Home რუბრიკები საზოგადოება გახსენებათა კრიალოსანი

გახსენებათა კრიალოსანი

გახსენებათა კრიალოსანი

ძალიან საინტერესოა, არ ვაჭარბებ, ვიტყვი: პროფესიონალი მწერლის დაწერილია. აუცილებლად უნდა გამოაქვეყნო, რაც არ მოიტანე, არანაკლებ საინტერესო იქნება.

ჭაბუა, თბილისი, 27 დეკემბერი, 2009.”

ეს აზრი ერთი გამორჩეული თბილისელი კაცის _ ომარ მარგველაშვილის დოკუმენტურ ნოველებზე XX საუკუნის ქართველმა კლასიკოსმა ჭაბუა ამირეჯიბმა დაწერა, როცა ლაპარაკი აღარ შეეძლო. თავს უფლებას მივცემ და ვივარაუდებ, რომ ის, რაც ბატონმა ომარმა დიდ ჭაბუასთან არ მიიტანა, შესულია ცოტა ხნის წინათ გამოცემულ მის წიგნშიროცა უკან მოხედვის არ გეშინია!”.

ამ მართლაც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხავ წიგნს, ძნელია, მემუარები უწოდო, თუმცა შინაარსობრივად ავტორის ცხოვრებისეულ გზას ქრონოლოგიურად თითქმის წლიდან წლამდე, ჟამიდან ჟამამდე მიჰყვება. მასში ცალკეული ჩანახატი თუ შედარებით ვრცლად მოთხრობილი ამბავი, ცხადია, ბატონ ომარის განვლილი ცხოვრებისა და საქმიანი კარიერის ამა თუ იმ მონაკვეთს ასახავს და ქვეყნის უახლოესი ისტორიის ზოგიერთ პერიპეტიას ეხება.

თვითონ ბატონ ომარ მარგველაშვილის პიროვნების შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ, ახლა კი ინტერესის გასაღვივებლად, პატივცემულო მკითხველო, მინდა, ჯერ წიგნის გმირების დაუვიწყარი სახეების ნუსხა შემოგთავაზოთ, რომელიც, მერწმუნეთ, უაღრესად შთამბეჭდავია: გალაკტიონ ტაბიძე, გოგლა ლეონიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი, მედეა ჯაფარიძე, სანდრო კანდელაკი, არიელ შარონი, სალომე ზურაბიშვილი, ევგენი პრიმაკოვი, შალვა გარდაფხაძე, ზურაბ ჯაფარიძე, კარლო მორეტტი, ალბერტ ჩურკინი, გენადი კოლბინი, ნოდარ ჭითანავა, ვასილ მჟავანაძე, ზურაბ ჩხეიძე, ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ პატარიძე, ოთარ ჩერქეზია, გრიგოლ ვაშაკიძე, გივი ანჩაბაძე, ნიკა ცხაკაია, სიმონიკა სხირტლაძე და სხვ.

ბატონ ომარის წიგნის “როცა უკან მოხედვის არ გეშინია” პერსონაჟთა უბრალო ჩამონათვალიც კი ისე ვრცელია, რომ, ბუნებრივია, უცხო მკითხველს კითხვა გაუჩნდეს: “ეს მშენებელი ინჟინერი კაცი ამდენ და ასეთ ხალხს ან საიდან იცნობს, ან როგორ დაუმეგობრდა?” ზოგ მათგანთან ნაცნობობისა და მეგობრობის ამბავს ბატონი ომარი თხრობაში აქსოვს; ზოგიც, რომ იტყვიან, “კადრში ვერ ხვდება”. ამ სიუჟეტის ჩარჩოებს მიღმა ურთიერთობების რა მოგახსენოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონი ომარ მარგველაშვილისა და მასმედიის არაერთ გამორჩეულ გამოცემასთან მეგობრობას იმ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი, როცა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტმა გამომცემლობა “სამშობლოს” მშვენიერ ნაგეობობას ჩაუყარა საძირკველი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს ჟურნალისტების საერთო სახლი იყო, რომლიდანაც ტირანმა მმართველმა ჟურნალისტები კინწისკვრით გამოგვრეკა, შენობას კი პატრულის კორდონთან ერთად ლითონის ბარიერი შემოარტყა. ამ ყოვლად ზნედაცემული და არაადამიანური საქციელის თაობაზე ბატონ ომარის აზრის ციტირება, მინდა, შემოგთავაზოთ: იქ, სადაც დღეს ყოფილი გამომცემლობასამშლობლოსშენობაა, რომლიდანაც ჩვენმა მაშინდელმა უსამშობლო ხელისუფლებამ ჟურნალისტები მასშტაბური სპეცოპერაციით ძალით გამოყარა…”

