Home რუბრიკები ისტორია “განა ეს უბედურება არ არის, მაშ რა ოხრობაა?” როცა თვალახვეული ერთ მოთავეს...

“განა ეს უბედურება არ არის, მაშ რა ოხრობაა?” როცა თვალახვეული ერთ მოთავეს მიჰყვებიან…

1010
ბიძინა ივანიშვილი

ხშირად იტყვიან ხოლმე: ცხოვრება ბრძოლააო, მაგრამ ბრძოლაც არის და ბრძოლაც. ნიკო ნიკოლაძის აზრით, “ბრძოლა ორნაირია ქვეყანაზე”: ერთია მავნებელი და დამღუპველი _ დამშეულებს შორის ბრძოლა, როცა ერთი მეორეს პირიდან ლუკმას სტაცებს, რეალურად კი ორივეს სხვამ წართვა საარსებო საშუალება.

მაგრამ არსებობს მეორენაირი ბრძოლაც: თავმოყვარეობის ბრძოლა _ ქიშპობა იმაზე, თუ ვინ როგორ ისახელებს თავს, ვინ ვის აჯობებს და უკეთესად წარუძღვება საქმეს.

რამდენადაც ხალხის ბედისთვის მავნებელია პირველი გვარი ბრძოლა, სწორედ იმდენად სასარგებლოა მეორე ნაირი”, _ ასკვნის . ნიკოლაძე. ამ მეორენაირ ბრძოლას კი თუ ცოდნა და განათლება უმაგრებს ზურგს, ხომ კარგი. მაშინ ქვეყნის წინსვლა და განვითარება სასურველი გზით წარიმართება, რადგან ეყოლება გონიერი მსახურნი, რომელთა გულისყური ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

 აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამდღეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის მიმდინარე ბრძოლა ქვეყნის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, ასუსტებს სახელმწიფოს და აფერხებს მის წინსვლაგანვითარებას.

ამ ვაიპატრიოტების მიერ ერთმანეთის ლანძღვაგინებამ, წარამარა ბოღმის გადმონთხევამ, ერთმანეთის ჯიბრზე გაცემულმა ცრუ დაპირებებმა, არათუ ჭეშმარიტება შვა, დაღალა ხალხი და მოთმინების ფიალა აუვსო.

და ახლათუ ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყვარეობაზედ უფრო დიდათ მიგვაჩნია”, დიდი მამულიშვილის რჩევას მივყვეთ დაყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობამ მიიღოს”, რადგანამ უმრავლესობისგან მიღებულის გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და გამოსადეგ დისციპლინას და არა ფელდფებლური მონობა ერთის რომელისამე კერპისათვალდახუჭული დაჯერება მისი, რასაც ეს კერპი წამოროტავს ან ბრძანებს”.

რადგან კერპი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ერთი მილიარდერისგან შევქმენით, თავისიწამოროტვებითმხოლოდ თვითონ ნახულობს ხეირს, ხალხი კიხალხი ან ქვეყნიდან გარბის ოჯახის დასაპურებლად, ან ურნებში იქექება და ეძებს საკვებს, ან ხელგაწვდილი ზის ქუჩაში და მისნაირი არა, მაგრამ მაინც გაჭირვებულებისგან შემწეობას ითხოვსაღარც სწავლაგანათლებას აქვს ფასი. სკოლაში გამოცდები აღარ იქნებაო, _ გაიხარეს მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც; უპირველესად კი გაიხარეს მათ, ვინც, წლებია, მიზანმიმართულად ანგრევს ქართულ მენტალიტეტს, კლავს ეროვნულ სულს და ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას; რადგან, რაც ნაკლები ეცოდინება ახალგაზრდობას, მით ნაკლებად ექნება პროტესტის განცდა, მით ნაკლებად გამოხატავს უკმაყოფილებას და მით ნაკლებად გამოიდებს თავს ეროვნული ინტერესების დასაცავად

საამურიაცხოვრება!

