Home რუბრიკები ისტორია განა ილიას არ შეეძლო, ჩამოეთვალა საყვედურები რუსეთის მიმართ? რატომ არ გააკეთა ეს?

განა ილიას არ შეეძლო, ჩამოეთვალა საყვედურები რუსეთის მიმართ? რატომ არ გააკეთა ეს?

7859
ილია ჭავჭავაძე

დღეს ნებისმიერ პროგრესულად მოაზროვნე ქართველს სურს, ღმერთმა სწორ გზაზე ატაროს ქართველი ხალხი _ გვესწავლოს ჩვენი ისტორია, საიდან მოვდივართ, სად ვართ და საით უნდა წავიდეთ მომავალში; და, როგორც წმინდა ილია მართალი გვასწავლის, თავი დავაღწიოთ იმ გადაგვარებასა და გათახსირებას, რომელიც ყველა ერს მაშინ ემართება, როცა საკუთარ წარსულს ივიწყებს.

ზუსტად 220 წლის წინათ, 1799 წლის 23 ნოემბერს, ხელი მოეწერა პეტერბურგის ტრაქტატს _ საქართველოს (ქართლკახეთის) სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე რუსული არმიის ეგერთა პოლკი თბილისში შემოვიდა. ამ ფაქტს ეხმიანება ილიას წერილიასის წლის წინათ”, რომელიც გაზეთივერიაში” 1899 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა და რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურობით არის განმსჭვალული. ილია მიმოიხილავს რა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და რუსეთსაქართველოს ურთიერთობას, დაწვრილებით აღწერს, თუ როგორი საყოველთაო სიხარული გამოიწვია საქართველოში რუსეთის მხედრობის შემოსვლამ, როგორ საზეიმოდ მოირთო თბილისი იმ ისტორიული დღისთვის: “ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენლად ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელს, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომვლინებელსა. ბოლოს მოვიდა ჯარიცასიხარულის კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთს დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდამეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია, საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე არ ენახა ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას”.

და რომ, “ამ ღირსახსოვარი დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვადამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დაუდუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრის ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლშვილებზე. გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამაპაპათა მიწას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა, დაუდგა ახალი ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა…”

განა ილიას არ შეეძლო, ჩამოეთვალა საყვედურები რუსეთის მიმართ? რატომ არ გააკეთა ეს? ნუთუ ილია კომპრომისზე წავიდა თავის სინდისთან? და თუ წავიდა, რატომ, რა მიიღო სანაცვლოდ?..

უბრალოდ, ილიამ უფრო შორს გაიხედა და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას, ირიბი ფორმით _ ისტორიული სარჩულის მოშველიებით, საქართველოს ავტონომიური მოწყობა შესთავაზა; კერძოდ, როდესაც ის წერს, რომ გიორგი მეფემ რუსეთს შესთავაზა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პირობითო, თუმცა კი სინამდვილეში 1799 წლის 23 ნოემბრის ტრაქტატით სულ სხვა ურთიერთობები იქნა დამყარებული, რომლებიც თავის წიგნში “ცხოვრება გიორგი XIII-სა” კარგად აღწერა პლატონ იოსელიანმა.

მეფე გიორგი XIII
მეფე გიორგი XIII

“ძმათაგან და გარეშე მტერთაგან შეწუხებული მეფე არღა ჰხედავდა ქვეყანასა მტკიცედ დაბინავებულად. ამისთვის მოინდომა და თუმცა დიდის ღელვითა, გარნა გაბედა და მისწერა დესპანთა თვისთა, რუსეთისაგან განმზადებულთა შემდგომი წერილითი დარიგება და ჰაზრი თვისი უკანასკნელი და გარდაწყვეტილებითი:

“…უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ…”.

დესპანთა ამათ მეცადინებითა შესდგა და დამტკიცდა ტრაქტატი, მიღებული იმპერატორისა პავლესაგან.

აჰა თვით ჰაზრნი და მუხლნი ტრაქტატისა ამის, რომელიცა იპოება დაბეჭდილსა ფრანციზულად წიგნსა შინა როტიესსა (Inteneraire de Tiflis a Constantinopole / bRUXELLES, , 1829):

“1799 წელსა, 23 ნოემბერსა, შედგა ახალი ტრაქტატი შორის პავლე იმპერატორისა და გიორგი მეფისა შემდეგი:

* მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსამეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი”.

* ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსაგანმგე საქართველოისადა გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის.

* საქართველოისა ერი და მუნ მსახლობელნი 12 წლისა განგრძობასა, არ გაიღებენ არასა ხარჯსა, რათა დაეწყვნენ თვისსა მდგომარეობასა შემდეგ ესოდენთა ბრძოლათა. განმგე საქართველოისა მიიღებს რუსეთიდამ 12 წელსა მისთვის და სამეფოსა სახლისა წევრთათვის 20.000 თუმანს (200.000).