გარკვეულწილად, ალბათ, იმ ძველი “სიყვარულის” მადლიცაა, რომ ბატონი ომარის უაღრესად აქტუალური, სამშობლოს ყოფასა და ბედ-იღბალზე მოფიქრალი კაცის საქმიანი შეგონებები ხშირად იბეჭდება ჩვენი გაზეთების ფურცლებზე და მკითხველთა ცხოველ ინტერესსაც იწვევს. წიგნის “როცა უკან მოხედვის არ გეშინია” წინათქმაში პუბლიცისტი, ჩემი მეგობარი დათო მხეიძე მათი გაცნობის ამბავს ასე იხსენებს: ომარ მარგველაშვილი _ ნაღდი ქართველი და ძირძველი ქალაქელი; თბილისის ტრუბადურის _ გიზო ნიშნიანიძის დაკრძალვაზე გავიცანი. ცხონებული გიზოსი არ იყოს, “ორ თბილისელს ერთმანეთის გასაცნობად მესამე არც სჭირდება შუა კაცადო”, უცებ გამოვნახეთ საერთო ენა…”. ნაღდი სიტყვებია, რომლებიც სავსებით გასაგებს ხდის, როგორ მოხდა, რომ ბატონ ომარს ყოველთვის უაღრესად გულთბილი, პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობა და მეგობრობა ჰქონდა ქვეყნის გამორჩეულ ადამიანებთან, მათ შორის, საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან, ევგენი ხარაძესთან, თამაზ გამყრელიძესთან, გიორგი კვესიტაძესთან, როინ მეტრეველთან, ირაკლი ჟორდანიასთან, ზურაბ წერეთელთან, მინდია უგრეხელიძესთან, ვახტანგ დავითაიასთან, ვალერი ასათიანთან, პეტრე მამრაძესთან, სანდრო კავსაძესთან (მამა ილია), ზურაბ აბაშიძესთან, პაატა ბურჭულაძესთან, ლადო ათანელსა და სხვა უამრავ ღირსეულ პიროვნებასთან. ყველაფერ ამას ამ შესანიშნავი წიგნის ბოლოს დართული მარგველაშვილების დიდი საოჯახო ალბომის ერთი მცირე, თუმცა მეტად შთამბეჭდავი, ნაწილი მოწმობს. შემოთავაზებულ ფოტოსურათებზე, ძირითადად, საზეიმო და შინაურული ღონისძიებების სამახსოვრო ფრაგმენტებია ასახული, თუმცა არის საქმიანი შეხვედრების ღირსშესანიშნავი მომენტებიც. და კიდევ _ უაღრესად გულში ჩამწდომია ომარ მარგველაშვილის მოგონებათა კრებულის ავტორისეული წანამძღვარი: ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს უსაყვარლეს, უკეთილშობილეს, უსათნოეს და უგანათლებულეს მეუღლეს _ ბელა ლოლაძეს, რომელმაც უსასტიკესი და არაადამიანური საბჭოთა რეჟიმის საშინელება ჯერ კიდევ მცირეწლოვანმაოთხი წლისამ გადაიტანა მთელ თავის ოჯახთან ერთად”. ამ დიდი გრძნობის ამსახველ არაერთ ფოტოს ნახავს წიგნში დაინტერესებული მკითხველი.

