პრეზიდენტი თავისი ხალხის ნდობით აღჭურვილი პირი და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის გარანტორია. თუმცა, როდესაც ლაპარაკობენ ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობაზე, უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის პირველი პირის რეიტინგი, არამედ, უწინარესად, ის, შესაძლებელია თუ არა ამ ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდი ცვლილება. ქვეყნებში, სადაც დიქტატორები სხვა დიქტატორებმა შეცვალეს, მყისვე დაიწყო ყოფილი პირველი პირების ახლობელთა რეპრესიები. მყარი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ქვეყნებში კი ხელისუფლებიდან პრეზიდენტის ჩამოცილება არ იწვევს კრიზისს სახელმწიფოში.
მაგალითად, შვეიცარიაში პრეზიდენტი, კანონით, ყოველ წელს იცვლება და შვეიცარიელების უმრავლესობამ, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, არც კი იცის, ვინ არის სახელმწიფოს პირველი პირი, მაგრამ ეს მათი ცხოვრების დონეზე არ აისახება.
ძლიერი სახელმწიფო არის ის, რომელიც დამოკიდებული არ არის მმართველის პიროვნებაზე, როგორი გონიერი, პატიოსანი და პოპულარულიც უნდა იყოს ის. ძლიერია სახელმწიფო, რომლის სახელისუფლო შტოები რეალურად არის გაყოფილი და თავს არავინ წარმოიდგენს უზენაეს მოსამართლედ. ასეთი ქვეყნებიდან არც მოქმედ და არც ყოფილ პრეზიდენტს არ უწევს ყვარყვარე თუთაბერივით კაბაგადაცმული გაქცევა ან შუაღამისას _ ნავით, როგორც ეს ახლახან გააკეთა არაღიარებული დნესტრისპირეთის ყოფილმა მეთაურმა ევგენი შევჩუკმა, როდესაც მას პარლამენტმა ხელშეუხებლობის იმუნიტეტი გაუუქმა.
საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, უცხო ძალების მიერ დაფინანსებულმა და შეიარაღებულმა ე.წ. ოპოზიციამ 1991 წლის დეკემბერში სამხედრო გადატრიალება მოუწყო და აიძულა, ქვეყნიდან გაქცეულიყო და თავი გროზნოსთვის (ჩეჩნეთი, რუსეთი) შეეფარებინა. მოგვიანებით ის დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ 1993 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა სოფელ ხიბულაში (ხობის რაიონი)…
გთავაზობთ ჩამონათვალს პრეზიდენტებისა, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან გაიქცნენ. ხშირად პროცესები (რევოლუციები), რომლებმაც აიძულა ისინი, ქვეყანა დაეტოვებინათ, უცხო ძალების, კერძოდ, “დემოკრატიული” დასავლეთის მიერ იყო ინსპირირებული, ზოგიერთი სწორედ ამ “დემოკრატიული” დასავლეთის ძალისხმევით ინარჩუნებდა ქვეყნის პირველი პირის პოსტს, მაგრამ ხალხის მრისხანების გამო მიატოვეს ქვეყანა:
ფულხენსიო ბატისტა (კუბა) _ 01.01.1959 წ.
ბატისტა 1940 წლიდან მართავდა კუბას. ხალხს არ უყვარდა და ძალაუფლება სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიპოვა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ოპოზიციონერებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ _ გავრცელებული იყო შეკვეთილი მკვლელობები, ხელისუფლებისთვის არასასურველი პირები უგზო-უკვლოდ უჩინარდებოდნენ და ა.შ. როდესაც რევოლუციონერები ფიდელ კასტროსა და ერნესტო ჩე გევარას ხელმძღვანელობით კუბის დედაქალაქ ჰავანაში შევიდნენ, ბატისტამ ქვეყნის ოქროს მარაგის დიდი ნაწილი გაიტაცა და დომინიკის რესპუბლიკაში გაიქცა, იქიდან კი _ პორტუგალიაში.
გარდაიცვალა 1973 წელს ესპანეთში.
მოჰამედ რუზა ფეპლევი (ირანი) _ 11.02.1979 წ.
ირანის 35-ე და უკანასკნელი შაჰი ქვეყანას 1941-1979 წლებში მართავდა. 1979 წელს ისლამური რევოლუციის შედეგად შაჰის ავტორიტარული რეჟიმი დაემხო და ის ეგვიპტეში გაიქცა. შემდეგ ცხოვრობდა მაროკოში, ბაჰამის კუნძულებზე, მექსიკაში, აშშ-ში, პანამაში, ბოლოს _ კვლავ ეგვიპტეში, სადაც 1980 წელს გარდაიცვალა.
