Home სხვადასხვა დაიჯესტი გახლეჩილი ამერიკა

გახლეჩილი ამერიკა

ამერიკელ ხალხს არ აქვს საერთო მიზნები და ფასეულობები

ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ჯორჯ პაკერმა ჟურნალ The Atlanticში გამოაქვეყნა სტატია How America Fractured Info Four Parts  (როგორ გაიყო ამერიკა ოთხ ნაწილად). “ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს არ აქვს საერთო მიზნები და ფასეულობები და არც საერთო ისტორია და ეროვნული იდეალები”, _ წერს პაკერი, რომელიც გამოყოფს ამერიკელების 4 ტიპსა და 4 ამერიკას:

1. “თავისუფალი ამერიკა” (Free America) _ ესენი არიან ამერიკელები, რომლებსაც სჯერათ კონსერვატიული იდეალების;

2. “ჭკვიანი ამერიკა” (Smart America), ანუ ლიბერალი განათლებულების წრე;

3. “ნამდვილი ამერიკა” (Real America) _ ეს, პაკერის აზრით, არის “მიწის მარილი”, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი გლობალური მსოფლიო წესრიგის მიმართ;

4. “სამართლიანი ამერიკა” (Just America) _ მილენიუმელთა თაობა, შეშფოთებული რასიზმითა და სოციალური უთანასწორობით.

თითოეული ამერიკა “გამოარჩევს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს”.

თავისუფალ ამერიკაში გამარჯვებულები არიან შემოქმედნი, დამარცხებულები კი _ ისინი, ვისაც სურს, ჩაითრიონ დანარჩენები და იყვნენ მთავრობაზე მუდმივად დამოკიდებულნი.

ჭკვიან ამერიკაში გამარჯვებულები ხდებიან მერიტოკრატები, დამარცხებულები _ ცუდი განათლების მქონენი.

ნამდვილ ამერიკაში გამარჯვებულები არიან შრომისმოყვარე თეთრკანიანი ქრისტიანები, ხოლო დამარცხებულები _ გამყიდველი ელიტა, რომელიც ხალხს ასნებოვნებს ქვეყნის დანგრევის სურვილით.

ასე გაიყო ამერიკა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მრავალწლიანი კონკურენციის პირობებში. ავტორის აზრით, ორი პარტია მკაფიოდ გაიყო XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს _ რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს ინდივიდუალურ მეწარმეობას, დემოკრატებმა კი _ სოციალურ სოლიდარობას. 1970-იან წლებში ბოლო მოეღო ომისშემდგომ ორპარტიულ ამერიკას და მასთან ერთად ორ მუდმივ ნარატივს სტაბილურად წინსვლისა (რესპუბლიკელები) და სამართლიანობის სახელით (დემოკრატები) საფუძვლების ზომიერად შეჯანჯღარების (და არა დანგრევის) შესახებ. “მათ ადგილას, _ წერს პაკერი, _ აღმოცენდა “4 კონკურენტული ნარატივი” და ახალი განხეთქილებაა “იმ უფსკრულის თავზე, რომელმაც ქვეყანა ორად გაყო”.

თავისუფალი ამერიკა (FREE AMERICA), ბოლო ნახევარი წელია, ყველაზე გავლენიანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. ის ეყრდნობა ლიბერტარიანულ იდეებს. ლიბერტარიანული თავისუფლება _ ეს არის ნეგატიური თავისუფლება დაფუძნებული პრინციპზეარ შემაწუხო”. ლიბერტარიანელთა საკულტო წიგნი არის აინ რეიდის “ატლანტი მხრებს ისწორებს”, რომელშიც ხოტბაა შესხმული “ამერიკული მითისთვის ადამიანზე, რომელმაც თავი თვითონ შექმნა”.

რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას, რომელიც “თავისუფალი ამერიკის” ერთგული იყო, გაანადგურეს პროფკავშირები და დახურეს სოციალური პროგრამები, დადგა Walmant-ის, Citi grup-ის, Google-ს, Aმmazon-ის, JP Morgan-ის, Standard Oil-ის მონოპოლიის ეპოქა. ჩარლზ და დევიდ კოხები, ლიბერტარიანელი მილიარდერები, ფულს დებდნენ “თავისუფალი ამერიკის” პოლიტიკურ კამპანიებში და მოქმედებდნენ, როგორც კორპორაციული ხელისუფლების წარმომადგენლები. “ამ ამერიკის კრახის მიზეზები, _ მიაჩნია პაკერს, _ იყო მის საფუძველში ჩადებული კლანური კაპიტალიზმი და დაბალი რეპუტაციის ლიდერები”.

