Home სხვადასხვა დაიჯესტი “გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელები არ ენდობიან მედიასაშუალებებს”

“გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელები არ ენდობიან მედიასაშუალებებს”

342
“გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელები არ ენდობიან მედიასაშუალებებს”

ცოტა ხნის წინათ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკაში ამჟამად თითქმის არავინ ენდობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს”, _ წერს The Hillის მიმომხილველი ბერნარდ გოლდბერგი. მისი თქმით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბევრი ამერიკელი, უკვე დიდი ხანია, მიხვდა, რომ ჟურნალისტების უმრავლესობას მერკანტილური პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს.

Gallup-ისა და Knight Foundation-ის ცოტა ხნის წინათ ჩატარებულმა ერთობლივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამჟამად თითქმის არავინ ენდობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

“მესმის, ამას არ შეიძლება ეწოდოს “ახალი ამბავი”, რადგან ბევრმა ჩვენგანმა, უკვე დიდი ხანია, გაათვითცნობიერა, რომ ჟურნალისტების უმრავლესობას მერკანტილური პოლიტიკური მიზნები აქვს”, _ აღნიშნავს მიმომხილველი. ბოლო მონაცემების თანახმად, ამერიკელების 86% ამბობს, რომ ჟურნალისტები ახალ ამბებს აშუქებენ “დიდი” ან “ძალიან დიდი” მიკერძოებულობით. “ეს გამაოგნებელია. 10-დან 9 ამერიკელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები ამახინჯებენ ახალ ამბებს”, _ აღნიშნულია Hill-ის სტატიაში.

ამასთანავე, რესპუბლიკელთა 71%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მასმედიის მიმართ, დემოკრატებში კი ასეთი მხოლოდ 22%-ია. “ეს გასაკვირი არ არის, _ წერს სტატიის ავტორი, _ რადგან დემოკრატების ძალიან ცოტა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები მიკერძოებულნი არიან. მათ მოსწონთ ის ახალი ამბები, რომლებსაც ძირითადი მედიასაშუალებებისგან იღებენ”.

“და, მართლაც, რატომ უნდა იფიქრონ სხვაგვარად? ლიბერალურად განწყობილი ჟურნალისტები ხომ დემოკრატებს ისეთ ამბებს აწვდიან, როგორიც სჭირდებათ”, _ წერს The Hill-ის მიმომხილველი.

მაგალითად, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან _ ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტად კამალა ჰარისი დაასახელა, გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსმა” ქალბატონი ჰარისი მყისვე შეამკო ეპითეტით _ “ზომიერი პრაგმატიკოსი”.

“ნიუ-იორკ თაიმსს” მხარი აუბეს “ასოშიეიტედ პრესმა” და “ლოს-ანჯელეს თაიმსმა”, რომლებმაც ჰარისს “ცენტრისტი” უწოდეს. ანალოგიურად მოიქცა ABC News-იც.

ლიბერალური ჟურნალისტებისთვის ჰარისი, შესაძლოა, მართლაც ზომიერი ან ცენტრისტი პოლიტიკოსია, მაგრამ პოლიტიკურად ნეიტრალური პორტალი GovTrack-ი, რომელიც აშშ-ის კონგრესის კანონპროექტებს აანალიზებს, სხვაგვარად მიიჩნევს. ხენებული პორტალის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 2019 წელს აშშ-ის 100 სენატორიდან ჰარისი ყველაზე ლიბერალური იყო იმ კანონპროექტებიდან გამომდინარე, რომლებსაც მან ხელი მოაწერა. ამის მიუხედავად, ძირითადი მედიასაშუალებები მას “ზომიერსა” და “ცენტრისტულს” უწოდებენ.

“როდესაც ჩემს პირველ წიგნში დავწერე ახალ ამბებში ლიბერალური მიდგომების მიკერძოებულობაზე, კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მიკერძოებულობა, დამკვირვებლის თვალსაზრისით, გამოიხატება შემდეგში: თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჟურნალისტები მიკერძოებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში თქვენ ხართ მიკერძოებული”, _ აღნიშნავს სტატიის ავტორი. სახელდობრ, ასე მსჯელობს ბევრი თანამედროვე ჟურნალისტი: როცა მათ აკრიტიკებენ, თავს იცავენ, უარყოფენ ბრალდებას, მერე კი თვითონ გადმოდიან შეტევაზე.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, 10-დან 9 ამერიკელის აზრით, ჟურნალისტები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან. ამასთანავე, არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც ჩვენი შეშფოთება უნდა გამოიწვიოს: ამჟამად ძალიან ბევრია არაკომპეტენტური ჟურნალისტი”, _ ასკვნის The Hill-ის მიმომხილველი ბერნარდ გოლდბერგი.

Russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here