედ მისი პრინციპებით მოქმედებენ დღეს ის არასამთავრობოები, რომლებიც ცხვირის ერთ ნესტოში ნარკოტიკებს “გვტენიან”, მეორეში _ ლგბტ თემს.

საქართველოში, _ და ბევრგან მსოფლიოშიც, _ აკრძალულია თამბაქოსა და მაგარი ალკოჰოლის რეკლამა, სამაგიოეროდ ნარკოტიკების პროპაგანდის საწინააღმდეგო ქმედებას არავინ არ ეწევა. არსად არ ისმის ის, რომ ნარკოტიკი ცუდია და მხოლოდ ცალკეული ადამიანების განცხადებები, ისიც თვეში ერთხელ, ვერაფერს ცვლის. თოქშოუები, სპეციალურად ამ თემებზე დაგეგმილი განცხადებები გონებაში ილექება და საჭირო დროს ამოტივტივდება ხოლმე. შემდეგ ეს ყველაფერი წინააღმდეგობის გაწევის უნარს გვიკარგავს და მომხდარს, როგორც კანონზომიერებას, ისე აღვიქვამთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მსოფლიო გიგანტმა “გუგლმა” პირველი ნაბიჯი გადადგა და ყველას დაანახვა, რომ ფული მთავარი არ არის.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here