წავიკითხოთ, აბა, რა აზრისაა ამ საკითხებზე დიდი მამულიშვილი ნიკო ნიკოლაძე:

“ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი, ეს ხომ ერთი და მეორეც ის, როცა მთელი ეს მისი ძალა, თანამედროვე მეცნიერების იარაღით აჭღურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება და მოქმედებს. მაგრამ, როცა ხალხის ცხოვრებაში ნელ-ნელა ისეთი წესი შემოდის, რომ ნახევარი ხალხი თავის ძალას უქმად მიწაში მარხავს, უმოქმედოთ ჰფლანგავს, და მეორე ნახევარი კი ორჯერ უფრო მომეტებულად შრომობს, როგორც თავის სარჩენლად, ისე იმ პირველი ნახევრის სარჩენლად, რომელიც უმოქმედოთ და უქმად ცხოვრობს, მაშინ ხალხის ძალა იღალება, სუსტდება და სრულიადაც ჰქრება. მაშინ მარტო ხალხის ძალა კი არ იფანტება უხეიროდ, თვითონ ამ ხალხის ორ ნახევარს შუა ჩუმი, დაფარული ბრძოლა ატყდება, რომელშიაც ილევა ხალხის გონებითი და ფიზიკური ძალის უმჯობესი ნაწილი. ქიშპობა და სამდურავი იბადება, ერთობა იკარგება, და ხალხი ორ ბანაკად იყოფა. ორს ერთმანეთზე მტრად გადაკიდებულ ბანაკად, რასაკვირველია, უმიზეზოდ როდი დაბადებულა ჩვენში ძველად ეს უბედური განაწილება და განხეთქილება. ჩვენს ქვეყანას ძველად მეომრები სჭიროდა და მეომრებს რჩენა უნდოდა. ზოგი გარეშე მტერს ებრძოდა, რომ მშრომელი ხალხი უცხოეთლების შემოსევისაგან დაეხსნა, და ეს მშრომელი ხალხი, რასაკვირველია, დიდის სიამოვნებით არჩენდა, გულწრფელის გრძნობით ემსახურებოდა მის დამცველ ჯარს, რომელიც მაშინ მისი კეთილი, მფარველი ანგელოზი იყო.

ჩხუბი პარლამენტში

მაგრამ დროთა ვითარებისაგან ამ ნაირი გონიერი შრომის განაწილება ჩვეულებად გადაიქცა და ბოლოს მშრომელ ხალხს რჩენა და ბეგარა ისეთმა პირებმა მოსთხოვეს, რომელნიც მას არც მტრისაგან იფარავდენ, არც უცხოეთლების წინ ეხმარებოდენ.… მიწა-წყალი ხალხს ხელიდგან გამოეცალა და მთელი ხალხი იმ კაცთ ყურმოჭრილ ყმად გადაიქცა, რომელნიც უსაქმოდ ცხოვრობდენ და უსაქმობის გამო მარტო სიამოვნებაში ან ქეიფში ფლანგავდენ ხალხის შრომით ნაწარმოებს. ვისაც ჩვენი მამული უყვარს, მისი პირველი მოვალეობა ის არის, რომ აი ეს უსწორ-მასწორობა, ეს განხეთქილება შეამციროს, რომ შემდეგში ერთიანად მოისპოს ჩვენში ამგვარი უსამართლო და უგუნური ფლანგვა ხალხის ძალისა და შრომის. სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდგან არ გამოვა, შეუძლებელია, რომ ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება. მაშასადამე, ყველაფერი, რაც ეკონომიურ სამართლიანობას გვიახლოებს, ჩვენის მამულის სასარგებლოდ უნდა მიგვაჩნდეს, და ნიადაგ იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ხალხის უმრავლეს ნაწილს გავუადვილოთ თავის გათავისუფლება ეხლანდელის დამოკიდებულ-მდგომარეობისაგან. ხალხი მაშინ გაძლიერდება, მაშინ დაძმობილდება, მაშინ შეადგენს ერთ ძმურ ოჯახს, როცა სადაო არა ექნებათ რა სხვადასხვა წოდებას, როცა ყველანი შრომას გაერთობიან და შრომას ისე გაინაწილებენ, რომ თითოეულის შრომა ყველა სხვის შრომის გაადვილება იქნება და არა გაძნელება.