ჟან–ბედელ ბოკასა (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) _ 20.09.1979 წ.
ბოკასას (ცნობილია, აგრეთვე, როგორც სალაჰ ედ-დინ ახმედ ბოკასა, ან იმპერატორი ბოკასა I). XX საუკუნის ყველაზე ექსცენტრიკულ და არანორმალურ მმართველად მოიხსენიებენ. ბოკასას ზღაპრული ფუფუნების (მაგალითად, 2000 ბრილიანტით მორთული ოქროს გვირგვინი) ფონზე კონტრასტულად ჩანდა ცენტრალური აფრიკის მოსახლეობის უკიდურესი სიღატაკე. მისი პრეზიდენტობისა (1966-1976) და იმპერატორობის (1976-1979) პერიოდებში სხვაგვარად მოაზროვნეთა დაპატიმრება და წამება ჩვეულებრივი საქმე იყო. ბოკასას კანიბალიზმშიც კი ადანაშაულებდნენ. 1979 წელს მოსწავლეების დახვრეტის შემდეგ დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა (ცნობილია, რომ ბოკასა ლოიალურობას საჩუქრებით ყიდულობდა. მან ბრილიანტებით დაასაჩუქრა საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი, აგრეთვე, აშშ-ის 56-ე სახელმწიფო მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰენრი კისინჯერი) და იძულებული შეიქნა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.
ბოკასა ცხოვრობდა საფრანგეთში, შემდეგ კი მოულოდნელად დაბრუნდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რათა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, მაგრამ გაასამართლეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა შეიწყალეს და სამუდამო პატიმრობა აკმარეს. მოგვიანებით კი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. გარდაიცვალა 1996 წლის 3 ნოემბერს.
ფერდინანდ მარკოსი (ფილიპინები) _ 07.02.1986 წ.
მარკოსის პრეზიდენტობის პერიოდში (1965-1986) ფილიპინებზე გამეფებული იყო პიროვნების კულტი და ნეპოტიზმი. 1972 წელს კი მარკოსმა კონსტიტუცია გააუქმა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ყველა პოლიტიკური ოპონენტი ციხეში ჩასვა.
1986 წლის არჩევნების მორიგ გაყალბებას შედეგად სამხედრო გადატრიალება მოჰყვა. მარკოსი გაიქცა აშშ-ში, სადაც გარდაიცვალა 1988 წელს.
ჟან–კლოდ დუვალიე (ჰაიტი) _ 07.02.1986 წ.
ბები დოკ _ ეს არის მეტსახელი ჰაიტის მუდმივი პრეზიდენტისა, რომელმაც ეს პოსტი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო.
1986 წელს ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშვეს, პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და თავი საფრანგეთს შეაფარა.
2011 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ჩადენილი დანაშაულები ხალხის წინაშე მოინანია, მაგრამ კორუფციაში ბრალდებით გაასამართლეს. გარდაიცვალა 2014 წლის 4 ოქტომბერს.
ალბერტო ფუხიმორი (პერუ) _ 13.11.2000 წ.
თანამედროვეობის ერთ-ერთი სასტიკი დიქტატორის სინდისზეა პერუში საკონცენტრაციო ბანაკებისა და “სიკვდილის ესკადრონების” შექმნა. 2000 წელს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გასაჯაროვდა დანაშაულები, რომლებშიც ფუხიმორი იყო გარეული. ყველაზე რეზონანსული იყო 200 ათასი მოქალაქის სტერილიზაცია. გაიქცა იაპონიაში, მაგრამ 2006 წელს პერუში დააბრუნეს და გაასამართლეს. მიუსაჯეს 7,5 წელი და დააკისრეს 15 მლნ დოლარის ჯარიმა, რომელიც გადაიხადა.
ზინ ელ–აბიდინ ბენ ალი (ტუნისი) _ 17.12. 2010 წ.
ე.წ. არაბული გაზაფხულის პირველი მსხვერპლია. მიუხედავად ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონისა, რომელსაც ბენ-ალის ძალისხმევით მიაღწია ქვეყანამ, ტუნისში გამეფებული იყო უმუშევრობა. 2010 წელს ტუნისელმა ხილით მოვაჭრემ თავი დაიწვა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. დაიწყო მასობრივი გამოსვლები, ე.წ. ჟასმინების რევოლუცია. ბენ-ალი გაიქცა საუდის არაბეთში, გავრცელებული ინფორმაციით, გაიტაცა 1,5 ტ ოქრო.
მოამზადა ნიკა კორინთელმა
P.S ამ სიას შეიძლება დაემატოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, ახლახან კი უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.