ყველაფერი კი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, გაგანია სამამულო ომის დროს დაიწყო. გასაოცარია მცირეწლოვანი ომარისა და გერმანელი სამხედრო ტყვეების ურთიერთობა. 16 წლის ჭაბუკმა ომარ მარგველაშვილმა ცხოვრების საქმედ მშენებლობა აირჩია. აქვე ვიტყვი, რომ სავალი გზა მან შესაშური წარმატებით განვლო და დამსახურებულ დაფასებასაც მიაღწია. სტუდენტობამდე და სამრეწველო მშენებლობის უაღრესად რთულ და საპასუხისმგებლო ასპარეზზე პირველი გადადგმული ნაბიჯების აღწერამდე, ყმაწვილკაცობის ხანას ბატონი ომარი ასე იხსენებს: ძალიან ლამაზად მახსენდება იმერეთი, ჩემი მშობლიური სოფელი ოფშკვითისაოცრად მენატრება ის ადამიანები და ის დრო…”

როგორც ზემოთ აღვნიშნე, შრომითი ბიოგრაფია ბატონმა ომარმა ინსტიტუტში სწავლის პარალელურად დაიწყო: საქართველოს მშენებლობის სამინისტროს გაერთიანებათბილქალაქმშენშითავდაპირველად გამომცემლობასამშობლოს”, შემდეგ კი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, ჯერ მუშად, შემდეგ ბრიგადირად, მემონტაჟედ, ათისთავად და ბოლოს ოსტატად მუშაობდა. უკვე დიპლომიანმა ინჟინერმა კი სამშენებლო ტრესტამიერკავკასმეტალურგმშენშისხვადასხვა მშენებლობაზე ოსტატობიდან უბნის უფროსობამდე ყველა საფეხური განვლო. სამშენებლოსამონტაჟო ტრესტსაქშახტმშენისმმართველობის პერიოდში საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მოსკოვში სახალხო მეურნეობის აკადემიის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა წელს ომარ მარგველაშვილი მუშაობდა საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილედ, მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 2004 წლიდან დღემდე წარმატებული სააქციო საზოგადოებათბილღვინოსსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ყოველივე ზემოჩამოთვლილი ბატონ ომარის შრომითი ბიოგრაფიის მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ეტაპებია, თორემ მათ გარდა იყო უამრავი სხვა საფეხური, რომელთა გავლით მან საზოგადოებაში პროფესიონალი მშენებლის, უნარიანი და გამჭრიახი ხელმძღვანელის სახელი დაიმკვიდრა. კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას მისი ინიციატივით განხორციელებულ არაერთ ჭეშმარიტად მამულიშვილურ პროექტზე, მაგრამ ამ ჯერზე ზემოთ ნათქვამით შემოვიფარგლები. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ბატონი ომარი საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცეპრეზიდენტია, საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს კავალერი. იგი ხელმძღვანელობდა სომხეთის მიწისძვრის ლიკვიდაციის შტაბს და ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ქალაქ სლავუტიჩის მშენებლობას, კურატორობდა ბაიკალამურის მშენებლობას ციმბირში, დროულად და მაღალხარისხიანად აქვს აშენებული და ექსპლოატაციაში გადაცემული უამრავი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი, როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზევით. მათი ჩამოთვლა შეუძლებელია.

ბატონ ომარის ინტერესთა სიმრავლე და, შესაბამისად, საქმიან პარტნიორთა და ნაცნობ-მეგობართა უფართოესი წრე მის მოგონებებს არაჩვეულებრივად ამრავალფეროვნებს და აფერადებს. ბავშვობის ქალაქურ და სოფლის ტკბილ მოგონებებს მწარეც, კერძოდ, 1956 წლის სისხლიანი 9 მარტის გახსენება მოჰყვება:

“არაჩვეულებრივი მასწავლებელი გვყავდა _ გრიგოლ ცაგარეიშვილი. მან გვითხრა: “ახალგაზრდები თუ გონს არ მოეგებით, ეს გამოსვლები ცუდად დამთავრდება, სიფრთხილეა საჭირო, ბავშვებო”. სწორედ ამ დროს საკლასო ოთახში უფროსკლასელები შემოიჭრნენ: რა დროს გაკვეთილებზე ჯდომაა, როცა ასეთი რამ ხდება თბილისშიო. მასწავლებელი მათ წინ ვერ აღუდგა, გაკვეთილი ჩაიშალა. ქუჩაში გამოვედით, ამ დროს ვიღაცამ წამოიძახა: გორში წავიდეთო!