ამის მაგიერ, რომ ნამდვილი განხეთქილების შემცირებას ან მოსპობას ვცდილობდეთ, ჩვენ რას ვშვრებით? გვინდა, გავყუჩდეთ ამ საწყენს საგანზე, გვინდა, ხმა არ ამოვიღოთ; გვინდა, გაჩუმებით დავაჯეროთ გარეშე პირები, თითქო ჩვენსა, ჩვენის ხალხის ოჯახში, მართლა ერთობა და ძმობა მეფობდეს.… ათასი რომ ვიყვიროთ, _ ჩვენში ერთობა სუფევსო, ძმობა მეფობსო, კეთილი განწყობილება არსებობსო, ამით ჩვენ მარტო საკუთარ თავს მოვატყუებთ, ჩვენ ხალხს ვავნებთ, მის მომავალს წავახდენთ. ჩვენს ცრუპატრიოტებს კი _ ამ უკანასკნელის წლის განმავლობაში _ მეტი შრომა არა ჰქონიათ რა, რომ ეს ბრძოლა, ეს განხეთქილება დამალონ, მათზე ხმა არ ამოიღონ. ჩვენი ცრუპატრიოტები რომ თავის მამულის გონიერნი მსახურნი იყვნენ, მათი პირველი და უმთავრესი შრომა ჩვენი ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაზე იქნებოდა მიქცეული.

ჩხუბი პარლამენტში

ზემოთ ვსთქვი, რომ ჩვენი ხალხის სხვადასხვა წოდებას შუა ბრძოლა არსებობს. ბრძოლა ორნაირია ქვეყანაზე. არის ერთი ბრძოლა, მავნებელი და დამღუპველი, ბრძოლა ლუკმა პურისათვის, დამშეულებს შუა ბრძოლა, როცა ერთი მეორეს პირიდგან საჭმელს სტაცებს და თითოეული მარტო სხვისგან წართმეულით რჩება. ამგვარი ბრძოლა კიდეც კლავს, მაგრამ მეორე ნაირი ბრძოლაც არის ხოლმე ხალხში გამართული, თავმოყვარეობის ბრძოლა, ქიშპობა იმაზე, თუ ვინ როგორ ისახელებს თავს, ვინ აჯობებს თავის ტოლს, ვინ უკეთესად წაიყვანს საქმეს. რამდენადაც ხალხის ბედისთვის მავნებელია პირველი გვარი ბრძოლა, სწორედ იმდენად სასარგებლოა მეორე ნაირი. ჩვენს პატრიოტებს კი ამ ორ ნაირ ბრძოლას შუა განსხვავება არ ესმისთ. იმათ სადღაც ყური მოუკრავთ, რომ ბრძოლა მავნებელიაო, და ის კი ვერ გაუგიათ, თუ რანაირი ბრძოლა ყოფილა მავნებელი და რანაირი _ სასარგებლო. იმ ნამდვილსა და დამღუპველ ბრძოლას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ისინი კალთას აფარებენ და მალვენ. მაგიერად ცდილობენ, მოსპონ ჩვენში მეორე ნაირი ბრძოლა, რომლისგანაც ჩვენ ყველანი მარტო ამ მეორეს უნდა ველოდეთ, ცდილობენ, კაზარმული წესი შემოიღონ და დაუხშონ გონება ყველას, ვინც მიზნისკენ მათსავით ზანტად არ მიიკლაკნება. რაც უფრო რომელიმე ხალხი მდიდარია გონებითის ძალით, რაც უფრო მოძრავია, ძლიერია მისი შვილების ჭკუაგონება, მით უძლურია მასში ეს მეორე ნაირი ბრძოლა. მაგალითად თუნდ საფრანგეთი დავასახელოთ, ან ინგლისი. რამდენჯერ მომხდარა ხოლმე, რომ ლუი ბლანი გამბეტას შეტაკებოდეს, ან გამბეტა _ ლუი ბლანს, აშკარად, მთელი საფრანგეთისა და მთელი ევროპის წინ. ხან ერთს მათგანს გაუმარჯვია, ხან მეორეს, მაგრამ ყოველთვის კი მათი ბრძოლით ხალხს უსარგებლებია. საფრანგეთის ხალხი მარტო მით არის ძლიერი, მარტო იმით სჯობს სხვა ხალხს, რომ ათას და ათიათას ამგვარ ბრძოლას მისი გონება განუვითარებია, მისი გამოცდილება გაუდიდებია და საკუთარის ჭკუით სიარული უსწავლებია.