* მადანი ოქროისა და ვერცხლისა ახტალას და მისხანასა (მიშხანასა) შევა რუსთა განმგებაში და იმითი აივსება ზემო თქმული ჯამი ფულისა.

* 6.000 რუსისა ჯარი სრულისა კომპლექტითა იდგება საქართველოში. ქართველნი გამოვლენ ცხენოსნად ამა ქვეითისა ჯარისათვის.

* ქართველნივე მოაგროვებენ ჯარსა ესოდენსა, რაოდენიცა საჭირო იქმნების დასაცველად სამზღვრებისა.

* რუსნი წარმოგზავნიან ინჟენერთა თვისთა აღსაშენებელად და განსაახლებელად ციხეთა მათ ადგილთა ზედა, სადაცა დაინახება საჭიროდ.

* ფულსა, მოჭრილსა თფილისში, ექმნება ერთსა მხარეს ღერბი რუსეთისა და მეორეს საქართველოისა.

* საზრდო რუსეთისა ჯარისათვის მოიყიდება იმავე ფასითა, რომელიცა იქმნება დანიშნული ადგილობრივთა მცხოვრებთათვის.

* როდესაც მოხდება აღწერა ხალხისა, უნდა იქმნას კომლეურად და არა თვითო სულად (ქვემოთ არის შენიშვნა: წიგნი დაბადებისა, პირველი ნეშტთა თავი 21. მეორე მეფეთა თავი 24. ქართველთა მეფენი, მოშიშნი ღვთისა ბრძანებისა, ერიდებოდნენ მცხოვრებთა აღწერასა).

(ხელმოწერილია):

რუსეთისა მხრით

.

საქართველოისა მხრით

.

.”

ასე რომ, აღნიშნული ტრაქტატის მიხედვით, საქართველო (ქართლკახეთის სამეფო) რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს სტატუსიდან გადავიდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომის სტატუსში, საქართველოს მეფის წოდება მიიღეს რუსეთის იმპერატორებმა, ხოლო გიორგი XIII-ის შთამომავლები იქცნენ საქართველოს განმგებლებად, ანუ მეფისნაცვლებად. წმ. ილია მართალი ამის თაობაზე სწერს: “სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზედმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი არჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობასა და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად”.

იქნებ ჩვენ დღეს სწორედ ის ღვთისმოსაობა და ღვთის სიყვარული გვაკლია, რაკი ასე განქიქებით ვეკიდებით რუსეთსაქართველოს ურთიერთობებს და ყველა ჩვენს უბედურებას რუსებს მივაწერთ, საკუთარი უკუღმართობანი კი გვავიწყდება?!

აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი

გვავიწყდება ის მწარე სიმართლე, რომლის მოსმენა და მით უმეტეს დაჯერება არ გვსურს, რადგან იმ სამარცხვინო ისტორიებით ნამდვილად ვერ ვიამაყებთ და მხოლოდ აკაკის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, რომლებიც მან ილიას მკვლელობის შემდეგ “მიუძღვნა” თანამემამულეებს: “ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველო!”.

მაგალითისთვის გავიხსენოთ ფრანგი ოფიცრის _ შარლ დე გრაი დე ფუას მოგონებანი საქართველოს შესახებ (ის გახლდათ გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი და 1769 წლის შემოდგომაზე მის რაზმთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედებისთვის), რომელშიც წერს, რომ მრავალი წლის განმავლობაში შინაომებისგან გაჩანაგებულ ამ ბედკრულ ქვეყანაში მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში იყო. იმხანად გამარჯვებული და დამარცხებული ქართველები ისეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ ერთმანეთს, რომ მსგავს მაგალითებს მხოლოდ სპარსეთის ისტორიაში თუ შევხვდებითო, რომ ისინი არ ზოგავდნენ არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც ქალებს, არც კაცებსა და არც სილამაზეს.

ლევან დადიანი _ სამეგრელოს ერთ-ერთი გავლენიანი ხელისუფალი, რომელიც 1650-იან წლებში მართავდა სამეგრელოს, გაეყარა აფხაზთა მთავრის ახალგაზრდა, ტურფა და ჭკვიან ასულს და, სანამ მამამისს უკან მიჰგვრიდა, ქალს ცხვირი, ყურები და ხელები დააჭრა. შემდეგ კი ცოლი წაართვა საკუთარ ბიძას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი მეურვე იყო და რომლის წყალობითაც საკუთარი გვირგვინი ჰქონდა შენარჩუნებული.