…გორი აფორიაქებულ სკას ჰგავდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ძეგლთან ხალხმრავალი მიტინგი მიმდინარეობდა. ჩვენც შევუერთდით მომიტინგეებს…”

ამ მწარე მოგონებას დედაქალაქის იმდროინდელი სახელოვანი ხალხის გახსენება მოსდევს, გაზეთ “თბილისის” მოლოდინში თავს რომ იყრიდნენ ვაკის უბნის ერთ ცნობილ ჯიხურთან: “მოვიდოდა მხცოვანი გოგლა ლეონიძე ისაკას შეკერილი დიდი ქუდით, დაეყრდნობოდა ჯიხურის რაფას და დაიბუხუნებდა:

_ რა არის, კაცო, რატომ იგვიანებს გაზეთი?

ხალხი კი მოწიწებით შესცქეროდა და მოთმინებით ელოდა, კიდევ რას იტყოდა ლექსის დიდოსტატი.

ჯიხურს იოსებ ნონეშვილიც ხშირად სტუმრობდა, მოვიდოდა და ყველას თავის დაკვრითა და ღიმილით მიესალმებოდა, რიგს დაიკავებდა. გოგლას ხაზგასმული პატივისცემით მოიკითხავდა და გააბამდნენ მასლაათს, რომელსაც ყველა ყურადღებით უსმენდა. გაიხედავდით და ახლა აკადემიკოსი ვარლამ თოფურია და პროფესორი დიმიტრი ბენაშვილი ერთად დინჯი ნაბიჯით მობრძანდებოდნენ. მათ მოჰყვებოდნენ მამაჩემის უახლოესი მეგობარი, #31 საავიაციო ქარხნის დირექტორი ვალოდია სალაძე, კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი და მისი მშვენიერი მეუღლე _ კირა მიქელაძე, გიგლა ფირცხალავა, ბიძინა ავალიშვილი, ალექსანდრე ნეიმანი, გენერლები: პავლე აბრამიძე და ნიკოლოზ თავართქილაძე, პოლკოვნიკი ვალოდია აბაზაძე, თბილისში საყოველთაოდ ცნობილი ამირან დუმბაძე და ანდრო (ჩიჩიკა) ჭიჭინაძე ერთი სიტყვით, თუ რომელიმე გამოჩენილი ადამიანის ნახვას მოისურვებდი, ჩვენს ჯიხურთან უნდა მოსულიყავი. კოპლებიანი, შავ-თეთრით გაწყობილი მოხდენილი კაბით “მოფრიალდებოდა” ულამაზესი მედეა ჯაფარიძე. გაბრწყინებულ თვალებს შეავლებდა რიგში მდგომთ, ყველას უღიმოდა და თბილად ესალმებოდა… გაზეთის ჯიხურთან მომლოდინენი მოკრძალებით წინ ჩაიყენებდნენ. …მართლაც საოცარი და დაუვიწყარი დრო იყო… მენატრება იმ დროის თბილისი და თბილისელები”.

წიგნისროცა უკან მოხედვის არ გეშინიარაობის დასახასიათებლად, რომლის გვერდებიდან თბილისი და მისი დიდებული მოქალაქეები (და არა მხოლოდ ისინი) დიდებულ ფერადოვან მოზაიკურ პანოსავით წარმოდგება მკითხველის თვალწინ, შინაგანი არქიტექტონიკით უფრო ბატონ ომარ მარგველაშვილისმწარტბილ მოგონებათა კრიალოსანიმიესადაგება. ერთი ასეთი სევდიანი პასაჟია მოგონებაშირუსიმეგრელი”:

“ძალიან მწყდება გული, რომ იმ სამოთხეში _ გაგრასა და ბიჭვინთაში ჩვენი ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს არ დაუსვენია და ეს გამაოგნებელი საოცრება არ უნახავს…

და ეს სამოთხე ჩვენ უგუნურობით დავკარგეთ!.. მართალია, ამის გაფიქრებაც კი მზარავს, მაგრამ, აგერ უკვე 30 წელიწადია, ქართველი კაცი დასასვენებლად აფხაზეთში ვეღარ ჩადის. არადა, რა არაჩვეულებრივი ურთიერთობა იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის! პოლიტიკოსებმა და მხოლოდ პოლიტიკოსებმა გააფუჭეს ეს ურთიერთობა, რუსეთიც ბინძურად ჩაერია და მოსახდენიც მოხდააფხაზეთი ჩვენი ტკივილია, თანაც ყველაზე დიდი ტკივილი!”