და როცა ცოდნის ახალმა ეკონომიკამ შექმნა ამერიკელთა ახალი კლასი, ქალებისა და მამაკაცების, უმაღლესი განათლებით, ციფრებისა და სიმბოლოების მიმართ გამოცდილებით, საკუთარ თავზე ხმამაღლა განაცხადა “ჭკვიანმა ამერიკამ”, რომ მას სჭირდებოდა მთავრობის მხარდაჭერა, რათა ყველას ჰქონოდა წინსვლის თანაბარი შანსი.

“ჭკვიანმა ამერიკამ”, პოლიტიკური თვალსაზრისით, ასოცირება დაიწყო დემოკრატიულ პარტიასთან, რამაც ხალხისგან მისი მოწყვეტა გამოიწვია. დემოკრატიულ პარტიას 1970-1980 წლებში ქარხნების სტიქიურად დახურვის სტიქიურ უბედურებად აღიარებაზე უარი რომ არ ეთქვა, დეინდუსტრიალიზაციის მსხვერპლი მილიონობით მუშის მხარდამჭერად რომ ქცეულიყო, მას შეეძლო, დარჩენილიყო მუშათა კლასის მრავალეროვან პარტიად, რომელიც არსებობდა 1930-იან წლებში. მაგრამ ეს არ მოხდა, ამიტომ თეთრმა სამხრეთმა დატოვა დემოკრატიული პარტია და “ჭკვიანი ამერიკა”.

ჭკვიან ამერიკელებს სჯეროდათ ინსტიტუტების და მხარს უჭერდნენ ამერიკის ლიდერობას სამხედრო ალიანსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ მათ არ მოსწონთ პატრიოტიზმი. “მათთვის ეს, _ წერს პაკერი, _ ძაღლების რბოლისა და სიგარეტის უსიამოვნო კვამლის პრიმიტიული დროა”.

ნამდვილი ამერიკა _ ეს არის პროვინციული სოფელი, რომელშიც ყველამ თავისი საქმე იცის და არავის არ აქვს სხვაზე მეტი ფული”. 2008 წლის შემოდგომაზე სარა პეილინიმ, რესპუბლიკული პარტიის კანდიდატმა ვიცეპრეზიდენტის პოსტზე, განაცხადა, რომ “ყველაფერი საუკეთესო, რაც კი არის ამერიკაში, ამ პატარა ქალაქებშია, რომლებსაც მე ნამდვილ ამერიკას ვუწოდებ”. პეილინის პოლიტიკური კარიერა ჩაფლავდა, მაგრამ მისი ძირს დაგდებული დროშა დონალდ ტრამპმა აიტაცა.

ყველაზე ანტისისტემური ძალა “სამართლიანი ამერიკაა”, რომელშიც გაერთიანებულია მილენიალების თაობა და BLM-ის აქტივისტები. მათ აერთიანებთ პროტესტი თეთრის უპირატესობის “ყოვლისმომცველი ჯოჯოხეთის წინააღმდეგ ამერიკის, როგორც ბოროტმოქმედი ძალის, წინააღმდეგ, რომელიც დედამიწაზე ყველა ბოროტ ძალას აღემატება”.

ზემოაღნიშნული 4 ამერიკის საერთო მიზნებისა და ფასეულობების არარსებობის პირობებში ჯორჯ პაკერი ვერ ხედავს გამოსავალს სოციალური ჩიხიდან, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. მას არ აქვს იმის ახსნაც, როგორ შეიქმნა სოციოკულტურული თვალსაზრისით ასეთი დაყოფილი ერი. და არც მოსახლეობის დაყოფისა და გაუცხოების დაძლევის რეცეპტი აქვს.

ამერიკელი ისტორიკოსი პეტრე ტურჩინი ამერიკაში შექმნილი სოციალური განხეთქილების ფენომენს “ელიტის კვლავწარმოებითა” და საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან ზედა ფენების თვითიზოლაციით ხსნის. “ვითარება ისეთი ექსტრემალური ხდება, რომ ძირი ეთხრება სოციალურ ნორმებს და იშლება ინსტიტუტები”. აშშ-ისთვის საგანგაშო სიგნალია არმიაში პოლიტიკური დაძაბულობის გაღრმავება.

ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი, ემიგრანტი საბჭოთა კავშირიდან, მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება გააღრმავებს განხეთქილებას ამერიკელ საზოგადოებაში, რადგან დემოკრატების პოლიტიკა მიმართულია საზოგადოების რასობრივი, კლასობრივი, მორალურ-იდეოლოგიური ნიშნით კატეგორიებად დაყოფისკენ და ის, რაც კარგია ამ ჯგუფებიდან ზოგიერთისთვის, სხვებისთვის დაუშვებელია.

ტრამპი, რომელიც დაბრუნდა პოლიტიკაში, განხეთქილებას ვერ დაძლევს. თეთრ სახლში რესპუბლიკელების დაბრუნება “ჭკვიანი” და “სამართლიანი” ამერიკის დამარცხებას ნიშნავს, მაგრამ ისინი თავიანთ პოზიციებს არ დათმობენ უბრძოლველად, რაც შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here