აზრების ამნაირი ბრძოლა მით უფრო სასარგებლოა, რომ ის სრულიადაც არ სპობს ნამდვილ დისციპლინას, რომელიც ყოველი მოქმედი საზოგადოებისთვის აუცილებლად საჭიროა. დაბნევის, გაცალკევების საჭიროებას კი არ ვქადაგობ, როცა ვამბობ, აზრების ბრძოლა და შეტაკება სასარგებლოა ჩვენი საზოგადოებისთვის მეთქი. სრულიადაც არა. ვიბრძოლოთ ერთმანეთს შუა, ერთის აზრს მეორის შეხედულება შევატაკოთ, ვეცადოთ, ხალხი მონაწილე გავხადოთ ამ ბრძოლისა და ჭკუის მოძრაობისა, და მერე, თუ ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყვარეობაზედ უფრო დიდათ მიგვაჩნია, ყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობამ მიიღოს. ამ უმრავლესობისგან მიღებულის გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და გამოსადეგ დისციპლინას და არა ფელდფებლური მონობა ერთის რომელისამე კერპისა, _ და არა თვალდახუჭული დაჯერება მისი, რასაც ეს კერპი წამოროტავს ან ბრძანებს.

ათასჯერ შეტაკებულან მწერლობაში და პარლამენტში გამბეტა და ლუი ბლანი, მაგრამ არც ერთის მათგანისთვის ამ შეტაკების სიმწარესა და დაუზოგველობას არ დაუშლია ერთად ყოფნა ყველა იმ კითხვებისა და იმ საგნების განრჩევასა და განსჯაში, რაც რესპუბლიკის ინტერესებს ეხებოდა. საქმე რომ კენჭის ყრაზე მივარდებოდა, გამბეტას კენჭი და ლუი ბლანის კენჭი ორივე ერთსა და იმავე უჯრაში ერთად ვარდებოდა, ორივე ერთად ან “ჰოს” ამბობდენ, ან “არას”. ერთი მეორის ჯიბრით კი არ მოქმედებდა, ერთი მაშინ როდი იძახოდა “არაო”, როცა მეორე “ჰოს” იტყოდა. უთანხმოება მათს შორის მარტო იმაზე იყო, _ მტერს რა გზით მოვერიოთო, მაგრამ მტერზე რომ საქმე მივარდებოდა, ორივე ხან ერთნაირად ებრძოდა მტერს, ხან თითოეული თავისებურად.…

რაც ჩვენის მომავლისთვის საჭიროა, იმას ჩვენ როდი ვიკარებთ, მაგიერად მავნებელს კი გულში ვიხუტებთ. აზრების სიუხვეს, შედარებას, წინააღმდეგობას არ ვითმენთ, ცოდვათ ვთვლით, ვდევნით; გვგონია, საჭირო დისციპლინა ჩვენში მარტო მაშინ დაარსდება, როცა ყველა ჩვენის ქვეყნის შვილები თვალ ახვეულად ერთს მოთავეს გაყვებიან. ამას ვეძებთ და საჭირო დისციპლინას კი ვერ ვახერხებთ, ვერ ვაწყობთ. განა ეს უბედურება არ არის, მაშ რა ოხრობაა? დისციპლინა დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ, უგზო-უკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რაგინდ გონიერი იყოს, მარტოხელად ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი გენიოსი, ცალცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა. გონიერი შრომის შეერთება, რიგიანი დისციპლინა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ათასი კაცის ტვინი და გონება საქმეს ეხმარებოდეს, რომ რაც მათ ძალა ან მოხერხება აქვთ, სულ ერთიანად შრომაზედ იყოს მიქცეული, რომ ამ ძალისაგან ან ამ მოხერხებისაგან არაფერი იკარგებოდეს. მაშინ საქმე კარგად წავა და ერთი მოთავის ბედზე როდიღა იქნება დამოკიდებული საქმის, ქვეყნის იღბალი. თუნდ მოკვდეს ეს მოთავე, თუნდ წახდეს, თუნდ შეცდეს, თუნდ ათას სხვა მოთავეს დაემართოს ამგვარივე უბედურება, მშრომლების საქმე მაინც ხეიეიანად წარმართული იქნება: მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს, თითქმის თითოეულს ამ მშრომელთაგანს მოთავედ გახდომა შეეძლება, და საქმე უპატრონოდ თავის დღეში აღარ დარჩება. მაშინ მოთავე მარტო დროშაა საქმის, ის დროშა, რომლის გარშემოც რიგზე დგებიან გონიერი მშრომელები. მაშინ ეს დროშა მარტო მას მიებარება, ვინც ყველაზე უფრო მაღალია, ვისაც სხვაზე უფრო შორს უჭრის თვალი.…

ნუ დავივიწყებთ ამას, და ამ მხრით გადავხედოთ აბა ჩვენს მდგომარეობას. აქაც შევეყრებით ზოგიერთს ისეთს კანონს ისტორიული განვითარებისას, რომლის ცოდნაც უსარგებლო არ იქნება ჩვენთვის.