სიზმარივით ჩავლილი ახალგაზრდობის მოგონებების მწარე რეალობას უბრუნდება ავტორი, როცა დღევანდელ თბილისში უსაშველოდ მომრავლებულ გაჭირვებულ ადამიანებზე დარდობს:

“რა გვარი იყო გრანტიკა, სად ცხოვრობდა, რით არსებობდა, არავინ იცოდა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ გავიდოდა წლები და ასობით “გრანტიკებით” _ უსახლკარო, უსახსრო და ღატაკი ადამიანებივით აივსებოდა ჩვენი დედაქალაქი. ვინ იფიქრებდა, რომ თბილისის სანაგვეებში ადამიანები საკვების საძებნელად დაიწყებდნენ ქექვას?!

გრანტიკა რომ გრანტიკა იყო, ამას ისიც არ იკადრებდა… არც თბილისელები დაუშვებდნენ მათ გვერდით ვინმეს ასე დაცემასა და დეგრადაციას!”

ბატონ ომარის ძალზე თბილ მოგონებათა წიგნში ძალიან ბევრია ხალასი იუმორით გაჯერებული პატარ-პატარა ჩანახატი, რომლებიც გონიერების უწყვეტ ნაკადში ზოგჯერ ისე გამოკრთება, თითქოს ვიღაცამ უხილავი ფარნით გაანათაო. ერთობ სახალისო სცენებითაა გაჯერებული, მაგალითად, “მოგონებათა კრიალოსნის მარცვლები”, “მიშიკო შენგელია”, “ჩემი გიმერი”, “ოჰ, ეს შფოთიანი ახალგაზრდობა”, “ნიაზ დიასამიძე და გრანტიკა”, “სახიფათო კურიოზი”, “ინტელიგენტი-ლოთი”, “გერმანული ოდისეადა”, “მეგობრული ნობათი”, “უკვდავი ლენინი”, “ტრუსკავეცი აღარ მიხსენო!” და სხვები.

ნიშანდობლივია ბატონ ომარის საქმიანი და, რაც მეტად საგულისხმოა, განსაკუთრებით წმინდა ადამიანური, კაცური დამოკიდებულება იმ პიროვნებებთან, რომელთა გვერდითაც მოუწია მუშაობა წარმატებული კარიერის სხვადასხვა ეტაპზე. აუცილებლად აღსანიშნავია წიგნის თავები: “ოთარ თუხარელი”, “კარლო მორეტტი”, “ალბერტ ჩურკინი”, “შოთა გუტიძე”, “აბესალომ ჭანტურია”, “წარმატების ფორმულა”, “მოსკოვის სასტუმრო”, “უკონფლიქტო წარმატება”, “მინისტრი შახტაში”, “დაწინაურება”, “მოსკოვური პერეპიტია”, “პატრიარქის საჩუქარი”; მეტად საინტერესოა “მადნეულის ეპოპეა”, “საკავშირო მინისტრის რისხვა”, “როცა ასეთი სიყვარულია”, “სიმონიკა სხირტლაძე”, “როკის გვირაბი” და მრავალი სხვა.

მე სამშენებლო საქმის შესანიშნავმა და უდიდესმა ორგანიზატორებმა და უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალებმა აღმზარდეს და ჩამომაყალიბეს, როგორც მშენებელი ინჟინერი _ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, უსაზღვრო მადლიერების გრძნობით ვარ განმსჭვალული მათ მიმართ”, _ წერს ბატონი ომარი.