რაც შეეხება იმერეთს, სულ მცირე დროის განმავლობაში აქ ერთმანეთის მონაცვლეობით მეფობდნენ ბაგრატი, ვახტანგი, ვამეყი და არჩილი, რომელთაც რიგრიგობით დასთხარეს თვალები ან მოკლეს. ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ, ბაგრატმა, კვლავ დაიბრუნა ტახტი. მან საკუთარი ხელით განგმირა ტახტიდან გადაყენებული წინამორბედი, ამოჰკვეთა გული, ხელებით დასრისა და ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯა……

რაკი მეფეები ასე ბარბაროსებივით იქცეოდნენ, ცხადია, რომ ისინი არც ქვეშევრდომებს ინდობდნენ. ხშირი ყოფილა სხეულის დასახიჩრების შემთხვევები. ზოგჯერ ამ ზომას იმ მიზნით მიმართავდნენ, რათა ყმების გაქცევები აღეკვეთათ, თუმცა ზოგჯერ ასევე სჯიდნენ სულ უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც…

როდესაც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ, როგორც მონარქმა, იმერეთი დაიკავა, ხოლო სამეგრელოსა და გურიაზე სიუზერენის უფლება განახორციელა, მისი ხელისუფლების პირველი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ მან აკრძალა თურქებისთვის ტყვეთა მიყიდვა, ლაგამი ამოსდო მთავრებისა და ბატონების სისასტიკეს და აუკრძალა მათ სხეულის დასახიჩრებისა და სიკვდილით დასჯის კანონის გამოყენება.

რუსები, ძირითადად, ძალაში ტოვებენ იმპერიასთან შემოერთებული ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს, მაგრამ საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულნი უყოყმანოდ აუქმებდნენ ბარბაროსობის ყოველ წესს.

შესაძლოა, ბევრი რამ სადავოა ამ მოსაზრებაში, ბევრიც _ მისაღები, მაგრამ ყოველივე ამას (ისევე, როგორც წმ. ილია მართლის, პლატონ იოსელიანისა და შარლ დე გრაი დე ფუას ნაწერებს) სჭირდება სათანადო გააზრება და გაანალიზება დღევანდელობისთვის სასარგებლო დასკვნების გასაკეთებლად და არა “ამერიკა, ამერიკასა” და “ნატო, ნატოს” ძახილით რუსეთისკენ ფურთხება.

ცნობილია, რომ რუს და ქართველ ხალხთა მეგობრული ურთიერთობისა და საზოგადოებრივ-ისტორიული თანამშრომლობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენს 60-იანელებს _ თერგდალეულებსა და ხალხოსნებს, რომელთა უმრავლესობამ სწავლა-განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო და რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს ეზიარა. თუმცა ი. ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვა თერგდალეულები, ისევე, როგორც ანტონ ფურცელაძე, ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაგებაში ერთსულოვანნი იყვნენ. ჩვენი სამოციანელები და ხალხოსნები მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე შეუნელებელ ინტერესს იჩენდნენ რუსეთის მიმართ, რადგან მასთან იყო დაკავშირებული საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. “რუსეთის საკითხი” მათ აინტერესებდათ არა განყენებულად, არამედ თავიანთი სამშობლოს ბედთან დაკავშირებით. ისინი, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოზე ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდნენ და ამ პოზიციებიდან განიხილავდნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს. ამ მხრივ საინტერესია ვანო შადურის წიგნი “რევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ”. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..

. . . . . . . .

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული,

მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენი ტანჯვითა”!

ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები ყველა მისი თანამებრძოლის აზრსა და გრძნობას გამოხატავდა.

დიდძალი მასალა, რომელიც წარმოდგენილია თერგდალეულთა და ხალხოსანთა თხზულებებში, კერძო წერილებსა და ზეპირ გამოსვლებში სწორად და ღრმად აშუქებს ორი ქვეყნის კავშირ-ურთიერთობას ძველად და გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ.

“ოც საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენი ხალხი ისტორიულს ასპარეზზედ გამოსულა. ამ ხანგრძლივ დროთა მიმავლობაში ჩვენს ხალხს ერთს ხელში თოფი და ხმალი სჭერია და მეორეში გუთანი და ამ ყოფით და ვაი-ვაგლახით გაუტარებია ეს აუარებელი დრო”, _ ასე წერდა თერგდალეულთა აღიარებული ბელადი, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე და საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მტკიცდებოდა, მშვიდობისა და პროგრესის გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მას წარმოუდგენლად მიაჩნდა თავისი სამშობლოს განვითარება რუსეთთან ძმური კავშირის გარეშე. სხვა წერილებში ი. ჭავჭავაძე სწორად აღნიშნავს, ქართველებს მტკიცედ სწამთ, რომ რუსეთი მოევლინა მათ მხსნელად და მფარველადო.

ანალოგიურ აზრს ხშირად გამოთქვამდნენ სხვა თერგდალეულნიც.