უწინდელს დროში ჩვენს საზოგადოებაში მარტო ბრმა დისციპლინა არსებობდა. მთელი მხარე ან მთელი ხეობა, ან მთელი სოფელი ერთს კაცს მიჰყვებოდა, როგორც ცხვრის ფარა თხას, გაჰყვება ხოლმე. დღესაც ბევრია ამისთანა მაგალითი ჩვენს თვალ-წინ, დღესაც ბევრს ალაგს მინახავს, რომ დიდი ჩინით ან დიდი სიმდიდრით აღჭურვილს კაცს, გონებით კი ღარიბს და ხასიათით სუსტს, უშველებელი ხმა და გავლენა ჰქონოდეს საზოგადოებაში. ათასი და ათიათასი უჯერის მას, და იმას კი არავინ კითხულობს, მართლა ჭკუისთვის, ან პატიოსნებისთვის მისცეს ეს ჩინი, მართლა ჭკუითა ან პატიოსნებით მოიგო ეს გავლენა?.. ჩვენი ხალხის უმრავლესობა ჯერ კიდევ ამ პირველ-დროინდელს მდგომარეობაშია.

მარტო ახალგაზრდობის მცირედი ნაწილი გამოვიდა, როგორც იქნა, ბრმა მონების კლანჭებიდგან და, რასაკვირველია, იმწამსვე მეორე უბედურებაში ჩავარდა. ჩვენი ახალგაზრდობაც ასე მოიქცა. ადვილად მიხვდა, რომ უშველებელი უგუნურობა ყოფილა ეს ბრმა მორჩილება: რაკი ამაზე შუბლი მიახალა, ის მოტრიალდა და პირდაპირ მეორე გზას დაადგა: “აღარავის დავემორჩილები, სხვისას აღარაფერს ვიწამებ, მარტო ჩემს საკუთარ შეხედულებას გავყვები, მარტო ჩემს გონებას ვიცნობო”! უწინდელს მონობას უეჭველად ეს შედეგი უნდა მოეტანა. ამის გამო, ეხლანდელი ჩვენი ახალგაზრდობა დაფანტულია გონებითად: ზოგი მარჯვნივ მიდის, ზოგი მარცხნივ, ზოგი წყლისკენ მიიწევს, ზოგი ტყისკენ, ზოგი ხტის, ზოგი წევს, ზოგიც სეირნობს. საზოგადოებრივი მეცნიერება ხეირიანად შესწავლილი და გაცნობილი რომ ჰქონდესთ ამ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენი საზოგადო კითხვების უმეტეს ნაწილზედაც ერთი აზრისა და შეხედულობის იქნებოდენ, ისე, როგორც ყველა თანახმაა ახლა იმისი, რომ ორჯერ ორი ოთხია, ან იმისი, რომ სახლის ასაშენებლად ჯერ საძირკველი უნდა გათხაროს კაცმა, მერე კედლები ამოიყვანოს, და მერე ჭერი გააკეთოს და არა ამ ჭერის გამართვით დაიწყოს სახლის შენება. ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი კი ამ სიბრმავის სიძულვილით დაფანტულად და ცალ-ცალკე დახეტიალობს. ამ ხეტიალის უსარგებლობა და მავნებლობა ბევრს ესმის.