დიდი ინტერესით იკითხება ასევე “მოგონებათა კრიალოსნის” ის “მარცვლები”, რომლებშიც ავტორი უაღრესად გამორჩეულ, არაორდინარულ პიროვნებებთან შეხვედრებს, თბილისსა და მოსკოვში სწავლისა და მუშაობის პერიოდებში სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობებს აღწერს, საგულისხმო მომენტებს იხსენებს. ასეთებია, მაგალითად, “ვივა აკადემია” (რომელიც მოსკოვში სახალხო მეურნეობის აკადემიაში სწავლას ეხება). მასში კარგად ჩანს ბატონ ომარ მარგველაშვილის საქმისადმი უაღრესად პასუხისმგებლიანი მიდგომა:

“ლექციებს მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების კორიფეები, აკადემიკოსები, საკავშირო მინისტრები და კომიტეტების თავმჯდომარეები გვიკითხავდნენ, დასწრება თავისუფალი იყო, მაგრამ ლექციებს თითქმის არავინ აცდენდა, იმდენად საინტერესო იყო მათი მოსმენა. ლექტორები ობიექტურად აკრიტიკებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობას. ეს კრიტიკა დღევანდელი ზღვარგადასული ლანძღვა-გინებისგან, ლაყბობისგან, სიბინძურეების ურთიერთ დაბრალებისგან შორს იყო და მაღალი პროფესიონალიზმითა და ინტელექტით გამოირჩეოდა”.

ვფიქრობ, დამეთანხმებით, პატივცემულო მკითხველო, რომ სქელტანიანი წიგნის ერთ წერილში გადმოცემა, რომელსაც, მით უმეტეს, ლიტერატურული რეცენზიის პრეტენზია არ გააჩნია, ნამდვილად შეუძლებელია. არადა, ისიცაა, რომ თითო სიტყვით მაინც რაიმე ნიშნით გამორჩეული ჩანახატის თუნდაც ხსენება აუცილებელია, თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, რომ წიგნში ძალიან ბევრია სხვადასხვა დასამახსოვრებელ ეპიზოდთან, ცნობილ თუ რიგით პიროვნებასთან დაკავშირებულ სახასიათო, ხშირად ბევრი “კადრს მიღმა” დარჩენილ ნიუანსზე მიმანიშნებელი ისტორია. ასეთებია “მოგონებათა მარცვლებად” ქცეული ესკიზები “ვარსკვლავთცვენა ზვიოზდნიში”, “ედუარდ სტერლცოვი”, “შემთხვევა გარდერობში”, “ეთიოპიელი ქართველი”, “პერედელკინო”, “მიზიდულობის ძალა”, “ვიქტიორ ჩხიკვაძე”, “ავთანდილ საყვარელიძე”, “ირაკლი აბაშიძე” და სხვ.

წიგნის “როცა უკან მოხედვის არ გეშინია” შესახებ ბოლოთქმაში საუცხოოდ ლაპარაკობს თვითონ ბატონი ომარი (აკი ბრძანა, სულმნათმა ჭაბუა ამირეჯიბმა, _ პროფესიონალი მწერლის დაწერილიაო!):

“თავდაპირველად, როდესაც ამ წიგნის იდეა გამიჩნდა, განვიზრახე, ის დაუვიწყარი პიროვნებები წარმომესახა, რომლებთან ერთადაც გავატარე ჩემი ყმაწვილკაცობა, განვლიე სკოლის, ინსტიტუტისა და აკადემიის წლები… ვისთანაც ვსწავლობდი, ვმეზობლობდი და ვშრომობდი. ვისთანაც ნათესაობა და მეგობრობა მარგუნა უფალმა…

ვცდილობდი, თითოეული მათგანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებებით ყოფილიყო აღბეჭდილი.

…საერთო კეთილგანწყობის სულისკვეთებით გაჯერებული ამ წიგნის ავტორი მიტევებას ვთხოვ აქ წარმოდგენილ იმ პერსონებს, რომელთა სახეები არცთუ პოზიტიურ შტრიხებში არიან წარმოსახულნი. ამ შემთხვევებშიც ვცდილობდი, ვყოფილიყავი ბოლომდე გულწრფელი და ობიექტური…”

მე, ამ სტრიქონების ავტორი, სავსებით ვეთანხმები ნაშრომის ავტორისეულ შეფასებას.

ოთარ ტურაბელიძე

P.S. ფრთიანი გამოთქმების მოყვარულთ მოკრძალებით ვურჩევ, საგანგებო ყურადღება მიაქციონ ბოლო თავს წიგნისაცხოვრებას ადევნებული ფიქრები”. მერწმუნეთ, ბევრ საგულისხმო აზრს ამოიკითხავთ, ბატონებო!

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here