ჩვენმა სამშობლომ, _ წერდა აკაკი წერეთელი 1872 წელს, _ მრავალი საუკუნის განმავლობაში მტრებთან ბრძოლის, სისხლის ღვრის, ტანჯვის და ბევრი უბედურების გამოცდის შემდეგ, თავის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, გადაწყვიტა თავისი ბედი მით, რომ მონახა სასურველი პატრონი, რომელსაც შეავედრა და მიანდო თავისი თავი. იმ ახალ პატრონს, ცხადია, იმ დროის საქართველოს სიკეთე ჰსურდა და მიტომაც მიიღო ის თავის მფარველობაში”.

ა. წერეთელი უაღრესად დიდ მნიშვნელობას აძლევდა იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა, ბოლო მოუღო ჩვენს მიწა-წყალზე დამპყრობთა ველურ თარეშს და მშვიდობა დაამკვიდრა.

უნდა შევნიშნოთ, რომ აკაკი წერეთელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ხშირად ეხებოდა არა მარტო თავის პუბლიცისტურ წერილებში, არამედ მხატვრულ ქმნილებებშიც.

გავიხსენოთ, მაგალითად, მისი პოემა “თერთმეტი ენკენისთვე” (1895). დიდი მგოსანი აგვიწერს ასი წლის წინათ მომხდარ კრწანისის ტრაგედიას, მოგვაგონებს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სისხლით დაწერილ ანდერძს რუსეთთან კავშირის აუცილებლობის შესახებ.

კავშირი ძმური და მეგობრული

და, ვინც იფიქროს მისი გაწყვეტა,

იყოს წყეული, ხვთისგან და კრული

ასე ჰფიქრობდნენ, რომ გვიანდერძეს

მათი განზრახვა სახელმძღვანელოდ,

და მათი ღირსი აღარ ვიქნებით,

ეგ გრძნობა გულში რომ გავინელოთ”.

თვით აკაკის გულში ის გრძნობა არასოდეს განელებულა. პოეტი ხშირად ლაპარაკობდა რუსეთთან ძმური კავშირის აუცილებლობაზე.

როცა ჩვენმა წინაპრებმა თქვენ, რუსები, მოგიწვიეს, _ თქვა მან კ. ბალმონტის საპატივცემლოდ გამართულ ბანკეტზე 1914 წელს, _ მაშინ ჩვენ, შვილიშვილებს, გვიანდერძეს: არ დავივიწყოთ სტუმართმოყვარეობა, გვიყვარდეს რუსები, ვიმეგობროთ მათთან და განუყრელად ვიაროთ ერთი გზით”.

“გარეშე მტრებისგან დაცვის გარდა, რომელიც იყო თავდაპირველი მიზეზი ჩვენი სამშობლოს რუსეთთან შეერთებისა, _ წერდა ა. წერეთელი, _ უკანასკნელის მოვალეობა მოითხოვდა, შესდგომოდა, აგრეთვე, ჩვენში მოქალაქეობისა და განათლების შემოტანას”.

როგორ ასრულებდა რუსეთი ამ მოვალეობას? როგორ დამოკიდებულებას იჩენდა იგი საქართველოსადმი?”

ეს იყო მეტად რთული საკითხი, რომელზეც ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისს გაზეთის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

  1. *
    ჩამოდით ჩვენთან
    ჩამოდით ჩვენთან, შემოდგომის სუნი დამდგარა
    ჩამოდით ჩვენთან, მაჭრით სავსე გვიცდის ქვევრები,
    დუღს რქაწითელი, საფერავი, ბორგავს ხვანჭკარა,
    ჩამოდით, გელით, ყველას თავზე შემოგევლებით.
    ჩამოდით, გელით, სახლის კარი ღიაა ჩვენი,
    გეპატიჯებით, გელოდებით მტერს და მეგობარს,
    საქართველოდან, სიყვარული წაიღეთ ბევრი,
    წაიღეთ ბევრი, რაც დარჩება ყველას გვეყოფა.
    წაიღეთ ბევრი, აქ დაგვრჩება მაინც ულევი,
    რომ არ მოგვშივდეს, ის ცხოვრების საგზლად ვატაროთ,
    ღვინით გავრეცხოთ, აღრენილი ჩვენი გულები,
    ჩამოდით ჩვენთან, უნდობლობა ქარს გავატანოთ.
    ჩამოდით ჩვენთან, ოღონთ ტანკებს, თან ნუ ატარებთ,
    ჩვენც, თქვენი ეზოს შვილები ვართ, უცხო როდი ვართ,
    თოფ-იარაღი მუზეუმებს გადააბარეთ,
    A არ დაგჭირდებათ, დიდი პაპის სახლში მოდიხართ.
    .-.-.- .-.-.- .-.-.-
    ჩამოდით ჩვენთან შემოდგომის სუნი დამდგარა
    დუღს რქაწითელი, საფერავი, ბორგავს ხვანჭკარა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here