ბევრი ქადაგობს, არ ვარგა ამგვარი დაფანტულობაო. ბევრი იხვეწება _ ერთობა ვიქონიოთო, ერთი მიზნისკენ წარვემართოთო. ხალხში ნამდვილი ერთობა მარტო მაშინ დამყარდება, როცა ამისი ეკონომიური ცხოვრება გათანასწორდება, როცა ხალხი ეკონომიურად გათავისუფლდება და შეერთებულ შრომას შეეჩვევა, სწორედ ისე ახალგაზრდობის ცხოვრებაში, გონიერი და საჭირო დისციპლინა მარტო მაშინ დაარსდება, როცა ჩვენი მოთავეები ბრმა მორჩილების ძებნას დაიწყებენ, და მარტო თავისი გონების ძალით, მოიგებენ ახალგაზრდობის შემუშავებულს, მოწიფებულს, თვალ-ახელილს გონებას. ამის მაგიერ ჩვენი მოქმედი პირები იმ საქციელს ადგიან, რომელიც მხოლოდ მცირე საქმეს, ვიწრო ამხანაგობას, უმომავლო მიზანს შეეფერება, და არა დიდს, სახალხო, საქვეყნო საქმეს. რაც კი რამ გაკეთებულა ქვეყანაზე დიდი ან სახეირო, ხალხისთვის, გაკეთებულა აშკარად, საქვეყნოდ, პირდაპირ, მარტო პატიოსანი საშუალებით, მარტო ნამდვილის ძალით, გონებითის ან ფიზიკურის ძალით, და არა ოინობით, პირფერობით, ფარისევლობით და სხვა ამ რიგი საშუალებით. მარტო “კლიკას”, ავაზაკურს ბრბოს შეეფერება ქვეშქვეშურად მოქმედება საზოგადო ასპარეზზე, მარტო უმომავლო ხალხს, დაცემულს და უიმედო საზოგადოებას მოუხდება, დაფაროს თავისი თავი, თავისი მიზანი და საშუალება, და ჩუმ-ჩუმად, მალულად ეძიოს თავის ხსნა. ნუ-თუ იქამდი დაეცა ჩვენი ხალხიც, იქამდი ბოლო მოეღო საქართველოს, რომ ამნაირი უმომავლო და უიმედო ქვეყნად უნდა ჩავთვალოთ? ნუ-თუ მარტო იეზუიტური გზა დარჩენილა მის საშველად, მარტო ოინების, სიცრუის და თვალებისახვევის გზა? ნუ-თუ ჩვენი ხალხი იმდენად დაცემულა, იმისთანა უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილა, რომ ვეღარ აიტანს იმ შრომას, ვერ დაადგება იმ გზას, ვერ მოინელებს იმ საზრდოს, რომელიც სხვა ხალხს აბედნიერებს ან აძლიერებს? ხალხი კი აღარ ყოფილა, ველურთ უბანი ყოფილა, სულითა და გულით დაცემული, და რაღას უშველის მასზე ზრუნვა ან მისთვის შრომა?.. მაინც ხომ ვერ აღადგენს მკვდარს ეს იეზუიტური და მიმაძინებელი გზა, ეს საზოგადო გონების დამხშველი მოქმედება!

მაგრამ ეს ტყუილია, _ ჩვენი ხალხი, ღვთის მადლით, შორს არის ამგვარ უიმედო მდგომარეობისაგან. ღმერთმა ნუ ჰქნას, ამისთანა უბედურებაში რომ ჩავარდეს. არა, ჩვენი ხალხი ამისთანა მდგომარეობაში არ ჩავარდნილა. ის სულ სხვანაირი სამსახურის ღირსია. ღირსია, რომ მისი საქმეც ისე წაიყვანოს მისმა მოთაურებმა, როგორც ყოველი ხეირიანი ხალხის საქმე წაყვანილა ქვეყნიერებაზე. ეს ჩვენი ხალხიც ღირსია, რომ გონება განვუვითაროთ, აზრის მუშაობას შევაჩვიოთ, საკუთარის ხელით მოვაწმენდინოთ მისი წყლულები, საკუთარის შრომით გავამართვინოთ სამართლიანი გაწყობილება, საკუთარის მუხლით სიარული დავაწყებინოთ, და ყველა ამას, ხომ, მარტო პირდაპირი, ყველასთვის აშკარა თვალსაჩინო შრომა მოიტანს. მაშ, ტირილსა და გოდებას თავი დავანებოთ, დავივიწყოთ უხეირო ოინები, ნუღარ ვიკადრებთ იმ გლახურ ცრემლის ჩვენებას, რომელსაც ამოდენა ხანია მისცემია ჩვენი მწერლობა. თუ მართლა გწამს მისი მომავალი, თუ მართლა და გულწრფელად გვინდა მისი მსახურება, ერთი სიტყვით, თუ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი მამული, ჩვენ ის უნდა გავაძლიეროთ, როგორც მატერიალურის მხრით _ სამართლიანად ეკონომიურის გაწყობილების დაფუძნებით, ისე ზნეობით – მისი გონებისა და ცოდნის გაუმჯობესებით. ის იმედი უნდა ჩავუნერგოთ მას, რომელიც ჩვენ თითონ გვაქვს, იმ მომავლისკენ უნდა მიუბრუნოთ პირი, რომელიც ჩვენ გვწამს, იმ გზაზე უნდა დავაყენოთ, რომელმაც ყველა სხვა ხალხი გააძლიერა და გააბედნიერა. მარტო ის ხალხიაო ღირსი ბედნიერების, სთქვა ვიქტორ ჰიუგომ სომხებზე, რომელიც მომავალს შეჩერებიაო; და ვინც მარტო წარსულს შესცქერის, ის სამარეს ითხრისო.

მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებასა და განათლებაზე ვიშრომოთ _ მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. ხალხის ცხოვრებაშიაც ის კანონი მოქმედებს, რომელიც აღებ-მიცემის დედაბურჯად დგას: ყველა მარტო იმ კაცს ენდობა, მარტო იმას ასესხებს ფულს ან კრედიტს გაუხსნის და შემწეობას მისცემს, ვისაც თავისი რამ აქვს შესაფერი. _ აი ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ჯერ ჩვენი რამ შევიძინოთ, ჩვენდათავად გავძლიერდეთ, ჩვენი მუხლი და წელი გავიმაგროთ და მაშინ ერთი დასტვენის მეტი არაფერი დაგვჭირდება: მაშინ ყველას ჩვენი ნდობაც ექნება, პატივიც და რწმუნებაც, მაშინ ყველა მეგობრებად გაგვიხდება და შემწეობას არავინ დაგვაკლებს. მაშინ ჩვენდა-თავად არც ტირილი დაგვჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამ “საკუთარის გაძლიერების” გზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით, მანამდი კი ათასიც რომ იბღავლოს ჩვენმა მწერლობამ, ათასიც რომ იჩურჩულონ ჩვენმა მოქმედმა პირებმა, კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს და შემწეობას არ გვაღირსებს, ყველას ის აზრი ექნება თავში: “სუსტი ხარ, ქვეყანაზე ადგილი რათ გიკავია, თვალს რათ გვჭრი შენის წყლულების ჩვენებით, რა გიყო, რა გიშველო, ხომ ფეხზე ვერ დაგაყენებ, თუ შენდა-თავად წამოდგომა არ შეგიძლიაო”!

მოახერხებს ეხლანდელი ჩვენი თაობა ამ საქმის წაყვანას, ამ მიზნის მიწევნას კი არა, ძებნას? არა მგონია. ერთობ შეჩვეულია ის ზლუქუნსა და ტირილს, ერთობ ნაჩვევია სხვისი იმედით ყოფნას, ერთობ გადაჩვეულია სიარულს, საკუთარის ძალით სარგებლობას. დროა, დიდი ხანია დროა, რომ ახალმა თაობამ მიიხედმოიხედოს ამ ჩვენს მდგომარეობაზე და გარკვეულად შეუდგეს იმ შრომას, რომელსაც დღეს ჩვენის მამულის სარგებლობა მოითხოვს. თანდათან გვიახლოვდება ახალ-ახალი ქვეყნის მოძრაობა. ოცი წელიწადი არ გაივლის ისე, რომ ჩვენი ქვეყანა, ან ჩვენის მამულის ახლო-მახლო მდებარე ქვეყნები, მსოფლიო ბრძოლის ასპარეზად არ გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შუა. მაშინ რუსეთისთვის საჭირო და დასაფასებელი იქნება ჩვენი-ხალხის დახმარება, ბედნიერი ის ხალხი იქნება, ვინც მზა-მზარეული დახვდება ამ ბრძოლის პირველ კიჟინს, ვისაც მაშინ ნამდვილი ერთობაც ექნება და გონიერი დისციპლინა. ამნაირად დამარაგებულ ხალხს ექნება ადგილი ხალხთა საერთო ტაბლაზე… და, ვინც მაშინ დაფანტული, უძლური იქნება, მას არავინ ყურადღებას არ მიაქცევს”.

ნიკო ნიკოლაძე,

1880 წელი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here